სხვა რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ ახალ წელს სულაც არ გემხიარულებათ 2020, 8 იანვარი, 0:45 ახალი წელი დაბადების დღეს ჰგავს - ეს ლამაზი, მხიარული დღესასწაული ჯადოსნური მოლოდინით გვავსებს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სულაც არ ემხიარულებათ. მიზეზი? - მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: წლები მიდიან, ასაკი გვემატება, თოვლის ბაბუასაც დავავიწყდით და სანტა კლაუსსაც; ახალი წლის სასწაული, რომელზეც წიგნებში წერენ და ფილმებში მოგვითხრობენ, არა და არ ხდება; არც ამინდი უწყობს ხელს საახალწლო განწყობილების შექმნას... ეს და სხვა ამდაგვარი ფიქრები ცუდ განწყობაზე გვაყენებს და სხვისი მხიარული, სადღესასწაულო აჟიოტაჟი გვაღიზიანებს კიდეც.
მაინც სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ, სახლში რომ მოწყენილი არ ვისხდეთ და სხვების მხიარულებასა და გართობას შურიანი თვალით არ ვუმზიროთ? - გამოსავალი ერთია: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ჯადოქრები, თოვლის ბაბუები და სანტა კლაუსები ჩვენ თვითონვე ვართ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვაიძულოთ თავადვე შეგვიქმნას სადღესასწაულო განწყობილება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მთელი არსებით შეიგრძნოთ ამ ლამაზი დღესასწაულის ატმოსფერო და ხიბლი. დაუწერეთ საკუთარ თავს წერილი ყველა ჩვენგანი ცდილობს ახალი წლის წინა დღეებში ერთგვარად შეაჯამოს განვლილი წელი და შესაბამისად დაგეგმოს მომავალი. გთავაზობთ ეს დაგეგმვა ცოტა სხვაგვარი ფორმით გააკეთოთ: აიღეთ ფურცელი და კალამი და დაწერეთ წერილი, რომელსაც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გახსნით. პირველ რიგში დაწერეთ, თუ რატომ ხართ არასადღესასწაულო განწყობაზე და რატომ არ გიხარიათ ახალი წლის მოსვლა, შემდეგ კი ცოტა იფანტაზიორეთ: უპასუხეთ კითხვებზე: როგორი ვიქნები მე ზუსტად ერთი წლის შემდეგ? როგორ განწყობაზე ვიქნები? რა მეცმევა ახალი წლის ღამეს? სად და ვისთან ერთად გავატარებ ამ დღესასწაულს? ნუ შეზღუდავთ თავს ფანტაზიებში-წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორსაც ისურვებდით, შეიძლება ამ წარმოსახვებმა ისე გაგიტაცოთ, რომ ბლოკნოტი ხელიდან გააგდოთ და მაშინვე შეუდგეთ თქვენი ფანტაზიის რეალობად გადაქცევას. ნაბიჯი მეორე- საკუთარ თავს თავადვე შეუქმენით საახალწლო ამინდი როგორია ახალი წელი ჩვენს წარმოსახვაში? - თეთრი, ქათქათა თოვლით დაფარული სახლები, ქუჩები და ხეები; ჰაერში მოფარფატე ფიფქები და ყინვისაგან ლამაზად მოხატული ფანჯრები-აი ასეთი ახალი წელი იყო ჩემს ბავშვობაში, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის კლიმატიც-ფიფქები კი არადა, ციდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთებიც სანატრელი გაგვიხდა. თეთრად გადაპენტილი სახლების და ხეების ნაცვლად ნაცრისფერი, უსახური სახურავები და ნაღვლიანად მომზირალი გაშიშვლებული ხეეები შემოგვცქერის. თუმცა ამის გამო არ ღირს დაღონება: აიღეთ სახატავი ქაღალდის ფურცელი და აკვარელის საღებავები, რათა თავადვე შექმნათ სასურველი ამინდი. დაიმახსოვრეთ, დაგჭირდებათ ბევრი-ბევრი თეთრი ფერი. დაჯექით ფანჯარასთან და დახატეთ გარემო ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხის და ნაირფერი გირლანდების დახატვა;ამისთვის სულაც არაა საჭირო ხატვის ნიჭი და დიდ ოსტატობა. დახატეთ ის, რაც გამოგივათ. შემოქმედება განწყობილებას ამაღლებს, ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება. არ იდარდოთ, თუ შედევრის მაგივრად ბავშვის ხელით ნაჩხაპნი სასაცილო ნახატი გამოგივიდათ. სიცილი ხომ დეპრესიის და ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია. უყიდეთ მეგობრებს და ახლობლებს საჩუქრები ახალი წელს განწყობილების ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრებისათვოს საჩუქრების შეძენა და ახალი წლის მილოცვა მათთვის. სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული ნივთების და სუვენირების ყიდვა. სულ პატარა საჩუქარი ან უბრალოდ მისალოცი ბარათიც კი გაახარებს თქვეთვის ახლობელ ადამიანს და კიდევ ერთი: საჩუქრების საყიდლად სავაჭრო ცენტრში ან სუპერმარკეტში უნდა წახვიდეთ. იქ კი მხიარული მუსიკა, ლამაზად მორთული მაღაზიები, მოფუსფუსე ადამიანები და სადღესაწაულო ორმოტრიალი დაგხვდებათ, რაც დეპრესიიდან გამოსვლასა და ხასიათზე მოყვანაში დაგეხმარებათ. მთავარია გაიზიაროთ ის განწყობა, რაც თქვენს ირგვლივ სუფევს. ნუ მისცემთ თავს იმის უფლებას, რომ იფიქროს: ეს სხვისი დღესასწაულია, მე აქ არაფერი მესაქმება. ჩაერთეთ მხიარულ ფერხულში და ნახავთ, როგორ იქცევა ახალი წელი "თქვენს საკუთარ დღესასწაულად". საკუთარი ხელით მორთეთ ნაძვის ხე მარტო ხართ და ფიქრობთ: აბა რად მინდა ნაძვის ხე? რა საჭიროა? ბავშვები არ არიან, რომ გაიხარონ, მე კი სულაც არ მედღესასაწაულება. ძალიან ცდებით, თუ თვლით, რომ ნაძვის ხის მორთვა მხოლოდ ბავშვებისთვისაა საჭირო. თავს ძალა დაატანეთ და თუნდაც სულ პატარა, მინიატურული ნაძვი შეიძინეთ და მორთეთ. გაალამაზეთ გირლანდებით, ფიფქებით, სათამაშოებით, კანფეტებით.. ნურც ფანჯრებს დატოვებთ უყურადღებოდ: მათზე მიწებებული პატარა ფიფქები და ვარსკვლავები უდავიდ გაგახალისებთ და განწყობილებასაც აგიმაღლებთ. ნაძვის ხის მორთვით კი აცნობიერებთ, რომ ახალი წელი უკვე კარზეა მომდგარი. კიდევ ერთი: აუცილებლად უყურეთ ძველ საახალწლო ფილმებს-განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ბავშვობაში გიყვარდათ. ჩართეთ :"ბედის ირონია", " ვერის უბნის მელოდიები", "მარტო სახლში" და ოცნებებით გადაეშვით უდარდელ, მხიარულ ბავშვობაში. წადით სტუმრად! ახალი წელი ბევრისათვის არც თუ ისე მარტივი დღესასწაულია. ჩვენ ყველანი ველოდებით სიურპრიზებს, სასწაულებს, რაღაც ამაღლებულსა და განსაკუთრებულს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება?- არც არაფერი. დიახ, სწორედაც რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამის გამო ნაღველი და დარდი გვიპყრობს. არ იდარდოთ! ნუ იქნებით სევდიანი, მოწყენილი, გულჩათხრობილი. სახლში არ გსურთ ყოფნა?-წადით სტუმრად. მჯერა, რომ ყველა თქვენგანს ჰყავს ისეთი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, ვისაც თქვენი სტუმრობა გაუხარდება. სულაც არაა აუცილებელი მდიდრული სუფრის გასაშლელად შეწუხდეთ ან მეგობარი შეაწუხოთ. ფინჯან ყავაზე და ერთ ფილა შოკოლადზე შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ, გული გადაუშალოთ ერთმანეთს და დარდი გაიქარვოთ. ახალი წელი მართლაც რომ ჯადოსნური დღესასწაულია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გავხდით მას ჯადოსნურსა და სასწაულებით აღსავსეს. ასე რომ, თქვენი განწყობა თქვენს ხელთაა. ყველას გილოცავთ 2020 წელს და გისურვებთ ოცნებების ახდენას, ბევრ- ბევრ სასწაულს და სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეებს! 43 10-ს მოსწონს |
ამიტომ შევხვდი ახალ წელს სოფელში...