ფსიქოლოგია ოთხი ჯადოსნური სიტყვა, რომელზეც ალბათ თქვენც გსმენიათ... 2019, 17 აგვისტო, 14:57 ადამიანების ურთიერთობა ძალიან დიდი და რთული "სისტემაა"...ზოგი ცდილობს დაიცვას ეთიკის ნორმები, იცის სად და როგორ მოიქცეს. აკონტროლებს ვისთან რა თქვას და რამდენი ისაუბროს პირად თემებზე.ზოგი ცდილობს და არ გამოსდის. ზოგს კი საერთოდ არ სმენია საუბრის ნორმების შესახებ... არსებობს ოთხი ჯადოსნური სიტყვა, რომლის გამოყენება თითქმის ყოველდღიურად გვიწევს. ესენია: ბოდიში, მადლობა, თუ შეიძლება, მიყვარხარ...ეს სიტყვები ჩემმა უფროსმა მეგობარმა (ქალბატონმა მანანამ) მასწავლა... მას შემდეგ ვუფრთხილდები გრძნობებსაც, სიტყვებსაც და ურთიერთობის გაფრთხილების სურვილი მანამდეც მქონდა, მაგრამ ამ ჯადოსნური სიტყვების შეცნობის შემდეგ ალბათ ეს უკეთ გამომდის.არ ვიცი თქვენ დაფიქრებულხართ თუ არა სიტყვების ჯადოსნურობაზე, მაგრამ მე ქალბატონმა მანანამ დამაფიქრა, არა მხოლოდ დამაფიქრა დამარწმუნა, რომ ამ სიტყვებს ძალიან ბევრი დადებითი ემოციის გაცემის და მიღების უნარი აქვთ. მინდა მე სხვებსაც გავუზიარო.გარშემო მყოფებს, პატარა და უფროს მეგობრებს, რომლებიც მრავლად მყავს. მინდა იმის მსგავსი კვალი დავტოვო მათზე, როგორიც ჩემმა უფროსმა მეგობარმა მოახერხა. საინტერესოა რატომ იხდიან ადამიანები ბოდიშს? როცა ადამიანი რაღაცას დააშავებს, ამას მას ან სინდისი ეუბნება ან სხვა ადამიანი. ხშირად ამბობენ ხოლმე, ბოდიში წამალი არააო... არადა, ხშირ შემთხვევაში არის, ოღონდ, გააჩნია რა გულით იხდი. რა არის ორი ადამიანის ურთიერთობა? მათ შორის ჰარმონიულად გაბმული ძაფები, რომელთა თავი და ბოლო თავად ეს ადამიანები არიან. ძაფები გამტარები არიან, ანუ ერთი ადამიანიდან მეორემდე მიაქვს როგორც სიყვარული, სითბო და ა.შ. კარგი ემოციები, ასევე ცუდიც: განკითხვა, შური, სიძულვილი და ა.შ. დადებითი ემოციების დროს, ეს ძაფები ნელ-ნელა იკუმშება, სქელდება და ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან უფრო და უფრო აახლოებს. უარყოფითის დროს კი ირღვევა და ნელ-ნელა წყდება, რაც დაშორებას იწვევს. და მაინც რა ხდება ამ ორ ადამიანს შორის წყენის დროს? ადამიანი, რომელსაც აწყენინეს, გრძნობს რომ ძაფები შესუსტდა და თუ მისთვის ღირებულია მაწყინარი ადამიანი, ცდილობს ურთიერთობის თავიდან აღდგენას. მაგრამ, მისთვის ერთი რამაა მნიშვნელოვანი. ადამიანმა, რომელმაც აწყენინა, უნდა გააანალიზოს მომხდარი, შეიგნოს თავისი დანაშაული და პატიება ითხოვოს. ასევე, როცა მაწყინარი ბოდიშს იხდის, აქ ორი შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ: 1. როცა მას ცუდი საქციელის გამო სინდისი ამხილებს. ის ამ დროს გრძნობს თავის დანაშაულს, ნანობს და იხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მეორე ადამიანი მისთვის ღირებულია, მხოლოდ ამის გამო. რაც შეეხება მის სინანულს, ეს მან თავის თავთან უნდა გამოასწოროს საქმით. შენთვისაც ხომ ეგა მთავარი, რომ მან თავისი შეცდომა დაინახოს?.. 2.როცა ადამიანი სხვისგან გებულობს, რომ მან დააშავა. ამ დროს მას სინდისი არ აწუხებს (იშვიათად, რომ ამ დროს შეაწუხოს) და თუ ის მაინც მოგიხდის ბოდიშს, ესეც დასაფასებელია, რადგან მისთვის ეს ურთიერთობა რაღაცად ღირს ანუ შენც უღირხარ და ბოდიშსაც შენს გამო იხდის. პირველი ჯადოსნური სიტყვა ასე თუ ისე განვიხილე, (თუმცა თქვენ ალბათ სხვაგვარად ფიქრობთ... ) თუმცა არანაკლები მნიშვნელობისაა დანარჩენი სამი. არ ვივიწყებ... და ვცდილობ ხშირად გამოვიყენო: ბოდიში, თუ შეიძლება, მადლობა, მიყვარხარ... 108 შეფასება არ არის
|