x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობის თვალსაჩინო მაგალითი უტეხი კამანელებისგან

image


უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობის თვალსაჩინო მაგალითი უტეხი კამანელებისგან. უსამართლობაა, როდესაც სახელმწიფო საკმარის ყურადღებას არ უთმობს ამ ისტორიის უკვდავყოფის საქმეს, რის გამოც ბევრს ჩვენს ქვეყანაში არც კი სმენია სოფელ კამანის გმირობის შესახებ.
კამანიშ ლახვბას შვენდბაუ ხარხ!!!

კამანის ალყა

აფხაზეთი, სოფელი კამანი.
1993 წლის 4 ივლისი, ღამის 10 საათი.

ტყიანი ფერდობებიდან ხეობის სიღრმემდე სროლის ხმა აღწევს. ახალშენის მხარეს ცა წითლად ნათდება და ჰორიზონტზე რუხი, მოძრავი წერტილები მოჩანს. ისინი ეშერას დასტრიალებენ, მერე დაბლა მოიწევენ, ამზარას უახლოვდებიან.
გუმისთის პირას ჩასაფრებულ გურამ გვიჩიანს, ავტომატების უწყვეტ კაკანთან ერთად, ახლა უკვე ძრავების ყრუ, დახშული გუგუნი ესმის. ღამის სიბნელეში რუსული სამხედრო ვერტმფრენების სილუეტები იკვეთება. გურამი ბინოკლს ჩაჰყურებს.
მის წინ ამზარაა, მოშორებით – ტყე, ზემოთ – ვერტმფრენი, საიდანაც თოკი ეშვება. დაჭიმულ ბაგირზე ერთმანეთის მიყოლებით მოცოცავენ თავიდან ფეხებამდე შეჭურვილი მეომრები და ხშირ წიწვნარში უჩინარდებიან. ახლა მეორე ვერტმფრენიდან უშვებენ თოკს, მესამედან... «დესანტი ჩამოსხეს», – რაციით გადასცემს შტაბს ბოლო, საგანგაშო ინფორმაციას გვიჩიანი.
შტაბში უკვე იციან, რომ: ბომბორას სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადა შეტევაზე გადასვლას აპირებს. კამანი ალყაშია. გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 500-კაციანი ბატალიონი ეშერა-ამზარადან მოიწევს, ჩეჩნურ-სომხური და აფხაზური შენაერთები – შუბარი-ახალშენიდან და აჩადარა-ზეგანიდან. ანუ მოსალოდნელია სამმხრივი შტურმი აფხაზეთის მთებში ჩაკარგულ პატარა სვანურ სოფელზე, რომელსაც 32 ადგილობრივი მებრძოლი იცავს..
კამანელთა ტრაგიკულ-ჰეროიკული ისტორიის დაწყებამდე უკანასკნელი წუთებიღა რჩება. სოფელი ელის თავდასხმას. მას ტყეში გახიზვნა შეუძლია, მაგრამ არავინ არსად მიდის. პაკელიანები, გერლიანები, გვიჩიანები, კახიანები უთანასწორო, თავგანწირული წინააღმდეგობისთვის ემზადებიან.
პირველი გასროლის მოლოდინში კამანი დაძაბულ, სამარისებურ სიჩუმეს მოუცავს. სიცოცხლის ნიშან-წყალი მხოლოდ გუმისთისპირა პოზიციებზე იგრძნობა. სანგრებიდან ფეხის ხმა და ფრთხილი გადალაპარაკება ისმის. მებძოლები საგუშაგოებზე ნაწილდებიან...
შტურმამდე დარჩენილი უკანასკნელი წუთების ათვლა იწყება. დილის 5 საათია.

* * *
1993 წლის ივლისის დამდეგს, როდესაც კამანზე თავდასხმა გადაწყდა, გუდაუთის დაჯგუფებები ფრონტის გუმისთისპირა ზოლს თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ. სოხუმის მიმდებარე დასახლებები – ეშერა, ამზარა, შუბარი, ახალშენი, ზეგანი – აფხაზების ხელში იყო.
სოხუმამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. ქართული სამხედრო ძალებისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე უკანასკნელ წინაღობას 42-კომლიანი სვანური სოფელი – კამანი – ქმნიდა. ის გუდაუთადან ყველა მიმართულებით დაძრულ შენაერთებს გზას ზედ ქალაქის მისადგომებთან, 15-იოდე კილომეტრის მანძილზე, უკეტავდა.
კამანის აღება სოხუმის გარდაუვალ დაცემას ნიშნავდა...

* * *
სროლის ხმა კამანში პირველად გაგრის დაცემის შემდეგ, 1992 წლის 3 ნოემბერს, გაისმა. სულ მალე ტყვიის წუილი, ჭურვის აფეთქება, გვამები – სანგრებში, მდინარის ზედაპირზე, გზებზე, ეზოებში ყოველდღიურობად იქცა.
სოფელი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. ფრონტის წინა ხაზი მის სახლებზე, მის უბნებზე, მის ხეობაზე გადიოდა. ბრძოლები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
ერთი წლის შემდეგ კამანს 65-ის ნაცვლად 32 ადგილობრივი ჯარისკაციღა ჰყავდა. დანარჩენები დაიღუპნენ. სახლები დაინგრა, ხოლო მათ ადგილას ზოგან უშველებელი ღრმულები დარჩა. გაუქმებული წყალსაცავები, მიტოვებული ბუნკერები და სარდაფები სანგრებად, ბლინდაჟებად იქცა.
მშვიდობის ხანა, სამოქალაქო ცხოვრების რიტმი თითქოს სამუდამოდ დასრულდა. კამანმა თავდასხმებს გაუძლო. ის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც იხსნა. სოფელი მიუდგომელი იყო. მის დასაბომბად უახლესი ტიპის საარტილერიო დანადგარების გამოყენებაც ვერ ხერხდებოდა...
და მოწინააღმდეგე ეშერადან კამანისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკის გაფართოებას შეუდგა. ამ გზაზე სამხედრო ტექნიკას უნდა ევლო, თანაც გუდაუთა-ამზარას ტრასას შრომის ხიდამდე შეერთებოდა. კამანი ალყაში ექცეოდა. სამმხრივი შტურმის დღე ახლოვდებოდა...

5 ივლისი. 5 საათი და 10 წუთი.

ცა იქუფრება. წინწკლავს. სოფლის თავში, ხიდთან მოწყობილ პირველ საგუშაგოზე, 28 წლის ადამ გვიჩიანი ექვს თანამოსანგრეს საბრძოლო მითითებებს აძლევს. ის ოცმეთაურია, ლეიტენანტი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ოფიცერი, სპორტსმენი, ძიუდოისტი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...
«მოემზადეთ, » – სიტყვის დასრულებას ვერც ასწრებს, მის ხმას ნაღმსატყორცნების მოულოდნელი გრუხუნი ფარავს, – «ჯანდაბა, უკვე დაიწყო... ამზარადან გვბომბავენ… მალე სოფელს მოადგებიან…»
სოფელში შეჭრა ორი გზით შეიძლება – ხიდიდან და სანაპიროდან. ხიდი დანაღმულია. შვერილებიც გამოცლილი აქვს. ტექნიკის სიმძიმეს ვერ გაუძლებს. ჯარს გადაადგილების საშუალებას არ მისცემს. სანაპირო კლდოვანია, გუმისთა – ადიდებული.
რელიეფი მხოლოდ ერთგან მარტივდება. ციცაბო ფერდობებს ქვიშიანი დაბლობი ენაცვლება, კალაპოტი ვიწროვდება... აქ, საერთო საცხოვრებლის შენობაში, მეორე საგუშაგოა. საგუშაგოზე ცხრანი არიან – შვიდი მამაკაცი და ორი ქალი.

* * *
35 წლის მერი პაკელიანმა გუშინ დილას დატოვა სოფელი, შვილები დასთან, გალში გახიზნა და უკან სასწრაფოდ გამობრუნდა. სოფელი საბრძოლო მზადყოფნაში დახვდა. ერთ-ერთი შეტევისას აფხაზებისთვის წართმეული ტყვიამფრქვევი ინვალიდთა თავშესაფრის – ე. წ. წითელი კორპუსის – მესამე სართულზე აეტანათ. გუმისთის გაღმა, ტყეში ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ჩაემარხათ. ხიდის ბურჯი მოერყიათ. სანგრები გაეთხარათ...
სახლები ცარიელი იყო. დიდ-პატარიანად, ქალიან-კაციანად ყველა პოზიციებზე გაკრეფილიყო. ქმარი, საშა გამსახურდია, მეორე საგუშაგოზე მოძებნა. ახლაც გვერდით უზის. მერი მჭიდებს ამოწმებს, ავტომატს ტენის. წუთით ჩერდება, ფიქრობს. მერე ჯგუფის მწირი არსენალიდან ხელყუმბარას იღებს და ჯიბეში მალავს.

* * *
ახალშენისკენ მიმავალი გზის დასაწყისში, მესამე საგუშაგოზე, სოფლის შტაბიდან მამა-შვილს – ვლადიმერ და მალხაზ კახიანებს – აგზავნიან. მალხაზი დაზვერვის ათმეთაურია. რამდენიმე თვის წინ ეშერას ქვემოთ, სოფელ დიმიტროვკაში ჩასაფრებულ სნაიპერებს, რომლებმაც კამანს მოსვენება დაუკარგეს, თავს დაესხა. ორი მოკლა, ერთი გაექცა, ერთიც ტყვედ ჩაიგდო. ის რუსი მაიორი, ფსკოვის სადესანტო ბატალიონის ხელმძღვანელი აღმოჩნდა…
75 წლის ვლადიმერმა გუშინ დილას ახალშენიდან საგანგაშო ინფორმაცია ჩამოიტანა.
სოფელი ალყაში იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი, ტყეს შეფარებული ქალები და ბავშვები კამანისკენ გზის გაგნებას ვერ ახერხებდნენ. კახიანმა ისინი შრომის ხიდამდე ჩააცილა. უკან დაღლილი, შეშფოთებული დაბრუნდა:
«ყოველი მხრიდან მოიწევენ… ვერ შევაჩერებთ… ცოტანი ვართ… თითზე ჩამოსათვლელნიღა დავრჩით… უნდა წავიდეთ… . სოფელი უნდა გაიხიზნოს» – ამაოდ ცდილობდა ადგილობრივი შენაერთის მეთაურის, მაიორ ზაზა პაკელიანის დარწმუნებას. პაკელიანი ჯიუტად დუმდა. ბოლოს თქვა: «შრომაში ყველაფერი იციან. ხვალ დამხმარე ძალა მოვა.»

* * *
შრომაში ყველაფერი იციან, მაგრამ დამხმარე ძალა არ მოდის… მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გრძელდება. სადაც არის, ქვეითებიც გამოჩნდებიან. ტყვია-წამლის მარაგი ცოტაა, შეიარაღება – მწირი. ტექნიკა კი კამანელებს საერთოდ არ აქვთ. სოფლის პრობლემები საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლობას კამანელმა პედაგოგმა, აფხაზეთის დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარემ, ელგუჯა გვიჩიანმა ორიოდე კვირის წინ შეატყობინა.
ვითარება არ შეცვლილა. დღეს 63 წლის გვიჩიანი სოფლის განაპირას, ფერმებთან მოწყობილ მეოთხე საგუშაგოზე, შვილის, გურამის გვერდით დგას. ის მოკლე სადესანტო ავტომატით არის შეიარაღებული. ბრეზენტის ძველებური ლაბადა მოუსხამს და, წვერმოშვებულს, სვანური ქუდი დაუხურავს. ერთი შეხედვით, რიგით მოქალაქეს, უწყინარ მოხუცს გავს, თუმცა პროფესიონალი სამხედროა, საბჭოთა ჯარების ყოფილი ოფიცერი…

* * *
ფერმისგან 200-იოდე მეტრის მოშორებით სოფელს წმინდა ვასილისკოს წყარო ჩამოუდის. წყაროსთან ეგნატე კვიციანის სახლი დგას. ეგნატე სახლის წინ, ხიდთან ზის. «გეკო» უჭირავს. ცნობილი მონადირეა. შინ შვილების დანატოვარი ავტომატები, ტყვია-წამლის მარაგი ეგულება. ეზოში, კაკლის ქვეშ, გაუქმებული წყალსაცავი შეუძლია, სანგრადაც გამოიყენოს.
შორს, გუმისთის გადაღმა, რუსი «ბოევიკების» პირველი ათეულები ფერდობებზე ეშვებიან. ნაღმსატყორცნების გუგუნი წყდება. გენერალ ლებედის სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადა თავდასხმისთვის ემზადება.

* * *
კამანის შუაგულში, პატარა გორაკზე, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიაა. სწორედ იმ დროს, როდესაც სოფლის განაპირას დენთის სუნი ტრიალებს, აქ საკმეველი იწვის. გარეთ სროლებია, აქ ლოცულობენ. ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ებრძვიან, აქ, საკურთხეველთან, მაცხოვრის ხატის წინ, აფხაზი იური ანუა და ქართველი მამა ანდრია გვერდიგვერდ ჩაჩოქილან.

«მაკურთხე, მამაო, » – სთხოვს მოძღვარს იური ანუა.
«დარწმუნებული ხარ, რომ უფალს თავი სრულიად მიანდე?»
«დარწმუნებული ვარ.»
«მაშ, არც ამქვეყნიური, არც მარადიული სატანჯველისა არ გეშინია?»
«არ მეშინია.»
«გინდა, უფრო ღირსეულად წარსდგე უზენაესის წინაშე?»
«მინდა, მამაო.»
«იყოს ნება ღვთისა...»
მამა ანდრიას მომცრო სათავსოდან სტიქარი გამოაქვს, ანუას აცმევს და იპოდიაკვნად აკურთხებს. ამ წუთიდან იური ანუა, რომელმაც საერო ცხოვრება მთლიანად კამანის წმინდა ადგილების მოვლა-პატრონობას მიუძღვნა, სასულიერო პირია. მან აღადგინა კამანის ეკლესია და წმინდა ვასილისკოს წამების ადგილი, სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კვლავ სოფელს დაუბრუნა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი, იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილამდე აღმართა 1500-საფეხურიანი კიბე...
იური ანუა ქველმოქმედია. მას სოფლისთვის კიდევ ბევრი რამის გაკეთება სურს, მაგრამ... სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ცოტა დრო რჩება... სულ რაღაც ათიოდე საათის შემდეგ ანუასა და მამა ანდრიას ბედი სამუდამოდ გადაეჯაჭვება ერთმანეთს.
27 წლის ბაღდათელმა მამა ანდრიამ, პაატა ყურაშვილმა, აფხაზეთის ომის მსვლელობისას დატოვა სხალთის მონასტერი, რომ კამანის ტაძარში დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი საღმრთო ლიტურგია აღესრულებინა. ერთხელ, როდესაც ფრონტისპირა სოფლის დატოვება ურჩიეს, მშვიდად გაიღიმა და თქვა:
«განსაცდელი უფალმა სულის საცხოვნებლად მოგვივლინა... მხოლოდ ღვთის წმინდა ნებას ვემორჩილები...»

* * *
5 საათი და 20 წუთი.
პირველი საგუშაგო.
თენდება. წვიმს. სპეცდანიშნულების ბატალიონი სანაპირო ზოლისკენ მოიწევს. ის სოფელს ბრძოლის დაწყებას ყუმბარმტყორცნების გამაყრუებელი გრუხუნით ამცნობს. ხიდთან, სანგარში ჭურვი ფეთქდება. ადამ გვიჩიანი ძლიერ დარტყმასა და აუტანელ ტკივილს გრძნობს. მარჯვენა ფეხი არ ემორჩილება. ძვალი გადამსხვრეული აქვს. დაფლეთილი შარვლიდან სისხლი სდის. წუთით გონს კარგავს. მომდევნო ჭურვის ხმა აფხიზლებს. ვიღაც განწირულად ყვირის. ორ ზურას – გიორხელიძესა და გურჩიანს – სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა.
ეს პირველი მსხვერპლია. პირველი მსხვერპლია მოწინააღმდეგის მხარესაც. საგუშაგოდან გახსნილი ცეცხლი «ბოევიკების» რამდენიმე ათეულს ანადგურებს, მაგრამ 5 კამანელის პირისპირ, ხიდის თავში, ახლა სხვა, უფრო რიცხვმრავალი შენაერთი დგას. ხიდი არ ფეთქდება. ჩანს, განაღმეს.

