x
image
მაიკო ქავთარაძე
ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, დაუვიწყარი ათი დღე და მოკითხვა ჩვენებური ქართველებისგან!
მომწვანო-მოლურჯო ჭოროხის ხეობა დიდებულად ლამაზია, მას გასწვრივ მიჰყვება ექსპედიციის მონაწილეთა აღტაცება, სიხარული, სევდა, საქართველოს ისტორია, ძველი თუ ახალი დიდებულება...



image


2019 წლის 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიცია თურქეთის რესპუბლიკაში, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ასოცირებულ პროფესორ ეკა დადიანის ხელმძღვანელობით; მასში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები. ექსპედიციის მიზანი იყო:


"1. ქართველი სტუდენტებისათვის თურქეთის მოქალაქე ავტოქთონი ქართველების მეტყველებისა და ისტორიული ქართული კულტურის ძეგლების გაცნობა (მთავარი ძეგლია აქაურ ქართველთა ქართველური მეტყველება!);



2. გამორჩეული სტუდენტებისათვის საველე პირობებში მასალის მოძიებისა და სამეცნერო მოხსენების მომზადების სწავლება;


3. საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლობის პირობებში გაქრობის პირას მყოფი ქართული დიალექტური მასალების ჩაწერა მათი გადარჩენის მიზნით (აქაური ქართველური კილოები უთუოდ გაქრება თურქული და ქართული სალიტერატურ ენების გავლენით);


4. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების ურთიერთგაცნობა პოზიტიური წახნაგებით;


5. საქართველოსა და თურქეთის აკადემიური წრეების კულტურულ-სამეცნიერო-საგანმანათლებლო "ზიარჭურჭლის" შექმნა გასულ საუკუნეებში შექმნილი იდეოლოგემების დაბალანსების მიზნით." (ტ. ფუტკარაძე)


image


შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებიდან ყველა შესრულებულია, თითოეული მონაწილე მაქსიმალურად ცდილობდა გამოეყენებინა შესაძლებლობა და უნიკალური დიალექტოლოგიური მასალების ჩაწერასთან ერთად დაახლოვებოდა, დამეგობრებოდა ჩვენს გურჯებს, რომლებიც საოცარი სითბოთი და სიყვარულით გვიღებდნენ, სევდანარევი თვალებითა და ღიმილით გვიხუტებდნენ, გვიმღეროდნენ... გვაჩუქეს ისეთი წუთები, რომლებიც არ დაავიწყდება არც ჩვენ და არც მათ, მოგონებებით გავხდით ერთი მთლიანობა.





image



image


მოვინახულეთ: ხოფა, ართვინი; სოფლები (სადაც ვიწერდით მასალებს ჯგუფებად დაყოფილნი): ქოქლიეთი, იმფხრევლი, იმნიეთი, ივეთი, ხოხლევი, მანატბა, გოჩიეთი, ხევწვრილი, ბაძგირეთი, უსტამისი, გამოღმა ქობაი, ბალხი, სტუმრად ვიყავით მამაწმინდაში ნერიმან ილმაზთან (ალბაირაქი), იქაურ ქართველთან, რომელმაც ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი...

ციხეები: თამარას ციხე (ზღ.დ. 1300), წეფთის ციხე (ზღ.დ 2000), არტანუჯის ციხე (ზღ. დ. 900);

ასევე, ჩამორღვეული, ზოგიც რესტავრირებული და ჯამედ ქცეული: ტბეთი, დოლისყანა, ხანძთა, ხახული, ოშკი, იშხანი, ოთხთა, პარხალი.

ვიყავით ფრენბურთის ჩემპიონატზე ბორჩხაში, გვიმასპინძლა მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელმა და ჩვენმა მეგობარმა ბატონმა ზაზა ვარდიძემ.


image


ექსპედიცია შთამბეჭდავი, შრომატევადი, მოცულობითი, სახალისო, საგანმანათლებლო ხასიათის იყო, ისეთი, რომ მთელი ცხოვრება გაყვება ადამიანს, დაამახსოვრდება, როგორც დიდი, ბედნიერი, დაუვიწყარი თავგადასავალი...


imageშუამთობა.


