საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი ოთხი საუკუნის განმავლობაში ბინადრობს ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისპაჰანის, ოსთანის ფერეიდნის პროვინციაში. მათი იძულებითი გადასახლება ირანში განხორციელდა სეფიანთა ზეობის დროს. ჯერ შაჰ-თამაზმა ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში, მარტო ერთი ლაშქრობისას 30 000 ქართველი ტყვედ წაიყვანა. შაჰ-აბას პირველის ლაშქრობების შემდეგ კი გაცილებით მეტ ქართველს მოუწია სამშობლოს დატოვება და ირანში გადასახლება. ისქანდერ მუნშის ცნობით 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან 130 000 ადამიანი, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც ბევრი ტყვე გაიყვანა. მათი გადასახლებით ძირითადად რამდენიმე მიზანს ისახავდა შაჰი: 1. ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს; 2. იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშნელოვან რეგიონებს მომთაბარე ტომების თავდასხმებისგან; 3. ქართველთა მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას; 4. საკუთარ არმიას აძლიერებდა ქართველი მეომრებით.
ფერეიდნელმა ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში ისლამური საზოგადოების გარემოცვის მიუხედავად, შეინარჩუნეს ნათესავთა ურთიერთობის ძველი ქართული ტრადიციული ბუნება. მათი სამზარეულოც ტრადიციულია. სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში დარჩნენ. სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, მაგალითად: „გორჯი-სარა“, „გორჯი-მაჰალე“, „გორჯი-ყალა“ და ა.შ. დღეს ფერეიდანში მცხოვრები ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან ღრმადმორწმუნეობით. ფერეიდანში ამბობენ: „ვინაც რო ციცისკიბეს (ცისარტყელას) ქვეშ გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო..“
პირველი ქართველი მოგზაური, რომელიც ფერეიდანში ჩავიდა ლადო აღნიაშვილია. მას დიდი წვალების და გაჭირვების გავლა მოუწია რომ მოეხერხებინა და ენახა ფერეიდნის მხარის თითქმის ყველა სოფელი. 1916 წელს კი ფერეიდნელებს ესტუმრა ირანში ქართული ესკადრონის მეთაური, შტაბ-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. მისი შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“. 1927 წელს კი ფერეიდნელებთან შეხვედრა და მათი ყოფის გაცნობა შეძლო ამბაკო ჭელიძემ. ჩამოიტანა მათ შესახებ მეტად ძვირფასი ცნობები. მისი თქმით სულ 17 სოფელია ქართველებით დასახლებული და ამ სოფლებს შორის 9-ში ქართული ენა დაკარგულია, მხოლოდ 7 სოფელში ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზეო.
პირველი ქართველი რომელმაც დაბრუნება შეძლო იყო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი, რომელიც 1871 წელს ჩამოვიდა და დასახლდა საგარეჯოში. 1967 წელს კი რამდენიმე ოჯახმა შეიტანა განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის სამშბლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. 1972 წელს ჩამოდის 12 ოჯახში საქართველოში და გურჯაანის რაიონის სოფლებში გაანაწილეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი საქართველო-ირანს შორის მჭიდრო კონტაქტები დამყარდა, მათ მიიღეს ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. დღესდღეობით ფერეიდანში არსებობს ქართული ენის შემსწავლელი სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს განათლება. მრავალი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში სხვადასხვა მიზნებით, ბევრი მათგანიც კი სამუდამოდ დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს.