შოუბიზნესი "დავასრულე ურთიერთობა, რომელშიც მეგონა, რომ ექსპერტი ვიყავი" - ვინ და რატომ გაექცა თემო შენგელიას 2019, 27 მაისი, 10:11 ![]()
ლექსების წერა 14 წლიდან დაიწყო. როდესაც წერს, ბრძოლას გრძნობს სიტყვებთან, თვლის, რომ პოეტში სიგიჟე აუცილებელია, მეგობრობს მამა პეტრე კოლხთან და როგორც აღნიშნავს, ძალიან უყვარს და პატივს სცემს.
– როდის დაიწყე ლექსების წერა?ვინ იყო შენი პირველი ლექსის შთაგონების წყარო?
- ლექსების წერა დავიწყე დაახლოებით 13-14 წლის ასაკში. ერთ-ერთ პირველ ლექსზე სახალისო ისტორია მახსენდება, მომწონდა ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი გოგო, რომელიც რა თქმა უნდა, ბავშვად აღმიქვამდა. მე კი ერთი "ნატანჯი" ღამის შემდეგ ასეთი ლექსი დავუწერე: შენ რა გგონია, კვლავაც მიყვარხარ? არა შენ ცდები, მინდა იცოდე, მაგრამ ისევ მკლავს ის მოგონება, როცა გამწირე, არ შემიცოდე. თუმცა წამია წუთისოფელი და იმ იმედით დამაქვს ფიქრები, თუკი ამქვეყნად ვერ მოვახერხე, იმ ქვეყნად მაინც ჩემი იქნები... ეს ლექსი მეორე დღეს ჩუმად ჩავუგდე ჩანთაში და მაგის მერე მგონი აღარც მინახავს ეს გოგო.. პოეტად იბადები თუ შემდეგ ხდები? - ოვანეს თუმანიანი ქართველებზე ამბობდა, ყველა ქართველი პოეტია, ხოლო ყველა ქართველი პოეტი – ორმაგად პოეტი. პოეტური ნიჭით ადამიანი იბადება აუცილებლად, მაგრამ თუ არ განავითარე, არ იკითხე, არ იმუშავე, არ დახვეწე საკუთარი თავი, ნიჭი დარჩება ნიჭად და ვერაფრით იქნები სხვებისგან გამორჩეული. ![]() - პოეტი და სიგიჟე სტიგმაა და მეტი არაფერი. პოეტი ჩვეულებრივი ადამიანია, სხვებისგან საკუთარი აზრების ლამაზად გადმოცემით განსხვავებული. პოეტში აუცილებლად უნდა იყოს სიგიჟე, მაგრამ არა მის ქცევებში, არამედ მის წერით უნარებში და შესაძლებლობებში. განსაკუთრებით დამწყები პოეტები ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით, არაადეკვატური ქცევებითა და ზოგჯერ უტაქტობითაც პოეტისთვის მიკერებული გიჟის იარლიყის გამართლებას, რაც არასწორია. საზოგადოებაც მოელის შემოქმედისგან რაღაც ისეთს, ასეთია საზოგადოების ფსიქიკის მოთხოვნილება და შემდგომ მიწოდებაც ასეთივე ხდება, რადგან ადამიანი, როგორც კონფორმატული არსება, როგორც წესი თავისი თავისგან დამოუკიდებლად, აკეთებს იმას, რასაც მისგან მოელიან. – რას გრძნობ, როდესაც წერ? - როცა ვწერ, ვგრძნობ დიდ ბრძოლას, ვებრძვი სიტყვების კორიანტელს, მასალას, რომელიც უნდა დაიმორჩილო, გააშალაშინო, ჩასვა, გამართო, გაალამაზო, დაიცვა მარცვლები, სტრუქტურა და ამავდროულად, ამ ბრძოლაში არ დაკარგო ის შინაარსი, თავისი მთელი სიცხადით, რაც ჩაფიქრებული გქონდა. – რამდენი ლექსების კრებული გაქვს?