x
image
მაია 24
7 ნიშანი, რომ თქვენს სიყვარულს გაგრძელება არ ექნება
image


მორიგი ურთიერთობა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში და აი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გეშინიათ. შამპანური, მეგობრები, ერთი ყუთი შოკოლადი და რომანტიკული ფილმები ახალი თავშესაფარია თქვენთვის. ამ დროს კი რომელიმე ახლობელი - დედა, ბებია, მეგობარი გეუბნებათ: "ასეც ვიცოდი, ნათელი იყო მაქედან არაფერი გამოვიდოდა და ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა". დროებითი სიმყუდროვე არაფერს შეცვლის, კვლავ მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და ახალი ურთიერთობა დაიწყოთ. უნდა გაიზარდოთ, ეს ყველაფერი თქვენი განვითარებისათვის ხდება, თუ ამ კუთხიდან შეხედავთ და არა მხოლოდ ემოციების ბურუსიდან, გაცილებით მეტს შეიტყობთ საკუთარ თავზე. მიხვდებით, რომ ცუდ ადამიანებს კი არ შეხვდით, უბრალოდ შეხვდით მათ, ვინც საჭირო მესიჯები მოგიტანათ, გაიძულათ გეფიქრათ იმ საკითხებზე, რომლებიც ბევრჯერ გამოგრჩათ მხედველობიდან. სიმართლე ასეთია - ყველა შედეგი თქვენი შეცდომების გამო დგება, მაგრამ ვერ განვითარდებით ამ შეცდომების გარეშე. ნუ გაიქცევით, დარჩით საკუთარ თავთან და გააანალიზეთ ყველა დეტალი. შოკოლადი, სასმელი, ფილმები და ახლობელთა რჩევა-დარიგებები ბევრს ვერაფერს მოგცემთ. თქვენ არ გჭირდებათ ნუგეში. ფეხზე წამოდგომა, საკუთარი ცხოვრებისათვის თვალის გასწორება, პრობლემების გააზრება და მათი მოგვარება გჭირდებათ.

...და აი, ურთიერთობისას დაშვებული ტრადიციული შეცდომები:

შეცდომა I - მშობლების ნაკვალევზე


"მეორე ნახევარი რომ იპოვოთ, ჯერ პირველს უნდა მიაგნოთ"

იმისთვის, რომ გაიგოთ ვინ შეგეფერებათ, საკუთარ თავს კარგად უნდა იცნობდეთ - რას შეგიძლიათ შეეგუოთ, რისი ატანა გაგიჭირდებათ, რა გიტაცებთ, რა სურვილები და დამოკიდებულებები გაქვთ ყოველგვარი გავლენების გარეშე, როგორია თქვენი პერსონალური ღირებულებათა სისტემა, გემოვნება და ა.შ. საქმე ისაა, რომ ოჯახებში, სადაც ვიზრდებით, ვერგებით იქ დამკვიდრებულ წესებს და ბავშვობიდანვე გვიყალიბდება სტერეოტიპების მთელი დასტა, რომლებსაც ჩვენს პიროვნებასთან შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს კავშირი, მაგრამ მაინც განსაზღვრავს ჩვენს შეხედულებებს, აღქმას და დამოკიდებულებებს. დაქორწინების შემდეგ კი შევდივართ სრულიად უცხო სტერეოტიპების დასტაში, რომელთანაც ადაპტირება გვიწევს. და სად ვართ ჩვენ? ერთი ოჯახის გავლენიდან მეორე ოჯახის საკუთრებაში გადავდივართ. რაღაც შინაგანი უკმარობის გრძნობა კი გვაწუხებს, მაგრამ მიზეზი არ ვიცით. მისი გაცნობიერების საშუალება ხომ არასოდეს მოგვცემია.