* * *
6 საათი და 35 წუთი.
მეორე საგუშაგო.
საერთო საცხოვრებლიდან მოჩანს ადგილი, სადაც გუმისთა სოფლის გარშემო ნახევარრკალს ქმნის. მოჩანან ჯავშან-ჩაჩქანიანი ჯარისკაცებიც.
«დროა, » – საშა გამსახურდია სანაპიროდან გამოყვანილ მავთულებს დენის წყაროს უერთებს. ტყეში ჩამარხული ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო 5 ნაღმიდან 3 სკდება. რუხ-მოყავისფრო ბუღი და ცეცხლის ენები, დალეწილი ტოტები, მიწის გორახები, ადამიანები ერთმანეთში ირევიან.
აფეთქების ტალღა «ბოევიკების» პირველ მწკრივს ადგილზე ცელავს. მათი დამწვარი, დასახიჩრებული, დანაწევრებული გვამები მდინარის ზედაპირზე ტივტივებს.
«ცეცხლი, » – ყვირის ჯიმშერ გადრანი. 9 ავტომატის მჭიდები ელვისებურად იცლება. «ბოევიკების» მომდევნო მწკრივი უკან, ტყისკენ იხევს.
«ტყვიამფრქვევის ჯერიც დადგა, » – ამბობს ჯიმშერი და წითელი კორპუსისკენ მიხოხავს. სხვებიც მიჰყვებიან. ჭურვების ნამსხვრევები სეტყვასავით ცვივა. თანმხლებთაგან ერთი იღუპება, მეორე საგუშაგოზე ბრუნდება.
გადრანი კორპუსში შერბის. აი, აფხაზებისთვის წართმეული «დეშეკა», 56-ვაზნიანი ლენტით. ჯიმშერი იარაღს ტენის და, სანამ ლულას სანაპიროსკენ მიმართავს, პირჯვარს იწერს: «ღმერთო, მაპატიე კაცის კვლა, თან დამეხმარე, რომ ყოველი მეორე ტყვია მაინც არ ავაცდინო სამიზნეს…»

* * *
8 საათი და 45 წუთი.
პირველი საგუშაგო.
«ალყაში ვართ... აბა, ყველანი ჩქარა შტაბისკენ!» – ბრძანებას გასცემს მარჯვენა ფეხში დაჭრილი ოცმეთაური, ადამ გვიჩიანი და თანამებრძოლებს, რომლებიც წამოყენებას უპირებენ, ხელით იშორებს, – «წადით… სროლას არ შევწყვეტ... დაგიცავთ.» «კი მაგრამ...» «არავითარი მაგრამ... ყველანი მიდიხართ-მეთქი, გასაგებია?... მხოლოდ მე ვრჩები.» თანამებრძოლები, ეკლესიის გავლით, სოფლის ცენტრისკენ გარბიან.

* * *
წმინდა ოქროპირის სახელობის ტაძარს მრევლი მისწყდომია. წინამძღვარი მამა ანდრია და იური ანუა ჭიშკარს აღებენ. ხალხი ეზოში, შემდეგ ტაძარში შერბის.
«ყველაფერი ღვთის ნებაა, – სიმშვიდეს ინარჩუნებს მამა ანდრია, – ღმერთს არ მივუტოვებივართ. ეცადეთ, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიიღოთ ყველაზე მძიმე განსაცდელი.»

* * *
მეოთხე საგუშაგო.
ფერმებთან, სანგარში, ეთერ ჩხეტიანის ორივე ვაჟი იღუპება. უმცროსი – 15 წლის მერაბი – ზუსტად ერთი თვის წინ, 5 ივნისის შეტაკებისას, მოკლეს.

* * *
მეხუთე საგუშაგო.
წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ჩასაფრებული ეგნატე კვიციანი სნაიპერის სიზუსტით ისვრის. მისი საიმედო და მოხერხებული სამალავიდან მოწინააღმდეგის გუმისთისპირა, მოშიშვლებული პოზიციები ხელისგულივით მოჩანს. მიზანში ამოღებული ჯარისკაცები წყალში ცვივიან.
«ეს ოცდამეერთე… ესეც ოცდამეორე, » – აზარტში შედის კვიციანი.

* * *
შეტევა 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დილის 5-დან შუადღის 2-ის ნახევრამდე სადესანტო-იერიშმიმტანმა ბრიგადამ გუმისთის გადალახვა და სოფელში შეღწევა ვერ შეძლო. ეშერას მთაზე განლაგებული რუსულ-აფხაზური ბატალიონების სარდლობამ ალყის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მორიგი, უნაყოფო იერიშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა: მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი – კამანი – კბილებამდე შეიარაღებული, რიცხვმრავალი შენაერთებით საიმედოდ დაცულს ჰგავდა...
ბრძოლის ბედი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოულოდნელად ქართველების მხრიდან გახსნილი ინტენსიური ცეცხლი კანტი-კუნტმა სროლებმა შეცვალა... რატომ? რა მოხდა კამანში?

