საზოგადოება კიბერ ვითარება საქართველოში 2019, 28 სექტემბერი, 16:34
რადიო თავისუფლების თანამშრომელი - დავით გამცემლიძე. სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატია, სადაც გამოხმაურება არ წყდება „ყველაფერი ღიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ისეთი ქარი უბერავს, რომელიც მალე ქარიშხალში გადაიზრდება“...... დავით გამცემლიძე : "არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელი კოლეგა ჟურნალისტი მეწვია სიეტლიდან. დიდი ხანია ვიცნობ. „ფრილანსერია“ და მრავალ საკითხზე მუშაობს, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას ეხება. განსაკუთრებით, კონფლიქტებსა და „თავდაცვაზე“ სპეციალიზდება. მიაჩნია, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ფარული, ლატენტური ცივი ომი, რომელსაც შესაბამისი „ტექნოლოგია“ აქვს როგორც პირდაპირი, ასევე პოლიტიკური გაგებით. ვინც კარგად იცნობს ამერიკას, დამეთანხმება, რომ იქ სერიოზული მედიის ყურადღებას არა იაფფასიანი სკანდალი, არამედ რეალური, გრძელვადიანი, სტრატეგიული პრობლემები განსაზღვრავენ, რაც აქ და ახლა («On, Now») წარმოიშობა. ამჟამად, ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული პრობლემაა Cyber-უსაფრთხოება. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ამ დიდი ქვეყნის ისტორიაში პირველად, უცხო სახელმწიფომ (რუსეთმა) გაბედა ამერიკული დემოკრატიის ხელყოფა: ჩაერია საარჩევნო პროცესში, სცადა ამერიკული საზოგადოების განწყობებით მანიპულირება და საამისოდ სწორედ ის მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის ინტერნეტი და Cyber-სივრცე გამოიყენა, რომელიც ამერიკულმა გენიამ შექმნა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ამერიკული რედაქციის დავალებით, ჩემი კოლეგა სწავლობს და ამზადებს დიდ მასალას იმ ქვეყნების გამოცდილების (უმწარესი გამოცდილების) გათვალისწინებით, რომლებიც ასევე იქცნენ რუსული კიბერ-თავდასხმების მსხვერპლად: ესტონეთთან ერთად, მისი ინტერესის საგანია საქართველოც. აქ თითქოს არც არაფერია სენსაციური, რაკი ყველამ ვიცით, რომ 2008წ აგვისტოს აგრესიის დროს, რუსეთის „საინფორმაციო ჯარებმა“ (შეიარაღებულ ძალთა ეს სახეობა იქ საიდუმლოდ, თუმცა ოფიციალურად არსებობობს) უძლიერესი შეტევა განახორციელეს ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორზე, სახელმწიფო უწყებებზე და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ არათუ გამაოგნებელი, არამედ აღმაშფოთებელია, რომ ჩემი კოლეგის თქმით, საქართველოში ამ საკითხზე მუშაობისას და ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოაჩინა უბრალოდ კატასტროფული რეალობა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არავითარი (არავითარი!!!) „მცველი სისტემა“, რათა მოსკოვის მორიგი კიბერ-აგრესიის შემთხვევაში გადაარჩინონ ქვეყანა ბევრად იმაზე დიდ ზარალს, ვიდრე 2008 წელს. აქვთ მხოლოდ უსუსტესი ანტივირუსი, რომელიც, რეალურად, ვერაფერს დაიცავს. ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ და არ ვიცი, რა განსხვავებაა „სუსტ ანტივირუსსა“ და მოსალოდნელი კიბერ-აგრესიისაგან რეალურად დამცავ ძლიერ თავდაცვით სისტემებს შორის, ამიტომ, რასაკვირველია პირველ რიგში სპეციალისტებს დავეკითხე. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ამ დარგის შესანიშნავი პროფესიონალები. კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ლადო სვანაძემ დამიდასტურა, რომ საქართველოში არ ხდება ეროვნულ კიბერ-პროგრამათა წარმოების წახალისება. „Gartner-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარეობს პროგრამებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაახლოებით 85%-ის დისტრიბუცია, ხოლო შემდეგ ხდება მათი ინტეგრირება ადგილობრივი ინტეგრატორი კომპანიების მიერ“ - აცხადებს ბატონი ლადო სვანაძე.იგი აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მეტნაკლებად მისაღებია, როდესაც საქმე ეხება ჩვეულებრივ ბიზნეს-კომპანიებს, მაგრამ როდესაც უცხოური წარმოების პროდუქცია ინსტალირდება საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ სისტემებში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ეს უკვე ძალიან სერიოზულ რისკს წარმოშობს სწორედ უსაფრთხოების, ესე იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემათა დაცულობის თვალსაზრისით. ამიტომაც, ლადო სვანაძის აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ პრიორიტეტად აქციოს ეროვნული პროდუქტების გამოყენება. მაგალითად, სახელმწიფო დონეზე განხორციელდეს ეროვნული ანტივირუსის SIEM-ისა და სხვა სახის დაცვის პროგრამათა მწარმოებელი ქართული კომპანიების ხელშეწყობა. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ როცა ვსაუბრობთ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის დაცვაზე, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აუცილებელია როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების, ისე თავად პირადი შემადგენლობისა და ოჯახის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვა. ასევე ყოვლად აუცილებელია სახელმწიფომ ითავოს მოწვეული უცხოელი ექსპერტების/ისნტრუქტორების პერსონალურ მონაცემთა დაცვაც. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს კიბერ-უსაფრთხოებას, ექსპერტმა პაატა ჩეკურიშვილმა ჩემთან ინტერვიუში სენსაციური განცხადება გააკეთა: იგი მზად არის, სამინისტროსთან და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან წინასწარი შეთანხმებით, სადემოსნტრაციო-ექსპერიმენტის სახით, შეაღწიოს თავდაცვის სამინისტროს ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების სისტემაში და მოიპოვოს სრულიად საიდუმლო ინფორმაცია იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად სუსტია არსებული „მცველი სისტემები“ და რა საფრთხის წინაშეა ქევყანა ამგვარი დამოკიდებულებით Cyber-უსაფრთხოების მიმართ. ბუნებრივია, ეს სადემონსტრაციო-ექსპერიმენტული „შეღწევა“ შეიძლება მოხდეს მხოლოდ წინასწარი თანხმობით, თვით ამ უწყებებისა და საზოგადოების, მათ შორის მედიის მეთვალყურებოთ. ამერიკელმა კოლეგამ, რომელსაც ვერ დავასახელებ მისივე თხოვნით, ჩემთან საუბარში ერთი საზღვაო ამერიკული გამონათქვამის პერიფრაზი გამოიყენა: „ყველაფერი ღიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ისეთი ქარი უბერავს, რომელიც მალე ქარიშხალში გადაიზრდებაო“. კოლეგის თქმით, წარმოუდგენელია ნორმალური სახელმწიფო ურიგდებოდეს ვითარებას, როდესაც რამდენიმე რუს „ხაკერს“ შეუძლია, თუ მოისურვა, გამორთოს, დააბნელოს, ჩამოშალოს თავდაცვის მთელი სისტემა ძალიან იოლად - წინააღმდეგობის გარეშე. ან მოიპოვოს სრულიად საიდუმლო ინფორმაცია. თურმე არსებობს „შავი ხაკერული საიტები“, სადაც სხვადასხვა „დაუცველი ქვეყნის“ სახელმწიფო საიდუმლოებები იყიდება. იყიდება ფულზე! შემაძრწუნებელია იმის წარმოდეგნაც კი, რომ ამ „შავ საიტებზე“, თეორიულად, შეიძლება საქართველოც ფიგურირებდეს და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოებებიც იყიდებოდეს! ალბათ დროა, ეს თემა ჯერ საზოგადოებამ აქციოს ფართო მსჯელობის საგნად, შემდეგ კი ვცადოთ, ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა, შექმნას თავდაცვის სისტემისთვის აუცილებელი კიბერ-უსაფრთხოების ძლიერი, მაღალტექნოლოგიური „ეროვნული პროდუქტი“, რაც თანამედროვე მსოფლიოში, მით უმეტეს საქართველოს პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. მითუმეტეს, თუკი ეს „ფარი“ შეიძლება ქართველი სპეციალისტების მეშვეობით შეიქმნას, რაც, ყველაფერთან ერთად, მოკავშირეებსაც დაარწმუნებს, რომ საქართველო არა Failed state, არამედ სრულყოფილი, ქმედუნარიანი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია უპასუხოს XXI საუკუნის გამოწვევებს" 89 1-ს მოსწონს
|