სხვა " ჩემი ერთი ნაცნობი დამადგა და მითხრა, გლდანულაზე უნდა წამყვე საჩხუბრადო"-ალეკო შუღლაძე 2019, 26 აგვისტო, 13:10 "სწორედ მაშინ, როცა ინდურ სერიალს ვუყურებდი და პერსონაჟები არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ ერთ სიტყვას იტყოდნენ და მერე ერთმანეთს უყურებდნენ და უყურებდნენ, - ჩემი ერთი ნაცნობი დამადგა და მითხრა, გლდანულაზე უნდა წამყვე საჩხუბრადო. ჩემი კარგი ნაცნობის ნაცნობის, იმის ნაცნობის, ვიღაცის, ვიღაც სირი ახლობელი უცემია საკუთარ სიმამრს და აბაროტი უნდა ავუღოთო. შე ჩემა, ვუთხარი მე, უკვე 50 წლის ვარ და თანაც ინდურ სერიალს ვუყურებ-მეთქი. დაიკიდეო და წავედით. მანქანაში ჩავეტენეთ 8 სული. გზაში კიდევ ორი მანქანა შემოგვიერთდა და მივხვდი, რომ სჯობს 5 თურქულ სერიალს უყურო გადაბმულად, გამყიდველმა დამპალი საზამთრო შემოგაპაროს და ზედა მეზობლის ეული ცეკვა ითმინო ღამის 4-ზე, ვიდრე 50 წლის იყო და გლდანულაზე მიდიოდე საჩხუბრად. ჩემი ნაცნობი კი - რომლის სახელსაც მთლიანად ვერ ვიტყვი, მხოლოდ გეტყვით, რომ იმ კარგმოტნულის სახელი იწყება თ-ზე და მთავრდება ემო-ზე - საჭესთან იჯდა და ტრიპაჩულად გრეხდა ქვედა ტუჩს. გლდანულაზე ავედით და ადგილი ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა. საიდან მახსოვს ეს ადგილი, ვკითხე ჩემს თავს და გამახსენდა, რომ ამერიკულ ფილმებში მაქვს ნანახი: დამპალი ტიპები, ისე რა ტიპს რომ გაასაღებენ, საბარგულში ჩააგდებენ და სადღაც ტრიალ მინდორში, მანქანას დასაპრესად რომ აიყვანენ... მოკლედ, მანქანების სასაფლაო იყო რა. აქეთ გავიხედე, იქით გავიხედე... საითაც გინდა გაიხედე, ჩემი ფეხები, ვერსად გაიქცევი. წარმოიდგინე, სტენოკარდიანი 50 წლის ტიპი გარბიხარ და 6 მუტრუკი მოგდევს _ ცუდი პერსპექტივაა. მანქანებიდან გადმოლაგდნენ და ღობესთან მივიდნენ. ეს ღობე არაფერს ღობავდა და ამან უფრო შემაშინა. ყველამ სინქრონულად დაიწყო ღობესთან მოფსმა, და ამან კიდევ უფრო მეტად შემაშინა. მთელი უბედურება ის იყო, რომ იმ ჩემი მეგობრის გარდა ვერავის ვცნობდი. ანუ იმ მომენტისთვის ორ რამეს ვცნობდი: მეგობარს და ღობეს. შესაბამისად, ვისთვის უნდა მომედო არ ვიცოდი - ეს ართულებდა სიტუაციას. მხოლოდ ერთი ჩვენიანის სახეს ვცნობდი...