შთაბეჭდილებები ექსპედიციის წევრებისა, არააკადემიური, მაგრამ გულწრფელი და მრავლისმთქმელი:


"უკვე მესამედ, თუმცა ყოველ ჯერზე იმდენად ვიტვირთები ემოციით მგონია, რომ პირველად მივდივარ. გზა ქუთაისიდან ტაომდე, სიამაყით, ბედნიერებით, ტკივილით, დარდითა და დიდი მოლოდინითა სავსე, რომელსაც სახელად „სულის ნაფლეთი“ შევარქვი. ტაოური დღეები სხვა ფიქრებს, სხვა ქართველობას გულისხმობს, რომელიც ჩემეული მეხსიერების, ყოველდღიურობის ტკივილნარევი განცდად იქცა 2015 წლიდან დღემდე, იქ გატარებული დღეები კარგი მოთხრობასავითაა, რომელსაც ათასჯერ კითხულობ და არ გბეზრდება, იქ გატარებული თითოეული წამი, წუთი, დღე მავსებს, სხვა რეალობაში გადავყავარ. ჩემი ემოციების დიდ ნაწილს ვტოვებ, იქაურ ქართველებთან „ხვარათისას“, ჩემი მიწა-წყლის, ტაძრების ხილვისას თუ შეხებისას...მიძნელდება, იქ დაგროვილი ემოციების სრულყოფილად, ფურცელზე გადმოტანა, ერთმანეთში ირევა ფიქრები, აზრები, ტკივილები ..."-თეონა ჯალაღონია (აწსუს მაგისტრი)



"ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რის შედეგადაც მივიღე უზღვავი ემოცია, ახალი მეგობრები, უფრო მეტად დავაფასე წინაპრების შრომა და ღვაწლი, გამაოცა ხანძთის, პარხალისა თუ იშხანის დიდებულებამ. სიამაყით ავივსე, როდესაც დავინახე როგორ უხაროდათ ჩვენი დანახვა იქ მყოფ ქართველებს, იმედის თვალითა და დიდი სითბოთი შემოგვცქეროდნენ; მიხარია, რომ გავიცანი ბატონი საიდ მულიანი ფერეიდნელი ქართველი, რომელმაც შეავსო, გაგვილამაზა ექსპედიცია, იქაური ქართველი ფათიჰ ცვარიძე, ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც ქართულს ასწავლის მურღულის სკოლაში, მათი ღვაწლი ფასდაუდებელია..."-ქეთი კუბლაშვილი (აწსუ, III კურსი)



"რამდენიმე დღე გავიდა, რაც ტაო-კლარჯეთიდან დავბრუნდით და ისევ ემოციებით ვარ სავსე . შეუძლებელია დაივიწყო ის, რაც ათი დღის განმავლობაში ფილმის კადრებივით იშლებოდა ჩემ თვალწინ. ტაოს თითოელი გოჯი დიდ ისტორიას ინახავს, ის ვინც იქაურობას ნახავს შეუძლებელია უკან იმავე ემოციებით დაბრუნდეს, როგორც ჩავიდა.
მე კი აღფრთოვანებული ვარ, ეს ათი დღე დაუვიწყარი იყო, რომ მკითხონ შენი ცხოვრების საუკეთესო დრო რომელიაო ამ ათ დღეს ვიტყვი. არსდროს მომბეზრდება ამ დღეებზე საუბარი.
რაც შეეხება ექსპედიციის მიზანს და იქაურ ქართველებს "გურჯებს",
ახლა მივხვდი თუ რა არის "სისხლის ყივილი",
"ჩვენ და თქვენ ერთნი ვართ",
"ჩვენც გურჯები ვართ"
სიტყვები რომლებიც გულწრფელს ვერ დაგტოვებს, შეუბლებელია იქაურ ქართველებს ესაუბრო და თვალები ცრემლით არ აგევსოს, შეუძლებელია ვერ დაინახო მათი დიდი სიყვარული როდესაც ოჯახში შეგიპატიჟებენ, არასდროს დამავიწყდება სიტყვები რომლითაც გვაცილებდნენ :
"გული მტკივა რო მიდიხართ."
"კიდე მოით."
"შვიდობა ქონდეთ."

და ეს მხოლოდ მცირედია იმ ათი დღის მოგონებებისა, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებას."-მანანა კვანტრიშვილი (აწსუ, III კურსი)