* * *
5 ივლისი, 13 საათი და 25 წუთი.
შტაბი.
მაიორი ზაზა პაკელიანი შრომას რაციით უკავშირდება და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავეს იმეორებს: «...ხალხი გაწყდა... 20-იოდე კაციღა დავრჩით… ტყვია-წამალი ილევა... წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევთ... სადაც არის, სოფელში შემოვლენ... ვიხოცებით... სასწრაფოდ გამოგზავნეთ დამხმარე ძალა, შეიარაღება, ტყვია-წამალი...»
კავშირი წყდება. ზაზას შუბლზე ოფლს ასხამს, ღელავს, სახეზე უიმედობა ეტყობა, შტაბის წევრებს მაინც მტკიცე ხმით მიმართავს: «გამაგრდით, ბიჭებო... დარწმუნებული ვარ, შევსება მოვა.»

* * *
13 საათი და 30 წუთი.
პირველი საგუშაგო.
თავსხმა წვიმაა. ხიდქვეშ, სანგარი წყლით ივსება. ადამ გვიჩიანი, რომელმაც სროლა ყუმბარმტყორცნით აფეთქების შემდეგღა შეწყვიტა, უგრძნობლად წევს. მოიერიშე ბრიგადა კამანში შედის. ბრძოლა უკვე სოფლის შუკებში, ლამის თითოეულ სახლთან მიმდინარეობს.

* * *
ტაძრის ეზოში ქალი შერბის. სამხედრო ფორმა აცვია. მდევარი გზას უღობავს. ქალი ხელიდან უსხლტება. ცდილობს, სამრეკლომდე მიაღწიოს. «მიშველეთ!» – გული ყელში ებჯინება.
«ბოევიკების» ფეხის ხმა და ქოშინი გარკვევით ესმის. სამრეკლოსთან ძალა ელევა. გრძნობს, სადაც არის, მკლავში სწვდებიან... «ოღონდ ტყვეობა არა...» ქალი ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს. სანამ მდევრები გონს მოსვლას მოასწრებენ, ყუმბარა სკდება. აფეთქების ადგილას ხუთი გვამია: «ბოევიკების» და... მერი პაკელიანის.

* * *
გამაყრუებელი გრუხუნი, წივილ-კივილი ტაძარშიც აღწევს.
«მოემზადეთ ზიარებისთვის, » – მამა ანდრიას საკურთხევლიდან ბარძიმი გამოაქვს და თითოეული მლოცველისგან აღსარებას იბარებს. «ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია, » – კითხულობს იოანეს სახარებას იური ანუა.
«ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო, » – ჩურჩულებს ანუას მეუღლე, ზოია ადამია.
«მეშინია, წმინდა გიორგი, დაგვეხმარე, » – ცრემლმორეული იწერს პირჯვარს ანუას ქალიშვილი, მანანა.
კარზე ბრახუნია, – «გააღეთ!» «ღმერთო, გვიშველე!»… «გააღეთ!» – ბრძანებას ავტომატების ჯერი მოსდევს. ქვის იატაკს სარკმლიდან ზრიალით ჩამოცვენილი შუშის ნამსხვრევები ფარავს. ბრახუნი მეორდება. წუთიც და, მოშლილ საკეტს შემოლეწავენ.
იური ანუა მამა ანდრიას უხმოდ შეჰყურებს. «გააღე, » – ნებას რთავს წინამძღვარი და ორივენი გასასვლელისკენ მიემართებიან.
საკეტი იმტვრევა. მამა ანდრია მკერდზე მიკრული ღვთისმშობლის ხატით ცდილობს იარაღშემართული ბრბოს შეკავებას: «ოღონდ ხალხს ნუ ესვრით!»
«ხმა გაკმინდე!...» – ხატს ხელიდან გლეჯენ, გარეთ გაჰყავთ. გვამებით მოფენილ, სასაკლაოდ ქცეულ ეზოში ათიოდე «ბოევიკი» ანუას გარს შემორტყმია.
«ვინ ხარ?» – უბღავიან, – «აფხაზი? მერე ქართველებთან რა გინდა? რაო? ძმები ვართო? რეებს ამბობ? ...» მამა ანდრიას ზურგში კონდახს ურტყამენ, – «დაიჩოქე, დაიჩოქე მეთქი!»
მოძღვარი ლოცვას იწყებს. ტყვია კეფაში ხვდება, მაგრამ პირქვე კი არა, გულაღმა ეცემა. ტაძარში ვიღაც შერბის და გაჰყვირის, – «თქვენი მოძღვარი მოკლეეეს...»
ჯარისკაცები კედლებს ცხრილავენ, იოანე ოქროპირის სარკოფაგს ძირს ანარცხებენ, ზედ ფეხით დგებიან, ლეწავენ: «განძი სად არის, თქვენი...» სროლა-სროლით შერბიან სათავსოში. იქ მხოლოდ 12 მოხუცი ქალი და იური ანუას ცოლ-შვილია...

