კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშე - ანტიქრისტე (II ნაწილი) 2019, 29 მაისი, 8:17 თარგმნა ნატალია ჯანელიძემ. თავი 32. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ მხსნელ ტიპს ფანატიზმი მივაწერო: სიტყვა მბრძანებელი (imperieux), რომელსაც რენანი ხმარობდა, ტიპის სრულ ანულირებას ახდენს. „ხარება“ არის სწორედ ის „სასიხარულო გზავნილი“ იმის შესახებ, რომ წინააღმდეგობა აღარ არსებობს: „ცის სასუფეველი“ უკვე ბავშვებს ეკუთვნის. რწმენა, რომელიც განაცხადს აკეთებს თავის შესახებ, ბრძოლით არ მოიპოვება. ის აქ არის, ის მიანიშნებს ფსიქიკურის სფეროში ბავშვობაში დაბრუნებას. ასეთი შემთხვევები, შენელებული მომწიფებისა და ნაკლებად განვითარებული ორგანიზმისა, როგორც დეგენერაციის შედეგი, თუნდაც ფიზიოლოგებისთვის არის ნაცნობი. ასეთი რწმენა არც გაბრაზებს, არც გაკრიტიკებს, და არც თავს იცავს: მას არ მოაქვს თან „მახვილი“, წინასწარ ვერც გრძნობს, რომ შეიძლება განხეთქილების მიზეზი გახდეს. მას არ სჭირდება მტკიცებულებები, სასწაულის, წყალობის ან დაპირების სახით ან „წმინდა წერილით“. თვითონ ის ყოველ წამს არის „თავისივე“ სასწაული, „თავისივე“ წყალობა, „თავისივე“ დასტური „ღმერთის სასუფეველი“. ეს რწმენა არ ახდენს თავის ფორმულირებას და ფორმულირებას უარყოფს. ცხადია, გარემოს, ენის, განათლების შემთხვევითობა ცნებების გარკვეულ წრეს განსაზღვრავს: პირველი ქრისტიანობა მხოლოდ იუდეურ-სემიტური ცნებებით არის შემოფარგლული (ამას განეკუთვნება საჭმელი, სასმელი, რომელსაც ასევე ბოროტად იყენებს ეკლესია ზიარებისას, როგორც ყველაფერს ებრაულს). მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, რომ ამის მიღმა არაფერი ზედმეტი არ დაინახო, გარდა ნიშნების ენისა, სემიოტიკისა და იგავის საბაბისა. არც ერთი სიტყვა ამ ანტირეალისტისა პირდაპირ არ უნდა იყოს გაგებული - ეს არის წინასწარი პირობა, რათა მან საერთოდ შეძლოს ლაპარაკი. ინდოელებთან ის გამოიყენებდა სანკხის, ჩინელებთან ლაო-ძის ცნებებს და ამ დროს ვერც იგრძნობდა ვერავითარ განსხვავებას. იესოს შეიძლება, გარკვეული ტოლერანტობის პოზიციიდან, „თავისუფალი გონი“ ეწოდოს, - მისთვის მყარი არაფერი არსებობს: სიტყვა კლავს; ყველაფერი, რაც მტკიცეა და მყარი, კლავს, „სიცოცხლის“ ცნება, ცხოვრების გამოცდილება, - ერთადერთი, რასაც ის იცნობს, - ეწინააღმდეგება ყველა სახის სიტყვის ფორმულას, კანონს, რწმენას და დოგმას. ის მხოლოდ სიღრმისეულზე ლაპარაკობს და ამისთვის შემდეგ სიტყვებს იყენებს: „სიცოცხლე“ ან „ჭეშმარიტება“ ან „სინათლე“, დანარჩენს კი, მთელ რეალობას, მთლიანად, ბუნებას, თვით ენას, მისთვის ნიშნის, იგავის ფასეულობა გააჩნია. არ შეიძლება შეცდომის დაშვება იმის თაობაზე, თუ რა დიდი ცდუნებაა ჩადებული ქრისტიანულ, უფრო ზუსტად კი, საეკლესიო ცრურწმენაში: ასეთი სიმბოლისტი par excellence (უპირატესად) ყოველგვარი რელიგიის მიღმა დგას, ასევე, კულტის - ცნების, ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მსოფლიო გამოცდილების, ცოდნის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, წიგნების, ხელოვნების მიღმა. მისი ცოდნა იმის თაობაზე, რომ ამგვარი რამ საერთოდ არსებობს, სრული სიგიჟეა - კულტურის შესახებ მას მხოლოდ ყურმოკრულად გაეგება. მას არ სჭირდება კულტურასთან ბრძოლა, ის მას არც უარყოფს... ასევეა მისთვის სახელმწიფო, სამოქალაქო წყობა და საზოგადოება, სამუშაო, ომი. მას საფუძველიც არ ჰქონია სამყაროს უარყოფისა, ის ვერც „სამყაროს“ ეკლესიურ გაგებას მიუხვდა... უარყოფა არის მისთვის რაღაც შეუძლებელი რამ.. ასევე, არ არსებობს მისთვის დიალექტიკა. მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რომ „რწმენის“, „ჭეშმარიტების“ დამტკიცება შესაძლებელია დასაბუთებით (მისი დასაბუთება შინაგანი „სინათლე“ ჰგონია), სიამოვნებისა და თვითდამკვიდრების შინაგანი გრძნობა კი მხოლოდ ძალის დასტურია. ამგვარ მოძღვრებას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ის ვერ სწვდება იმას, რომ არსებობს ან თუნდაც შეიძლება არსებობდეს სხვა მოძღვრება და საპირისპირო მსჯელობა. თუ მისი მოძღვრება საპირისპიროს გადაეყრება, მას მხოლოდ სევდა შემოაწვება და „სიბრმავეში“ ღრმა თანაგრძნობა, რადგან თვითონ "სინათლეს" ხედავს, მაგრამ შედავება არ ძალუძს. თავი 33. „ევანგელეს“ მთელ ფსიქოლოგიას რამდენიმე ცნება აკლია: „დანაშაული“ და „დასჯა“. ასევე, „ცოდვა“, რომლითაც ადამიანსა და ღმერთს შორის დისტანციური დამოკიდებულება განისაზღვრება, გაუქმებულია და სწორედ ეს წარმოადგენს „ხარებას“. ნეტარებას არ გპირდებიან და ის არაფრით არის განპირობებული: ის ერთადერთი რეალობაა, დანარჩენი კი ნიშანია და სიმბოლო, რათა მასზე ილაპარაკო... ამგვარი მდგომარეობის შედეგი პროექტირებულია ახალ პრაქტიკაში, კერძოდ კი, ევანგელისტურ პრაქტიკაში. ქრისტიანი რწმენით კი არ განსხვავდება, ის სხვაგვარი მოქმედებით განსხვავდება. იმას, ვინც მის მიმართ ბოროტად არის განწყობილი, ის არც სიტყვით და არც გულში არ უწევს წინააღმდეგობას. ის არ განასხვავებს „თავისიანს“ და „უცხოს“, „ებრაელს“ და „არაებრაელს“ („მოყვასი“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის იუდეველი - ერთმორწმუნე). მისთვის უცხოა ვინმეზე