საკუთარ თავს რომ გაუგოთ, დაგჭირდებათ ცალკე ცხოვრება, რაც მშობლების მიერ დაგროვილი გამოცდილების ტვირთიდან გაგათავისუფლებთ. ეს საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ პარტნიორი, პერსონალური გამოცდილების შედეგად შემუშავებული ღირებულებათა სისტემით და არა მშობლების მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპული მიდგომებით. ასე ნამდვილად მიაგნებთ მონათესავე სულს. მოკლედ, უკეთ გაიცანით თავი, რომ სწორად მიაგნოთ იმას, ვინც გჭირდებათ.

image

შეცდომა II - "კაკტუსზე ცეკვა"

"რა ბედი მაქვს, ყველა არანორმალური ჩემთან როგორ მოდის"

არა, მეგობრებო, არ მოდის. თვითონ მიდიხართ მასთან. ჩვენ გვაქვს საკუთარ ტკივილში ქექვის მიდრეკილება, ამიტომ გაუცნობიერებლად იმ სცენარის განმეორებას მიველტვით, რომელმაც ერთხელ უკვე გვატკინა. როგორც ჯაზის მომღერლები, იმპროვიზაციისათვის ერთი და იმავე თემას ვირჩევთ. ადრე თუ გვიან აუცილებლად შემოგიჩნდებათ ცდუნება ისეთი ადამიანისადმი, რომელიც დიდი წარმატებით გაიმეორებს იმ ძველ, მტკივნეულ გამოცდილებას. ამას რომ თავი აარიდოთ, საჭიროა გაიაზროთ წარსული საფუძვლიანად, შეხედოთ ტრამვას გონების თვალით და უპასუხოთ რამდენიმე კითხვას გულწრფელად: როგორი იყო თქვენი პირველი პარტნორი? რატომ არ აეწყო თქვენი ურთიერთობა მაშინ? თქვენს ახალ პარტნიორში ნამდვილად არაა რამე ისეთი, რაც მას გაგონებთ?

შეცდომა III - შეუსაბამობა მიზნებში

ყოველთვის, როდესაც ახალი შეყვარებულის დანახვაზე გულის ფეთქვის ხმა გესმით, ცოტა ხანი შეჩერდით და დაფიქრდით იმაზე, კონკრეტულად რას ელით მისგან - ინტელექტუალურ ფლირტს, თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე რომანს, ორიგინალურ სექსს თუ ოჯახის შექმნას? ესაუბრეთ მას, ბევრი ესაუბრეთ, დასვით სასურველი კითხვები ისე, რომ კარგად გადაამოწმოთ, რამდენად ემთხვევა თქვენი მოლოდინები და მიზნები ერთმანეთს. ჯანსაღი აზრი გრძნობებს არ უშლის, იგი მას აძლიერებს, გაცილებით საფუძვლიანს და "ცეცხლგამძლეს" ხდის . ნუ შეგეშინდებათ ფიქრის, თუ ურთიერთობას პერსპექტივაში განიხილავთ. როცა თქვენ გსურთ თავგადასავლებით, ემოციებით სავსე ცხოვრება, ის კი სიმყუდროვეს მიელტვის და გაცილებით პასიური ტიპაჟია, გამოდის, რომ მოლოდინების აცდენაა, რაც ბუნებრივია, მოსალოდნელ იმედგაცრუებაზე მიუთითებს. როცა პირველი ემოციების ღრუბლები გადაიწმინდება, მიხვდებით საკუთარ შეცდომას. ნუ შეიქმნით მოლოდინებს სასურველიდან გამომდინარე, ისწავლეთ პიროვნების რეალურად შეფასება, რომ დაახლოებით იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ მისგან.


image


შეცდომა IV - მოთმინების არქონა

"არსებობს ერთი ასეთი ანეგდოტი: მარია და ივან, როგორ გაძლო თქვენმა ქორწინებამ 60 წელი? - ჩვენ იმ პერიოდში დავქორწინდით, როდესაც დაზიანებულ ნივთებს კი არ ყრიდნენ, შეაკეთებდნენ ხოლმე"

