x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135851
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს ითვალისწინებს. ინტერაქტიულ სწავლებას პედაგოგიკაში სწავლებისა და ცოდნის ახალი სტრატეგიები შემოაქვს. იცვლება სწავლების მიზანი. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

მოსწავლე ინტერაქტიული სწავლების სუბიექტი და მისი აქტიური მონაწილეა.

სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, პირადად მისი თვისებები და ცოდნა.

სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა. მისი ძირითადი იდეა ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ძველი და ახალი ცოდნის შედარებით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება.


კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.

ამ ტიპის გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობასა და ინტერესს. კონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლების შემთხვევაში მასწავლებელი პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობია.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:

  • სწავლა აქტიური პროცესია. მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებს, როდესაც საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით წყვეტს პრობლემას;
  • სწავლა გულისხმობს მნიშვნელობის წვდომას. მასწავლებლის მიზანია, ისე წარმართოს სასწავლო აქტივობები, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.
  • სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალება თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებაა, მაგ. ჯგუფური მუშაობები დისკუსიები…
  • სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია განვლილს უკავშირდება.
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები:

  • ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან;
  • მოდელირება – მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
  • ”ხარაჩოს” მეთოდი – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხებით ეხმარება მოსწავლეებს. დახმარებას თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
  • არტიკულაცია – საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერბალიზაციის გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში.
  • რეფლექსია – მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
  • თანამშრომლობა – კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
  • არჩევანი – მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესს: იზრდება ჩართულობა და ინტერესი სასწავლო პროცესისადმი;
  • მოქნილობა – კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას;
  • ადაპტაციის უნარი – მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან;
  • მრავალმხრივი რეალობა – მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას. ამისთვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთსა და იმავე საკითხის შესახებ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის:

  • ინტერვიუსამი ნაბიჯი
  • შესასწავლი თემა – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“)

    კლასი X

    სასწავლო მიზანი – განუვითაროს მოსწავლეებს მიზანმიმართული კითხვის დასმის, ინფორმაციის ლოგიკურად და ლაკონურად ჩამოყალიბების, აქტიური მოსმენის, ჩანაწერების გაკეთებისა და შეჯამების უნარი.

    მიმდინარეობა:

    მოსწავლეებს ვავალებ, გაეცნონ ტექსტს და ამის შემდეგ მოამზადონ კითხვები პრობლემის ირგვლივ (ინტერვიუსთვის), რათა გამოუმუშავდეთ შეკითხვის დასმის ჩვევა.

    კლასს ვყოფთ სამკაციან ჯგუფებად და ვუხსნი მეთოდის არსს. ტრიადის თითოეული მონაწილე იქნება ინტერვიუერი, რესპოდენტი და დამკვირვებელი.

    პირველი ნაბიჯი: ინტერვიუერი იღებს ინტერვიუს რესპონდენტისგან, ხოლო დამკვირვებელი აკეთებს ჩანაწერებს, ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპოდენტის საუბრიდან.

    მეორე და მესამე ნაბიჯი – როლები იცვლება (თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილია 5 წუთი, ჯამში – 15 წუთი).

    შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი ერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი დამკვირვებლის როლშია და, შესაბამისად, ჩანაწერებსაც აკეთებენ. ექვსივე რიგრიგობით წარმოუდგენს დანარჩენ მოსწავლეებს თავისი ჩანაწერიდან არსებითს. ბოლოს ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას.

    მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციას. ბოლოს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ და აფასებენ მიღებულ ინფორმაციას.

    ამ მეთოდის გამოყენება ეფექტურია, როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, ასევე თემის შესაჯამებლად.

    ეს მეთოდი გვეხმარება, განუვითაროთ მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რაც სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სოციალიზაციის უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

    2.დაკარგული (გამოტოვებული) სიტყვები

    შესასწავლი თემა – აკაკი წერეთლის „გამზრდელი“

    კლასი XI

    სასწავლო მიზანი: ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება; კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება; წინარე ცოდნის გააქტიურება; მასალის მთლიანობაში გააზრება.

    მიმდინარეობა:

    დამოუკიდებელი კითხვისა და მოსწავლეთა ყურადღების მობილიზაციის მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს (მეოთხე თავი), რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები. მოსწავლეები კითხულობენ დაკვირვებით და ცდილობენ გამოტოვებული ადგილების შევსებას. სიტყვები უნდა დანომრონ ისე, როგორც ტექსტშია მოცემული (მაგალითად: „არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, – ჰაჯი უსუბ ცნობილია მხოლოდ 1… და 2… „ )

    შემდეგ წყვილდებიან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევარს. შესაძლებელია, ერთის ნაცვლად რამდენიმე სავარაუდო პასუხმა მოიყაროს თავი. მოსწავლეები მსჯელობენ და სხვადასხვა ფერის მარკერით წერენ საკუთარ სიტყვებს, რათა არ გაუჭირდეთ საკუთარი ჩანაწერის მოძებნა.

    ყოველივე ამის შემდეგ ვუკითხავ ტექსტის სწორ ვარიანტს. ბოლოს მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ საინტერესო ვარიანტებს.

    ეს მეთოდი გვეხმარება მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურებაში, გაგებასა და ტექსტის გააზრებაში. გარდა ამისა, მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.image

    0
    125
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მანანა ბაქრაძე
    მანანა ბაქრაძე
    125
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0