x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
აუცილებელი რჩევები გადარჩენისთვის საომარი მოქმედებების დროს

imageვფიქრობთ, პოლემოსის აუდიტორიისთვის, ქართული რეალობისა და უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, ძალზედ საინტერესო და პრაქტიკულიც კი იქნება ქვემოთ მოცემული ტექსტი.

შემდგომში «სურვივალისტად» ქცეული ეს ადამიანი, რომელიც კითხვებს პასუხობს - გვიყვება, თუ როგორ გადარჩნენ ცოცხლები ის და მისი ახლობლები ქალაქის ერთ წლიანი ალყის დროს.

- მე ბოსნიიდან ვარ, მოგეხსენებათ, ეს იყო ჯოჯოხეთი 1992-დან 1995-მდე. 1 წლის განმავლობაში 60 ათას კაციან ქალაქში ვცხოვრობდი და გადავრჩი წყლის, ელექტროენერგიის, ბენზინის, სამედიცინო დახმარების, სამოქალაქო უსაფრთხოების, ლოჯისტიკის, სხვა «ტრადიციული» სერვისებისა და ცენტრალიზირებული მმართველობის რაიმე ფორმის გარეშე. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში ჯარის მიერ ბლოკირებული იყო - მასში ცხოვრება ნამდვილი განავალი იყო. ჩვენ არც პოლიცია და არც ჯარი გვყავდა, იყვნენ მხოლოდ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც საკუთარ სახლებსა და ოჯახებს იცავდნენ. როცა ყველაფერი დაიწყო - ზოგი უკეთ მომზადებული იყო, თუმცა, მეზობელთა უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე დღის საკმარი საკვები ჰქონდა, ზოგსაც პისტოლეტები, ძალიან მცირე ნაწილს AK47 და გლუვლულიანი თოფი.

ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ ბანდებმა მოქმედება დაიწყეს - ანადგურებდნენ ყველაფერს: მაგალითად, სავადმყოფოები მალევე სასაკლაოებად იქცნენ. პოლიცია აღარ არსებობდა, ისევე, როგორც საავადმყოფოს პერსონალის 80%. მე გამიმართლა: ჩემი ოჯახი იმ დროისთვის მრავალრიცხოვანი იყო (15 ადამიანი დიდ სახლში, 6 პისტოლეტი, 3 AK) - ჩვენ ცოცხლები გადავრჩით (ყოველშემთხვევისთვის ჩვენი უდიდესი ნაწილი). ბლოკირებული ქალაქების დასახმარებლად, ამერიკელები ყოველ 10 დღეში ერთხელ მშრალ საკვებს ყრიდნენ, თუმცა, ეს არასდროს იყო საკმარისი. ზოგიერთებს, ძალიან მცირე ნაწილს, ჰქონდათ ბოსტანი. სამი თვის შემდეგ პირველი ჭორები გავრცელდა შიმშილისა და სიცივისგან გარდაცვალებების შესახებ. მიტოვებულ სახლებს ჩვენ დავხსენით ყველა კარი, სარკმლის ჩარჩო, ავყარეთ პარკეტი, დავწვით მთელი ავეჯი - ყველაფერი გასათბობად გამოვიყენეთ. ბევრი დაავადებისგან გარდაიცვალა, განსაკუთრებით წყლისგან (ჩემი ოჯახიდან ორნი), ძირითადად წვიმის წყალს ვსვამდით, მტრედებსა და ვირთხებსაც კი ვჭამდით.

ფული - ძალიან სწრაფად გაუფასურდა, ჩვენ ბარტერს მივუბრუნდით: ქალები საკუთარ თავს ცვლიდნენ ერთ ქილა მოთუშულ ხორცში (ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ასე იყო), საკუთარი თავით მოვაჭრე ქალთა უმეტესობა კი სასოწარკვეთილი დედა იყო. იარაღი და ამუნიცია, სანთლები, სანთებელბი, ანტიბიოტიკები, ბენზინი, ელემენტები და საკვები - ამ ყველაფრისთვის ვიბრძოდით, როგორც მხეცები. მსგავს სიტუაციებში ყველაფერი იცვლება, ადამიანთა უმრავლესობა ურჩხულებად იქცევა. ეს ამაზრზენი იყო. ძალა რაოდენობაში იყო. თუ შენ სახლში მარტო ცხოვრობ, შენი მოკვლა და გაძარცვა მხოლოდ დროის საკითხია, შეიარაღებული რომც იყო. მე და ჩემი ოჯახი ახლა კარგად მომზადებულები ვართ, მე კარგად შეიარაღებული ვარ და გამოცდილებაც მაქვს. სულ ერთია რა მოხდება: მიწისძვრა, ომი, ცუნამი, უცხოპლანეტელბი, ტერორისტები, ეკონომიკური კრახი, ამბოხება... მთავარია, რომ რაღაც მაინც მოხდება. ჩემი გამოცდილებიდან: თქვენ ვერ გადარჩებით მარტო. ძალა - რაოდენობაშია, არ მოშორდეთ ოჯახს, მოემზადეთ ერთად, აირჩიეთ სანდო მეგობრები.

