ისტორია ვინ იყო გოგონა, ვისი სახელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილს უწოდეს 2019, 6 აგვისტო, 8:47 მიუხედავად იმისა, რომ გოგონა, რომელსაც სახელად მერსედესი ერქვა, არასოდეს ყოფილა გატაცებული ავტომობილებით, მისი სახელი უწოდეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომანქანას ''მერსედეს -ბენცს''.
ადრიანა მანუელა ელინეკი 1889 წელს დაიბადა ავსტრიელი ებრაელის ოჯახში. დედა მას მოფერებით მერსედესს ეძახდა, რაც ლათინურიდან გულმოწყალეს, კეთილშობილს ნიშნავს. ადრიანას დედა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა მაროკოში, ებრაულ დიასპორაში და დაახლოებული იყო ესპანურ საზოგადოებასთან, შესაბამისად, მან საკმაოდ კარგად იცოდა ესპანური ენა და ძალიან მოსწონდა სახელი მერსედესი, ამიტომ მეორე სახელად თავის პირმშოს მან მერსედესი დაარქვა. გოგონა პატარაობიდანვე გატაცებული იყო სიმღერით და ცეკვით და მას, მამისაგან განსხვავებით, ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესი არასოდეს გამოუვლენია. მერსედესის მამა, ემილ ელინეკი ავსტრიაში ცნობილი მეწარმე და დიპლომატი იყო. ბედის განგებით, 1890-იან წლებში მან გაიცნო ინჟინერი, კონსტრუქტორი და მანქანათმშენებელი გოტლიბ დაიმლერი და ავტოკონსტრუქტორი ვილჰელმ მაიბახი. ემილი გამჭრიახი ადამიანი იყო. მაიბახის და დაიმლერის მიერ კონსტრურებულ ''თვითმოძრავ ეტლში'' მან კარგი ბიზნესის საფუძველი დაინახა და მოახერხა ისე, რომ ეს პირველი ავტომობილები სარფიანად გაყიდულიყო ნიცაში. აი ასე გახდა ემილ ელინეკი კომპანია "დაიმლერის" ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში. მას თავადაც ძალიან მოსწონდა ეს ავტომობილი, ამიტომ ერთ-ერთ პირველ საავტომობილო რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა "დაიმლერის" ავტომანქანით, მაგრამ რადგან ელინეკი ამ დროს ავსტრია-უნგრეთის ელჩი გახლდათ საფრანგეთში, აღნიშნული თანამდებობა მას არ აძლევდა უფლებას ზემოთ ხსენებულ შეჯიბრებებში მიეღო მონაწილეობა, ამიტომ რბოლაში ის გამოდიოდა ფსევდონიმით "მუსიე მერსედესი". ეს იყო არამარტო მანქანის გამოცდა, არამედ ეშმაკური მარკეტინგული სვლა: ფრანგები ძალიან დაინტერედნენ დაიმლერის მანქანებით. ამ "სარეკლამო კამპანიის'' შემდეგ ემილი დაიმლერთან მივიდა წინადადებით მისთვის მიეყიდათ 36 ავტომობილი, რაც იმ დროისათვის ძალიან დიდ შეკვეთას წარმოადგენდა. სამაგიეროდ დაიმლერსა და მაიბახს მან ერთი პირობა წარუყენა: ეს ავტომობილები მას უნდა გაეყიდა "მერსედესის" სახელწოდებით. ამასთან ერთად ელინეკი თავის თავზე იღებდა სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ-ში, საფრანგეთსა და ავსტრია-უნგრეთში. ფოტოზე: მამა-შვილი ელინეკები გარიგება შედგა და მისი შედეგებით ორივე მხარე მოგებული და კმაყოფილი დარჩა. დაიმლერის მანქანები ძალიან კარგად იყიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კლიენტებმა მშვენივრად იცოდნენ ფირმის სახელწოდება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი ავტომობილს უკვე "მერსედესს" უწოდებდნენ. ამ მიზეზის გამო 1902 წელს აქციონერთა საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილმა ოფიციალურად მიიღო სახელწოდება "მერსედეს-დაიმლერი". იმავე წელს სავაჭრო ნიშანი "მერსედესი" დაპატენტებული იქნა, ხოლო პარიზში ჩატარებულ ავტოგამოფენაზე მოხდა პრეზენტაცია მანქანისა ''მერსედეს 35 НР''. საინტერესოა ის, რომ ამავე გამოფენაზე მანქანის გვერდით მერსედეს ელინეკის უზარმაზარი პორტრეტი იყო დაკიდებული. 1926 წელს მოხდა ორი უდიდესი საავტომობილო კომპანიის - "დაიმლერის" და "ბენცის" გაერთიანება, რის შემდეგაც ავტომობილმა მიიღო სახელწოდება "მერსედეს-ბენცი". და სად იყო მთელი ამ დროის განმავლობაში ის გოგონა, რომლის მამაც ყველაფერს აკეთებდა მისი სახელის უკვდავსაყოფად? - მერსედესი სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მალე გოგონას მამა ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად მცირეწლოვან შვილებთან ერთად. როცა ადრიანა წამოიზარდა, ის ვენაში დაბრუნდა და გააგრძელა მეცადინეობა სიმღერასა და მუსიკაში. მის თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ მერსედესს მშვენიერი სოპრანო ჰქონდა. თავისი სეხნია ავტომობილის წარმატებებით ის საერთოდ არ ინტერესდებოდა და არ იზიარებდა მამის გატაცებას საავტომობილო ბიზნესით. ფოტოზე: ემილ ელინეკი და მისი ქალიშვილი მერსედესი 1909 წელს ადრიანა ცოლად გაჰყვა ბარონ კარლ ფონ შლოსერს. თუმცა ეს ქორწინება მალე დამთავრდა სკანდალით- მერსედესმა ქმარი მიატოვა ვიღაც ღარიბი სკულპტორის გამო, მაგრამ არც მასთან არ ეწერა ქალს ბედნიერი ცხოვრება - ადრიანა 39 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ფოტოზე: მერსედესი ქმართან ერთად ჯერ კიდევ 1903 წელს ემილმა თავის გვარს დაუმატა ქალიშვილის სახელი და ის ოფიციალურად გახდა ელინეკ-მერსედესი. აქამდე არავის არ მოსვლია თავში ქალიშვილის ზედმეტსახელი თავისი გვარისთვის დაემატებინა. პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ხელისუფლებამ ემილი და მისი მეორე ცოლი შპიონაჟში დაადანაშაულა და მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანას იოტისოდენა წვლილიც არ შეუტანია მისი სახელობის ავტომობილის პოპულარიზაციასა და საავტომობილო მრეწველობის განვითარებაში, მისი სახელი სამუდამოდ დარჩა მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიაში. 13135 10-ს მოსწონს
|