x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მე "კანონგარეშე" ვარ, კაცი რომლის "იდეაფიქსი" სოხუმში მშობლიურ სახლზე ქართული დროშის აღმართვაა

image მე "კანონგარეშე" ვარ, დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში.
"წარჩინებული მოსწავლე, რომელიც არ ცნობს სკოლის წესებს"-ასეთი დახასიათებით გადავყავდი მშობლებს სკოლიდან სკოლაში.
ჩემი ასეთი ქცევის მიზეზი: უკრაინაშიც მე ქართველად და კავკასიელად ვგრძნობდი თავს და ჩემთვის მიუღებელი იყო ის წესები, რაც სლავებისათვის მისაღები იყო.
მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ უკრაინა ჩემი სამშობლოა. მისი სიხარული მიხარია და მისი ცუდი მწყინს.
საქართველო! საქართველოში აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე დავბრუნდით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულს მუდამ საქართველოში ვატარებდი, ქართველად თავი სრულფასოვნად მხოლოდ საქართველოში დაბრუნების მერე აღვიქვი.
საქართველო ჩემი სამშობლოა, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლამდე უკრაინაში ვიზრდებოდი.
ჩემი გულისტკივილი: სამოქალაქო ომი, რომელმაც ასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა და ჩემს ოჯახსაც ცუდი ფორმით შეეხო, მამაჩემის, როგორც პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ოფიცრის გადაბირებას სამოქალაქო დაპირისპირების ორივე მხარე ცდილობდა თუმცა ბოლომდე უშედეგოდ, რამაც ერთერთ მხარესთან კონფლიქტი გამოიწვია, რის გამოც ქალაქის სახლი გადაგვიწვეს.
სოფლის სახლს შეხიზნულები იმაზე ფიქრით ვაღამებდით და ვათენებდით, თუ როდის დაგვესხმებოდნენ თავს, დღისით მეძინა, ღამით კი მამის დანატოვარი ავტომატით ვიჯექი ჩაბნელებული ოთახის ფანჯარასთან და დედის, ორი მცირეწლოვანი და-ძმის და ბებიის უსაფრთხოებას ვიცავდი.
შემდეგ!
შემდეგ იყო სოხუმის დაცემა და მამის დაკარგვა 27 სექტემბერს, ბაბუას-ძველი "ზღვის მგელის" დაბრუნება.
3 თვის მერე კი უეცარი სიხარული, რომელიც მამაჩემის დაბრუნებამ გამოიწვია.
დაჭრილი მამა მისმა განუყრელმა ბავშვობის მეგობარმა, სოხუმის რკინიგზის სადგურიდან ზურგით ატარა თითქმის კილომეტრი და ჩვენი აფხაზი ნათესავის დაცარიელებულ სახლში მიიყვანა, სადაც მან და დაბრუნებულმა ნათესავებმა უმკურნალეს მამას.
ალბათ უფლის ნება იყო მისი გადარჩენა, თორემ სახლის პირობებში გამჭოლი ჭრილობების მქონე ადამიანის გადარჩენას მოკვდავი ვერ შესძლებდა.
ოჯახი!
ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე.
ბაბუა!
შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რომელმაც მასწავლა თუ კი რამ ვიცი ცხოვრებაში, სწორედ მისი დამსახურებაა ექსტრემალი მოცურავე და საერთოდ ექსტრემალი, რომ ვარ.
ადამიანი, რომელმაც უდანაშაულოდ სიკვდილმისჯილი რუსი ეკონომისტი გოგო კაპიტანთან შეთანხმებით გემზე მზარეულად შეცვლილი საბუთებით აიყვანა და სანამ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდა, გემიდან არ გაუშვია.
ბებია!
რუსი გოგონა, რომელიც ბაბუამ დახვრეტას გადაარჩინა, მარია-მარიამი, რომელიც დღესაც "მაიმუნს და დურაკს" მეძახის.
მამა!
ქართველი ოფიცერი, რომელმაც უკრაინაში წარმატებული ოფიცრის კარიერა მიატოვა და მშობლიური აფხაზეთის დასაცავად ოჯახით დაბრუნდა საქართველოში.
კაცი, რომელმაც 16 წლის ასაკში გამიყვანა "საომარ ბილიკზე" და რომელმაც მასწავლა ბევრი ისეთი რამ, რასაც ვერცერთ სამხედრო სასწავლებელში ვერ ისწავლი.
კაცი, რომელმაც მაღალ თანამდებობას პარტიზანობა არჩია. კაცი, რომელმაც ოფიცრის სახელი შეუბღალავად ატარა და ქართველების დემონსტრაციის დაშლაში მონაწილეობა აუკრძალა თავის დანაყოფს, რის გამოც გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