- როგორ გადავადგილდეთ ქალაქში უსაფრთხოდ?

ქალაქი ქუჩების მიხედვით თემებად იყო დაყოფილი. ჩვენს ქუჩაზე (1520 სახლი) ჩვენ პატრულირება დავაწესეთ (5 შეიარაღებული ადამიანი ყოველ საღამოს) - რათა ბანდიტებისთვისა და ჩვენი მტრებისთვის თვალი გვედევნებინა. ყველა გადაცვლა ქუჩაში ხდებოდა. 5 კილომეტრში მთელი ქუჩა იყო გადაცვლებისთვის. ყველაფერი ორგანიზებული იყო, მაგრამ იქ წასვლა სნაიპერების გამო მაინც წარმოადგენდა საფრთხეს. გარდა ამისა, იქ შეიძლება ბანდიტები გადაგყროდნენ და გაეძარცვეთ. მე იქ მხოლოდ ორჯერ ვარ წასული, როცა ძალიან იშვიათი წამლები (ძირითადად ანტიბიოტიკები) მჭირდებოდა. ქალაქში მანქანით არავინ მოძრაობდა: ქუჩები ბლოკირებული იყო ნამსხვრევებით, მიტოვებული მანქანებით და ბენზინიც ძალიან ძვირი იყო. თუკი სადმე წასვლა იყო საჭირო - ყოველთვის ღამით. არასდროს მარტო ან დიდ ჯგუფებად სიარული არ შეიძლება, ყოველთვის 2-3 კაციან ჯგუფად. ყველა შეიარაღებული უნდა იყოს, ძალიან სწრაფად, ჩრდილში გადაადგილდეს, ქუჩა სახლების ნანგრევებზე უნდა გადაიკვეთოს, არასდროს ქუჩის სიგრძივ. ბევრი იყო 10-15 კაციანი ბანდა, ხანდახან 50-მდეც. ასევე ბევრი იყო ნორმალური ადამიანიც, ისეთი როგორიც შენ და მე, მამები, პაპები, რომლებიც კლავდნენ და ძარცვავდნენ. არავინ იყო «ცუდი» ან «კარგი». ძირითადი ნაწილი სადღაც შუაში, უარესისთვის იყო მზად.

-რატომ წვავდით კარებს და ავეჯს? ქალაქის ირგვლივ ხომ უამრავი ტყეა.

- ქალაქის ირგვლივ უამრავი ტყე ნამდვილად არ არის. ლამაზი ქალაქი იყო, რესტორნებით, კინოთეატრებით, სკოლებით და აეროპორტით. ყველა ხე ქალაქში და ქალაქის პარკში პირველი 2 თვის განმავლობაში საწვავისთვის მოჭრეს. ელექტროობის გარეშე სახლი რომ გაგვეთბო და საჭმელი გაგვეკეთებინა, ყველაფერს, რაც იწვოდა, ვწვავდით: ავეჯი, კარები, პარკეტი - ეს ხე სწრაფად იწვის. გარეუბნებში ფერმები არ გვქონდა. იქაც კი მტრები იყვნენ, ალყაშემორტყმულები ვიყავით. ქალაქში კი არასდროს იცი ვინ არის შენი მტერი იმ მომენტში.

- რა სახის ცოდნა გამოგადგათ ამ პერიოდში?

- უკეთ რომ წარმოიდგინოთ სიტუაცია, ეს ლამის ქვის ხანაში დაბრუნებას ჰგავდა. მაგალითად, გაზის ბალონი მქონდა, მაგრამ გათბობისთვის არ ვიყენებდი, მეტისმეტად ძვირი იყო. მის რეზინის მილს ხელნაკეთი წვერი მივუერთე, რომ სანთებელა დამეტენა. სანთებელა ძალიან ძვირფასი ნივთი იყო. ვიღაც ცარიელს მომიტანდა, მე ვტენიდი, სანაცვლოდ კი კონსერვის საჭმელს ან სანთელს მაძლევდა.