განრისხება ან ვინმეს დამცირება. სასამართლოში ის არასდროს ჩნდება და არც იმის უფლებას იძლება, რომ მიცემულ იქნეს პასუხისგებაში („ფიცს ნუ დადებ“). ის ცოლს არავითარ შემთხვევაში არ გაეყრება, არც იმ შემთხვევაში, თუ მისი ღალატი დამტკიცდა, საფუძვლად ამას ერთი დებულება უდევს, - ერთი ინსტინქტის შედეგი და ერთი პრინციპი. მხსნელის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი პრაქტიკა. მისი სიკვდილიც ასეთივეა. მას არ გააჩნდა ფორმულები, არც რიტუალი სჭირდებოდა ღმერთთან ურთიერთობისთვის და აღარც ლოცვა. ის მთლიანად განუდგა იუდეურ, მონანიებასა და შერიგების მოძღვრებას. მან იცის, რომ ეს არის ცხოვრებისეული პრაქტიკა, რითაც თავს „ღვთიურად“ იგრძნობ, „ნეტარად“, „ევანგელისტურად“; მუდმივად „ღვთის“ შვილად იგრძნობ თავს; ღვთისკენ მიმავალი გზის არსი არც „მონანიებაა“ და არც „პატიების“ ცოლვა. ღვთისკენ მხოლოდ ევანგელისტურ პრაქტიკას მიჰყავს, სწორედ ის არის „ღმერთი“. ევანგელემ საბოლოოდ მოუღო ბოლო იუდეველთა გაგებას „ცოდვის“, „ცოდვის მიტევების“, „რწმენის“ და „ხსნისას", - იუდეველთა მთელ მოძღვრებას უარყოფდა „ხარება“. ღრმად ჩამალული ინსტინქტი, როგორ უნდა იცხოვრო, რომ თავი „ზეცაში“ იგრძნო, თან „მარადიულად“, მაშინ, როდესაც სხვაგვარი ქმედებებისას თავს „ზეცაში“ ვერ იგრძნობ; ერთადერთი ფსიქოლოგიური რეალობა „ხსნისთვის“, - ეს მხოლოდ ქცევის ახალი წესია და არა ახალი რწმენა. თავი 34. მე თუ ამ დიდი სიმბოლისტის რამე გამეგება, მაშინ ეს ის არის, რომ მან შინაგანი „რეალობები“ ფაქტებად გამოიყვანა, - დანარჩენი კი, ყველაფერი ბუნებრივი, დროითი, სივრცობრივი და ისტორიული, - ნიშნებად და საბაბად იგავისთვის. ცნება „ძე კაცისა“ არ წარმოადგენს კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ისტორიის კუთვნილებაა, რაღაც განცალკევებული ერთადერთი, არამედ გულისხმობს „ მარადიულ“ ფაქტს, დროის ცნებებისაგან გაცლილ ერთგვარ ფსიქოლოგიურ სიმბოლოს. იგივე შეიძლება ითქვას „ღმერთზე“, ამ ტიპურ სიმბოლისტზე, „ღვთიურ სასუფეველზე“, „ღვთისშვილობაზე“, მაგრამ უფრო მაღალი გაგებით. არაფერია ისეთი არაქრისტიანული, როგორც უხეში, ეკლესიური გაგება ღმერთზე, როგორც პიროვნებაზე, მომავალ „ღვთის სასუფეველზე“, - „საიქიოზე“ „ღვთისშვილობაზე“, სამების მეორე პირზე. ეს ყველაფერი, - მომიტევებენ ჩემს გამოთქმას, - თვალში მუშტია! - ოო, რომელ თვალში! - ევანგელიკურში: მსოფლიო-ისტორიული ხინიზმი სიმბოლოს შებღალვისა. მაგრამ ყველაფერი, რაც „მამას“ და „ძეს“ ეკუთვნის, ხელისგულზეა. მაგრამ არა ყველა „ხელისა“. ვაღიარებ: „ძე“ - ში იგულისხმება საერთო - ფერისცვალების გრძნობაში შესვლა (ნეტარება), სიტყვა „მამა“ - ში - თვით ეს გრძნობა, მარადიულობის - სრულქმნილების - გრძნობა. სირცხვილი მეუფლება, როცა ვახსენებ, რა გაუკეთა ეკლესიამ სიმბოლიზმს: ხომ არ დააყენა ქრისტიანული რწმენის ზღურბლზე ამფიტრიონის ისტორია? და კიდევ „უბიწო ჩასახვის დოგმა“, ჩასახვის სახელი რომ გაუტეხა. „ცის სასუფეველი“ გულის მდგომარეობაა, და არა ზემიწიერი, რომელიც სიკვდილის მერე დაგვეუფლება. სახარებას აკლია სიკვდილის ცნების ბუნებრივი აღწერა: სიკვდილი არის ხიდი, არც „გადასასვლელი“, ის არ არსებობს, რადგან სხვა განზომილებას ეკუთვნის, მხოლოდ მოჩვენებითს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. „სიკვდილის საათი“ არ არის ქრისტიანული გაგება. „ხარების“ მქადაგებლებისთვის არ არსებობს „საათი“, „დრო“, ფიზიკური ცხოვრება და კრიზისები. „ღვთის სასუფეველი“ არ წარმოადგენს იმას, რასაც ელოდებიან. მას არც „გუშინ“ გააჩნია და არც „ზეგ“, ის არც „ათას წელიწადში“ მოვა - ის მხოლოდ გულის გამოცდილებაა. ის ყველგან არის და არსად არ არის. თავი 35. „მახარებელი“ მოკვდა ისე, როგორც იცხოვრა, როგორც მოძღვრავდა - არა იმისთვის, რომ „ადამიანები ეხსნა“, არამედ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, როგორ უნდა იცხოვრო, ის, რაც მან კაცობრიობას დაუტგოვა, პრაქტიკაა: მისი საქციელი მოსამართლეებთან, მდევნელებთან, ბრალმდებლებთან, ყველა სახის ცილისმწამებლებთან, დამცინავებთან, - მისი საქციელი ჯვარზე: ია არ უწევდა წინააღმდეგობას, არც თავის უფლებას იცავდა, ნაბიჯიც არ გადაუდგამს იქით, რომ უკიდურესი საშიშროება აეცილებინა. პირიქით, თითქმის იწვევდა ამ საშიშროებას... ის ლოცულობს, ეწამება, სიყვარულშია მათთან და მათში, ვინც მის მიმართ ასეთ ბოროტებას ჩადის. სახარებამ შემოინახა სიტყვები, რომელიც ჯვარცმულ ყაჩაღს ეკუთვნის: „ის ჭეშმარიტად ღვთიური ადამიანია, ღვთის შვილი!