x
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ბავშვებში
image

ხშირად, ტერმინს „ობსესიურ-კომპულსიური“იყენებენ მოწესრიგებული, ორგანიზებული, სიზუსტისა თუ სიმეტრიის მოყვარული პიროვნების დასახასიათებლად. თუმცა რეალურად, ობსესიურ-კომპულსიური აშილობა მენტალურ დარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ ეს დიაგნოზი დავსვათ, ადამიანი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა აღინიშნებოდეს აკვიატებული, მუდმივი ხასიათის, ინტენსიური ფიქრები, რომლებიც არ აძლევს პიროვნებას მოსვენებას, იწვევს აგზნებასა, შფოთვას და დაუძლეველი სურვილი განახორციელოს ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ობსესიებთან. თუმცა, კომპულსიებს, ე.ი. განმეორებით ქცევებსა და რიტუალებს, მხოლოდ მცირე დროით შეუძლია შვება მოჰგვაროს ადამიანს. ეს ყოველივე საბოლოოდ აფერხებს პიროვნების ფუნქციონირებას, ართმევს დროსა და ენერგიას და იწვევს სხვა მრავალ სირთულეს. ეს უკანასკნელიც, აუცილებელი პირობაა დიაგნოზის დასმისთვის.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა შეიძლება გახდეს დეპრესიისა თუ სხვადასხვა შფოთვითი აშლილობის მიზეზი, ზოგ შემთხვევაში კი დეპრესიამ შეიძლება მოახდინოს მისი პროვოცირება. დანამდვილებით თქმა, თუ რა იწვევს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას, არ შეგვიძლია, თუმცა დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორები, ოჯახური ისტორია და კულტურულ-სოციალური გარემო.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მცირე ასაკის ბავშვებში ზრდასრულებისგან განსხვავებული ფორმით გვხვდება. თავდაპირველად, დაახლოებით ხუთი წლის ასაკამდე ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რომ აქვთ აკვიატებული აზრები და არ უკვირდებიან მათ ინტენსივობას, შემაწუხებლობას და ა.შ. ისინი თითქოს მექანიკურად ასრულებენ რიტუალს, მაგალითად, როდესაც შეეხებიან მარჯვენა მხარს, აუცილებლად უნდა შეეხონ მარცხენასაც, რადგან ჰქონიათ, რომ სხვა შემთხვევაში დედა რაიმე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება და არ იაზრებენ ამ ფიქრის აბსურდულობას. ისინი შეიძლება საერთოდ არ მიიჩნევდნენ პრობლემად ამგვარ აკვიატებებს და ეგონოთ, რომ არაფერი ახასიათებთ სხვებისგან განსხვავებული. ისინი მოთმინებით ემორჩილებიან თავიანთ ფიქრებს, ითვლიან, იბანენ ხელებს, მრავალჯერ ამოწმებენ, გადაატრიალეს თუ არა საკეტი და ა.შ. ხშირად ამას ყოველდღიურად, საათობით აკეთებენ და ვერ ახერხებენ სხვა რაიმეზე კონცენტრირებას. მათი ქმედებები დაკავშირებულია იმასთან, თუ რა სახის ობსესიები ახასიათებთ, რამდენად ძლიერია ფიქრთა ნაკადი და ა.შ.



როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად, ბავშვი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, რომ თანატოლებისგან განსხვავებული ქცევები ახასიათებს და არ განიცდიდეს განსაკუთრებულ დისკომფორტს, მაგრამ მოგვიანებით, განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკში, როდესაც თანატოლების აზრს და გარემოში წარმატებით ადაპტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდისთვის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ქონა მრავალი სოციალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს.


ზრდასთან ერთად, აკვიატებები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და მუდმივად უშლის ხელს ფუნქციონირებაში, ართმევს დროს, ენერგიას და უფანტავს ყურადღებას. ხშირ შემთხვევაში ეს ძლიერი შფოთვის მიზეზი ხდება და ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე, მის თვითშეფასებაზე, მოტივაციაზე, გამბედაობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე.


კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ოკა-ს განვითარების მიზეზების ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უდიდეს როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. ასევე რისკ ჯგუფში არიან ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ რაიმე სახის გუნებ-განწობის აშლილობა. გარკვეულ გავლენას ახდენს ტემპერამენტი, ემოციური მოწყვლადობა, სტრესული, ტრავმული მოვლენები, დეპრივაცია და ა.შ.


საინტერესოა, რომ ობსესიები, ანუ აზრები, რომლებიც აწუხებთ ბავშვებს, ძირითადად შემდეგ თემებს უკავშირდება: სიბიძურის შიში, ზედაპირებთან შეხების შიში, დაინფიცირების შიში. საფრთხესთან დაკავშირებული აზრები, მაგალითად, არის თუ არა კარი დაკეტილი, გამორთულია თუ არა ღუმელი. ასევე სიზუსტესთან დაკავშირებული აზრები, მაგალითად, რამდენად სრულყოფილად არის შესრულებული დავალება, რამდენად სიმეტრიულია ასოები, არის თუ არა სიდიდის მიხედვით დალაგებული სათამაშოები, ნივთები ფერების მიხედვით და სხვა. ასევე შფოთვა, რომ ოჯახის წევრს ან მეგობარს, რაიმედ ატკენს, რიამეს დაუშავებს, გაანაწყენებს, სხვადასხვა ციფრის ამოჩემება, აზრები, რომ ცუდი რამ მოხდება, თუ გარკვეული ქცევები დროში თანხვედრილად არ განხორციელდება, აზრები, რომ ცუდი ადამიანია, ცუდი სიტყვების თქმისგან თავს ვერ შეიკავებს და ასე შემდეგ. საკითხები, რომლებსაც მოიცვს ობსესიები, ნაწილობრივ დაკავშირებულია სოციო-კულტურულ გარემოსთან. შესამჩნევია, რომ ხშირად ობსესიები საზოგადოებაში ტაბუირებულ საკითხებს ეხება და უკავშირდება ისეთ განცდებს, როგორებიცაა შიში, სირცხვილი, სასოწარკვეთილება და ა.შ.