მე ექიმის თანაშემწე ვარ, მსგავს გარემოში ჩემი ცოდნა მთავარი იყო. იყავი ცნობისმოყვარე და ხელმარჯვე, ასეთ პირობებში ნივთების შეკეთების უნარი ოქროზე მეტად ფასობს. მარაგი იწურება, ეს გარდაუვალია, ამ დროს კი შენი ცოდნა და უნარები სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. მინდა ვთქვა: ისწავლეთ ნივთების, ფეხსაცმლების და ადამიანების შეკეთება. ჩემმა მეზობელმა, მაგალითად, იცოდა როგორ დაემზადებინა ნავთი ნათურებისთვის. ( საინტერესოა, რისგან?! ). არასდროს უშიმშილია.

-ახლა რომ სამი თვე გქონდეთ მოსამზადებლად, როგორ მოიქცეოდით?

-3 თვე? უცხოეთში გავიქცეოდი. (ხუმრობს)
ახლა ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება ერთი თვალის დახამხამებაში დაიმსხვრეს. სურსათი, ჰიგიენის პროდუქტები, ელემენტები მაქვს - 6 თვის მარაგი. კარგად დაცულ ბინაში ვცხოვრობ, ბინიდან 5 კილომეტრში, სოფელში სახლს ვფლობ თავშესაფრით. ამ სახლში კიდევ 6 თვის მარაგი მაქვს. პატარა სოფელია, ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობა კარგად შემზადებულია, ეს მათ ომმა ასწავლა.

4 იარაღი მაქვს, თითოეულისთვის 2000 ვაზნა . იქ ბაღია, მებაღეობა მეხერხება. თანაც, კარგი ალღო მაქვს. როცა ირგვლივ ყველა გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიცი, რომ ყველაფერი განადგურდება.

მაქვს ძალა რომ გავაკეთო ყველაფერი, რათა დავიცვა ჩემი ოჯახი, რადგან, როცა ყველაფერი კოლაფსისკენ მიდის, „ცუდი რაღაცებისთვის“ უნდა იყო მზად, რომ შენი შვილები დაიცვა და გადარჩეთ, როგორც ოჯახი. მარტო გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს ( ეს ჩემი აზრია ), იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეიარაღებული, მზადყოფნაში ხარ, მაგრამ მარტო, მოკვდები. ეს არაერთხელ მინახავს. კარგად ორგანიზებული ჯგუფები და ოჯახები სხვადასხვა დარგში ცოდნითა და უნარებით ბევრად უკეთ უმკლავდებიან.

-რა უნდა მოვიმარაგოთ?

-გააჩნია. თუ გინდა თავი ქურდობით ირჩინო - მხოლოდ იარაღები და ამუნიცია, ძალიან ბევრი ამუნიცია.
თუ არა - საკვები, ჰიგიენის პროდუქტები, ელემენტები, პატარა ნივთები გაცვლა-გამოსაცვლელად ( დანები, სანთებელები, კაჟები, საპონი ). ალკოჰოლიც, ისეთი, რომლის დიდი ხნით შენახვაც შესაძლებელია - ვისკი, მაგალითად, ყველაზე იაფი, მაგრამ მომგებიანი პროდუქტია გადასაცვლელად.

ჰიგიენის ნაკლებობას ბევრი ემსხვერპლა. წვრილმანი ნივთები დაგჭირდებათ, მაგრამ დიდი რაოდენობით, მაგალითად - უამრავი ნაგვის პარკი და ტუალეტის ქაღალდი, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები - ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი საერთოდ არ გვქონდა.
ჩემთვის ჰიგიენის პროდუქტების მარაგს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სურსათს. შეგიძლია მტრედებს ესროლო, საჭმელად ვარგისი მცენარეები იპოვო, მაგრამ ვერ ესვრი ან იპოვი სადეზინფექციო სითხეს, მაგალითად. დეტერგენტები, სადეზინფექციო საშუალებები, მათეთრებელი, საპონი, ხელთათმანები, ნიღბები... პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა. ისწავლე ჭრილობების, დამწვრობების დამუშავება, შეიძლება ექიმი იპოვო, მაგრამ მას ვერაფრით გადაუხდი. ისწავლე ანტიბიოტიკების გამოყენება, რეზერვში მათი ქონა ყოველთვის სასარგებლოა.

