x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ელცინი გორბაჩოვის წინააღმდეგ. სსრ კავშირის დაშლის რეალური მიზეზი
image


ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ელცინის მოსკოვში ჩამოყვანას ეხებოდა, გორბაჩოვმა უპასუხა: «ელცინის დედაქალაქში გადმოყვანის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა, შემეძლო რომელიმე «ბანანის» რესპუბლიკაში ელჩად გამეგზავნა. ელცინი ჩემი შეცდომა იყო... გარდა ამისა, 1991 ბელოვეჟის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემეძლო რუსეთის, ბელორუსი და უკრაინის ლიდერები სახელმწიფო ღალატში დამედანაშაულებინა და დამეპატიმრებინა. მაგრამ, არ გავაკეთე, რადგან ეს სამოქალაქო ომის პროვოცირებას მოახდენდა და ისე გამოჩნდებოდა, თითქოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ვიბრძვოდი».


image

ბელოვეჟის ხელშეკრულების მონაწილეები: ლ. კრავჩუკი, ს. შუშკევიჩი და ბ. ელცინი


დღეს გორბაჩოვი ამბობს, რომ სსრ კავშირის რეფორმირება და განახლება საჭირო იყო, მაგრამ მისი დანგრევა იმ სამი ადამიანის ბრალია, ვინც ბელოვეჟის ხელშეკრულებას (1991 წ. 8 დეკემბერი) მოაწერა ხელი. «ამ მხრივ ჩემი ნამუსი სუფთაა, – საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ვიბრძვოდი» – აღნიშნა მ. გორბაჩოვმა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სვერდლოვსკის ოლქის წარმატებული ხელმძღვანელი ბ. ელცინი 1985 წელს პარტიული ხაზით დააწინაურეს და სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს. ის ჯერ ცკ-ს მდივანი გახდა (1985—1986), ხოლო შემდეგ, მოსკოვის საქალაქო კომიტეტის I მდივანი (1985—1987). იმ დროს გუბერნატორის და მერის მოვალეობას პარტიული კომიტეტების I მდივნები ასრულებდნენ. ასე, რომ, სვერდლოვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ბ. ელცინი, მოსკოვის მერი გახდა. ახალ თანამდებობაზე ელცინი, ფაქტიურად, მუშაობის დაწყების პირველსავე თვეებში, ძველ პარტიულ ნომენკლატურას დაუპირისპირდა და მოსკოვის რაიონული ორგანიზაციის ყველა პირველი მდივანი მოხსნა, რადგან ფიქრობდა, რომ მათ მაფიასთან ჰქონდათ კავშირი. ელცინი საკუთარ ქმედებებს არავის უთანხმებდა და ისე იქცეოდა, როგორც სვერდლოვსკში, სადაც სრულფასოვანი ხელმძღვანელი იყო, ყოველგვარი კონტროლის გარეშე. მისგან მხოლოდ კარგ მუშაობას, რაიონზე კონტროლს და მისი პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ისიც მთელი დღე ხან ერთ ობიექტზე იყო, დახან მეორეზე და მოსკოვში შეამჩნიეს... მისი საქმიანობა დააფასეს და დედაქალაქში გადმოიყვანეს.


image


მოსკოვში გადმოსვლის შემდეგ, ელცინი თავის ჩვევებს არ ღალატობდა და ისე იქცეოდა, როგორც პროვინციაში: დილით სამუშაოზე ცხადდებოდა და შემდეგ, თუ დრო ჰქონდა, მოსკოვის ქუჩებში დადიოდა, ეცნობოდა ხალხის ცხოვრებას, მათ პრობლემებს. ხშირად პურის რიგშიც მდგარა და ქალაქის პრობლემების შესახებ, პირველწყაროდან მოუსმენია...

