x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ქართული ტერმინთშემოქმედების ისტორია და პრობლემები-პირველი პერიოდი (X-XIIსს)

image



ძველ ქართველ ტერმინთშემოქმედებისათვის (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი...) დამახასიათებელია ორი უმთავრესი რამ:

1) ცნებებისა და მისი ისტორიის სრულად შესწავლა-გააზრება და

2) ქართული ენის თავისებურებების გათვალისწინება, ქართული სიტყვამაწარმოებლების უბადლო ცოდნა.


ეს იყო მათთვის ერთადერთი და "უეჭვი" ("ბერძნების შვილის შვილსა, ნუუკუე და არა უეჭველსა, თვით უეჭვი და საკუთარი შვილი აღვირჩიე"-ეფრემ მცირე) გზა ახალი ცნების მშობლიურ ენაზე გადმოსატანად.

ვისაც ქართული ტერმინოლოგიის საკითხებსა და ისტორიაზე უმუშავია, ერთ რამეზე თანხმდება:

X-XII სს.-ის ქართული ტერმინთშემოქმედება ჩვენს დროისაზე წინწასულია და, სიშორის მიუხედავად, ბევრ რამეს გვასწავლის.

რატომაა გამორჩეული ეს პერიოდი?-მთელი ევროპული კულტურის, მეცნიერების, ტერმინოლოგიის საფუძვლად აღიარებული ბიზანტიური კულტურა ქართველმა მთარგმნელებმა ისე გადმოიღეს, ქართული ენის ბუნება არასოდეს დავიწყებიათ. ამ დროიდან იწყება ქართული ენის საკითხების კვლევა, ქართული სამეცნიერო ენის განვითარება.

ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა და სხვებმა მრავალი ახალი სიტყვა შემატეს ქართულს. ენობრივი საკითხებისადმი მათი განსაკუთრებული მიდგომის შედეგად შეიქმნა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: არსი, არსებობა, ხედვა, ხედვითი, არარაობა, ძლიერება, უმეცრება, იგივეობა და სხვა.,

ამ დროს შეიქმნა ქართული საღვთისმეტყველო, საეკლესიო, ფილოსოფიური, მათემატიკური ტერმინები.

ბერძნული ენის "რაბამობის" ქართული ენის ბუნებასთან სრულად მისადაგება-ასეთი იყო ქართველ მთარგმნელ-ფილოლოგოსთა მეცნიერული ხედვა, ასეთი გზით ეზიარა საქართველო უდიდესი გავლენის მქონე ბიზანტიურ კულტურას თვითმყოფადობის შენარჩუნებით.

ამის ნათელი მაგალითია გრამატიკული ტრაქტატი "სიტყუაი ართრონთათვის", კერძოდ, ქართველებს მწვალებლობა დაბრალდათ იმის გამო, რომ სიტყვა "ღმერთი" (Ο Θεός) ქართულად უარტიკლოდ გადმოიტანეს, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობს ეფრემ მცირის სკოლის წარმომადგენელი და ასაბუთებს, რომ ქართული და ბერძნული ენები განსხვავებულია ერთმანეთისაგან და რაც ერთი ენისათვის ბუნებრივია, ვერ იქნება ნორმა იმ ენისათვის, რომლისთვისაც უცხოა არტიკლი ("ართრონი").

ნებისმიერი ქართველი ტერმინთშემოქმედი უკეთ უნდა იცნობდეს ამ საუკუნეების მოღვაწეთა ნამუშევრებს, რათა სწორი გზით წარმართონ თავიანთი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ქართული ენის შენარჩუნება მხოლოდ მეცნიერთა ხელში ვერ იქნება, თითოეული ჩვენგანი უნდა ვცდილობდეთ-ვისაუბროთ, ვიმეტყველოთ, ვიმსჯელოთ, ისე, რომ არ დავაზიანოთ, გავაქროთ ქართული ენა.


გამოყენებული ლიტერატურა:

ლია ქაროსანიძე, ანა ხურცილავა-ქართული ტერმინთშემოქმედების პრობლემები, თბილისი, 2018.




0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0