იარაღები - ჯობს მარტივები აარჩიოთ. ახლა 45 კალიბრიანი გლოკ მაქვს. მომწონს, მაგრამ იშვიათი იარაღია, ამიტომ კიდევ ორ TT-ს ვფლობ ( ყველას აქვს და ამუნიციაც მარტივად საშოვნია). კალაშნიკოვები არ მომწონს, მაგრამ აქაც იგივე ამბავია - ყველას აქვს, ამიტომ მაქვს მეც. პატარა და შეუმჩნეველი ნივთები გვჭირდება, მაგალითად: გენერატორის ფლობა კარგია, მაგრამ 1000 BIC-ის სანთებელის ქონა ჯობს. პრობლემების შემთხვევაში, გენერატორი ყურადღებას იქცევს, 1000 სანთებელას კი მცირე ადგილი მიაქვს, იაფია და ყოველთვის გაიცვლება. წყალი - ძირითადად წვიმაში ვაგროვებდით 4 უზარმაზარი კასრით, შემდეგ კი ვადუღებდით. მდინარე იყო, მაგრამ იქ წყალი მალევე ძალიან დაბინძურდა. წყლის ავზები უმნიშვნელოვანესია: კასრები, სათლები.

- ოქრო და ვერცხლი სასარგებლო იყო?

- დიახ, მე პირადად მთელი ოქრო, რაც სახლში მქონდა, ამუნიციაში გავცვალე. ზოგჯერ ფულსაც ვიგდებდით ხელში - დოლარებს და ჰოლანდიურ მარკებს - რაღაცებს ვყიდულობდით, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა, ფასები კი ასტრონომიული იყო. მაგალითად - კონსერვის ლობიო 30-40$ ღირდა. ადგილობრივი ვალუტა სწრაფად გაუფასურდა, ყველა ბარტერით იძენდა.

მარილი ძვირი იყო, ყავა და სიგარეტი კიდევ უფრო. ალკოჰოლი ბლომად მქონდა - უპრობლემოდ ვცვლიდი. მშვიდობიან დროსთან შედარებით ალკოჰოლის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა.

ამ დროს მე „სურვივალისტი“ არ ვიყავი, მოსამზადებლად დრო არ გვქონდა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ საქმე პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, ტელევიზიაში განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ნერვიულობის საბაბი არ არსებობდა. როდესაც ცა ჩამოგვექცა - რაც შევძელით, ყველაფერს ხელი დავავლეთ.

- რთული იყო იარაღების შეძენა? რაში ცვლიდნენ იარაღებს და ამუნიციას?

- ომის შემდეგ ყველა სახლში ფლობდნენ იარაღს. პოლიციამ უამრავი იარაღის კონფისკაცია მოახდინა ომის დასაწყისში. უმრავლესობა დამალული იყო. ახლა ერთი ლეგალური არსენალი მაქვს (ლიცენზიით), კანონის დაცვით, „დროებითი კოლექცია“ შევარქვი. არეულობის შემთხვევაში მთავრობა ყველა რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციას ახდენს, ეს არ დაივიწყოთ.
არიან ადამიანები, რომლებიც ერთ არსენალ ლეგალურს, დანარჩენს კი არალეგალურ იარაღებს ინახავენ, იმ შემთხვევაში, თუ ლეგალური კონფისკირებულ იქნება.
თუ ვაჭრობისთვის კარგი ნივთები გაქვს, რთულ სიტუაციაშიც კი მარტივია იარაღის შოვნა, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ვითარება ყველაზე საშიში პირველ დღეებშია და მაშინ, ალბათ, ოჯახის დასაცავად იარაღის შოვნა გაგიჭირდებათ. შეხვდეთ ქაოსსა და პანიკას შეუიარაღებელი - ცუდი იდეაა.

ჩემს შემთხვევაში, ერთ ადამიანს რადიოსთვის მანქანის აკუმლატორი სჭირდებოდა, სანაცვლოდ თოფს მთავაზობდა - ორში გავუცვალე.
ამუნიციას ზოგჯერ საკვებში ვცვლიდით, კვირების შემდეგ კი საკვებს ამუნიციაში. არასდროს გაცვალოთ ნივთები სახლის ტერიტორიაზე და დიდი რაოდენობით. ძალიან ცოტამ იცოდა რას და რამდენს ვინახავდი სახლში.
მთავარია არსებულის მაქსიმუმი შეინახო, ფართისა და ფულის შესაბამისად - დრო გიჩვენებს რა უფრო ძვირად ფასობს.