“ - ამბობს ყაჩაღი. „შენ თუ ამას გრძნობ, სამოთხეში ხარ და შენც ღვთის შვილი ხარ“. არც სიბრაზე და არც წინააღმდეგობა და პასუხისგებაში მიცემა... არამედ, არ აღუდგე ბოროტს - გიყვარდეს ის! თავი 36. მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია წინაპირობა, განთავისუფლებული გონებით, რომ გავიგოთ ის, რაც ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში გაუგებარი რჩებოდა, - ის ინსტინქტი და სამართლიანობის ამაღლებული გრძნობა, რომელსაც ხელეწიფება ბრძოლა „წმინდა სიცრუესთან“, ვიდრე ჩვეულებრივ სიცრუესთან... ხალხი გამოუთქმელად შორს იყო ჩვენნაირი ნეიტრალობისაგან, სიყვარულით და წინდახედულებით რომ არის სავსე, სულის დისციპლინისგან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა, უცხო და ფაქიზი საგნების ამოცნობა. ნებისმიერ დროს მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ, უსირცხვილო ეგოიზმით შეპყრობილები. ეკლესია სახარების საწინააღმდეგოდ ააგეს, ვინც ნიშნის ძებნას მიყოფდა ხელს, რათა ეხილა სამყაროთა თამაშების მიღმა ირონიული ღვთაების თითი, ის არც ისე ცოტა მტკიცებულებას იპოვიდა იმ უდიდესი კითხვის ნიშნისას, რომელსაც ქრისტიანობა წარმოადგენს: კაცობრიობა მუხლებზე დაემხო იმის წინაშე, რაც ევანგელეს დასაბამი აზრის საწინააღმდეგო იყო, მისი არსისა და უფლებისა. „ეკლესიის ცნებაში“ მან სიწმინდით აღიარა ის, რაც „მახარებლისათვის“ დაბლა მდგომად მიაჩნდა, ასევე, თავის უკან მდგომად, - ამაოდ მოიძიებს ადამიანი მსოფლიო ისტორიაში ირონიის უფრო ძლიერ ფორმას. თავი 37. ჩვენი საუკუნე ამაყობს თავისი ისტორიული გრძნობით, როგორ შეიძლებოდა ისეთი უაზრობის დაჯერება, რომ ქრისტიანობის სათავეში დგას უხეში იგავი სასწაულმოქმედზე და მხსნელზე, - და ყველაფერი სულიერი და სიმბოლური მხოლოდ მოგვიანებით განვითარდა? პირიქით: ქრისტიანობის ისტორია, და სწორედ ჯვარცმის შემდგომ, - არის თანდათანობითი გაუხეშება თავდაპირველი სიმბოლიზმისა. უხეშ, ფართე მცნებაზე, ქრისტიანობის პირველწყაროსთან დაკავშირებით. სულ უფრო აუცილებელი ხდებოდა ქრისტიანობის ვულგარულ, ბარბაროსულ დონემდე დაყვანა. ამ მოთხოვნილებამ რომის იმპერიის ყველა მიწისქვეშა კულტი შთანთქა, ამასთანავე, ავადმყოფური გონების მთელი უაზრობა გაიყოლა. ქრისტიანობის ბედი მდგომარეობს იმაში, რომ რწმენაც ავადმყოფური გახდეს, მდაბალი და ვულგარული, რადგან მოთხოვნილებებია მდაბალი და ვულგარული, მან კი ისინი უნდა დააკმაყოფილოს. ავადმყოფი ბარბაროსობის ძალაუფლების ჯამური სურათი ეკლესიის ფორმით გამოიხატება, რომელიც სიმართლესთან შეურიგებელ ბრძოლაშია; არც სულის სიმაღლეა მისთვის მისაღები, არც სულის დისციპლინა და არც თავისუფლად და კეთილად განწყობილი ჰუმანურობა. ქრისტიანული - კეთილშობილი ღირებულებებია: მხოლოდ ჩვენ, განთავისუფლებულმა გონმა, აღვადგინეთ წინააღმდეგობა, რომელიც კი ოდესმე არსებულა ღირებულებათა შორის! თავი 38. ამ ადგილას ლამის სული შემეხუთოს. არსებობს დღეები, როდესაც შავი, უშავესი მელანქოლიის გრძნობს დამეუფლება ხოლმე, - ადამიანისადმი ზიზღისა, ეჭვი იმის თაობაზე, თუ ვინ მეზიზღება, ზედმეტია. მე თანამედროვე ადამიანი მეზიზღება, რომლის თანამედროვეც, საბედისწეროდ, გახლავართ. დღევანდელი ადამიანი, - სული მეხუთება მისი უწმინდური ჰაერისაგან. წარსულის მიმართ, როგორც ყოველ შემმეცნებელს, დიდი ტოლერანტობა გამაჩნია, ასე ვთქვათ, დიდსულოვანი თვითიძულება. პირქუში სიფრთხილით უნდა გავიარო ეს სამყარო, ათასწლეულების მანძილზე საგიჟეთს რომ წარმოადგენდა, ერქვას მას „ქრისტიანობა“, „ქრისტიანული რწმენა“ ან „ქრისტიანული ეკლესია“. მე თავს ვიკავებ, რომ კაცობრიობა გამოვაცხადო პასუხისმგებლად სულიერი დაავადებებისათვის. მაგრამ ჩემი სული აღშფოთებულია და გული მიტრიალდება, როდესაც უახლეს, ჩვენს დროში შევდივარ. ჩვენი დრო ცოდნის დროა... რაც ოდესღაც მხოლოდ ავადმყოფურად ითვლებოდა, ახლა სათაკილო და არასაკმარისი გახდა. სათაკილოა იყო ქრისტიანი, აი, სწორედ აქ იწყება ჩემი ზიზღი. აქეთ - იქით ვიყურები: არც ერთი სიტყვა აღარ შემორჩა, რომელსაც ოდესღაც ჭეშმარიტება ერქვა. ჩვენ ვეღარ ვუძლებთ მხოლოდ საეკლესიო პირის მიერ წარმოთქმულ სიტყვა „ჭეშმარიტებას“. პატიოსნებაზე მცირეოდენი პრეტენზიითაც კი, ვაღიაროთ, რომ თეოლოგის, ქურუმის, მღვდლის მიერ ყოველ ჯერზე წარმოთქმული, არა მარტო ცდომილებაა, არამედ „სიცრუე“, მაგრამ ის აღარ არის თავისუფალი და ტყუის არა „უდანაშაულოდ“, არა „უცოდინარობით“; არამედ მან კარგად იცის, ომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, არავითარი „ცოდვილი, „არავითარი „მხსნელი“, - რომ „თავისუფალი ნება“, „ზნეობრივ-მორალური წყობა“ - სიცრუეა. სულს სერიოზული, ღრმა თვითგამორკვევა აღარავის აძლევს ამის არცოდნის უფლებას. საეკლესიო ცნებები ბოლომდე ამოიცნეს, ანუ ეს არის ყველაზე ბოროტი, ყალბი ფულის ჭრა, რომელიც კი ოდესმე არსებულა, იმ მიზნისათვის, რომ გააყალბო ბუნება, ბუნებრივი ღირებულებები. მღვდელიც ბოლომდე ამოიცნეს. ის უდიდესი პარაზიტია, სიცოცხლის შხამიანი ობობა. ჩვენ და ჩვენმა სინდისმა უკვე ვიცით, რა ფასი აქვს მღვდლებისა და ეკლესიის ამ საშინელ გამოგონებას, რას ემსახურება ის, რის წყალობითაც კაცობრიობამ ხრწნის ისეთი სახე მიიღო, რომ მისი დანახვისას ზიზღის გრძნობა გეუფლება. გამოთქმები, - „საიქიო“, „საშინელი სამსჯავრო“, „სულის უკვდავება“ - წამების იარაღებია. სისასტიკეთა სისტემა, რომელმაც საეკლესიო პირი აღაზევა და ბატონად გახადა და ის ასეთად დარჩა კიდეც. მაგრამ არაფერი იცვლება, სად ჩაიკარგა წესიერების გრძნობის უკანასკნელი ნარჩენები, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეები, სხვა შემთხვევაში თამამი და სულით ხორცამდე ანტიქრისტიანები, თავს ახლაც ქრისტიანს უწოდებენ, ზიარებაზე დადიან. ახალგაზრდა იმპერატორი, ლეგიონების სათავეში, თავისი დიდებულებით ცხადდებოდა, როგორც თავისი ხალხის ეგოიზმისა და ამპარტავნობის გამომხატველი, და უსირცხვილოდ აღიარებს თავს ქრისტიანად. მაშ, ვის უარყოფს ქრისტიანობა? რა არის მისთვის „სამყარო“, ჯარისკაცი, მოსამართლე, პატრიოტი, ყველაფერი, რასაც იცავენ, რაც ღირსებას და პატივს წარმოადგენს, რაც გამორჩენას ეძებს, რასაც სიამაყის გრძნობა გააჩნია... ყოველი წამის თითოეული პრაქტიკა, ყოველი ინტელექტი, ყოველი შეფასება, რომელიც საქმედ გარდაიქმნება. - ეს ყველაფერი ახლა ანტიქრისტიანულია: სიყალბის რა დონის გადაგვარებაა თანამედროვე ადამიანი, თუ ის, მიუხედავად ყველაფრისა, არ თაკილობს, რომ ქრისტიანი ერქვას. თავი 39. მე ქრისტიანობის ჭეშმარიტი ისტორიის მოყოლას ვუბრუნდები. სიტყვა ქრისტიანობა გაუგებარია. - ძირითადად, ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. „ევანგელე“ ჯვარზე მოკვდა. ის, რასაც იმ წამიდან სახარებას უწოდებენ, მისი ცხოვრების საწინააღმდეგოს წარმოადგენს, „ცუდ ცნობას“ (Dysangelim). უაზრობაზე ყალბია, რწმენაში დაინახო ქრისტიანის ხსნაზე მინიშნება: ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთისთვის კი აუცილებელიც: თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება, არა ბევრის კეთება, არამედ სხვანაირი „ყოფნა“ ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც გწამს, ან რაღაცას ჭეშმარიტებად აღიარებ, ყოველი ფსიქოლოგისთვის ცნობილია, რომ ამგვარი მდგომარეობა უმნიშვნელოა და მეათეხარისხოვანი, ინსტინქტების ღირებულებებთან შედარებით: მკაცრი შეფასებით, სულიერი მიზეზობრიობის ცნება ყალბია. ქრისტიანული განწყობის დაყვანა მხოლოდ ჭეშმარიტების აღიარებამდე, ცნობიერების ცარიელ-დაცლილ მდგომარეობამდე, ქრისტიანობის უარყოფას ნიშნავს. სინამდვილეში ქრისტიანები არ არსებობენ, „ქრისტიანი“, როგორც ორი ათასწლეულის მანძილზე მოიხსენიებენ, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ თვითგაუგებრობას. თუ უფრო დავაკვირდებით, ადამიანში, ყველანაირი „რწმენის“ მიუხედავად, ბატონობდნენ ინსტინქტები - და რა ინსტინქტები! ყველა დროში, მაგალითად, ლუთერის დროს, რწმენა იყო მანტია, საბაბი, საფარი, რომლის მიღმაც ინსტინქტები თავის თამაშს თამაშობდნენ, ანუ კეთილგონიერი სიბრმავე გარკვეული ინსტინქტების ბატონობის მიმართ. „რწმენა“ - მე უკვე ვუწოდე მას ქრისტიანული კეთილგონიერება, - მასზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ და ინსტინქტების კარნახით მოქმედებდნენ... ქრისტიანების წარმოდგენათა სფეროში არაფერია, რაც სინამდვილეს ეხება: პირიქით, ძირშივე ის მხოლოდ სინამდვილის სიძულვილის სიძულვილს შეიცავს, მას მხოლოდ ეს მამოძრავებელი ელემენტი უდევს საფუძვლად. რა არის ამის შედეგი? ის, რომ ფსიქოლოგიაში ცდომილება რადიკალურია, ანუ განმსაზღვრელია სუბსტანცია. მოვაშოროთ ამ ჩამონათვალს თუნდაც ერთი ცნება, მის ადგილას ჩავანაცვლოთ ერთადერთი რეალობა, - მთელი ქრისტიანობა არარად იქცევა! თუ სიმაღლიდან გადმოვიხედავთ, ყველაზე უცნაური ფაქტი არსებული ფაქტებიდან - ეს არის რელიგია, რომელიც არა მარტო ცდომილებებით არის განპირობებული, არამედ სიცოცხლისთვის მავნე და გულისმომწამვლელი ცდომილებებით - გამოგონებებით ამ საკითხში ის გენიის დონემდეა ასული. ეს რელიგია საუკეთესო სანახაობად რჩება ღმერთებისთვის, იმ ღვთაებებისთვის, რომლებიც ამავე დროს ფილოსოფოსები არიან და მეც შევხვედრილვარ მათ ნაქსოს დიალოგებში. იმ წამს, როდესაც ზიზღისგან თავისუფლდებიან (და ალბათ ჩვენგანაც!), ისინი მადლიერების გრძნობით აღივსებიან ქრისტიანული სანახაობის მიმართ: საბრალო პატარა ვარსკვლავი, დედამიწა, ამ კურიოზული შემთხვევის გამო შეიძლება იმსახურებდეს ღვთის თვალს, ღვთის თანაგრძნობას... ნუ გავიმეტებთ დაბალი შეფასებისთვის ქრისტიანს, „უდანაშაულობამდე“ ყალბს, რომელიც საგრძნობლად მაღლა დგას მაიმუნზე. ადამიანის წარმოშობის თეორია, ქრისტიანობისთვის კარგად ცნობილი, ცარიელ თავაზიანობად იქცა. თავი 40. სახარების ბედისწერა სიკვდილმა გადაწყვიტა - ის ჯვარს აცვეს. მხოლოდ ამ სიკვდილმა, მოულოდნელმა და სამარცხვინომ, მხოლოდ ჯვარმა, რომელიც უკანასკნელი გარეწრებისათვის იყო შემონახული, - სწორედ ეს საზარელი პარადოქსი ექცათ მოსწავლეებს გამოცანად: „ვინ იყო და რა იყო ის?“ - შემაძრწუნებელი და ღრმად შეურაცხმყოფელი გრძნობა, ეჭვი იმისა, რომ ასეთმა სიკვდილმა შეიძლება მათი საქმე გააბათილოს, საოცარი კითხვითი ნიშანი - „რატომ მაინცდამაინც ასე?“ - ასეთი განწყობა სავსებით გასაგებია. აქ ყველაფერი საჭირო იყო, აზრი, გონება, - უმაღლესი გონება უნდა ჰქონოდა ყველაფერს. მოსწავლის სიყვარულისთვის დაუშვებელია შემთხვევითობა. ახლა კი ღრმა უფსკრული გაჩნდა: „ვინ ოკლა ის? ვინ იყო მისი ბუნებრივი მტერი?