x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ გვიყვარდება სინამდვილეში? - შოპენჰაუერის სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა მარტივად
image


რა არის სიყვარული - გრძნობა, რომელიც ჭკვიანსა თუ სულელს, განათლებულსა თუ გაუნათლებელს, მდიდარს თუ ღარიბს, მეფეს თუ მონას ერთნაირად აგიჟებს და თავის ჭკუაზე ატრიალებს? რა საჭიროა, რომ გვიყვარდეს? რატომ ვერ ვიგებთ, თუ რატომ გვიყვარს? რის მიხედვით გვიყვარდება? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ალბათ ყოველ ჩვენგანს გაგვჩენია ათასი ყოფიერი პრობლემით გამოტენილ თავში და რომლებზედაც მუდამ რომანტიზმის ბურუსში გახვეული პოეტური პასუხები მოგვსვლია თავში.


გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი, პირველი ფილოსოფოსი იყო, ვინც ამ თემით სერიოზულად დაინტერესდა და ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, გენიალური თეორია შემოგვთავაზა. "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა", - ასე ქვია ნაშრომს, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გთავაზობთ:


"სიყვარული, რაოდენ არამიწიერიც უნდა სჩანდეს ის, ერთიანად სქესურ ლტოლვაშია დაუნჯებული. ის თავისი არსით სხვა არაფერია თუ არა ზუსტად გამოკვეთილი, უმკაცრესად ცალსახა სქესური მეტაფიზიკა". ამის დასტურია ისიც, რომ სიყვარულის არსებით მხარედ მიიჩნევა არა ურთიერთგაგება, არამედ ფლობა, ერთმანეთით ტკბობა. თუკი არ შედგა ფლობა, სიყვარულში დარწმუნებულობა ძალიან მცირე ნუგეშია. და მართლაც, თუკი ასე არ არის, ტოლსტოის არ იყოს, მხოლოდ ამაღლებული იდეალებისთვის, რა საჭიროა სექსი? სექსუალური აქტი ხომ სქესური სიყვარულის აუცილებელი და ლოგიკური კულმინაცია და დასკვნა გახლავთ.



ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის შინაგანი არსი, სიცოცხლის ჟინი, დაუღალავად ესწრაფვის უკვდავებას, მარადიულობას და შეყვარებულებსაც ერთარსებად შერწყმა სურთ, რათა სიცოცხლე განაგრძნონ კიდევ და კიდევ. "რაღაა ის ერთი თუ არა ბავშვი? მშობლების სისხლი, ხასიათი და სული გადაეწნება ერთმანეთს ბავშვის სახით". და როცა მშობლების მოკვდავი ნაწილი დედამიწას დატოვებს, მათი უკვდავი ნაწილი კვლავაც განაგრძობს არსებობას.



image


"არის რაღაც სრულიად თავისებური საიდუმლო იმ ღრმა, ქვეშეცნეულ სერიოზულობაში, რითაც ქალ-ვაჟი ათვალიერებს ერთმანეთს პირველი ნახვისთანავე; იმ ცნობისმოყვარე და გამჭოლ მზერაში, რასაც ისინი ესვრიან ერთმანეთს; იმ გულმოდგინებაში, რითაც ისინი აკვირდებიან ერთმანეთის გარეგნობის ყოველ წვრილმანს. ეს შესწავლა და გამოცდა გახლავთ გვარის გენიის მიერ იმ ბავშვის გააზრება, ვინც შეიძლება გაჩნდეს იმ წყვილისგან. ამ დროს გვარის გენია აზროვნებს მომავალი ბავშვის თვისებათა კომბინაციებზე და ამ აზროვნების შედეგებზე ჰკიდია, თუ რამდენად მოეწონებათ ახალგაზრდებს ერთმანეთი და რაოდენ აღტკინდებიან ისინი ერთმანეთის მიმართ". როგორც კი მათ შორის სექსუალური ლტოლვის ნაპერწკალი ჩნდება, "მათ ცეცხლოვან მზერათა გადაკვეთაში იელვებს ხოლმე პირველი ჩანასახი" - მომავალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ წყვილმა შეიძლება შობოს და რომელიც ძალიან სჭირდება სამყაროს. "ინდივიდი, რომელსაც ესწრაფვის მსოფლიო ნება" - "პლატონური იდეა, რომელიც ესწრაფვის ხორცშესხმას".