* * *
მეორე საგუშაგო.
საერთო საცხოვრებელში ექვსნიღა დარჩნენ. გუნტერ გულედანი მოკლეს, მერი პაკელიანი ტაძარში უნდა იყოს, ჯიმშერ გადრანი – შტაბში. შენობის სახურავს ცეცხლი ეკიდება. 27 წლის დათო გადრანი მეორე სართულზე ასვლას ამაოდ ცდილობს. კიბე იწვის. დანარჩენები ზემოთ არიან.
გადრანი ფანჯრისკენ მიხოხავს. ფანჯრის წინ «ბოევიკთა» ასეულია.
«რა ვქნა?» – დათოს გონება გამალებით მუშაობს, – «სროლა განვაგრძო? უკანასკნელი «რაჟოკი» დავცალო? რა აზრი აქვს? სიკვდილი ან ტყვედ აყვანა არ ამცდება. ., » – სამალავს ეძებს და უეცრად მისი დაძაბული მზერა ძველთაძველ, ნესტიან, ჩრჩილისგან დაჭმულ ლეიბებზე ჩერდება...
მეორე სართულზე, ცოლ-ქმარი – ლოლა გერლიანი და ანატოლი ჩაჩხიანი – «არსენალის» ნაშთს ამოწმებს. თითო-ოროლა ტყვია, რამდენიმე ხელყუმბარა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვიღა დარჩენიათ.
იარაღს ძირს დებენ, ცეცხლმოდებული სარკმლიდან შენობისკენ მწყობრი ნაბიჯით დაძრულ «ბოევიკებს» გაჰყურებენ, სდუმან.
«გავიდეთ?» – გაუბედავად კითხულობს ანატოლი.
«რას ამბობ?» – არ ეთანხმება ლოლა.
გარეთ შეტევისწინა დაძაბული სიჩუმეა. შენობის ირგვლივ კედელივით აღმართული ასეული გადამწყვეტი თავდასხმისთვის ემზადება.

* * *
შტაბი.
ე. წ. თეთრი კორპუსის მარცხენა ფლიგელში, პირველ სართულზე ჩასაფრებულ მებრძოლებს ჯიმშერ გადრანი და მამა-შვილი კახიანები შეერთებიან. ჯიმშერი ჭიშკრიდან შემოჭრილ მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნის. ტყვია ზუსტად ხვდება სამიზნეს, მაგრამ «ბოევიკი» ერთს ჩაიჩოქებს, მერე კვლავ ფეხზე დგება და წინ შეუფერხებლად მიიწევს.
«ჯანდაბა, » – ამბობს გამწარებული გადრანი, – «ჯავშანჟილეტები აცვიათ. თავსა და ფეხებში ესროლეთ!»
გარეთ ყურისწამღები გრუხუნია. ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევი კაკანებს, ერთდროულად რამდენიმე ნაღმი და ყუმბარა სკდება, მაგრამ ქვით ნაგები თეთრი კორპუსის სქელ, მყარ კედლებს ვერაფერი ანგრევს.
ზაზა პაკელიანი კვლავ შრომას უკავშირდება, მერე ტყვია-წამლის ნაშთს თანაბრად ანაწილებს: «ორ-ორი მჭიდი – შეტევის მოსაგერიებლად, თითო ხელყუმბარა – ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თავის ასაფეთქებლად.»

* * *
მეოთხე საგუშაგო.
ელგუჯა გვიჩიანს შვილი და დისშვილი სამშვიდობოზე გაჰყავს. თვითონ უკან ბრუნდება. სოფლის განაპირას, გვამებით სავსე დიდ თხრილთან, აფხაზ მეომრებს ხედავს. იქვე, კამანელი მოხუცი ნიჩბის ტარს დაყრდნობია.
«რა ხდება?» – კითხულობს ელგუჯა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სვანურქუდიანი, წვერმოშვებული, უწყინარ ბერიკაცს ჰგავს, თუმცა არავინ იცის, რომ ბრეზენტის საწვიმარქვეშ უკვე გადატენილ და ჩახმახშეყენებულ მოკლე სადესანტო ავტომატს მალავს.
«ქართველებისთვის საფლავს ვთხრით, » – უდარდელად პასუხობს ერთ-ერთი მეომარი და უეცრად პირზე ღიმილი ეყინება: ლაბადის კალთიდან შავად მოლაპლაპე ლულა მოჩანს, – «ჰეი, ვინ ხარ?» – ყვირის გონსმოსული, თავზარდაცემული და სანამ მხარზე გადაკიდებული იარაღისკენ ხელის წაღებას მოასწრებს, ქალაახდილი, თხრილში ვარდება.
«ჯანდაბამდის გზა გქონიათ!» – ავტომატის მჭიდს ელვისებურად ცლის და აყაყანებულ აფხაზთა მთელ ათეულს ადგილზე ცელავს ელგუჯა გვიჩიანი.

* * *
მეხუთე საგუშაგო.
ეგნატე კვიციანი მეზობელი სახლებიდან გამოცვენილ ქალებს ტყისკენ სროლა-სროლით მიუძღვის.
«კამანი უკვე აღებულია... მარტოდმარტო რას გახდები?. . წამოგვყევი, ეგნატე.»
«ჰო, კარგი... იარეთ... მალე შემოგიერთდებით, » – ჰპირდება მეზობლებს და შინისკენ გარბის. შვილების დანატოვარ ავტომატებს პოულობს, კაკლის ხის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ სანგარში ჩააქვს, სხვადასხვა ადგილას ათავსებს და მონაცვლეობით ისვრის, რომ მოწინააღმდეგეს შენაერთთან ბრძოლის შთაბეჭდილება შეუქმნას. მიზანს ერთხელაც არ აცილებს.