“ ამ აზრმა ელვასავით გაიარა. პასუხი: გაბატონებული იუდეველობა, მისი მაღალი საზოგადოება. ამ მომენტიდან გაჩნდა აღშფოთება არსებული წესრიგის წინააღმდეგ. აქამდე მის ხასიათს სწორედ ეს თვისება აკლდა - მებრძოლი, უარმყოფელი სიტყვითა და საქმით, მეტიც, ის იმ წესრიგის სრული საპირისპირო იყო. ჩანს, მცირერიცხოვან რელიგიურ მრევლს მთავარი ვერ გაეგო: სამაგალითო ასეთ სიკვდილში - თავისუფლება, წყენისა და გაბრაზების ყოველგვარ გრძნობაზე ამაღლება, - ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას მისი ნაკლებად ესმოდა. თავისთავად, თავისი სიკვდილით ქრისტეს არაფერი სურდა, გარდა მცდელობისა, დაემტკიცებინა თავისი მოძღვრების სიძლიერე. მაგრამ მისი მოსწავლეები შორს იდგნენ იმ აზრისაგან, რომ ეს სიკვდილი ეპატიებინათ, რაც უაღრესად ევანგელიკური იქნებოდა, ან მშვიდი და წყნარი გულით თავი გაეწირათ ასეთი სიკვდილისათვის... სწორედ არაევანგელიკურმა გრძნობამ იმძლავრა მათში, შურისძიების გრძნობამ. საქმე ამ სიკვდილით ვერ დამთავრდებოდა: „შურისძიება“ გარდაუვალი იყო, „სასამართლო“ (თუმცა რა შეიძლება იყოს უფრო არაევანგელიკური, ვიდრე“შურისძიება“, „დასჯა“, „სასამართლო“). წინა პლანზე კვლავ გადმოიწია პოპულარულმა თემამ - „მესიის მოლოდინი“. დროულად იქნა გამოყენებული ისტორიული მომენტი: მოვა „ღვთის სასუფეველი“, რათა მისი მტრები გაასამართლოს... მაგრამ ამით ყველაფერი გაუგებარი გახდა: „ღვთის სასუფეველი“, როგორც საბოლოო აქტი, როგორც დაპირება! სახარება იყო სწორედ ყოფიერება, აღსრულება, სასუფევლის ყოფიერება! ოღონდ ახლა მასწავლებლის ტიპში ჩართეს მთელი ზიზღი და გამწარება ფარისევლებისა და თეოლოგებისადმი და ამით ისიც ფარისეველი და თეოლოგი გახადეს! მეორე მხრივ, ამ თავაწყვეტილი სულების მიერ განდიდება ვეღარ უძლებდა სახარების დებულებას „ღვთის შვილთა“ თანასწორობის შესახებ, რასაც ასე მხურვალედ ქადაგებდა იესო. მათი სურვილი იყო იესოს უსაზღვრო განდიდება შურისძიებით, მისი გამოცალკევება საკუთარი თავისგან: სავსებით ისე, როგორც გამოეყვნენ თავის ღმერთს, მტრებისადმი შურისძიებით და განადიდეს ის. ერთი ღმერთი და ერთიც შვილი ღვთისა, ორივე - სიბრაზისა და შურისძიების ressentiment–ის ნაყოფი. თავი 41. ახლა კი ზედაპირზე აბსურდული პრობლემა ამოტივტივდა: „როგორ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ?“ პატარა მრევლის შელახულ გონებაში იმწამსვე გაჩნდა აბსურდული პასუხი: ღმერთმა თავისი შვილი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად გაწირა! ამგვარად, სახარების პრობლემა გადაიჭრა! განწმენდის მსხვერპლი, და თანაც ყველაზე საზარელი, ბარბაროსული ფორმით! იესომ თვით „დანაშაულის“ ცნება მოსპო, მან სრულიად უარყო უფსკრული ღმერთსა და ადამიანს შორის, თავისი ცხოვრებით მან ღვთისა და ადამიანის ერთიანობა წარმოადგინა, როგორც თავისი „ხარება“... და არა როგორც უპირატესობა. უდანაშაულო მსხვერპლი დანაშაულთა ცოდვებისთვის: რა საზარელი წარმართობაა! ამის შემდგომ მხსნელის ტიპში ნაბიჯ-ნაბიჯ დაინერგა მოძღვრება „სამსჯავროზე“ და „მეორედ მოსვლაზე“, სამსხვერპლო სიკვდილზე და „აღდგომაზე“. ამან, სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის სასარგებლოდ, ოინის დონეზე, მთლიანად გააქრო სახარებიდან ერთადერთი რეალობა - „ნეტარების“ ცნება. პავლემ, რაბინის თავხედობით და თვალთმაქცობით, რაც მისთვის დამახასიათებელია, ამ აღვირახსნილ აზრს შემდეგი ფორმულირება მოუნახა: „თუ ქრისტე არ აღსდგა, ჩვენი რწმენა ამაოა!“ - და სახარება გახდა ყველაზე მიუღებელი, თუ რამ არსებობს აუსრულებელი დაპირებებიდან - უსირცხვილო მოძღვრება საკუთარ უკვდავებაზე... ამის ესახებ პავლე როგორც წყალობაზე, ისე ქადაგებდა. თავი 42. ახლა ცხადი გახდა, რას მოუღო ბოლო ჯვარზე სიკვდილმა: ახალ, თვითმყოფად ლტოლვას ბუდისტური სიმშვიდისაკენ, ნამდვილ, და არა დაპირებულ ბედნიერებას ამქვეყნად. ეს არის, - როგორც მე მივუთითე, ძირითადი განსხვავება ორ დეკადენტურ რელიგიას შორის: ბუდიზმი ასრულებს, წინასწარი დაპირების გარეშე, ქრისტიანობა კი ყველაფერს ჰპირდება და არაფერს ასრულებს. ხარებას ფეხდაფეხ მოჰყვა საშინელი ცნობა, ცნობა პავლეს შესახებ. პავლეში განსახიერდა „მახარებლის“ საწინააღმდეგო ტიპი: სიძულვილის გენიოსი, სიძულვილის ზმანების გენიოსი, ზმანებაში ულმობელი ლოგიკის გენიოსი. რა არ მოუტანა მსხვერპლად ამ კაცთმოძულემ თავის სიძულვილს! პირველ რიგში, მხსნელი: მან ის ჯვარს აცვა. ცხოვრება, მაგალითი, მოძღვრება, სიკვდილი, არსი და უფლება სახარებისა, - აღარაფერი დარჩა, როდესაც ეს ყალბი ფულისმჭრელი თავისი სიძულვილით ჩასწვდა იმ ერთადერთს, რაც მას სჭირდებოდა. არა რეალობა, არა ისტორიული ჭეშმარიტება! მან, კიდევ ერთხელ, იუდეველი ქურუმის ინსტინქტით, ისტორიის მიმართ დანაშაული ჩაიდინა. მან ამოშალა გუშინდელი და გუშინწინდელი დღე ქრისტიანობისა და უფრო მეტიც: ისრაელის ისტორია კიდევ ერთხელ გააყალბა, რათა თავისი საქმისათვის საჭირო წინარეისტორიად წარმოედგინა: ყველა წინასწარმეტყველი „მხსნელზე“ საუბრობდა, ეკლესიამ კაცობრიობის ისტორიაც კი გააყალბა და ის ქრისტიანობის წინარეისტორიად წარმოადგინა... „მხსნელის“ ტიპი, მოძღვრება, პრაქტიკა, სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი პერიოდის ძირითადი აზრი, - ხელშეუხებელი არაფერი დარჩა, არაფერი დარჩა სინამდვილესთან ოდნავ მიახლოებული. სიმძიმის ცენტრი მთელი მაშინდელი ყოფიერებისა პავლემ ამ ყოფიერების მიღმა გადაიტანა, აღმდგარი ქრისტეს სიცრუეზე. მხსნელის ცხოვრება მას საერთოდ არ სჭირდებოდა, მას სჭირდებოდა სიკვდილი ჯვარზე და კიდევ რაღაც... ფსიქოლოგიის მხრიდან ეს იქნებოდა სინამდვილეში niaiserie, რომ პავლე, რომლის სამშობლოშიც იყო სტოიკური განმანათლებლობის კერა, პატიოსნად ჩაეთვალა, როდესაც ის ჰალუცინაციას მხსნელის მარადიული სიცოცხლის შესახებ, მტკიცებულებად ასაღებდა, ან