კახეთი დედოფლისწყაროში ქათმები მასობრივად იხოცება 2019, 6 სექტემბერი, 14:21 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში ფრინველის დაავადება გავრცელდა. ორ კვირაზე მეტია, მოსახლეობას მასიურად ქათამი ეხოცება. ადგილობრივების ინფორმაციით, ფრინველი ავად ხდება და დილით მკვდარი ხვდებათ. თითო ოჯახს საშუალოდ 50-მდე ფრთა ფრინველი გაუნადგურდა. სურსათის უვნებლობის სამსახურის ჯგუფი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვითარების შესასწავლად, შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდა. მომხდარის მიუხედავად, დაზარალებულებს სურსათის სააგენტოსთვის დახმარების სათხოვნელად არ მიუმართავთ. „რა დაავადებაა, არ ვიცით, ძალიან სწრაფად კლავს ფრინველს. აცრა აღარ შველის. რაც მყავდა, სრულად დამეხოცა. საჭმელს აღარ ჭამდნენ, მობუზულები იყვნენ. ნაწილი დილით დახოცილი გვხვდებოდა და ნაგავზე გადავყარეთ. რომლებსაც დაბუზულობა შევნიშნეთ, ისინი ჩვენ თვითონ დავკალით. 30 ქათამი მაინც მკვდარი გადავაგდეთ, ასე იყვნენ ჩვენი მეზობლებიც. სხვებიც ამბობენ, რომ ფრინველი მათაც მასიურად გაუწყდათ, - აცხადებენ ადგილობრივები. სურსათის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს ფილიალში ამბობენ, რომ მათთან შეტყობინება შევიდა, მუნიციპალიტეტში ფრინველი ნამდვილად იხოცება, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. „რეკომენდაციები გავეცით, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები. სამწუხაროდ, მათი შეტყობინება დაგვიანებული იყო, როცა სრულად დაეხოცათ შემდეგ მოგვმართეს. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე შემთხვევის დროს შეგვატყობინონ, რომ რეაგირება დროული იყოს. ნიმუშს დედაქალაქში გადავგზავნით და ლაბორატორიულად მოხდება მიზეზის გამოკვლევა, “ - აცხადებენ სააგენტოს ადგილობრივ ფილიალში. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი მესხიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფრინველის აცრას, სავალდებულო წესით აღარ აწარმოებს. „მოსახლეობამ უნდა შეგვატყობინოს და ადგილზე დეზინფექციას ჩავატარებთ და კონსულტაციებსაც გავცემთ“- თქვა მესხიშვილმა. 395 შეფასება არ არის
|