გამოდის, რომ სამყაროს, ინდივიდისგან დამოუკიდებლად, შემუშავებული აქვს გარკვეული სტრატეგია, რომლითაც ამ ინდივიდებს აიძულებს იზრუნონ მის მარადიულ არსებობასა და განახლებაზე. სასიყვარულო განცდათა საბოლოო მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა, კაცობრიობის ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.


image


ადამიანი იმდენად ეგოისტი არსებაა, ნაკლებად მოსალოდნელია სამყაროს ინტერესების გატარებაზე იზრუნოს. კონკრეტული ინდივიდის ინტელექტი ვერ ცდება პირად მიზნებს, ვერ სწვდება თავი შინაგან არსს, "უძლურია ამ სულისკვეთების გასაგებად", ამიტომ ბუნება უნერგავს მას გარკვეულ ილუზიას, უჩენს ამოუხსნელ გრძნობებს იმ ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც შექმნის სამყაროს არსებობის გაგრძელების გარანტს. "ინდივიდს პირად სიკეთედ ეჩვენება ის, რაიც ნამდვილად მხოლოდ გვარისთვისაა სიკეთე. ასე ემსახურება ინდივიდი გვარს და ჰგონია, რომ ემსახურება საკუთარ თავს".


გვარის გენიის ოინებითვე ხსნის შოპენჰაუერი ქალის მონოგამიურ და კაცის პოლიგამიურ ბუნებასაც. ბისმარკი წერდა - "სიყვარული ქალის მთელი ცხოვრებაა და მხოლოდ ერთი ეპიზოდი მამაკაცის ცხოვრებიდანო". ქალის სიყვარული სექსის შემდეგ მძაფრდება, მამაკაცს კი - უკვე სხვა ქალებისკენ მიუწევს გული, რადგან ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ერთს ასობით ბავშვის დაბადება შეუძლია წელიწადში, მეორეს კი მხოლოდ ერთის, რამდენი პარტნიორიც არ უნდა გამოიცვალოს. მამაკაცის გვარის გენიას გამრავლება სურს, ქალი კი მომავალი თაობის მარჩენალისა და დამცველის საშოვნელადაა მომართული.


"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


სწორედ ეს ინსტიქტი გვაიძულებს - "მუყაითად, ჯიუტად ზუსტად ამოვირჩიოთ ინდივიდი სქესური ჟინის მოსაკლავად", თორემ მხოლოდ სექსუალური აქტისთვის სულერთი უნდა იყოს პარტნიორის გარეგნობა. თუ მაინც ვაქცევთ ყურადღებას ესთეტიკურ მხარეს, ისევ და ისევ მომავალი ბავშვისთვის, "რომელშიც გვარობის ტიპი უნდა შენარჩუნდეს, რაც შეიძლება სუფთად და სწორად".


საპიოსექსუალები - ანუ რატომ არის ჭკვიანი ლამაზზე მეტად სექსუალური


შოპენჰაუერი პარტნიორის შერჩევის აბსოლუტურ და შეფარდებით მოტივებს გამოყოფს. აბსოლუტური მოტივები ძალიან ზოგადია და მხოლოდ მსუბუქ მიდრეკილებებს წარმოქმის: მამაკაცებს მოსწონთ ჯანმრთელი, სავსე მკერდიანი, განიერ-თეძოებიანი, კარგი აღნაგობის ქალები, "ტანს შეუძლია გადასწონოს ნებისმიერი ზადი", რადგან ეს ყველაფერი "ნაყოფს უხვად გამოკვებას ჰპირდება". გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ თვალებსა და შუბლს, რადგან ინტელექტი, ხასიათისგან განსხვავებით, დედისგან დაჰყვება ბავშვს მემკვიდრეობით. კაცები ქალის ხასიათს დიდად არ აქცევენ ყურადღებას, იმასაც კი ამბობენ, რომ კეთილი ქალი სექსუალური არ არის. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ხშირად კეთილშობილ მამაკაცებს აშარი და ანჩხლი ცოლი მოჰყავთ, ნაზი, დახვეწილი და ინტელექტუალი ქალები კი რეგვენ და უხეშ მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად.


image

რაც შეეხება ქალებს, "მამაკაცის ყოველგვარ ფიზიკურ ნაკლს აღმოფხვრის ქალი მომავალ ბავშვში, თუკი თავად უზადოა და საწინააღმდეგო მხარეზე გადახრილი". ერთადერთი, რისი მიცემაც არ შეუძლია ბავშვისთვის, ეს არის მამაკაცური აღნაგობა, განიერი მხრები, წვერ-ულვაში და ვიწრო თეძოები. ამიტომაც უჩნდებათ ლტოლვა ქალებს ულამაზო, მაგრამ მამაკაცური კაცებისაკენ. მათ მხოლოდ მამაკაცურობის გადაცემა არ ძალუძთ მომავალი თაობისთვის.