ჩავასწორებ: იარაღი და ამუნიცია ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. შემდეგ ალბათ რესპირატორები და ფილტრები...

--და უსაფრთხოებაზე რას იტყვი?

- თავდაცვა ძალზედ პრიმიტიული იყო. ისევ და ისევ, ჩვენ მზად არ ვიყავით… და იმას ვიყენებდით, რაც შეგვეძლო. ფანჯრები ჩალეწილი, ხოლო სახურავები დაბომბვისგან განადგურებული. ყველა ფანჯარა რამით იყო ამოვსებული: ქვიშიანი ტომრებით ან ქვებით. ჭიშკარი ნამსხვრევებითა და ნაგვით დავბლოკე და კიბეს ვიყენებდი კედელზე გადასაცოცად. როცა სახლში ვბრუნდებოდი, ვინმეს შიგნიდან ვთხოვდი კიბე მოეწოდებინა. ჩვენს ქუჩაზე იყო ბიჭი, რომელმაც მთლიანად დააბარიკადა თავისი სახლი. მან კედელში ხვრელი გააკეთა, რითიც მეზობლის დანგრეულ სახლში გასასვლელი, ერთგვარი საიდუმლო შესასვლელი უზრუნველყო. ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ყველაზე დაცული სახლები პირველ რიგში გაძარცვეს და გაანადგურეს. ჩემს რაიონში ლამაზი, მაღალზღუდიანი, სიგნალიზაციანი და გისოსებიანი სახლები იდგა. ხალხმა პირველი იერიში სწორედ მათზე მიიტანა. ზოგმა გაუძლო, ზოგმა ვერ. ეს დამოკიდებული იყო იარაღისა და ხელების რაოდენობაზე, რომლებიც შიგნით იყვნენ… მე ვთვლი, რომ თავდაცვა საჭირო რამაა, მაგრამ ის ყურადღების მიქცევის გარეშე უნდა უზრუნველყო. თუკი ქალაქში ცხოვრობ და მსგავსი რამ მოხდა, შენ უბრალო და მოკრძალებული ადგილი, დიდი რაოდენობის იარაღითა და საბრძოლო მასალით გამოგადგება. რამდენი საბრძოლო მასალა? რამდენიც დაეტევა. საკუთარი საცხოვრებელი რაც შეიძლება არამიმზიდველი უნდა გახადო. დღეისათვის, მე ფოლადის შემოსასვლელი კარი მაქვს, თუმცა ეს ქაოსის პირველი ტალღისთვისაა მხოლოდ… შემდეგ მე ქალაქგარეთ, ხალხის დიდ ჯგუფთან (ოჯახი და მეგობრები) წავალ. ომის დროს ისეთი სიტუაციებიც გამოვიარეთ, რომელთა დეტალებში ჩაღრმავებაც საჭირო არაა… მაგრამ ჩვენს მხარეზე ყოველთვის იყო შესანიშნავი ძალა… და აგურის კედელი. ასევე, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ყოველთვის თვალს ადევნებდა ქუჩას… კარგი ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბანდიტების თავდასხმის შემთხვევისთვის.

სროლების ხმა გამუდმებით ისმოდა ქალაქში.
განვმეორდები, ჩვენი პერიმეტრის თავდაცვა პრიმიტიული იყო: ყველა გასასვლელი ჩახერგილი, პატარა ამბრაზურებით იარაღებისთვის, შიგნით, ნებისმიერ დროს, მინიმუმ 5 ოჯახის იყო მზად ბრძოლისთვის, ერთი ადამიანი კი ქუჩის თავშესაფარში იყო ჩასაფრებული.
სნაიპერის ტყვია რომ აგვეცილებინა, მთელი დღე სახლში ვრჩებოდით.

პირველ დღეებში სუსტები იღუპებოდნენ, გადარჩენილები კი იბრძოდნენ.

შუადღეს, სნაიპერების გამო ქუჩები თითქმის ცარიელი იყო... თავდაცვა ძალიან მოკლე დისტანციაზე იყო გათვლილი. მაგალითად, ბევრი იმიტომ დაიღუპა, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად სურდათ გასვლა.ეს საყურადღებოა, უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რადიო, ტელევიზია. არაფერი, გარდა ჭორებისა.