* * *
13 საათი და 40 წუთი.
მეორე საგუშაგო.
საერთო საცხოვრებლის წინ გამწკრივებული ასეული ბრძანებას ელის. არცერთი სიტყვა, არავითარი მოძრაობა. მხოლოდ ლოდინი. გაქვავებული სახეები, მკვდრული მდუმარება და უეცრად – «ცეცხლი!»
ოთახში, რომელსაც 5 კამანელი შეხიზვნია, ფანჯრის მინები ზრიალით იმსხვრევა და აფეთქებების ტალღას ტყვიების, ჭურვის ნამსხვრევების ნიაღვარი შემოაქვს. ცეცხლი დაბლა მოიწევს, კედლებს მოჰყვება, დერეფანში გიზგიზებს.
აალებული იატაკი ტკაცუნობს. ჩამონგრეული ჭერიდან ბათქაში ცვივა. ირგვლივ საშინელი მხუთრი და ბუღია. სუნთქვა ჭირს.... უეცრად სროლა წყდება.
«ბოევიკები» ავტომატების, ტყვიამფრქვევების, ნაღმსატყორცნების ლულებს ძირს ხრიან. ერთხანს კვლავ უძრავად დგანან, მერე კი... მიდიან.
«დახოცილები ვგონივართ, » – ამბობს ანატოლი. «გადავრჩით», – შვებით იღიმება ლოლა.
13 საათი და 50 წუთი.
მეორე საგუშაგო.
პირველ სართულზე ვიღაც დააბიჯებს. სუნთქვაშეკრული დათო გადრანი სამალავიდან იხედება. ორ «ბოევიკს» აფხაზი მეგზური ახლავს.
ჩამწვარ კიბეს უახლოვდებიან. მეორე სართულზე ასვლას ცდილობენ. ამაოდ. აქეთ-იქით იხედებიან, შენობას ზვერავენ, ხმადაბლა საუბრობენ, იცინიან.
მეგზური ძველთაძველ, ჭუჭყიან, ჩრჩილისგან დაჭმულ ლეიბებთან ჩერდება. ზედ ძაღლი წევს. აფხაზი ძაღლს დაჰყურებს, მერე ჯიბიდან სიგარეტს იღებს, უკიდებს, მშვიდად აბოლებს, ნამწვს იატაკზე აგდებს, გარეთ გადის და «ბოევიკებს» სოფლის ცენტრისკენ მიუძღვის. იმავე წუთს ლეიბქვემოდან ვიღაც გამოდის… ეს დათო გადრანია.

* * *
14 საათი.
მეხუთე საგუშაგო.
«ორმოცდამეთხუთმეტე, ორმოცდამეთექვსმეტე…» – აზარტში შესული ეგნატე კვიციანი საფრთხეს ვერ გრძნობს... მაგრამ ვაზნები ილევა.
ეგნატე უკანასკნელ მჭიდს დებს ავტომატში. ისვრის და... ლულიდან ტრასირებული, მანათობელი, ტყვიები ცეცხლოვანი ნაკადივით იფრქვევა...
«ჯანდაბა, ნუთუ სამალავი გავეცი?» – ფიქრობს თავზარდაცემული კვიციანი და იმავე წამს ყუმბარმტყორცნის გრუხუნიც ისმის.

* * *
შტაბი.
ზაზა პაკელიანი საბოლოოდ უკავშირდება შრომას:
«ისინი უკვე შტაბში არიან... ბარემ ჩვენთან ერთად დაიხოცონ... ჩაინიშნეთ კოორდინატები და დაუყოვნებლივ დაგვარტყით! . .»
14 საათი და 10 წუთი.
«ლოდინს აზრი აღარ აქვს...» – ამბობს ჯიმშერ გადრანი.
«რა ვქნათ?»
«ფანჯრიდან გადავხტეთ.»
ფანჯრის წინ, 20-იოდე მეტრში, ძველი შენობის ნანგრევებია. მერე ტყე იწყება.
«ნანგრევებამდე თუ მივაღწევთ, აღარაფერი გვიშავს...»
ზაზა ფიქრობს: «კარგი...»
ორ-ორად ხტებიან. წელში მოხრილნი გარბიან. ნანგრევებთან ჩერდებიან. დანარჩენებს უცდიან. ისვრიან. რვა მებრძოლი სამშვიდობოზეა. ბოლოს მალხაზ კახიანი ხტება. გარბის. ტყვიები ფეხდაფეხ მისდევს. ტყის პირამდე სამიოდე ნაბიჯიღა რჩება. ერთი, ორი...
მამა – ვლადიმერი – ხედავს, უეცარი ტკივილისგან ადგილზე როგორ შეშდება და შემდეგ, ხელგაშლილი, პირაღმა, მოწყვეტით როგორ ეცემა კეფაში სასიკვდილოდ დაჭრილი მისი შვილი... ყველაფერი დამთავრდა.