სახეს რა, სახის ფრაგმენტს, ყურის ნაწილს. აქეთ გზობაზე, მანქანაში ჩატენილი, მხოლოდ ამ ყურს ვხედავდი და თან ვცდილობდი ხურდა არ ამომყროდა შარვლის ჯიბიდან, ხელი მქონდა შიგნით ჩატენილი. ვიღაცამ დაგვიძახა და მანქანასთან მივედით. უკანა საბარგული ახსნა და ამოიღეთო გვითხრა. ერთი ჩაეყუდა და დანა ამოიღო, მეორემ კასტეტივით რაღაც, მესამე დიდი კლიუჩი... მეც ჩავეყუდე და მხოლოდ ნასოსი იყო დარჩენილი - ფეხის ნასოსი. სიმართლე გითხრათ, ჩხუბში ნასოსი არასოდეს მიხმარია, მაგრამ სულ არაფერს ეს სჯობდა. ჩხუბის დროს, კუთხეში რომ დავმდგარიყავი სადმე და ფშუტ-ფშუტ, ფეხით ვითომ ნასოსს ვამოწმებდი და რამე - ეგეთი არ გაჭრიდა. მეთქი შლანგიდან ვითრევ და დავაბზრიალებ-მეთქი. მოედნის შუაგულში მივედით და გავჩერდით. სიძემ და სიმამრმა ცხვირები მიადეს ერთმანეთს. ვიღაცამ დამიძახა, მანდ რატომ დგახარ, ეგ იმათი მხარეა, აქეთ გადმოდიო. გადავედი, მაგრამ მგონი მანამდე სწორედ ვიდექი და იმან ამირია რაღაც - არ ვარ დარწმუნებული, ჩვენიანების მხარეზე რომ გადავედი. ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა: იმ ტიპს ხომ ხედავ, ულვაშიან, 76 წლის ბიძასო. მაგას იარაღი აქვს ჯიბეში და ჩხუბი დაიწყება თუ არა ეგრევე დაგვცხებსო. ვაჰ, შენი კარგის... რაკი მოვყან-მეთქი, ჩავილაპარაკე. რა მითხარი, ვერ გავიგეო. ვნერვიულობ და სიტყვები მეყლაპება-მეთქი.ნუ გეშინიაო, მითხრა მეგობარმა, მე ახლა უცბად გავარდები და იარაღს მოვიტანო. მეც წამოვალ-მეთქი და არა, აქ იყავი, უფრო საჭირო ხარო. დაქოქა და დაგაზა. დიდ ავტომობილთან მივედი და ოთხივე კარი გავაღე. ჩაპლინის მეთოდზე ვფიქრობდი უკვე ინტენსიურად: ანუ ერთ კარში ხტები და მეორე მხრიდან გარბიხარ. მაგრამ შორს არ გარბიხარ, იქვე ტრიალდები, მეორე კარში ხტები და ისევ აქეთ გამორბიხარ… და ასე, სანამ დაგიჭერენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნასოსის შლანგი ხელზე დავიხვიე და... ჩხუბიც დაიწყო.. ძალიან სერიოზული ჩხუბი დაიწყო, რაღაც მომენტი თვალიც კი ვერ მოვწყვიტე. მანქანასთან ვიდექი... მანქანასთან რა - უკან. უფრო სწორედ, თასმა გამეხსნა და იმას ვიკრავდი ჩაკუზული... ჯერ ჩაკუზული, მერე - წამოწოლილი, მანქანის ქვეშ... საუკეთესო კინემატოგრაფიული მომენტი იყო: ჩხუბს ვეღარ ხედავ, მხოლოდ ხმები გესმის და იმ ხმებით ხვდები თუ რა დაგნარი მიდის. აქ ვინ არის, დაიძახა ვიღაცამ და მიპოვეს. შენ თ-ზე რომ იწყება და ემო-ზე მთავრდება, იმის მეგობარი არ ხარ, მკითხა იმ ტიპმა. წამოვდექი. ანუ ჯერ გამოვძვერი და მერე წამოვდექი. ვერ მივხვდი, ჩვენიანი იყო, თუ იმათიანი და შლანგი მოვიხსენი ხელიდან... ბზრიალ-ბზრიალ-ბზრიალ და დავცხე იმ შუბლში... გავიქეცი და შუა ჩხუბში შევარდი. კიდევ ერთი საიდუმლო ხრიკი მქონდა შემონახული. დადიხარ შუა ჩხუბში და სახელს გაჰყვირი... რამე უცნაურ სახელს: ჯეკი! ჯეკი! ან: ჩარლი! ჩარლი! მოჩხუბრებს ყურადღებას არ აქცევ, ვითომ ვიღაც ახლობელი დაკარგე და ეძებ რა. ამ მეთოდს ჰქვია: სამმაგი დაბნევის მეთოდი. (თქვენ თვითონ გამოთვალეთ - რატომ სამმაგი). მეთოდმა გაჭრა. და კიდევ იმან გაჭრა, რომ ისინიც ვერ მცნობდნენ და ხელს ვერავინ მარტყამდა. იქით ჰორიზონტისკენ გავიხედე და პატრულს მოვკარი თვალი: გადავრჩი, გადავრჩი! პატრული მოვიდა და ყველაზე მეტად ვისაც ჰქონდა ახეული სახე, იმას ჰკითხა, რა დაგემართაო. წავიქეციო. როცა წაიქეცი, გახოხიალეს მერეო. არა, წავიქეცი და მე თვითონ დავხოხავდიო. იარაღი ხომ არ გაქვთო, გვკითხეს. არა, რა იარაღიო, ჩვენ ვუთხარით. მე ახლოს მივიწიე პატრულთან და თვალით რაღაც ვანიშნე. რა ვანიშნე, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ვანიშნე. თუ იარაღი არ გაქვთ, მაშინ წავედითო, ძალიან ნუ გაიმეტებთ ერთმანეთსო და მართლა არ წავიდნენ... ჩხუბი გაგრძელდა და თქვენი დედაც, დავიყვირე, ჩათრევას ჩაყოლა სჯობია-მეთქი და სანამ დამაგდეს, რაღაც წამებში მაგრად ვიქნიე ხელები... მოკლედ, ჩხუბი დამთავრდა. მე იოლად გამოვძვერი: ერთი თვალიდან ვერ ხვედავდი მარტო და ხელს რომ ვიკიდებდი, ყურს ვერ ვგრძნობდი საერთოდ. რომ წამოვედით, იმათიანები დაგვეწივნენ მანქანით და იქიდან თავი გადმოყო ძალიან გაძუკნულმა ტიპმა, პერანგის საყელო სულ მოხეული ჰქონდა… აი, ალენ დელონს რომ აჭრიან თავს ფილმში და პერანგის საყელოს რომ შემოაჭრიან, იმას ჰგავდა. იცით, რა მითხრა: წამო ქვევითამდე ჩაგიყვანო… გული ამიჩუყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და არ ჩავუჯექი. ფეხით დავუყევი და ტრასაზე რომ გამოვედით, ის ჩემი მეგობარი დაგვეწია მანქანით, იარაღები მოვიტანეო. ამ ყურში არ მესმის, მეორეში მელაპარაკე-მეთქი. იარაღი მოვიტანეო. მანახე-მეთქი. ცეცხლსასროლი ვერ ვიშოვე და ესენი მოვიტანეო. საბარგულში ედო: 2 პურის საჭრელი დანა, 4 კარტოფილის საფცქვნელი დანა, 4 ჩაის დიდი საწური, ხორცის საკეპი მანქანის ათამდე დანა (ეტყობა ნინძების პონტში, სასროლად), ერთი სრულიად გაუგებარი რამ, და კიდევ 2 ასევე სრულიად გაუგებარი რამ, რომელშიც მოგვიანებით, პიცის საჭრელი ამოვიცანი: მრგვალი რაღაც უტრიალებდა წინ და რა ვიცი, სხვა რა უნდა ყოფილიყო... მოდი, რაც გადამხდა, ამას ყველაფერს ცხელ გულზე დავწერ და სადმე მივიტან-მეთქი. დავწერე და ერთ-ერთ გამომცემლობაში მივიტანე, ძალიან მაგარ გამომცემლობაში. წაიკითხეს იქ და რა მითხრეს იცით: რთული ენით არის დაწერილი და შინაარსი იკარგებაო."- ალეკო შუღლაძე 1083 3-ს მოსწონს
|