x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
28 სექტემბერს ახალი სუპერ მთვარეა - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
image


28 სექტემბერს ახალი (სუპერ) მთვარეა პიკი საქართველოს დროით - 22:26 სთ. ამავე დროს იწყება მთვარის პირველი დღე, ახალი ერთთვიანი ციკლი.

ეს არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია ისევ და ისევ მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ.


წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში. თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის. ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მაგალითად, თუ თქვენს რუკაში ახალი მთვარე პირველ სახლში მარსს უერთდება და ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის მერკურთან და იუპიტერთან მე-5 სახლში, ეს იქნება მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო დრო, გადახვიდეთ მოქმედებაზე და ყველა ის ჩანაფიქრი თუ იდეა, რომელიც აქამდე მხოლოდ იდეად რჩებოდა, ძალიან მარტივად განახორციელოთ. იმ შემთხვევაში თუ ახალი მთვარე დაძაბულ ასპექტებს ააქტიურებს, ეს დრო სწორედ ამ ასპექტებით გამოწვეულ პრობლემებსა და კომპლექსებზე სამუშაოდ იქნება იდეალური. სწრედ ეს ენერგია დაგეხმარებათ იმ თემების გაცნობიერებაში, რაც დიდი დროის განმავლობაში იმალებოდა ქვეცნობიერში.



ამჯერად ახალი მთვარე სასწორს სტუმრობს ♎ (5°20 გრადუსი), რომელსაც ე.წ. სიყვარულის პლანეტა ვენერა♀ მართავს.


♀ვენერა დიპლომატიასთან, სილამაზესთან, მშვიდობასთან, სიამოვნებასთან, ურთიერთგაგებასთან, პარტნიორულ ურთიერთობებთან და რომანტიკასთან ასოცირდება. ეს პლანეტა (და სასწორი) გვასწავლის, რომ ბედნიერების საიდუმლო ბალანსშია. ბალანსი კი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობა არ უნდა იყოს აგებული რომელიმე მხარის ჩაგვრასა და ულიმიტო კომპრომისზე. ეს სიტყვა თავის თავში მოიცავს როგორც ურთიერთგაგებას, ისე საკუთარი პრინციპების დაცვას. ჩვენ შეგვიძლია დავთმოთ, წავიდეთ კომპრომისზე, დავხუჭოთ თვალი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საერთოდ გადავუსვათ ხაზი საკუთარ სარვილებს, ღირებულებებსა და მიზნებს.


ახალი მთვარის დროს სასწორში იმყოფება თავად ვენერაც, რომელიც კვადრატულ ასპექტებს ქმნის სატურნთან და პლუტონთან თხის რქაში. ეს ასპექტები აძლიერებს უარყოფის შიშს, შეგრძნებას, რომ ვერ ვიღებთ სათანადო ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს პარტნიორისგან. სატურნი ქმნის ემოციური დისტანციის განცდას, პლუტონი კი ეჭვიანობასა და მესაკუთრეობას. ვენერა-სატურნის კვადრატი ზრდის ალბათობას, რომ მოვითხოვოთ შესაძლებელზე მეტი პარტნიორისგან თუ სხვა ახლო ადამიანისგან, პლუტონი კი ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას მეტ ემოციასა და პირდაპირობას მატებს. სრულიად საწინააღმდეგო თვისებების მატარებელია ვენერას ჰარმონიული ასპექტი იუპიტერთან, რომელიც მეტ მხიარულებას, თავგადასავლებს, ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ეს ასპექტი ზრდის სოციალურ კავშირებს, აფართოებს ჩვენს სანაცნობო წრეს და გვაძლევს შანსს, დავარეგულიროთ და უფრო ეფექტურად დავაბალანსოთ პარტნიორული თუ სხვა ტიპის ურთიერთობები. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიების ფონზე, დიდი ალბათობით, გაჩნდება შეკითხვა, რას ნიშნავს ჯანსაღი ბალანსი და როგორ დავაბალანსოთ არსებული ურთიერთობა პარტნიორთან.


ურთიერთობები, და განსაკუთრებით ხანგრძლივი ურთიერთობები, დიდი ცვლილებების წინაშე გვაყენებს. როგორც იუნგი ამბობდა, - „ორი ადამიანის შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების შერევას წააგავს. თუ მას რაიმე რეაქცია მოჰყვება, ორივე განიცდის ტრანსფორმაციას.“ სიყვარულს გააჩნია ძალა, რომ ჩვენი ტრანსფორმაცია მოახდინოს - სასიკეთოდ ან პირიქით. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაბალანსებულია გაცემული და მიღებული ენერგია, ვუსმენთ თუ არა ერთმანეთს, ვიზიარებთ თუ არა ერთმანეთის მდგომარეობას და ა.შ. ჯანსაღი ურთიერთობა ზურგის ქარივითაა, გვეხმარება წინსვლაში, ზრდასა და წარმატებაში. ცალმხრივად გამოჩენილი ძალისხმევა კი ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ არაჯანსაღი და დამანგრეველია.