ვიდრე ადამიანს საბოლოოდ გავითავისებდეთ და ჩვენიანად გამოვაცხადებდეთ, დიდი მოთმინების გამოჩენა მოგვიწევს - ჩვენი ხასიათის მოუხეშავი მხარეები უნდა შეეგუოს მისი ხასიათის მოუხეშავ მხარეებს, ანუ მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან. ნებისმიერი ტიპის ნაყოფიერ შედეგს შრომა სჭირდება. ამ შრომას მოთმინება და ნებისყოფა. ხასიათში სირთულეები ნებისმიერ ადამიანს აქვს. პიროვნული ურთიერთობები კი ცხოვრების ყველაზე რთული და კომპლექსური სფეროა. ორი ადამიანი მთელი თავისი ემოციური ბარგით მოდის ურთიერთობაში, ერთმანეთი რომ მიიღონ და შეეთავსონ, საკმაოდ დიდი მოთმინების ნიჭი სჭირდებათ. თუ ადამიანი კაპრიზულია, არასოდეს იღებს განსხვავებულ აზრს, შეუძლია ჩაიდოს გულში წყენა, ვერ ეგუება სხვების ნაკლოვანებებს, მას აუცილებლად ექნება პრობლემები ნებისმიერ ურთიერთობაში. თუნდაც რაღაცეები არ მოგწონდეთ, უტაქტობა და დელიკატურობის დაკარგვა სულაც არაა გამოსავალი. არც სხვისი გადაკეთების მცდელობას ექნება რამე შედეგი, აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია - უნდა შეეწყოთ. არც თქვენ ხართ იდეალური, ამიტომ გახდით შემწყნარებელი სხვების ნაკლოვანებების მიმართ. გამოიყენეთ სუნთქვა დასამშვიდებლად, თუ პირველი 5 წუთის მანძილზე შეძლებთ თავის შეკავებას, მერე აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში უბრალო წვრილმანზე გაბრაზდით, რომელიც სულაც არ ღირდა ამდენად.

შეცდომა V - იგი ჩემთან სხვანაირი იქნება

როგორ გამოავლენს თავს პარტნიორი ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში? ლაკმუსის ფურცლად გამოგადგებათ დაკვირვება, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მას საკუთარ მშობლებთან, დებთან და ძმებთან, როგორ ექცეოდა ყოფილ ცოლს. თვალში გხვდებათ უპატივცემულობა, უხეშობა და უყურადღებობა? დარწმუნებული იყავით, რომ ხანმოკლე პერიოდის მერე ის ასევე მოგექცევათ თქვენც. თუ იგი დღეს ოჯახის წევრებს უყვირის: "მოკეტე იდიოტო", ხვალ ეს "იდიოტი" თქვენ აღმოჩნდებით.


image


მეორე სიტუაცია, რომელიც კარგად გაჩვენებთ მისი თქვენდამი დამოკიდებულების პერსპექტივას - როგორ არჩევს იგი საჩუქრებს ახლობლებისათვის? ამ ერთი შეხედვით მარტივ ჟესტში ბევრი რამ ჩანს - იკვეთება მისი პიროვნული ბალანსი მიღებასა და გაცემას შორის. თუ მისგან ხშირად გესმით: "გზაში რამეს უცებ ვუყიდით", ე.ი. იგი გაცემაში არაფერს განსაკუთრებულს არ დებს, ეს უბრალოდ მოვალეობაა, რომლის თავიდან მოშორება სწრაფად სურს. ამ დროს კი თქვენ შესაძლოა რამდენიმე დღე ფიქრობდეთ რა აჩუქოთ საყვარელი ადამიანს, რომ გაახაროთ იგი. ეს ბალანსი თუ ასეთ ბანალურ სიტუაციებში მუდმივად ირღვევა, ნუ ჩათვლით უმნიშვნელო დეტალებად მათ. მერწმუნეთ, იგი ყველა სხვა შემთხვევაში დაირღვევა. ურთიერთობა რომ შედგეს, თქვენი ძირითადი ღირებულებები უნდა ემთხვეოდეს.