პარტიულ ელიტასთან მისი დაპირისპირება კი, ქალაქის პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რომლის დროსაც, მან ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ის რეალურ ცხოვრებას იყო მოწყვეტილი. ხოლო, ხალხი და ქვეყანა ბიუროკრატიის ჭაობში იძირებოდა. მხოლოდ ვიწრო პარტიულ წრეებში ცნობილი ელცინი, მეორე დღეს ყველასთვის ცნობილი და პოპულარული პოლიტიკოსი გახდა. მან პრივილეგირებულებთან დაიწყო ბრძოლა და იმ დროს მიღებული მშრალი კანონის წინააღმდეგაც გამოდიოდა. მოსკოველებს იმედი მიეცათ, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა, ხოლო პარტიულ წრეებში, მას პოპულისტს უწოდებდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ელცინი ხალხში ხშირად გადიოდა და მათთან საუბრისას ხვდებოდა, რომ მოსკოველებს ხელისუფლებასთან უამრავი კითხვა ჰქონდათ. ამიტომ, იმისთვის, რომ ხალხს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონოდა, ელცინმა მოსკოვში მიტინგების ჩატარების კანონი მიიღო და გამოაქვეყნა.

1987 წ. 10 სექტემბერს კანონის თვითნებურად მიღების გამო, ელცინს სსრ კავშირის პარტიული ელიტის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მათი აზრით, ქალაქის მერს საკითხი განსახილველად, ჯერ ქალაქის პარტიული კომიტეტის სხდომაზე უნდა გაეტანა. ამიტომ, მისი ქმედების მართლზომიერების განსახილველად, კომისია შეიქმნა. ელცინი კი თვლიდა, რომ ყველაფერი, რაც ქალაქს ეხებოდა, მისი გადასაწყვეტი იყო და მის საქმეებში არავინ უნდა ჩარეულიყო. რადგან გორბაჩოვი იმ დროს შვებულებაში იყო, 12 სექტემბერს ელცინმა მას ვრცელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც დეტალურად აუხსნა მომხდარი ფაქტის შესახებ და ხსენებული კომისიის გაუქმება სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობიდან წასვლას აპირებდა. ის, ქვეყნის პირველი პირისგან, საპასუხო წერილს თუ არა, სატელეფონო ზარს მაინც ელოდებოდა. გავიდა რამდენიმე დღე, შემდეგ 1, 2, 3 კვირა, მაგრამ გორბაჩოვისგან არაფერი ისმოდა. ელცინი ნერვიულობდა...

1987 წლის 21 ოქტომბერს ელცინი პარტიის ცკ-ს პლენუმზე სიტყვით გამოვიდა და პარტია და მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი საჯაროდ გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ დაანონსებული ცვლილებები ძალიან ნელი ტემპით მიდიოდა და როდესაც ამას ამბობდა, ქვეყნის მთავარი რეფორმატორის, გორბაჩოვის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. მაგრამ, გორბაჩოვმა, პარტიასთან დაპირისპირებას, დუმილი არჩია (ის მათ მიერ იყო დანიშნული და როგორც დანიშნეს, მოხსნაც შეეძლოთ... რედ.) და ელცინი, გამოსვლის საპასუხოდ, ისეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომ იძულებული გახდა, საკუთარი შეცდომა, ანუ პარტიასთან დაპირისპირების უსაფუძვლობა, ეღიარებინა. შედეგად, პლენუმმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვით, ელცინის გამოსვლა «პოლიტიკურ შეცდომად» შეფასდა და დღის წესრიგში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა. 3 ნოემბერს ელცინმა განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ელცინი, მომხდარის შემდეგ, ფსიქო-ემოციურად, საშინელ მდგომარეობაში იყო და 9 ნოემბერს მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. იმ დღეს, სამუშაოზე მისულმა, ჯერ კიდევ ქალაქის მერმა, ცკ-დან პაკეტი მიიღო. მის გასახსნელად მაკრატელი აიღო და დასასვენებელი ოთახისკენ გაემართა, რომ საბუთებს მშვიდ ვითარებაში გსცნობოდა. ცოტა ხნის შემდეგ, მასთან შევიდნენ და მაგიდასთან დახრილად მჯდომი ელცინი აღმოაჩინეს. როდესაც ახლოს მივიდნენ, ნახეს, რომ პერანგის მარჯვენა მხარე სისხლიანი ჰქონდა. სისხლი იყო საბუთებზე და მაკრატელზეც, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ექიმმა განაცხადა, მას თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა, რომელსაც გულის შეტევა დაერთო და ელცინინმა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ მიიყვანა. ხმამაღლა კი მხოლოდ ის თქვეს, რომ მან გულის შეტევა გადაიტანა – გორბაჩოვს არანაირად არ აწყობდა, რომ ის ადამიანის თვითკვლელობამდე მიყვანში დაედანაშაულებინათ.