ორგანიზებული არმია არ არსებობდა: ჩვენ ყველა ჯარისკაცები ვიყავით. არჩევნის საშუალება არ გვქონდა. ყველა ატარებდა იარაღს და ცდილობდა დაეცვა თავი.
ქალაქში ხარისხიან ტანსაცმელს ვერ ატარებდი, რადგან ვინმე მოგკლავდა და წაგართმევდა. არც „ლამაზი, “ „ყურადღებისმიმქცევი“ იარაღის ქონა იყო სასურველი.
იცი რას გეტყვით? ხვალ რომ ომიანობა დაიწყოს, მე ისეთივე მოკრძალებული ვიქნები, როგორც ყველა სხვა, მშიშარა, სასოწარკვეთილი...შეიძლება ცოტა ვიყვირო და ვიტირო კიდეც...

ლამაზი ტანსაცმელი გამორიცხულია... გარეთ ჩემი ახალთახალი ტაქტიკური ტანსაცმლით არ გავალ, რომ ვიღრიალო: - „მე მოვედი, ყველას დაგერხათ, უვარგისებო!“
არა, მე შორს გავდგები, მძიმედ შეიარაღებული და კარგად მომზადებული დაველოდები და შევაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, ჩემი საუკეთესო მეგობრებისა და ძმების გვერდით.

ზე-თავდაცვა, ზე-იარაღები არაფრისმაქნისია. თუ ადამიანებს დაანახებ, რომ უნდა გაგძარცვონ, რომ მომგებიანი ხარ, ასეც მოიქცევიან.
ეს მხოლოდ დროისა და გამოყენებული იარაღების რაოდენობის საკითხია.

- როგორი სიტუაცია იყო ჰიგიენასა და საპირფარეშოზე?

-ჩვენ ვიყენებდით ნიჩაბსა და მიწის ნებისმიერ ნაგლეჯს, სახლის მახლობლად… სიბინძურედ მოგეჩვენებათ, ასეც იყო. ჩვენ წვიმის წყლით ან მდინარეზე ვბანაობდით, მაგრამ ხშირად ეს უკანასკნელი ძალზედ სახიფათო იყო. ტუალეტის ქაღალდი ჩვენ არ გვქონდა.. და რომც გვქონოდა, მე მას გადავცვლიდი. ეს «ბინძური» საქმე იყო. ერთ რჩევას მოგცემ: პირველ რიგში იარაღი და საბრძოლო მასალაა საჭირო… აი შემდგომ ყველაფერი დანარჩენი, უდავოდ ყველაფერი! რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია დასაშვებ ფართის რაოდენობასა და ფინანსურ საშუალებაზე. თუკი რაიმე გამოგრჩა, არაუშავს, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც ამას რამეში გაგიცვლის… მაგრამ თუ იარაღი ან საბრძოლო მასალა დაგავიწყდა, გადაცვლის საშუალება არ გექნება. ასევე, დიდ ოჯახებს «დამატებით კუჭებად» მე არ ვთვლი. დიდი ოჯახი, ესაა მეტი იარაღი და ძალა… შემდეგ კი ყველა ალღოს უღებს.

ჭრილობების შესახებ - ჭრილობები ძირითადად ცეცხლსასროლი იყო. სპეციალისტისა და მოწყობილობების გარეშე, თუკი დაშავებული როგორღაც იპოვიდა ექიმს, მისი გადარჩენის შანსი 30% იყო. ეს კინო არ გეგონოთ, ხალხი კვდებოდა… ბევრი ადამიანი ზედაპირული ჭრილობებისა და ინფეციებისგან მოკვდა. მე 3 ან 4 შემთხვევისთვის გათვალისწინებული ანტიბიოტიკი მქონდა, რა თქმა უნდა ოჯახისთვის. ადამიანები ხშირად, ძალიან სულელურად იღუპებოდნენ. ჩვეულებრივ დიარეას რამდენიმე დღეში შეუძლია ადამიანის მოკვლა, თუკი არ არის წამალი და წყლის რაოდენობა შეზღუდულია… განსაკუთრებით ეს ბავშვებს ეხება. უამრავი კანის დაავადება და საკვებით ინტოქსიკაცია… რას იზამ. ბევრი ადგილობრივ მცენარესა და სპირტს იყენებდა… ამას მცირე ხნიანი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ხანგრძლივისთვის არ გამოდგებოდა. ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია… და რაც შეიძლება ბევრი წამლის ქონა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისა.
image

1
164
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
164
  
2020, 12 იანვარი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1