x
ჯგუფური ფსიქოთერაპია
image
ჯგუფური თერაპიის პოპულარობას თავდაპირველად ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. პირველი ჯგუფური თერაპიის ჩატარება მიეწერება მედიკოსს, სახელად პრატს, რომელმაც 1905 წელს ტუბერკულოზის პაციენტები ჯგუფში შეკრიბა, მათთან ერთად მათ დიაგნოზზე საუბრობდა, ინფორმაციას აწვდიდა და დღიურებს აწარმოებინებდა. მან შენიშნა, რომ ჯგუფში ორმხრივი დახმარება წარმოიშვა, რომელმაც პაციენტების დეპრესია და იზოლაცია შეამცირა. ევროპაში კი თერაპიის ეს ფორმა ფსიქოანალიტიკოსმა ალფრედ ადლერმა შემოიტანა. მისი მიზანი იყო თერაპია მუშათა კლასისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა.

არსებობს ჯფუგური თერაპიის რამდენიმე ფორმა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, კლიენტზე ცენტრირებული, კოგნიტურ-ბიჰევიორალური და ა.შ. ინდივიდუალური თერაპიის ფორმადაც გვხვდება, ზოგიერთი კი - მხოლოდ ჯგუფისათვისაა დამახასიათებელი. ასეთი ფორმაა მაგალითად ფსიქოდრამა. არსებობს ოთხი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ჯგუფური თერაპია ეხმარება პაციენტს პრობლემების მოგვარებაში:

  • ჯგუფის წევრები მონაწილეობას იღებენ სოციალური მიკროკოსმოსის განვითარებაში, რომელიც მათ საკუთარ საჭიროებებს უნდა მოარგონ და რომლის თერაპიულ უნარზე თვითონ არიან პასუხისმგებელი.
  • წევრები სარგებელს იღებენ ორმხირივი უკუკავშირით, სწავლობენ საკუთარი აღქმების სხვებისათვის გაზიარებას და იმას, რომ არავის შეუძლია თავის ისე წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანმა გაუგოს. ბევრი ადამიანის იქ ყოფნა ზრდის რეაქციების მრავალფეროვნებას და ერთი სუბიექტური რეალობის მრავალთან კონფრონტაციას ახდენს, რომლებიც ერთმანეთს არ ერგებიან. ადამიანმა უნდა მოახერხოს მათი ინტეგრაცია ან საკუთარი რეალობის აღქმის შეცვლა.
  • ბევრი ადამიანის აღქმების ერთმანეთთან დამთხვევის საფუძველზე ადგენენ, თუ რა არის სინამდვილე და რა - ილუზია. მაგალითად, ადამიანები იგებენ, რომ საკუთარი რწმენა საკუთარი ნაკლის ან მნიშვნელოვნების შესახებ სხვების მიერ გაზიარებული არაა. ვალიდაციის ეს პროცესი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, რომ არასწორი აღქმები გამოასწორონ.
  • მრავალმხრივობის პრინციპი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ იყვნენ არამხოლოდ დახმარების მიმღებები, არამედ დახმარების გამცემები. ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი თერაპიის პროცესში და ყველა იღებს სარგებელს.
რა შემთხვევებშია ჯგუფური თერაპია უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე - ინდივიდუალური? გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, თუ რა ტიპის ადამიანებს დაეხმარება ჯგუფური თერაპია ყველაზე მეტად:

  • ინტერპერსონალურ ურთიერთობებში დარღვევების მქონე ადამიანები: მაგალითად, იზოლაცია, ურთიერთობებში მეორე ადამიანზე ზედმეტი დამოკიდებულება და ა.შ. ურთიერთობების მრავალფეროვნების საშუალებით, ჯგუფურ თერაპიას შეუძლია იმგვარი ემოციური გამოცდილების მიცემა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, გამოასწორონ საკუთარი ქცევა.
  • იმპულსური ქცევა: საკუთარი გრძნობების მაშინვე ქცევაში გადმოტანა. ამ შემთხვევაში ადამიანი ჯგუფის წევრებისაგან იღებს კომენტარებსა და უკუკავშირს, რომელიც შეიძლება უფრო მისაღებად აღიქვას, ვიდრე - თერაპევტის უკუკავშირი.
  • ტრანსფერი, რომელიც ინდივიდუალურ თერაპიას ხელს შეუშლიდა: აქ საქმე ეხება იმ კლიენტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იმის გაანალიზება, რომ გარკვეული გრძნობები თერაპიულ ურთიერთობაში არ არის მისაღები. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ინდივიდუალური თერაპია შეწყვიტეს, რადგან თერაპევტისგან უარყოფილად გრძნობდნენ თავს და არცერთი თერაპევტი მათთვის საკმარისად კარგი არ იყო. ჯგუფში გრძნობების გადატანა არ ხდება მხოლოდ თერაპევტზე.
  • გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული მდგომარეობები, რომლებსაც ჯგუფური თერაპია უფრო დაეხმარება, ვიდრე ინდივიდუალური. მაგალითად, ავტორიტეტისადმი შიში, პროექციის ტენდენციები, უარყოფის ტენდენციები და ა.შ. ზოგადად იგულისხმება, რომ პაციენტები ურთიერთობების პრობლემებით უფრო მეტ სარგებელს ნახავებ ჯგუფური თერაპიისაგან.


    თუმცა, უნდა აღინიშნოს ის შემთხვევებიც, როცა ჯგუფური თერაპია არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად ადამიანები, რომლებიც ჯგუფის ინტერაქციას პარალიზებას იწვევენ, რომლებიც საკუთარი ქაოტური ქცევის გამო მასთან ურთიერთობას შეუძლებელს ხდიან, რომლებიც გამუდმებით მწვავე შფოთის მდგომარეობაში არიან და მათი ქცევა ჯგუფისათვის ზედმეტი ტვირთია, ვინც ხასიათდება ანტისოციალური ქცევით და მისი უკონტროლო საქციელი ჯგუფის წევრებში შფოთვას იწვევს. გარდა ამისა ეგოცენტრული ადამიანები, ექსტრემალური ნარცისიზმის მქონე ადამიანები აგრესორები და ა.შ. ამ შემთხვევებში უმჯობესია ინდივიდუალური თერაპია, ან - ჯგუფური თერაპიისათვის ინდივიდუალურად მომზადება ინდივიდუალური თერაპიით.

    0
    64
    შეფასება არ არის
    ავტორი:გოცირიძე ელენე
    გოცირიძე ელენე
    64
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0