11 ნოემბერს ელცინი თანამდებობიდან გადააყენეს და ეს ფაქტი, მისი თვალსაზრისის, სახელმწიფო პოლიტიკის გეგმასთან შეუთავსებლობით ახსნეს. მაგრამ, პარტიასა და ელცინს შორის დაპირისპირების მიუხედავად, ალბათ, იმის გამო, რომ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მოსკოვიდან არ გაუშვეს და სსრ კავშირის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტში, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ეს თანამდებობა ადრე არ არსებობდადა და ის ელცინისთვის სპეციალურად შექმნეს. ხოლო, გორბაჩოვმა პირობა დადო, რომ მას პოლიტიკას ჩამოაშორებდა.



image


თუმცა, ეს მასზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული. ხალხს აინტერესებდა, თუ რატომ გადააყენეს მოსკოვის პარტიული კომიტეტის ხელმძღვანელი. 21 ოქტომბერს პლენუმზე ისეთი რა თქვა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი რისხვა დაიმსახურა. მაგრამ, ელცინის გამოსვლის სტენოგრამა გასაიდუმლოებული იყო და რადგან ხალხი ითხოვდა...

1987 წლის ბოლოს, მიხეილ პოლტარანინმა (ბ. ელცინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომერის მოადგილეის თანამდებობა დაიკავა – ანუ ვიცე-პრემიერი გახდა. რედ.), ჟურნალისტმა და ელცინის აქტიურმა მხარდამჭერმა, ელცინის გამოსვლის ყალბი ტექსტი დაწერა, რომელიც ორიგინალურისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რადიკალური იყო. საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტის 300 ქსეროასლი გადაიღეს და ხალხში გაავრცელეს – ფურცლები ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. ის მარტივ და ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქისთვის გასაგებ ენაზე ეწერა და ყველაზე მტკივნეულს ეხებოდა: «დიახ მეგობრებო, საბჭოთა ხელისუფლების 70 წლის წლისთავზე, ჩემთვის რთულია ქარხნის მუშებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ დგანან ისინი საათობით სოსისის რიგში, რომელშიც სახამებელი უფრო მეტია, ვიდრე ხორცი. მაშინ, როდესაც ჩვენს საზეიმო სუფრებზე ხიზილალაც არის და სხვა დელიკატესები, რომლებიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვაქვს მიღებული ისეთი ადგილებიდან, რომლებთანაც უბრალო ადამიანს ახლოსაც არ მიუშვებენ...». იყო ამ გამოსვლაში ძალიან პირადი ფრაზებიც: «იძულებული ვარ პოლიტბიუროს ვთხოვო, რომ რაისა გორბაჩოვას ყოველდღიური სატელეფონო ზარების და ნოტაციებისგან გამათავისუფლოს...»... და აგორდა ტალღა. ხალხს ბ. ელცინი რობინ ჰუდად ჩათვალა, რომელიც მათ ინტერესებს თავგამოდებით იცავდა.