კომპულსიები კი გვხვდება შემდეგი ფორმებით: დასუფთავება, ტანსაცმლის ხშირი რეცხვა, ხელების ან ტანის ხშირი დაბანა, რაც ხანდახან საათობით გრძელდება. დაუძლეველი სურვილი, რომ ერთსა და იმავე დროს წავიდეს დასაძინებლად, სიტყვების, ლოცვების გამეორება და სხვა.



ოკა-ს მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ინტერვენცია. ზოგჯერ, ოკა დაკავშირებული ან გამოწვეულია სხვა მენტალური მდგომარეობებით, მაგალითად, როგორებიცაა აუტიზმი, ტურეტის სინდრომი.ასევე იკვეთება კომორბიდობა შფოთვით აშლილობებსა და დეპრესიასთან. იელის უნივერსიტეტის ბავშვთა კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული ინტერვიუებით ნათელი გახდა, რომ ბავშვები, რომლებსაც დაუსვეს ოკა-ს დიაგნოზი, იტანჯებიან სირცხვილის, წუხილის გრძნობებით, აქვთ მუდმივი შფოთვა, აწყდებიან სირთულეებს ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან ურთიერთობაში, უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია, რადგან რთულად ეგუებიან ცვლილებებს და აწყდებიან სხვა მრავალ პრობლემას.


როგორ შეიძლება დავეხმაროთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ბავშვს?

პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად აღენიშნება ბავშვს ყველა სიმპტომი. ზოგიერთ შემთხვევაში მშობელი იმდენად ღელავს ბავშვის მდგომარეობაზე, რომ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ქმედებებსაც კი, რომლებიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება. მაგალითად ხელების რამდენჯერმე დაბანა, საწერი მაგიდის მოწესრიგება, ფანქრების ფერების მიხედვით დალაგება და ა.შ. ამ ყოველივეს შეიძლება ნებისმიერი ბავშვი აკეთებდეს უბრალოდ იმიტომ, რომ სიამოვნებას ანიჭებს ეს საქმიანობა. ამიტომ, სასურველია, რომ მშობელს ჰქონეს სრულყოფილი ინფორმაცია ოკა-ს სიმტომების შესახებ. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, არ უნდა გადადოს მასთან ვიზიტი. იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად აღმოჩნდება, რომ ბავშვს აქვს ოკა, მშობელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტის რეკომენდაციები, რათა ზიანი არ მიაყენოს ბავშვს გადამეტებული შფოთვითა და ნერვიულობით. როგორც კი ბავშვის გონებრივი თუ ქრონოლოგიური ასაკი ამის საშუალებას მისცემს, უნდა აუხსნას ამ აშლილობის რაობა, როგორ მოქმედებს ის. კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგი და მშობელი ერთობლივად იმუშვებენ ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ის ერთადერთი არ არის და მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს აღენიშნება ოკა.


ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ კუმპულსიების განხორციელება მხოლოდ მცირე დროით შეაკავებს ობსესიებს და მუდმივ დისკომფორტთან, აკვიატებულ აზრებთან გამკლავებისთვის არ არის საკმარისი კომპულსიებით რეაგირება


დღესდღეობით მკურნალობის საუკეთესო მეთოდად კოგნიტურ-ბიჰევიორალური თარაპია მიიჩნევა. კერძოდ, თერაპევტის დახმარებით, ბავშვი აცნობიერებს, რა შეიძლება წარმოადგენდეს ტრიგერს მისი შფოთვისთვის, რა შეიძლება ედოს საფუძვლად ამა თუ იმ აკვიატებას. თერაპიის პროცესში ბავშვი უნდა გაუმკლავდეს ობსესიებს, შფოთვას ისე, რომ არ მიმართოს კომპულსიებს. ეს მეთოდი საკმაოდ სტრესული და რთული შეიძლება იყო თავდაპირველად, მაგრამ საბოლოოდ, ბავშვი გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, ეჩვევა საკუთარ შფოთვას და ნაკლებად მძაფრად განიცდის მას.


მიუხედავად თერაპიის საკმაოდ კარგი შედეგებისა, ვერ ვიტყვით, რომ ხშირია ბავშვთა სრული გათავისუფლება ოკას-გან. მთავარი მიზანია რემისიული პერიოდის გაზრდა და შფოთვის ინტენსივობის შემცირება. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მდგომარეობა ძალიან მწვავეა, შეიძლებამსაჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და მედიკამენტოზური ჩარევაც.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი ამ აშლილობის შესახებ და სწორი რეაგირება მოახდინონ თავიანთი შვილების მდგომარეობაზე. ვინაიდან ისინი ყველაზე დიდ დროს ატარებენ ბავშვებთან, აუცილებელია, რომ ფსიქოლოგი თანამშრომლობდეს მათთან, დაიხმაროს ისინი ბავშვის ქცევის დაკვირვებაში, დავალებების შესრულებაში და სხვა აქტივობებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობელი სისტემატურად დაეხმაროს ბავშვს შფოთვასთან გამკლავებაში, აჩვენოს მას მხარდაჭერა, არ გაკიცხოს იგი და აგრძნობინოს, რომ მარტო არ არის და შეუძლია, მშობლის იმედი ჰქონდეს.



0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ქარელი
თინათინ ქარელი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0