უახლოეს მომავალში ფიქრობ გამოშვებას? - ლექსების სამი კრებული მაქვს, აქედან ორის გარკვეული რაოდენობა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ალბათ კიდევ იქნება შემორჩენილი. პირველი კრებული ეს იყო ჩემი ტკივილების სასაფლაო, კრებული, რომელშიც ჩემი სიძნელეები ჩავდე, სახელად "თვალები გეტყვის". მეორე კრებული გამოვეცით ერთობლივად მე და მამა პეტრემ, ხოლო მესამე კრებული "შენ იცი(ნი)", ეს იყო დამშვიდობება ჩემს წარსულთან. ახალი კრებული ალბათ დიდი ხანი არ მექნება. ახლა წერაში უძრაობის ხანა მაქვს. არც ინსპირაციები მაწუხებს. სხვათა შორის, მეგონა მყავდა ასეთი "შემწუხებელი", მაგრამ თურმე ვცდებოდი. თურმე ყველა პოტენციური ინსპირაცია ვერ დაიმსახურებს, მისით იკვებო და ლექსები უძღვნა. – როგორ ფიქრობ, შენს ლექსებს უკეთ წაიკითხავ და შეაფასებ თუ სხვისას? - ჩემი ლექსების შინაარს გავიგებ უკეთ რა თქმა უნდა და მათ სიყვარულში ვიქნები სუბიექტური. თორემ ლექსის ტექნიკური მხარის გარჩევისას მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლექსი ჩემია თუ სხვისი. ზედმეტი ქედმაღლობა ნამდვილად არ მაწუხებს ჩემს ლექსებზე. მე ვიცი სად და რა დონეზეა ჩემი ლექსები, ვიცი სად მაქვს სამუშაო და რამდენი. წინ დიდი გზაა. რაც შეეხება სხვის ლექსებს, მე მიყვარს სხვათა ლექსების კითხვა. ეს დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა. დილით, ერთი კარგი, მანამდე ჩემთვის უცნობი ლექსის წაკითხვამ, შეიძლება ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დღე ბედნიერებად მიქციოს. – შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი რომელიც გულშემატკივრებისგან მიგიღია?! - საჩუქარი ბევრი მახსოვს და ყველა საჩუქარი ყოველთვის დასაფასებელია. როცა ადამიანი რაღაცას გულით გჩუქნის, მნიშვნელობა არ აქვს ამ საჩუქრის ფასს და შედეგებს. ემოციურობის თვალსაზრისით კი რაც ხშირად მახსენდება ხოლმე, არის ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი სურათი. როცა ჩემი პირველი კრებული გამოდიოდა, ავღანეთიდან ავტომატებითა და ტყვიებით აწყობილი "თვალები გეტყვის" გამომიგზავნეს. როცა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში აქვთ ჩაგდებული, როცა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უცხოეთში იცავენ, ჩვენი ღირსების სადარაჯოზე დგანან და მაინც რჩებათ დრო პოეზიისა და სულიერი ზრდისთვის, ეს ნამდვილად დასაფასებელია. ეს მახსენდება ყველაზე ემოციურად. მადლობა მათ კიდევ ერთხელ და ყველას, ვისაც ჩემ გამო თავი ოდნავ მაინც შეუწუხებია. ეს ჩემთვის დიდი პატივია. – კრიტიკაზე რას ფიქრობ, ხშირად გაკრიტიკებენ? - ვერ გეტყვით, რომ ხშირად მაკრიტიკებენ. ხშირად არ მაკრიტიკებდნენ, მაშინაც კი, როცა დასაწყისში ძალიან ბავშვურ ლექსებს ვწერდი. ხომ იცით, ყველა გამომსვლელს თავისი ტაში აქვს გარანტირებული. თუმცა თუ რამემ გამზარდა, ამ ცხოვრებაში ეს ჯანსაღი კრიტიკა იყო სწორედ. კრიტიკა აუცილებელია და ვისაც ჯანსაღ კრიტიკაზე ალერგია აქვს, ის უბრალოდ ვერასდროს გაიზრდება. ყოველთვის მივიღებ სწორ კრიტიკას, რომელშიც ვხედავ ჩემდამი ზრუნვას და არა ლანძღვას, საკუთარი ბოღმის და ფრუსტრაციის გახარჯვის მცდელობას. ჯანსაღი კრიტიკა არის ყველაზე მაღალი სინჯის ოქრო, რამაც შეიძლება იმაზე მეტად გაგამდიდროს, ვიდრე წარმოგიდგენია. ![]() ![]() მგონია, რომ იმდენი ადამიანი გეხმარება საკუთარი სულის ტარებაში, რამდენ ადამიანსაც უყვარხარ... ავტორი: გურამი არუთინაშვილი 620 1-ს მოსწონს
|