ნამდვილი ტექსტის როგორც სტენოგრაფიული ჩანაწერი, ისე აუდიო ვერსია, აღნიშნული პლენუმის ჩატარებიდან, მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გამოაქვეუნეს: «გაკვეთილები, რომლებიც 70 წლის მანძილზე გავიარეთ, ძალიან რთული იყო, – გაკვეთილები ძალიან მძიმე დამარცხების, რომლებიც წლების მანძილზე გროვდებოდა და ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოლეგიალური ურთიერთობები არ არსებობდა და რომ პარტიის ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში იყო კონცენტრირებული. ხოლო, ის ერთი ადამიანი, ყოველთვის, ყოველგვარი კრიტიკისგან იყო იზოლირებული». ეს ფრაზა ელცინის გამოსვლის ყველაზე მწვავე ფრაგმენტი იყო, ხოლო თავად გამოსვლა, არც ისე კრიტიკული აღმოჩნდა, როგორც ხალხის მასებში გავრცელებული ტექსტი. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გამოსვლა ძალიან სუსტი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მან პარტიული ელიტის რისხვა მაინც გამოიწვია. ხოლო, ხალხმა, პრესაში გამოქვეყნებულ, ელცინის პლენუმზე გამოსვლის რეალურ ტექსტს, ყურადღება აღარ მიაქცია, რადგან ყალბმა ტექსტმა, ელცინი მისთვის მისაღებ ფიგურად და სიყვარულის ობიექტად გახადა. თან, უკვე 1989 წელი იყო და ხალხს შეიძლება არც დაეჯერებინა, რომ გაზეთში სიმართლე ეწერა.


image


1989 წ. 26 მარტს ელცინი სსრ კავშირის დეპუტატი გახდა მოსკოვის № 1 ტერიტორიული ოკრუგიდან. მან ხმების 91, 53 % მიიღო. ხოლო, უკვე ყრილობაზე, არჩევნების დროს, ის უმაღლეს საბჭოში ვერ მოხვდა და მას თავისი ადგილი ალ. კაზანიკმა დაუთმო (1993 წლის ოქტომბერში, ის ელცინმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორად დანიშნა).

1990 წლის 4 მარტს ელცინი რსფსრ-ს დეპუტატი გახდა სვერდლოვსკის ოლქიდან. ხოლო, 29 მარტს ის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

იმავე წლის 25 აპრილს, ესპანეთში არაოფიციალური ვიზიტის დროს, ელცინი ავიაკატასტროფაში მოყვა და ხერხემალი დაუზიანდა. ჩაუტარდა ოპერაცია. ხოლო, ავარიიდან 1 თვის შემდეგ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ავარია სსრ კავშირის უშიშროების სამსახურის (КГБ СССР) მიერ იყო მოწყობილი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ელცინი და გორბაჩოვი უკვე ერთ პოლიტიკურ პლათფორმაზე იდგნენ. მაგრამ იმისთვის, რომ თანასწორები ყოფილიყვნენ, 1990 წ. 12 ივნისს რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ დეკლარაცია მიიღო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. რომლის მიხედვით, ქვეყნის კანონები, საბჭოთა კანონებთან შედარებით, უფრო პრიორიტეტულად ცხადდებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ელცინი გორბაჩოვზე უკვე ნაკლებად იყო დამოკიდებული. ელცინი ცენტრს არ ემორჩილებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს არანაირი ცენტრი არ არსებობდა. თავის მხრივ, გორბაჩოვი ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია სხვებისთვის ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. თუმცა, ხვდებოდა, რომ ხელისუფლება ხელიდან ეცლებოდა.

იმ პერიოდში, სსრ კავშირის რესპუბლიკებში, ერთი მეორეს მიყოლებით, დამოუკიდებლობის გამოცხადება დაიწყო, რაზეს გორბაჩოვი მწვავედ რეაგირებდა. 1991 წლის დასაწყისში მან ჯარები შეიყვანა ბალტიისპირეთში. მომიტინგეებსა და სამხედროებს შორის დაპირისპირებას, რიგაში და ვილნუსში, საერთო ჯამში, 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 1000-ზე მეტი დაიჭრა. იმავე პერიოდში, ელცინი ტალინში ჩავიდა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქვეყნებს მხარდაჭერა გამოუცხადა (1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, ელცინი საქართველოშიც ჩამოვიდა. ის საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა. ხოლო, ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აფხაზეთი – საქართველო არის და რომ სხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევის უფლება არა ჰქონდათ. რედ.). ის ხვდებოდა, რომ თუ გორბაჩოვი სხვა რესპუბლიკებს სუვერენიტეტს ამ გზით წაართმევდა, ადრე თუ გვიან, ეს რუსეთსაც შეეხებოდა, რადგან განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმები (ОМОН) გორბაჩოის დაქვემდებარებაში იყო. ელცინის იმავე ვიზიტის დროს, ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ და რუსეთმა განცხადება გააკეთა, რომლითაც ერთმანეთის სუვერენიტეტს აღიარებდნენ.

