x
ქალი მწერლები აღმოსავლურ ლიტერატურაში

image კრებულში "გრძელია ზამთრის ღამე" ოცდასამი თანამედროვე არაბი ქალი მწერლის ნოველებია თავმოყრილი. ნოველების მთარგმნელი იზოლდა გრძელიძეა, ის რომ მთარგმნელი ღრმადაა გათვიცნობიერებული არაბულ ენაში, კულტურასა და ყოფაში, ხელს უწყობს მას კარგად გაიგოს, ჩასწვდეს და ქართველ მკითხველამდე მოიტანოს არაბი ავტორების სათქმელი და სატკივარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება კარგად ვიცნობდეთ არაბული ქვეყნების ისტორიას, გეოგრაფიას, პოლიტიკას თუ კულტურას-ლიტერატურას შესწევს უნარი საუკეთესოდ წარმოაჩინოს ამ სამყაროს ბუნება.
მეოცე საუკუნეში არაბულ ლიტერატურაში არაბ ქალთა შემოქმედება ცალკე შესწავლის საგნად იქცა, რადგან მათ საინტერესო და ორიგინალური ნაწარმოებები შექმნეს.
მეცხრამეტე საუკუნეში არაბი მამაკაცი მწერლები ძირითადად თავიანთ შემოქმედებაში ეხებიან პოლიტიკის, კოლონიალიზმისა და ვესტერნიზაციის საკითხებს. მათ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება ჰქონდათ. ქალი მწერლები კი პოლიტიკურ საკითხებს იშვიათად ეხებოდნენ, ისინი წერდნენ ადამიანურ ურთიერთობებზე, მათ თამამად წარმოაჩინეს საზოგადოების, ოჯახის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის პრობლემატიკა.
არაბულ ქვეყნებში ქალები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოვიდნენ სამწერლობო და საზოგადოებრივ ასპარეზზე. საუკუნეების მანძილზე არაბი ქალის საქმიანობა ოჯახით შემოიფარგლებოდა, ქალები მოძველებული ტრადიციების ტყვეობაში იმყოფებოდნენ და საზოგადოებაში გამოჩენაც კი ეკრძალებოდათ. მდგომარეობა მეტნაკლებად შეიცვალა მეცხრამეტე მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, როცა დასავლელმა მისიონერებმა არაბულ ქვეყნებში ქალთა სასწავლებლები დააარსეს. ევროპასა და აშშ-ში არსებული ფემინისტური მოძრაობის გავლენით განათლებული არაბი ქალები გააქტიურდნენ სოციალურ ცხოვრებასა და მწერლობაში.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია არაბ განმანათლებელთა მოღვაწეობა, რომლებიც ფართო მასებში განათლების შეტანას და ისლამის მოდერნიზებას ცდილობდნენ. ქალის შეზღუდული მდგომარეობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ეგვიპტელი საზოგადო მოღვაწე ატ-ტაჰტავი, ასევე ლიბანელი მწერალი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი.
მეცხრამეტე საუკუნუს დასაწყისში არაბი მწერალი ქალები თავიანთ შემოქმედებაში ქალის ჩაგვრასა და შევიწროვებას აპროტესტებდნენ. 50-60-იან წლებში გამოიცა თამამი ფემინისტური იდეებით გამსჭვალული მოთხრობები და რომანები. 80-იანი წლებიდან არაბი მწერალი ქალების ახალმა თაობამ აქცენტი აიღო პირად განცდებსა და შინაგან სამყაროზე, ამ პერიოდში გაიზარდა ყურადღება მათი ნაწარმოებების მიმართ.
დღეს ქალთა ლიტერატურას აფასებენ, როგორც მაღალი რანგის მხატვრულ ლიტერატურას და არა როგორც სოციალურ პროტესტს. არაბ ქალთა მწერლობამ გაიარა იმიტაციის, პროტესტისა და თვითაღმოჩენის ეტაპები.
კრებულში "გრძელია ზამთრის ღამე" წარმოდგენილი ლიტერატურის გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართოა. ავტორთა თანმიმდევრობა ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული, რაც ქალთა მწერლობის განვითარების ეტაპებს უკეთ წარმოაჩენს.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გორგაძე
თამარ გორგაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0