დაეჯერებინა მისი მონათხრობი, რომ მას ეს ჰალუცინაცია გააჩნდა. პავლეს მიზანი სჭირდებოდა და ამისთვის, ცხადია, გარკვეული საშუალებებიც... რისიც თვითონ არ სჯეროდა, სჯეროდათ იდიოტებს. რომელთა შორისაც ის უხვად აფრქვევდა თავის მოძღვრებებს. შინაგანი სწრაფვა იყო მხოლოდ ძალაუფლება; მას სჭირდებოდა მხოლოდ ცნებები, მოძღვრება, სიმბოლოები, რითაც მასებზე ტირანიას შეძლებდა, ბრბოც ხომ ასე წარმოიქმნება! რას დაესესხა მუჰამედი ქრისტიანობას? ერთადერთს - პავლეს გამოგონებას: ქურუმის ტირანიასა და ბრბოს შექმნას, უკვდავები რწმენას, ანუ მოძღვრებას „სამსჯავროზე“. თავი 43. როდესაც სიმძიმის ცენტრი არა სიცოცხლეზე, არამედ „საიქიოზეა“ გადატანილი, სიცოცხლეს სიმძიმის ცენტრი არ გააჩნია, რადგან „იქ“ მხოლოდ „არარაა“. უზარმაზარი სიცრუე ადამიანის უკვდავებისა ანგრევს ყველანაირ საღ გონებას, ყოველგვარ ბუნებრივ ინსტინქტს. ყველაფერი, რაც ინსტინქტში კეთილისმყოფელია, სიცოცხლეს უწყობს ხელს, რაც მომავალს თავდებობს, ეჭვს ბადებს. ცხოვრება ისე, რომ სიცოცხლეს აზრი არა აქვს, ცხოვრების ძირითადი აზრი ხდება... რისთვის არის საჭირო სოლიდარობის გრძნობა ან წარმავლობის მადლიერების გრძნობა წინაპრების მიმართ, ან ერთად მუშაობა, ნდობა, საერთო კეთილდღეობისათვის ზრუნვა და ამაზე ყურადღების გამახვილება? ამდენი ცდუნება და სწორი გზიდან გადახვევა. „საჭირო ერთადერთია“... როგორც „უკვდავი სული“, რომელიც სხვისი თანასწორი უნდა იყოს, რათა ცოცხალ არსებათა ერთობლიობაში მხოლოდ მას ჰქონდეს უფლება „ხსნაზე“ და პრეტენზია მარადიულ სიცოცხლეზე. ფარისევლებსა და ნახევრადშერეკილებს უნდა შეექმნათ ცრუ წარმოდგენა, რომ მათ გამო ბუნების კანონები ირღვევა. ასეთი უტიფარი სიცრუისა და ეგოიზმის უსასრულობამდე გაზრდას, ასევე, სრულ უსირცხვილობას უნდა მიეცეს შესატყვისი შეფასება, რომელსაც სიტყვა „ამაზრზენი“ გამოხატავს. მაგრამ ქრისტიანობამ სწორედ ცალკეული ადამიანის პატივმოყვარეობით მიაღწია გამარჯვებას. ამით მიიზიდა მან ყველა უიღბლო, მეამბოხედ განწყობილი და იმედგაცრუებული, მთელი ნაყარნუყარი ნაძირალები. „სულის ხსნა“ გერმანულად: „სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებს“... საწამლავი მოძღვრებისა: „ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს“ - ქრისტიანობამ საფუძვლიანად დათესა, მან მოახერხა, სულის ყველაზე ფარულ კუნჭულებში უარყოფითი ინსტინქტების ამოქმედებით, ადამიანებს შორის სამკვდრო- სასიცოცხლო მტრობის დათესვა. მან გაანადგურა მოწიწებისა და მოკრძალებული დისტანციის გრძნობა, რაც კულტურის ამაღლებისა და განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. მასების უკმაყოფილებიდან მან ჩვენ წინააღმდეგ გამოიძერწა იარაღი, დედამიწაზე კეთილშობილების, სიხარულის განცდის, დიდსულოვნების წინააღმდეგ. პეტრესა და პავლეს მიერ უკვდავების აღიარება დღემდე უდიდესი და უბოროტესი თავდასხმაა კაცობრიობის არისტოკრატიულ ნაწილზე: ეს ბედისწერა სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან მან პოლიტიკაშიც შეაღწია! აღარავის გააჩნია სიმამაცე, განაცხადოს საკუთარი უფლებები ბატონობაზე, მოწიწების გრძნობაზე საკუთარი თავისა თუ მისი მსგავსის მიმართ. ჩვენი პოლიტიკა სწორედ სიმამაცის ნაკლებობით არის დაავადებული. არისტოკრატულ აზრთა წყობა სამუდამოდ დასამარდა სულთა თანასწორობის სიცრუით და თუ რწმენა „უმრავლესობისადმი და მისი უფლებებისადმი“ რევოლუციას ახდენს და მომავალშიც მოახდენს, ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ქრისტიანობა და ღირებულებათა მისი ხედვა, როდესაც ყოველი რევოლუცია სისხლისღვრად და დანაშაულად იქცევა! ქრისტიანობა არის ჯანყი ყველა ქვემძრომისა მის წინააღმდეგ, ვინც მაღლა დგა. „მდაბალთა“ სახარება ამდაბლებს. თავი 44. სახარებები ფასდაუდებელ მოწმობას წარმოადგენენ დაუოკებელი კორუფციისა პირველ რელიგიურ მრევლში. ის, რაც პავლემ რაბინის ლოგიკური ცინიზმით ბოლომდე მიიყვანა, იყო მხოლოდ დაშლის პროცესი, რომელიც მხსნელის სიკვდილს უკავშირდება. ამ სახარების კითხვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო: ადამიანი ყოველი სიტყვის შემდეგ სიძნელეებს გადაეყრება. ვაღიარებ, - და ამაში მომხრეები მეყოლება, - რომ ფსიქოლოგს სწორედ ეს ჰგვრის უჩვეულო სიამოვნებას: როგორც საპირისპირო რამ გულუბრყვილო მანკიერებისა, როგორც უაღრესად ფაქიზი par excellence, - როგორც ფსიქოლოგიური გარყვნილების ვირტუოზულობა, ევანგელები თავის თავზე პასუხს აგებენ. ბიბლია ხომ ვერანაირ შედარებას ვერ უძლებს. აქ საერთოდ რომ არ ჩაიკარგო, პირველ რიგში, უნდა გახსოვდეს, რომ შენ ებრაელთა შორის ხარ. „წმინდანობის“ თამაში, რომელმაც ამ შემთხვევაში „წმინდანად“ თვითგარდაქმნის ისეთ გენიალობას მიაღწია, რომ არც წიგნებში და არც ადამიანთა შორის გაგონილა, სიტყვითა და ჟესტებით თაღლითობა, - ეს ხელოვნება არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნების ნიჭის შედეგი, ის უფრო რაღაც გამონაკლისი ბუნებისაა და რასის კუთვნილებაა. ქრისტიანობაში, როგორც ხელოვნებაში, იცრუო წმინდანივით, მთელმა ებრაელობამ, იუდეველთა უმკაცრესმა წვრთნამ და ტექნიკამ ოსტატობის უმაღლეს ხარისხს მიაღწია. ქრისტიანი, ეს ultima ratio, კვლავ ებრაელია - გასამმაგებულ ხარისხში. ძირითადი ნება, მოახდინო ისეთი ცნებებით, სიმბოლოებით, სხეულის მოძრაობით მანიპულირება, რომელიც დასტურდება ქურუმის პრაქტიკით, ინსტინქტური თავის არიდება პრაქტიკის სხვა ფორმებისაგან, სხვა ღირებულებებისა და საჭიროებებისაგან - არა მარტო ტრაგედიაა, არამედ არის მემკვიდრეობითობა, ეს უკანასკნელი კი ბუნებასავით მოქმედებს. მთელმა კაცობრიობამ, ყველა დროის საუკეთესო მოაზროვნეებმა თავი მოიტყუეს, ერთის გამოკლებით, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანი იყო. სახარება წაკითხულ იქნა, როგორც უცოდველობის და უდანაშაულობის წიგნი... არანაირი მითითება იმაზე, თუ რა ოსტატობით მიმდინარეობს სანახაობრივი თამაში. ცხადია, ჩვენ რომ ისინი გვენახა ა თუნდაც თვალი შეგვევლო ამ ფარისევლობასა და თაღლითობაში დაოსტატებული წმინდანებისათვის, ამას ბოლო მოეღებოდა. ჩემთვის აუტანელია მათი მანერა ზემოდან ქვემოთ ყურებისა. საბედნიეროდ, უმეტესობისთვის მხოლოდ ლიტერატურაა, მაგრამ თავი მაინც არ უნდა მოატყუებინო. „ნუ განსჯით!“ - ღაღადებენ ისინი და ამ დროს ყველაფერს აქვესკნელებენ, რაც კი გზაში გადაეღობებათ. განსჯას ღმერთს მიანდობენ ხოლმე, სინამდვილეში კი თვითონ არიან პირველი მსჯავრდადებულები. ღმერთს სიტყვიერად ადიდებენ, სინამდვილეში კი საკუთარ თავს განადიდებენ. როდესაც სათნოებას მოითხოვენ, რომელიც სწორედ მათ ხელეწიფებათ, უფრო ზუსტად კი - სჭირდებათ, ზემოთ რომ დარჩნენ, სათნოებისთვის მებრძოლ სახეს ქმნიან, ბრძოლისა სათნოების გასაბატონებლად: „ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვკვდებით, ჩვენ სიკეთეს ვეწირებით („ჭეშმარიტება“, „სინათლე“, „ღვთის სასუფეველი“). სინამდვილეში მათ მიერ კეთდება ის, რისი არ გაკეთება მათ არ შეუძლიათ. ფარისევლები! ისინი კუთხეში მოკუნტულან, აჩრდილებივით ცხოვრობენ ჩრდილში და ამით მოვალეობის მოჩვენებითობას ქმნიან: მოვალეობით მათი ცხოვრება მორჩილებაა, მორჩილება კი მათი ღვთისმოსაობის დასტური... ოხ, ეს მორჩილი, უმანკო, გულმოწყალე სახის სიცრუე! „ჩვენ თვით სათნოება უნდა დაგვემოწმოს!“ სახარება წაკითხულ უნდა იქნეს, როგორც წიგნი გაშუალებული მორალით ცდუნებაზე. ეს პატარა ადამიანები მორალს ყადაღას ადებენ და ძალიან კარგად იციან, როგორ მოექცნენ მორალს... მორალით ისინი კაცობრიობის ტყუილის ქსელში გაბმას ახერხებენ! - რეალობა ის არის, რომ რჩეულთა საკმაოდ შეგნებული ამპარტავნება თავმდაბლობას თამაშობს. საკუთარი თავი, მრევლი, „კეთილი და სამართლიანი“, სამუდამოდ მოაქციეს ერთი „ჭეშმარიტების“ მხარეს, სამყარო კი მეორე მხარეს აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე საბედისწერო „განდიდების მანია“, რომელიც კი ოდესმე არსებობდა ქვეყნად. პაწაწინა გადაგვარებულმა თაღლითებმა და ცრუპენტელებმა დაიწყეს ცნებების: „ღმერთის“, „ჭეშმარიტების“, „სინათლის“, „სულის“, „სიყვარულის“, „სიბრძნის“ და „სიცოცხლის“ სათავისოდ გამოყენება, საკუთარი თავის სინონიმად, რათა სამყარო გაემიჯნათ თავისგან. პატარა, აღმატებით ხარისხში იუდეველებმა, ნებისმიერი სიგიჟისთვის მომწიფებულებმა, ღირებულებები თავიანთ სასარგებლოდ დაატრიალეს, თითქოს ქრისტიანი იყო აზრი, მარილი და მიღმა დანარჩენი ყველაფრის უკანასკნელი სამსჯავრო. შემდგომი ბედისწერა განაპირობა იმან, რომ ქვეყნად არსებობდა მონათესავე იუდეისტური რასა, „განდიდების მანიით“ შეპყრობილი. როგორც კი იუდეველსა და ქრისტიან იუდეველს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა, ამ უკანასკნელს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავდაცვის იგივე პროცედურა ჩაეტარებინა, გადარჩენის ებრაული ინსტინქტით ნაკარნახევი და ამ ორი სახეობის იუდეველებს შორის შუღლი ჩამოეგდო. ქრისტიანი იგივე ებრაელია, ოღონდ უფრო „თავისუფალი“ აღმსარებლობისა. თავი 45. მე რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, რა ჩაუჯდა თავში ამ პატარა ადამიანებს, რა გაახმოვანეს მათ თავიანთი მასწავლებლის საშუალებით: ეს არის „ლამაზი სულების“ აღსარება. „ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ დასამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ქალაქისთვის“. (მარკოზი, 6, II) „და ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთგანს, რომელთაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან“. (მარკოზი 9, 42) „და თუ შენი თვალი გაცდუნებს შენ, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვდე ღმერთს სასუფეველში, ვიდრე ორი თვალის მქონე ჩავარდე გეენაში“.(მარკოზი 9, 47) „და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით“ (მარკოზი 9, 1) „და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“, რათა... (ფსიქოლოგის შენიშვნა. ქრისტიანული მორალი აქ უარყოფილია სიტყვით „რათა“: მისი „საფუძვლები“ უარყოფილია, - ეს ასეა ქრისტიანული) (მარკოზი 8, 34) „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ, რადგანაც როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაურითაც მიუწყავთ, იმითვე მოგიწყვით თქვენ“. (მათე 7, 1-2) - სამართლიანობის, სამართლიანი სამსჯავროს როგორი გაგებაა! „რადგან თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას ჩადიხართ? განა ასე არ იქცევიან წარმართნი?