გაცილებით უფრო მყარია შეფარდებით მოტივებზე აგებული არჩევანი, სწორედ აქედან იფეთქებს ხოლმე ნამდვილი სიყვარული. "აი, რატომაა, რომ მართლაც ცეცხლოვან გზნებას მამაკაცებში კალმით ნახატი ლამაზმანები როდი იწვევენ. ამგვარი ცეცხლის დასატრიალებლად საჭიროა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ქიმიური მეტაფორის საშუალებით შეიძლება გამოიხატოს: კაცმა და ქალმა უნდა გააწონასწორონ ერთმანეთი, ვითარცა მჟავამ და ტუტემ მარილის წარმოქმნისას".


image


ყოველ ინდივიდს შესავსებლად სჭირდება მისი ცალმხრიობის საპირისპირო ინდივიდი. პარტნიორში ეძებს იმ ღირსებებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნაკლოვანებებსაც კი, რომელიც მას აკლია, რადგან ეს ნაკლოვანებები მისი ნაკლოვანებების საპირისპიროა და მათ ამოვსებას მოახერხებს. ყოველი ინდივიდი ცდილობს სხვისი დახმარებით მოიცილოს თავისი სისუსტეები. ნაკლოვანებები გამოასწოროს მომავალ ბავშვში. უკიდურესობები ერთმანეთს ესწრაფვიან: რაც უფრო სუსტია მამაკაცი, მით უფრო ძლიერი ქალები მოსწონს. ტანდაბლებს მაღლებისკენ მიუწევთ გული. შავტუხებს ქერებისკენ და პირიქით.


ხანდახან ფიზიკურად კარგი გარეგნობის მამაკაცს აშკარად უშნო ქალიც შეუყვარდება ხოლმე, ან პირიქით. ეს ხდება მაშინ, როცა "კაცურობისა და ქალურობის ზუსტი შესაბამისობის გარდა, ორივე ადამიანის ანომალიები პირდაპირ ეწინააღდეგება და მაშასადამე ასწორებს ერთმანეთს". მხოლოდ ამით თუ აიხსნება, რომ ხშირად ძალიან ჭკვიანი და ამავდროულად კარგი ადამიანები "ნამდვილ ურჩხულთან ჰყოფენ თავს უღელში და ჩვენ გულწრფელად გვიკვირს, რამ გადაადგმევინა მას ეს ნაბიჯი".



ასეა, რადგან ყველანი საკუთარი ინტერესებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ იმისთვის, "ვინც აწი უნდა იშვას". სიყვარულზე დაფუძნებული ქორწინებების უმეტესობა, როგორც წესი, არ ამართლებს. "ძალზე იშვიათია ანგარიშიანობისა და ვნებიანი ტრფობის თანაცხოვრება". თუმცა ჩვენ ყველა შინაგანი ინსტიქტი გვკარნახობს, რომ წინასწარ გაანგარიშებული და ანგარებიანი ქორწინება ამორალურია. სამაგიეროდ, გულმხურვალედ თანავუგრძნობთ სიყვარულით შეპყრობილ წყვილებს, რომლებიც, ვერაფრით რომ ხსნიან იმ გრძნობების გამო, კიდევ უფრო ირთულებენ ისედაც ამდენი ტანჯვა ვაებით სავსე წუთისოფელს.



image


"უკანასკნელის შექმნა - აი, ის დიადი საქმე, რომლისთვისაც განუწყვეტლივ იბრძვის კუპიდონი თავის საქმეებში, ოცნებებში, აზრებში. მისი საზრუნავი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ინდივიდთა ბედნიერება და უბედურება". ამიტომ ისვრის ასე ჩვენთვის ამოუხსნელი მიმართულებებით თავის ისრებს, ამიტომაც არის სიყვარული ბრმა.


"და აი, ცხოვრების ამ ხმაურიან შფოთვაში ორი შეყვარებული ვნებიანად უმზერს ერთმანეთს. მაგრამ რატომაა მათი მზერა ასეთი მფრთხალი, იდუმალი და ფარული? იმიტომ, რომ ისინი შეთქმულები არიან. მათ საიდუმლოდ განიზრახეს გაწელონ ქვეყნიერების ტანჯვა და წამება, რაც კიდეს იყო მიმდგარი. ესენი რომ არა, ტანჯვის ცეცხლიც სულს ღაფავდა და ინავლებოდა. მაგრამ არ დაუშვებენ ამას შეყვარებულნი, როგორც არ დაუშვიათ დღემდე", - წერს ბოლო აბზაცს შოპენჰაუერი და თავად უნდა გადაწყვიტო, ოპტიმიზმია ეს თუ ძარღვებში სისხლის გამყინავი პესიმიზმი. გვარის გენია სხვა ხომ არაფერია, თუ არა ჩვენში ჩაბუდებული უკვდავი ნაწილის უკვდავი ჟინი - ვიცოცხლოთ "აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე". შეცდომაა ჩვენივე ნაწილის, ჩვენივე მსგავსის, ჩვენივე გაგრძელების "სხვათა ცხოვრებად" განცალკევებულად გამოყოფა და მარადისობაც ჩვენს პატარა ყოფით სირთულეებზე მაღლა დგას, ალბათ. სამყაროების შეჯახებით, ახალი სამყაროები იბადებიან და ჩვენც ყოველთვის ვკვდებით მხოლოდ "ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს".




ასევე ნახეთ:


როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან…


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები სწორ აღზრდაზე


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე


10 რამ, რაც ქალს უყვარდება მამაკაცში


შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
3594
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3594
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1