სასწორის ენერგიის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, გთავაზობთ 7 პრაქტიკულ რჩევას ურთიერთობის დაბალანსებისთვის


1. ესაუბრეთ და მოუსმინეთ ერთმანეთს, ოღონდ მართლა მოუსმინეთ. დარწმუნდით, რომ როდესაც პარტნიორს თქვენთვის რამის გაზიარება სურს, ყურადღებით უსმენთ. რამის თქმა თქვენც გჭირდებათ? გაუზიარეთ. ნუ დაიტოვებთ ნურაფერს გულში. კომუნიკაცია უნდა იყოს ორმხრივად ღია.


2. დაბალანსებული ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შორის არ არსებობდეს უთანხმოება ან საკითხები, რაზეც განსხვავებული ხედვები გექნებათ. გამოიჩინეთ პატივისცემა თქვენი პარტნიორის განსხვავებული აზრის მიმართ და ამის გამო თავს ნუ დაესხმებით. არ არის აუცილებელი, ერთი ადამიანი გახდეთ. მთავარია, შეძლოთ ერთმანეთის გაგება და მიღება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯანსაღ ურთიერთობებში კონფლიქტებიც მოსულა (განსაკუთრებით მაშინ თუ რომელიმე თქვენგანის ვენერა ვერძშია ან მარსთან ასპექტირებული).


3. ყველა ურთიერთობა უნიკალურია, ისევე, როგორც ბალანსი. ამიტომ, მიაგენით თქვენთვის უნიკალურ ბალანსს. ის, რაც ერთი წყვილისთვის ნორმა და ბალანსია, მეორესთვის შესაძლოა, სრულიად წარმოუდგენლად ჟღერდეს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვა წყვილებსა და მათ გამოცდილებას.


4. ნუ დაკარგავთ რეალურ მე-ს ურთიერთობაში. ჯანსაღი და დაბლანსებული ურთიერთობა არ გაიძულებთ ითამაშოთ, რამე დამალოთ ან შენიღბოთ. იყავით ის, რაც ხართ და იგივენაირად მიეცით პარტნიორს საშუალება, გამოხატოს საკუთარი თავი. შესაძლოა, ასეთი „თამაშები“ ურთიერთობის საწყის ეტაპზე საჭიროდ მიიჩნიოთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად.

5. შესაძლოა, ყოველთვის ის არ გააკეთოთ, რაც პარტნიორს სურს, მაგრამ მეორე ნახევრის აზრების გათვალისწინება ნამდვილად აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ ისეთ საკითხებზე იღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ორივეს გეხებათ. პრიორიტეტების განსაზღვრა მხოლოდ ან მეტწილად ერთი მხარის გათვალისწინებით ასევე არაჯანსაღია.


6. დაბალანსებული ურთიერთობა არ ნიშნავს ბალანსს მხოლოდ თქვენსა და პარტნიორს შორის. აუცილებელია ბალანსი თქვენს ურთიერთობასა და დანარჩენ ცხოვრებას შორისაც. ორივე პარტნიორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლების შენარჩუნება. დამოუკიდებლად სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა ორივე მხარეს მისცემს საკუთარი თავისა და თავისუფლების შეგრძნებას. ეს კი ურთიერთობაში ორმაგი მრავალფეროვნებისა და გამოცდილების წინაპირობა გახდება.


7. არ არის აუცილებელი ურთიერთობა ყოველთვის იდეალური იყოს. იქნება მომენტები, როდესაც იგრძნობთ, რომ განმარტოება გჭირდებათ. ისაუბრეთ გულწრფელად და მიეცით ერთმანეთს დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის საკმარისი დრო და სივრცე.


იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ გყავთ პარტნიორი, სწორედ ვენერა-იუპიტერის ჰარმონიული ასპექტია ის, რაც ახალი ადამიანის აღმოჩენის მშვენიერ შანსს იძლევა. ამიტომ, ნუ დაიზარებთ მეგობრის დაბადების დღეზე თუ სხვა ტიპის შეკრებებზე წასვლას.

.

ასტროლოგი დავით ნიბლაძე.

0
378
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0