საზოგადოება მეტროს ვაგონში ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა 2012, 24 ივლისი, 20:51 საკითხი, რომელსაც ახლა შევეხები, მინდა წერილს და გულისნადებს უფრო დავამსგავსო, ვიდრე მას სტატიის ფორმა მივცე.
არ მინდა ჩვენი საზოგადოება ქსენოფობიასა და ინდიფერენტიზმში დავადანაშაულო, მაგრამ მსგავს ფაქტებს მაინც ხშირად ვაწყდებით. ხშირად გვესმის სიძულვილის ენა მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური თუ ეთნოფობიური ფრაზებით: “წაგვლეკეს ამ წვრილთვალებებმა", “ კალიებივით მომრავლდნენ საქართველოში" “ საქართველო პიდარასტების გახდა ქვეყანა". მსგავსი დამოკიდებულება ხშირად ხდება ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მხრიდან ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეულთა ჩაგვრისა თუ დისკრიმინაციის ერთადერთი მოტივი. ამ საფუძველზე არაერთი შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ რაც მეტროში ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ხუთ წლამდე ასაკის ქერა, ეთნიკურად ქურთი ბიჭი შიმშილისგან გაფერმკრთალებული ვაგონში შემოსვლისთანავე შეემართა იძულებით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. შეიძლება ექსცესები მის ბობოქარ ცხოვრებაში ხშირია, მაგრამ მე ერთ-ერთს შევესწარი და შემზარა!
პატარა ჩვეულებრივ მოწყალებას ითხოვა, როცა ერთმა ღიპიანმა ბიძიამ გართობა მოინდომა და წასაქცევად ფეხი დაუხვედრა. ბიჭმა ალბათ გავროშივით უხეში თავდაცვა ისწავლა ეკლიანი ცხოვრებისგან. ჯერ წაიბორძიკა, შემდეგ მიუბრუნდა ბიძიას და ნერწყვი არ დაიშურა. ბიძიკო მოულოდნელობისგან ერთ წამს დაიბნა, თუმცა გონს მალევე მოეგო და დაძრულ მატარებელში ბიჭს გამოუდგა. პატარა მათხოვარი შეცბუნებული თვალებით უსასრულობამდე გასაქცევად მოემზადა, დაძრულ ვაგონში წონასწორობის დაცვა გაუჭირდა და პირისახით იატაკზე დაეცა. მგზავრები შემთხვევამ მასინათვე ორ ნაწილად გაყო: მომხრებად და მოწინააღმდეგებად ანუ უნდობლებლად და ტოლერანტებად.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მოძალადე ბიძიკოს თანამგრძნობელებიც გამოუჩნდნენ. “ამხელა კაცს ესე უნდა შეაფურთხოს"- ქოთქოთებდა ბებია, რომელსაც მისი “დაცვის ქვეშ მყოფის" ოხუნჯობისთვის უსამართლოდ მოეხუჭა თვალი. ბიჭი კი ტიროდა და ღაპაღუპოით ჩამოდენილ შავ ცრემლებს ყლაპავდა. თავს იმდენად ღირსებაშელახულად და დამცრობილად გრძნობდა, გამოწვდილი ხურდებისკენ აღარც კი გაუხედავს. ორ წუთში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი მოჰფინა ჩვენი საზოგადოების ნაწილის მიდგომას უთავშესაფროთა და მოწყალების მთხოვნელთა მიმართ. ერთი მხრივ ესაა სისასტიკე და უნდობლობა, მეორე მხრივ, შემწყნარებლობა. შემწყნარებლობა პასიურად, სოლიდარობის გარეშე, მაშინ როცა ბოროტება მოქმედებს. აგრესიის მსხვერპლის დაცვა ვერავინ გაბედა, ხოლო მოძალადეს ათასი დამცველი გამოუჩნდა. მატარებლის გუგუნში კი დახშული ხმები ისმოდა: “ წაგვლეკეს", “ციგნები", “საზიზღრები". ძალადობის ენა ამ კატეგორიის ერთადერთი საკომუნოიკაციო ენაა. ჩვენ კი, ვისთვისაც ეს ზნეობრივად უცხოა, სირაქლემას პოზიციაზე ვიმყოფებით. დღემდე მახსენდება ბიჭუნას თვალები, რომელმაც ჩემს მეხსიერებაში უამრავი მხატვრული ნაწარმოები ამოატივტივა: თვალწინ დამიდგნენ ილიას, ჰიუგოს, რეზო ჭეიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და დოჩანაშვილის ცნობილი პერსონაჟები , რომელიც გენიალურმა გალაკტიონმა ერთ ლექსში მოაქცია: “ბავშვები კაფეში" 5042 28-ს მოსწონს 1-ს არა |
გთხოვ კეთილმეგობრულ რჩევად მიიღე:)