ესტონეთიდან დაბრუნებული ელცინი ტელევიზიით გამოვიდა და გორბაჩოვის გადადგომა მოითხოვა. მაგრამ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ განცხადების დონეზე. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სუვერენიტეტის აღლუმი კი, ყოველ მათგანში, პრეზიდენტების არჩევით დასრულდა.

1991 წლის 12 ივნისს პრეზიდენტი აირჩიეს რუსეთშიც. ელცინმა არჩევნებში რუსეთის მოქალაქეების 57, 3 % მხარდაჭერა მოიპოვა და პრეზიდენტი გახდა. მის კონკურენტს, კომუნისტური პარტიიდან, ნ. რიჟკოვს, რომელსაც გორბაჩოვი მხარს უჭერდა, ხმა ამომრჩევლების მხოლოდ 16, 85 % მისცა.

გორბაჩოვი მიხვდა, რომ ელცინი უკვე ხელშეუხებელი იყო და თუ პოლიტიკაში და კრემლში დარჩენა უნდოდა, სამოკავშირო ხელშეკრულება უნდა მოემზადებინა, რომელზეც ხელი სსრ კავშირში შემავალ ყოფილ რესპუბლიკებს უნდა მოეწერთ. ამით ყოფილი სსრ კავშირის, სუვერენული რესპუბლიკების ფედერაციაში მოხდებოდა ტრანსფორმირება. ახალ კავშირში შესვლაზე თანხმობა, 15-იდან 9 რესპუბლიკამ (რუსეთი, უკრანია, ბელორუსია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი) განაცხადა და ხელმოწერის თარიღად 1991 წლის 20 აგვისტო დაინიშნა. მაგრამ, 18 აგვისტოს პუტჩი (სამხედრო გადატრიალება) დაიწყო, რომლის ხელმძღვანელები რეფორმების შეჩერების და სსრ კავშირის აღდგენის მოთხოვნით გამოდიოდნენ. პუტჩან დაკავშირებით, დღემდე ბევრი რამ გაურკვეველია. ცნობილია, რომ გორბაჩოვი იმ დროს ფაროსში (ყირიმი, უკრაინა) ისვენებდა. ხოლო, ელცინი მოსკოვში იყო. ის ეპიცენტრის ზონაში, თეთრი სახლის წინ მდგარ ერთ-ერთ ტანკზე ავიდა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) მოქმედებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ხოლო შემდეგ, განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით, აღნიშნული კომუტეტის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება და გადაწყეტილება უკანონოდ ცხადდებოდა.


image


სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ განახორციელა, 3 დღეში ჩაახშეს. ელცინი ამის შემდეგ გმირად იქცა, ხოლო უკრაინიდან დაბრუნებულმა გორბაჩოვმა, მართვის სადავეები დაკარგა. ის ელცინის კონკურენტად უკვე აღარ განიხილებოდა.

23 აგვისტოს ელცინმა რუსეთის ტერიტორიაზე კომუნისტური პარტიის მოქმედება შეაჩერა, ხოლო 6 ნოემბერს – საერთოდ აკრძალა.

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ, უკრაინამ და ბელორუსიამ, როგორც 1922 წ. სსრ კავშირის სახელმწიფოს დამფუძნებლებმა, ბელოვეჟში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სსრ კავშირი დაშლილად გამოცხადების და მის ბაზაზე, სუვერენული ქვეყნების ახალი ერთობის – დსთ (СНГ «Содружества Независимых Государств» შექმნის შესახებ.

24 დეკემბერს გორბაჩოვი დაკავებულ თანამდებობიდან გადადგა.

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფოს არსებობის გაუქმების დეკლარაცია მიიღო. ხოლო, 27 დეკემბერს, საკუთარი ნივთების წამოსაღებად, კრემლში მისული გორბაჩოვი, თავის ყოფილ კაბინეტში კი არა, შენობაშიც არ შეუშვეს...

imageimageimageimageimageimageimage







1
2125
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2125
  
2020, 15 მარტი, 11:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1