დედა!
ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი განძია ცხოვრებაში, მკაცრი, მაგრამ მუდამ სამართლიანი დედა და ადამიანი.
ექიმი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია და დღემდე დამსახურებულად ატარებს ექიმის თეთრ ხალათს.
და!
ადამიანი, რომლის გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ბევრჯერ მიჩხუბია მის გამო.
ადამიანი, რომელიც დაჭრილს თავს დამტრიალებდა და ღამეები არ ეძინა ჩემს გამო.
ექიმი, რომელიც პროგრესს განიცდის ყოველდღიურად და ადამიანი, რომელმაც ბიძა გამხადა.
ძმა!
დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ძმა, რომელიც ჩემი ხასიათის საპირისპირო პოლუსზე დგას, უთბილესი და უკეთილშობილესი კაცი, რომელსაც მუდამ უსიტყვოდ ესმოდა ოჯახის წევრების. გერმანიის მოქალაქე, მაგრამ სუფთა გენეტიკის ქართველი, რომელიც ათეულობით ქართველს დახმარებია გერმანიაშიც და საქართველოშიც.
ადამიანი, რომელსაც უყვარს სიურპრიზების გაკეთება.
შვილები!
მათ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი ქვეყნის ღალატის და კრიმინალის გარდა.
ღმერთმა მაჩუქა ორი ერთმანეთზე უკეთესი შვილი და მე მათით ვამაყობ.
და მაინც ვინ ვარ მე?
ალბათ ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი ოჯახი და ორივე სამშობლო.
ადამიანი, რომელმაც სამხედრო ოფიცრის კარიერა სამშობლოს სიყვარულით აირჩია.
სამხედრო სასწავლებელი-წარჩინებით დამთავრება.
უმაღლესი სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტი-წარჩინებით დამთავრება.
სრული კურსის გავლა აშშ-ში ვირჯინიის შტატში სპეციალური ძალების მომზადების ცენტრში.
სტაჟირება საბერძნეთში "ნატოს" სტანდარტებით.
სტაჟირება გამნაღმველის სფეროში-ისრაელში.
სტაჟირება გამნაღმველის სფეროში "ნატოს"-ეგიდით თურქეთში.
რამდენიმე ინოვაციის ავტორი.
მოწოდება-სამხედრო სფერო.
ორიენტაცია-ტრადიციული ორიენტაციის ქართველი.
მენტალიტეტი-"ბნელი" ქართველი და კავკასიელი.
პოლიტიკა-პატივს ვცემ ნებისმიერს, ვინც პრო ქართულ ვექტორზე დგას და "ნატო"-ში გაწევრიანების მომხრეა.
მტრები-მათი სახელი "ლეგიონია", რადგან ჩემი პირადი მტერია ნებისმიერი, ვინც საქართველოს და ქართველებს უყურებს, როგორც მტერს.
ცნობიერება-ჩრდილში დგომის მოყვარული ინდივიდი, რომელიც მზადაა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოვიდეს ჩრდილიდან.
სიყვარული-ბევრჯერ მყვარებია ბაღიდან მოყოლებული, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მეწვია.
სამსახური-ბევრ უწყებაში მიმუშავია და ყველგან მეგობრები შემიძენია. ახლა ვმუშაობ იქ, სადაც ჩემი ადგილი არაა, კონტრაქტის დამთავრების მერე მიზერული შანსი არაა პიროვნების ან კომპანიის უსაფრთხოების დაცვის კურატორად ვიმუშაო!!!
ჩემი ოცნება-საქართველო და ქართველი ერი ვნახო გამთლიანებული და ერთიანი.
"იდეაფიქსი"-ბაბუას დანაბარები უნდა შევასრულო რაც არ უნდა დამიჯდეს და სოხუმში ბაბუასეულ სახლზე ბაბუას დანატოვარი სამფეროვანი დროშა უნდა ავღმართო.
მეგობრები-მეგობრები უკრაინაშიც და საქართველოშიც მუდამ უმაგრესი ადამიანები მყავდა და მყავს.
ღალატი-ღალატის არცერთ ფორმად არ ვაპატიებ არავის, ერთმა მეგობარმა მიღალატა და თვეობით ნაფიქრ-ნააზრევი გეგმა ჩამიშალა, შევსულიყავი აფხაზეთში და ჩვენს სახლზე ქართული დროშა აღმემართა.
მე არ დამისჯია, ღმერთმა დასაჯა და დღეს ხეიბრის ეტლში ზის, არ მომინახულებია, მაგრამ ვაპატიე-"წაქცეულს არ ურტყამენ".