* * *
სროლა დღის ბოლოს შეწყდა. მეორე დილას სოფელში ჩეჩნურ-სომხური ბატალიონები გამოჩნდნენ.
6 ივლისს, სამშვიდობოზე გასულმა ჯიმშერ გადრანმა შრომის მთიდან გარკვევით დაინახა სამი თვითმცლელი, რომლითაც სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადის მებრძოლთა გვამებს ეშერისაკენ მიასვენებდნენ. მსხვერპლი დიდი იყო.
დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, 1993 წლის 15 აგვისტოს, კამანის გმირები სოხუმთან ახლოს, სოფელ მაჭარაში დაკრძალეს.
5 ივლისს 32 კამანელი მებრძოლიდან 23 დაიღუპა.
დასახიჩრებული, გონდაკარგული ადამ გვიჩიანი ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს. ადამის ბიძა, ელგუჯა გვიჩიანი, აფხაზთა დაჯგუფების გაჟლეტის გამო, დახვრიტეს და დაწვეს.
ეგნატე კვიციანი, რომელიც მოწინააღმდეგეს ცხრა საათის განმავლობაში მარტოდმარტო იგერიებდა, ყუმბარმტყორცნით ააფეთქეს.
დაჭრილი ვლადიმერ კახიანი ჯერ აწამეს, მერე თავი მოკვეთეს.
ზაზა პაკელიანი, 5 ივლისსვე, მესამე საგუშაგოსთან მოკლეს.
საშა გამსახურდია, მერი პაკელიანის მეუღლე, სოფლის აღებიდან ერთი კვირის თავზე დახვრიტეს.
ქართველთა გვამები ადგილობრივ მოხუცებს დაამარხვინეს და შემდეგ ისინიც ჩახოცეს. ტაძარს შეფარებული 12 ხანდაზმული ქალი კი დაინდეს.
ანუას ცოლ-შვილმა ტყვეობაში 52 დღე დაჰყო. მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ შეიტყვეს, რომ იური ანუა «ბოევიკებმა» წმინდა ვასილისკოს წყაროსთან სასტიკად სცემეს, ფეხები გადაუმსხვრიეს, ბოლოს ხეზე დაჰკიდეს და დაცხრილეს, თუმცა მის გვამს ჭირისუფლებმა ვერსად მიაგნეს.
მამა ანდრია, რომლის სისხლი თურმე სამი დღე-ღამის განმავლობაში არ შედედდა, ხოლო სხეული მწველი მზის ქვეშ არ გაიხრწნა, ტაძრის კედელთან დაკრძალეს.
ანატოლი ჩაჩხიანი და ლოლა გერლიანი გადარჩნენ. მათ 5 ივლისის ღამე ინვალიდთა საერთო საცხოვრებლის ბუნკერში გაათიეს, ხოლო გამთენიისას გუმისთის დინებას შრომისკენ დაუყვნენ. შრომაში ელგუჯა გვიჩიანის ვაჟი, გურამი, დათო და ჯიმშერ გადრანები დახვდნენ.

კამანის აღებიდან ზუსტად 22 დღის შემდეგ, 1993 წლის 27 ივლისს, მეორე სამშვიდობო – რუსულ-ქართულ-აფხაზური – ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ სროლები მხოლოდ თვენახევრით შეწყდა. 16 სექტემბერს სოხუმის შტურმი დაიწყო. 27-ში ქალაქი დაეცა.
30 სექტემბერს გუმისთის გაერთიანებული ფრონტების მთელი შემადგენლობა მდინარე ენგურს მიადგა. ხიდზე რუსული საგუშაგო გაიხსნა და ზედ აფხაზეთის დროშა აფრიალდა.
ამ დღიდან მეოცე საუკუნის მიწურულის საქართველოში ტერიტორია ფსოუდან ენგურამდე სიმბოლურად ახალ სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოექცა.
ორი ერის თანაცხოვრება შეწყდა. საქართველომ აფხაზეთი დაკარგა...

4
520
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
520
  
2019, 12 დეკემბერი, 6:47
მძიმე წასაკითხია,მაგრამ როცა გაიაზრებ,რის ფასად იცავდნენ თითოეულ მეტრს უკვე საამაყო წასაკითხი ხდება. საქართველოში ყოველთვის იბრძოდნენ და მომავალშიც იბრძოლებენ. არავის ეგონოს,რომ საქართველოში უმრავლესობა იბრძოდა და ამით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. ეს ქვეყანა ასეთმა ხალხმა მოიტანა სიცოცხლის ფასად და დაჩოქება ვერ მოახერხეს. შესაძლოა ადამიანი მოკლა,მაგრამ თუ ვერ დააჩოქე ე.ი. ვერ გაიმარჯვებ მათზე. ამ ისტორიაზე ადრეც გამეგო,მაგრამ ასე დეტალურად პირველად გავიგე,რისთვისაც მადლობა ავტორს. ბრძოლისთვის საფუძველი არის და ამ ხალხის ისტორია არის მაგალითი იმისა,რომ რაოდენობას აზრი არ აქვს. მთავარია რისთვის იბრძვი და რა არის სასწორზე. შესაძლოა რუკაზე ვინმესთვის დაკარგულია,მაგრამ არა ჩემს თავში. სანამ არ აღიარებ რო დაკარგე,დაკარგული არ არის. როცა დავიბრუნებთ და ამ ადგილას მივალ,დავიყვირებ დიდება გმირებს! ეს არის ჩემთვის საქართველო
2019, 16 ნოემბერი, 0:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 ნოემბერი, 14:50
კი, მძიმეა და სამწუხარო....
2019, 14 ნოემბერი, 13:24
შენ ვერ წარმოიდგენ ნიკა, როგორ გამიჭირდა ამ სტატიის წაკითხვა.
კამანში დაიღუპა ჩემი მამიდაშვილი გია გურჩიანი. :(
0 1 4