საზოგადოება " რუსთავი 2" მაუწყებლობას შეწყვეტის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს 2019, 8 ივლისი, 9:57 გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" 7 ივლისის გადაცემაში ავტორის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი უხამსი სიტყვებით მოხსენიების შემდეგ ხელისუფლების და მმართველი პარტიის პირველმა პირებმა ოფიციალური განცხადებებებით დაგმეს და "დესტაბილიზაციის მცდელობა', "პროვოკაცია", "ქვეყნის მტრობა" უწოდეს. კახი კალაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ " ნაციონალური მოძრაობა”რუსთავი2”-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ახალი არავისთვის არ არის. არც იმის სჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი2”-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება" და ურჩევდა მაუწყებლობა აღედგინა. "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა გვიან ღამით გადაწყვეტილება მიიღო, მაუწყებლობა შეეწყვიტა. შეწყვეტის მიზეზად კი შენობის წინ ტელეკომპანიის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის შეუძლებლობა დაასახელა; მისივე თქმით, საპროტესტო აქცია, რომელიც გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მალევე დაიწყო ტელეკომპანიის წინ, ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. "ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია.. ხელისუფლებამ მოგვიგზავნა ბრბო" - განაცხადა გვარამიამ. აქციაზე იმყოფებოდნენ ნინი ქარსელაძე, ხათუნა ჟორდანია, პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია, მსახიობი ვლადიმერ ჯანელიძე და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი. დღეს დილას კი " რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა აღდგა და ეთერში "დილამშვიდობისა საქართველო" ჩვეულ რეჟიმში გავიდა. 170 1-ს მოსწონს
|