შეცდომები-ბევრჯერ დამიშვია, ახლა ვცდილობ გამოვასწორო, ბოდიში მოვუხადე საჯაროდ ჯარისკაცს, რომელმაც იმდენი ჰქნა თავი გამალახვინა. წესდებით მართალი ვიყავი, მაგრამ ადამიანური ხედვით არა, უნდა დამესვა და განმემარტა, რომ ჯარი არაა ის ადგილი, სადაც შეიძლება "ძველბიჭურად" იცხოვრო.
იუმორის გრძნობა-ვფიქრობ ეს ჩემი ძლიერი მხარეა, სხვისი იუმორიც მომწონს და შეფასებაც შემიძლია, ვულგარული და უკბილო ხუმრობები არ მიყვარს.
ხასიათი-ამაზე სჯობია ჩემმა მეგობრებმა ისაუბრონ.
რას ვნანობ-ვნანობ, რომ მეგობარს, რომელსაც სახლი დაეწვა ფინანსების სიმწირის გამო ვერ დავეხმარე, რადგან ორი მეგობრის საბანკო კრედიტებს ვფარავდი იმ პერიოდში, თუმცა ეს არ მამართლებს.
ერთგულება-მგელივით ერთგული ვარ, სადაც არ უნდა წავიდე მგელივით ჩემს "ბუნაგს" ვუბრუნდები.
პრიორიტეტი-მინდა ჩემი ახალი ინოვაცია დავაფინანსებინო, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა თუნდაც მცირედით.
გატაცება-ზღვა, წიგნები და ლექსების წერა.
ექსტრიმი-ექსტრემალური მოცურავე ვარ, რის გამოც ქართველი მაშველები ალბათ ვერ მიტანენ, შტორმის დროს მიყვარს ზღვაში შესვლა და შორ მანძილზე გაცურვა.
ბუნებით ექსტრემალი ვარ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მარტო ვარ, სხვებს საფრთხეს ვერ შევუქმნი.
უცნაურობა-2-3 საათი მძინავს მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში და ეს დრო საკმარისია იმისათვის სრულად ვიყო ფორმაში.
მიუხედავად ძირფესვიანი გამოკვლევისა, სამედიცინო-კვლევით დაწესებულებაში რაიმე სახის დიაგნოზი ვერ იქნა დასმული.
და რატომ კანონგარეშე!
მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ მეამბოხე, ჩემთვის არ არსებობს ავტორიტეტები, მე არ ვცნობ ზნეობრივი ჩარჩოების გარდა სხვა შეზღუდვებს.
ურთიერთობა-ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს, სწრაფად შევდივარ კონტაქტში.
პირადი ურთიერთობები-უმადურ და მატყუარა ადამიანებს არ ვცემ პატივს!
ინტერმედია-ინტერმედია ჩემი მეორე ოჯახია, აქ ფულის გამომუშავების მიზნით არ მოვსულვარ, შემიძლია ისევე მოულოდნელად წავიდე, როგორც მოვედი.
დამთავრდება ნოემბრის ბოლოს კონტრაქტი და მაშინ მექნება დრო იმისათვის გავიცნო ინტერმედიელების გარკვეული კონტიგენტი.
რისი მეშინია-ერთადერთი რისიც მეშინია, ესაა ისეთი შეცდომა არ დავუშვა, რაც ჩემს ოჯახს და ჩემს წინაპრებს ჩრდილს მიაყენებს.
სიკვდილი-არ მეშინია კარგა ხანია, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვიარე და ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლით ჩემთვის არაფერი შეიცვლება.
რას ვისურვებდი-ვისურვებდი ქართველები უფრო მიზანდასახულნი, კანონმორჩილნი, მიმტევებელნი და წესრიგის მოყვარული იყვნენ.
რაზე შეიძლება გავბრაზდე-როგორც იტყვიან ფოლადის ნერვები მაქვს, მაგრამ ვბრაზდები როცა თინეიჯერებისგან საკუთარი დედის გინება მესმის, ან როცა ზრდასრული ადამიანი საზოგადოებაში ან ოჯახში იგინება.
და რატომ ფონად მაინცდამაინც მგელი-მგელივით ერთგული ვარ, მგელივით მიზანდასახული ვარ, მასავით "მონადირე" ვარ და მასავით დაუმორჩილებელი.
P.S
დანარჩენზე თქვენ ბრძანეთ ჩემზე, ისედაც ბევრი ვისაუბრე საკუთარ თავზე და ეს მაშინ როცა "თავის ქება კიტრად არ ღირს"!

დეპრესიასთან მებრძოლი ოფიცრის და ბერის მოულოდნელი შეხვედრა მიუვალ მთაზე მდებარე ეკლესიაში

უკრაინიდან ჩვენი ოჯახის დაბრუნების მიზეზი და მომავლის გეგმები ფიქრებში წარმოდგენით

ღმერთო ეს სიზმარი ამიხდინე და თუ საჭიროა ჩემი სიცოცხლე წაიღე სანაცვლოდ

რეალური ისტორია თუ როგორ გადაარჩინა შორეული ნაოსნობის კაპიტნის ქართველმა თანაშემწემ დახვრეტას ახალგაზრდა გოგონა

0
205
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0