სხვა
აი, რატომ ლურჯდება ღამით იაპონიაში კლდეები
2019, 25 ნოემბერი, 22:11
შეხედეთ ამ არაჩვეულებრივ ფოტოებს, რომელიც ოკაიამას (იაპონია) სანაპიროს მახლობლად არის გადაღებული. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კადრები სამეცნიერო - ფანტასტიკური ჟანრის რომელიმე ფილმიდან არის, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონიაში ეს უზარმაზარი ლოდები, ღამით მართლაც ლურჯად ბრწყინავენ.
ამ ულამაზეს, ცისფერ შუქს კი ასობით პატარა ბიოლუმინესცენტური ღორტაო (ბიოლუმინესცენცია – ცოცხალი ორგანიზმების ნათება, ზოგიერთი ბაქტერიის, სოკოების, უხერხემლოების, თევზების, რაც განპირობებულია განსაკუთრებული ნივთიერებების ფერმენტაციული ჟანგვით) გამოსცემს. სწორედ ასე იცავენ ისინი თავს ზღვის მტაცებლებისგან.
ეს საოცარი ნამუშევრები ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა - ტრევორ უილიამსმა და ჯონათან გალიონემ გადაიღეს, ორიგინალურ ფოტოსესიას კი ხელოვანებმა - "მტირალა ქვები" უწოდეს.
როგორც ცნობილია, ზღვის ეს არსებები, რომლებსაც ზღვის ციცინათელებს უწოდებენ, ზღვის ფსკერზე, ქვიშაში ბინადრობენ, რომელთა სიგრძეც სულ რაღაც 3 მილიმეტრს შეადგენს. განსაკუთრებით კი, შთამბეჭდავ სურათს ისინი სწორედ მაშინ ქმნიან, როცა ერთად გროვდებიან.
ამ კრეატიული ფოტოსესიის გადასაღებად ფოტოგრაფებმა ეს მანათობელი "ფარნები" სპეციალურად, ჯერ ლორით სავსე ქილებში მოამწყვდიეს, შემდეგ ლოდებზე განალაგეს და წყალიც აპკურეს, ცოტა ხანში, გარემო წარმოუდგენელმა სილამაზემ მოიცვა, მთელი ოკაიამას სანაპირო ლურჯად ალივლივდა.
ტრევორი და ჯონათანი ყველანაირად ცდილობდნენ რომ ფრთხილად ემოქმედათ და ზღვის ბინადრებისთვის ზიანი არ მიეყენებინათ, ვინაიდან გადაღების პროცესმა საკმაოდ დიდხანს გასტანა.
ფოტოსესიის დასრულებისთანავე, ფოტოგრაფებმა თავიანთი მრავალრიცხოვანი "მოდელები" უვნებლად კვლავ საკუთარ სამფლობელოში დააბრუნეს. შედეგი კი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.