x
image
კატაპულტი
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VII (შვილი)

მას შემდეგ, რაც ვალერიმ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, ცდილობს, შვილს დღიურის სახით დაუტოვოს ცხოვრებისეული რჩევა-დარიგებები. ამას ოჯახის წევრებისაგან მალულად აკეთებს, არ სურს, გაიგონ, რომ კიბოს შესახებ მისთვისაც ცნობილია.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ფაქტიურად ვეღარ ახერხებს სიარულს. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმებმა გადარჩენის იმედი ვერ მისცეს ოჯახს, ვალერის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ჰომეოპათიურ (მცენარეებით მკურნალობა) საშუალებებს იყენებენ.

image

21 სექტემბერი

ამ დღიურს შენთვის ვწერ შვილო, არავინ იცის, როდის რა მომივა და მინდა, რომ მაინც შენს გვერდით დავრჩე. მოვა დრო და გაიგებ, რას ნიშნავს შვილი. მეც ვიყავი ჩემი მშობლების შვილი, მაგრამ სანამ შენ არ გაჩნდი, არ ვიცოდი რა გრძნობა იყო ეს. ბევრჯერ ისე მარტივად მომიკლავს მშობლების გული...მაგრამ ვერ ვხვდებოდი, სანამ შენ არ მატკინე პირველად, ალბათ, აღარც გახსოვს, ერთხელ სახლში გვიან დაბრუნებულს, რომ გისაყვედურე და შემომიბღვირე, დიდი ვარ უკვე, თავად მივხედავ საკუთარ თავსო. დიდხანს ჩამესმოდა ყურებში ეს სიტყვები და მტკენდა, მაგრამ მაინც სულ ყველაზე მეტად მიყვარდი. მიყვარდი იმიტომ, რომ ჩემი ხარ, ჩემი ნაყოფი და თანაც ერთადერთი, ერთადერთი გვარის გამგრძელებელი.



არ ვიცი, როდის რა მელოდება, მაგრამ თუ დედაზე ადრე მე წავედი ამ ქვეყნიდან, გაუფრთხილდი მას, არ აგრძნობინო დანაკლისი.


ვეცადე, ყველაფერი გქონოდა, ვიცი, ბევრი ვერ შევძელი და გული მწყდება, რომ სამაგალითო მამა არ ვიყავი, ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებ.


როცა შვილი გეყოლება, ეცადე შენზე უკეთესი გაზარდო, კარგისა და ცუდის გარჩევა ასწავლე მთავარია და მერე მარტივად გამოვა ყველაფერი. თუ შენიშვნას მოგცემს, არ გაბრაზდე, ზოგჯერ შენზე უმცროსიც შეიძლება მართალი იყოს.ყველაზე მეტი ყურადღება შვილს დაუთმე, იცოდე, ის შენი სარკეა.



საერთოდ, ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი, მოკლედ დავწერ ამაზე და თუ საჭიროდ ჩათვლი, იქნებ შენც გამოგადგეს:


მოსმენა გიყვარდეს, ცოტა ილაპარაკე, ბევრი გიყვარდეს, ცოტა გძულდეს ან თუ შეძლებ საერთოდ არც არავინ შეიძულო.


ბევრი მეგობარი გყავდეს და ცოტა მტერი, თუმცა ისიც იცოდე, რომ კარგ კაცს ბევრი მტერი ჰყავს.


დრო დააფასე, ყველა წუთი შეიძლება სხვანაირი იყოს, დაფიქრდი ხოლმე ამაზე.

წინა თავები იხილეთ აქ

image

გაგრძელება მალე იქნება...

0
92
1-ს არ მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0