image



"კითხვაზე თუ რას ნიშნავს ჩემთვის ტაო-კლარჯეთი, პასუხი არაერთგზის დავწერე და შემდეგ წავშალე .რთულია კალამი დაიმორჩილო, როცა ზღვა ემოცია გიტევს .რთულია უზომო ბედნიერება, სიხარული, სევდა, განცდები რამდენიმე სიტყვით გამოხატო .საერთოდაც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა ყველაზე უძლური რამ არის მისი აღმატებულების აღსაწერად .პირველად გულის ფეთქვა სიწმინდეების დანახვამ ამიჩქარა .უყურებ ოშკს, ხანძთას, ოპიზას და ა.შ და სიამაყის გრძნობა გიასკეცდება .პირველად სწორედ იქ ვიგრძენი, რომ არ არის რთული გერქვას ქართველი, რთულია ქართველობის დაცვა .იქაურ ქართველებს ჩვენზე უკეთ აქვთ გათვითცნობიერებული ქართველობის არსი !არ დამავიწყდება მათი აცრემლებული, სათნო, კეთილი და მრავლისმთქმელი თვალები .
სამეცნიერო ექსპედიციის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის სწორედ ქართველობის არსის გაგება გახლდათ . მინდა ყველამ ნახოს ტაო-კლარჯეთის სილამაზე, მინდა ყველამ ერთხმად უთხრას იქ მყოფ ქართველებს, რომ ჩვენი გულის კარი მათთვის ღიაა და ასე იქნება მუდამ !და ბოლოს, თუ კი მკითხავთ, ვინ ვნახე ტაო-კლარჯეთში? მე გიპასუხებთ - ქ ა რ თ ვ ე ლ ი ! თუ მკითხავთ, რა ვნახე ტაო-კლარჯეთში?მე გიპასუხებთ - ს ა მ ო თ ხ ე ! მადლობა ექსპედიციის ორგანიზატორებს !"-ნინო კალანდია (აწსუ, III კურსი)
"კვლევითი ექსპედიცია ისტორიული საქრთველოს ულამაზეს კუთხე ტაო-კლარჯეთში. ეს არის შემეცნებითი ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავს იქ მცხოვრები ქართველების მეტყველების ჩაწერას, შესწავლას და თაობებისთვის გადაცემას. რომ დავიწყებას არ მიეცეს მათი "გურჯული", რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ცოცხლობს თურქეთის სახელმწიფოში.შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, სიხარული და ბედნიერება, რაც აქ ყოფნისას გეუფლება. თითოეული წამი დაუვიწყარია. ეს ბედნიერება და სიხარული, რომ განიცადო ყოველივე საკუთარი თვალით უნდა იხილო. ეს არის ცხოვრების 10 ულამაზესი დღე ახალ მეგობრებთან, ლექტორებთან ერთად. ეს არის ერთი მიზნით გაერთიანებული ჯგუფი. ტაო-კლარჯეთი კულტურის სამშობლოა: ხანძთა, ოშკი, იშხანი, ტბეთი, არტანუჯი და კიდევ უამრავი სხვა. მიუყვები მათკენ მიმავალ ბილიკებს და გამოუთქმელი ბედნიერება გიპყრობს, სიამაყით აღსავსე გაჰყურებ გზებს, რომელზედაც გრიგოლ ხანცთელი, საბა იშხნელი, აშოტ კურაპალატი და სხვა ისტორიული გმირები მიუყვებოდნენ. ერთი წამითაც არ მიგრძვნია, რომ სხვა სახელმწიფოში ვიყავი. თავს საკუთარ მიწაზე ვგრძნობდი სადაც ყველაფერი ქართულია და ქართული სული ჩქეფს. ცალკე უდიდესი სიხარული გიპყრობს იქაური გურჯების გაცნობისას. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩემთვის ამოუხსნელი თუ როგორ შეინახეს მათ ქართული. მეხსიერებიდან არ წაიშლება მათი ბედნიერი სახეები ქართველების დანახვისას, აცრემლებული თვალები და დიდი სიყვარულით წარმოთქმული დალოცვა. "ღმერთმა კარგა გამყოფოთ"".-თინათინ რამიშვილი (აწსუ, III კურსი)
"ჩემს ცხოვრებაში პირველი ექსპედიცია საკმაოდ მრავალფეროვანი და ემოციებით დატვირთული იყო. მოვინახულე ეკლესია-მონასტრები წინაპრების მიერ აშენებული. თამარის დროინდელი ციხეები, რომელსაც ამდენი ომისა თუ თავდასხმის შემდეგ კვლავ შეენარჩუნებინა წარსულის დროინდელი იერსახე. ძველი ქართული სოფლები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ქათული ენა და ტაო-კლარჯეთის ულამაზესი ხედები, რომლის დავიწყება შეუძლებელია.ასევე ძალზედ დასამახსოვრებელი იყო სოფლის მაცხოვრებლების ცრემლიანი თვალების დანახვა, როცა ვეუბნებოდით: "ჩვენ გურჯები ვართ", ამ სიტყვებზე სიხარულს ვერ მალავდნენ და უნდოდათ რაც შეიძლება კარგად გვეგრძნო თავი, ამავდროულად ხშირად იძახდნენ, რომ ჩვენ "ერთნი" ვიყავით. ამ ექსპედიციამ საკმაოდ დიდი და დადებითი გაცლენა იქონია ჩემზე, რადგან უფრო გამიღრმავდა ცოდნა სოფლების, ეკლესიების, ციხეების შესახებ. უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე და უფრო მეტი საინტერესო პიროვნება გავიცანი."-ექსპედიციის ყველაზე პატარა მონაწილე ლუკა თუთისანი 15 წლის.
image






0
212
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0