შეცდომა VI - იგი გამოსწორდება

დასაწყისში ყველას სჯერა, რომ მოახერხებს თავისი პარტნიორის შეცვლას, რომ მის გვერდით იგი მავნე ჩვევებს მოიშლის. მოგვიანებით კი წუწუნებს: "ვის ვაჩუქე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები?" პასუხი მარტივია - ვისაც გინდოდა, იმას აჩუქე. ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, მიდრეკილება თამაშისადმი, ნარკომანია და ა.შ. არ ინკურნება. ნუ გექნებათ ამის იმედი. იგი არათუ მოიშლის მათ, დიდი შანსია - მეტად ჩაეფლოს, თქვენი ზიზღი კი ამ ჩვევების მიმართ ასეთივე სიმძაფრით გაძლიერდება, რაც განქორწინებამდე მიგიყვანთ. თანაცხოვრება საოჯახო დრამად იქცევა და ნამდვილი ბრძოლის ველი გელით - შეიძლება პერიოდულად მოკლევადიან გამარჯვებებსაც მიაღწიოთ, მაგრამ ამას მოყვება ძალიან დიდი იმედგაცრუებები. ბევრი ასეთ პირობებს მარტივადაც ეჩვევა. ცხოვრებენ რა ალკოჰოლიკთან ან ფსიქოპატთან, ისინი მთელი ცხოვრება მსხვერპლის როლში რჩებიან.


image


შეცდომა VII - სექსი, სექსი…

ეს რთული, მოდური, პოპულარულ-არაპოპულარული თემაა და საკმაოდ კომპლექსურიც. პირველი ურთიერთობა თუ წარმატებულია, თქვენ გაქვთ შეგრძნება იმისა, რომ გაგიმართლათ, მაგრამ ქიმიას აცადეთ ცოტა ხანი, შესაძლოა თავისი განსაკუთრებული ძალა მალევე დაკარგოს, ან იქნებ არც დაკარგოს და ამ შემთხვევაში მართლაც გაგიმართლათ. როცა პირიქითაა და პირველი სექსი წარუმატებელია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დამთავრდა. თუ წარმატებული სექსუალური ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ ე.ი. იცნობთ საკუთარ სხეულს და ზუსტად ხვდებით, რომ პარტნიორი კარგად ვერ გგრძნობთ. აქ თქვენ აკეთებთ დასკვნას - როგორც ჩანს, ეს ჩემი ადამიანი არაა. შესაძლოა ერთმანეთთან უბრალოდ საკმარისად ვერ გაიხსენით, ამიტომ უმჯობესია, მისცეთ მას კიდევ რამდენიმე შანსი.

"ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმაზე, რამდენად განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან, არამედ იმაზე, როგორ უმკლავდებიან ისინი ამ განსხვავებებს" - რობერტ რეზნიკი (ლოს-ანჯელესის გელშტატ თერაპიის ინსტიტუტის დამფუძვნებელი და ცნობილი ტრენერი). გადამწყვეტ როლს ურთიერთგაგებაში გულახდილი დიალოგი ასრულებს. როგორც ბევრი ფსიქოლოგი აღნიშნავს, ადამიანებს ძალიან უჭირთ ამ უნარის გამოვლენა. როცა ისინი ურთიერთობის გარკვევას ცდილობენ, მონოლოგის რეჟიმში გამოთქვამენ თავიანთ პრეტენზიებს, მეორე მხარე კი თავს იცავს. სინამდვილეში არც ერთი მათგანი არ იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. თუ წყვილები დიალოგის ხელოვნებას დაეუფლებიან, მათი ურთიერთობა ხანგრძლივი და წარმატებული იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში



არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...



14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
1361
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1361
  
2019, 5 ივნისი, 5:44
14წლის ბავშვებზე როდის დაწერთ?
0 1 1