“ (მათე 5, 46-47) - ქრისტიანული სიყვარულის პრინციპი, მას სურს, რომ მაღალანაზღაურებადი იყოს. „ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი“. (მათე 6, 15) - მეტისმეტი კომპრომეტირება ზემოხსენებული „მამისა“. „მაშ ეძენეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მათე 6, 33) - ეს „ყველაფერი“: ანუ საკვები, ტანსაცმელი, ჩვენი არსობის აუცილებელი მოთხოვნილებები. მოკრძალებულად რომ ვთქვათ, შეცდომა... მალე ამის შემდეგ ღმერთი თერძად მოგვევლინება, თუნდაც გარკვეულ შემთხვევებში. „იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები“. (ლუკა 6, 23) - უსირცხვილო მოდგმა! ისინი თავს უკვე წინასწარმეტყველებს უტოლებენ!.. „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და სული ღმერთისა დამკვიდრებულა თქვენში“. (პავლე 1, კორინთ. 3, 16). ასეთი რამის მიმართ სათანადო ზიზღი ვერ გამოიხატება. „ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება ქვეყანა, განა იმის ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?“ (პავლე 1, კორინთ. 6, 2) - სამწუხაროდ, არა მარტო გიჟის ნაბოდვარი, არამედ ამას უტიფარი მატყუარა განაგრძობს: „ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მითუმეტეს არ განვსჯით ამქვეყნიურ საქმეთაც?..“ „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის მაძიებელი ამ საუკუნის? განა საშლეგოდ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? რადგანაც ღმერთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ საკუთარი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების საშუალებით ეხსნა მორწმუნენი... მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, უბადრუკნი და არა არსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა განაქროს არსნი... რათა არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღმერთის წინაშე“. (პავლე, კორინთ. 1, 20 და ა.შ) იმისთვის, რომ გავიგოთ ეს ადგილი, - პირველხარისხოვანი მოწმობა ჩანდალას ყოველგვარი ფსიქოლოგიისთვის, - უნდა წაიკითხოთ ჩემი „მორალის გენიალოგიის“ განხილვა: იქ პირველად გამოაშკარავდა ზღვარი არისტოკრატულ და ჩანდალას მორალს შორის, რომელიც სიბრაზისა და უძლური შურისძიების საფუძველზე წარმოიშვა. პავლე შურისძიების უდიდესი მოციქული იყო. თავი 46. რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან? კარგია, რომ ახალი აღთქმის კითხვისას თეთრ ხელთათმანებს იკეთებენ. ამდენი უწმინდურობის სიახლოვეში იძულებული ხარ, ასე მოიქცე. ჩვენ ნაკლებად გვსურს ურთიერთობა პოლონელ ებრაელებთან, როგორც „პირველ ქრისტიანებთან“. არა იმიტომ, რომ მათი წინააღმდეგი ვართ: ერთსაც და მეორესაც ვერაფერს წავაწყდი, რასაც შეიძლება „თავისუფალი“, „კეთილი“, „გულწრფელი“ და პატიოსანი დაერქვას. ადამიანურობა აქ საწყის ეტაპზეც არ არის. ის განიცდის სისუფთავის ინსტინქტის დანაკლისს. ახალ აღთქმაში მხოლოდ ცუდი ინსტინქტებია. სიმამაცეც კი არ არსებობს ამ ცუდი ინსტინქტების შესატყვისი, მხოლოდ სიმხდალე, მხოლოდ თვალების დახუჭვა და უკიდურესი თავის მოტყუება. ახალი აღთქმის შემდეგ ყოველი წიგნი სუფთა მეჩვენება. მაგალითისთვის მოვიყვან: უშუალოდ პავლეს შემდეგ მოხიბლული ვკითხულობდი ლაღ, მშვენიერ, დამცინავ პეტრონიუსს, რომელზედაც შეიძლება იგივე ითქვას, რაც დომენიკო ბოკაჩომ პარმის ჰერცოგს ჩეზარე ბორჯაზე მისწერა: „e tutto festo”- უკვდავებამდე ჯანმრთელი, უკვდავებამდე მხიარული და იღბლიანი, ეს პატარა ფარისევლები ერთ რამეში აგებენ ჭკუას, ისინი ვიღაცას თავს ესხმიან, მაგრამ ვისაც თავს ესხმიან, ის მათი თავდასხმით მხოლოდ გამორჩეული ხდება. ვისაც „პირველი ქრისტიანი“ თავს ესხმის, ის ვერ ახერხებს მის გასვრას. პირიქით: ეს დიდი პატივია, შენ წინააღმდეგ განწყობილი პირველი ქრისტიანი გყავდეს. „ახალი აღთქმის“ კითხვისას, უპირატესობას ძალაუნებურად იმას ანიჭებ, ის რასაც ან ვისაც აბუჩად იგდებს, რომ არაფერი ვთქვათ „სიბრძნეზე ამა ქვეყნისა“, თავხედი ცრუპენტელა ამაოდ რომ ცდილობს უაზრო ქადაგებებით შერცხვენას... ასეთი მქადაგებლებით ფარისევლებიც მოგებულნი არიან და მწიგნობრებიც: ალბათ მათში რაღაც საინტერესოა ჩამალული, თუ ასე ღრმად ეზიზღება ყველას... პირმოთნეობა, - ეს არის უმთავრესი საყვედური პირველი ქრისტიანებისაგან მათ მიმართ. ბოლოს და ბოლოს ისინი პრივილეგირებული იყვნენ! ჩანდალას სიძულვილს მეტი მიზეზი აღარც სჭირდება. „პირველი ქრისტიანი“, - ვშიშობ, რომ უკანასკნელიც, რომელსაც მე მოვესწრები, - ეს მეამბოხეა, უმდაბლესი ინსტინქტების წაქეზებით. ის ცხოვრობს და მუდმივად იბრძვის თანასწორი უფლებებისათვის, უფრო ზუსტად კი, მას არ გააჩნია სხვა არჩევანი. ვისაც სურს საკუთარი პიროვნებისთვის „ღვთის რჩეული“, „ღვთის ტაძარი“ ან „ანგელოზის მსაჯული“ გახდეს, მაშინ არჩევანის სხვა პრინციპი უკვე ბოროტებას წარმოადგენს: მაგალითად, სამართლიანობის, სულიერების, მამაკაცურობის, სიამაყის, სილამაზის, შინაგანი თავისუფლების ან უბრალოდ „სამყაროსი“. მორალი: „პირველი ქრისტიანის“ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა სიცრუეა, მისი ღირებულება და მიზანი - საზიანოა, მაგრამ ღირებულება სწორედ იმას გააჩნია, ვინც ან რაც მას სძულს. ქრისტიანი მღვდელი კი ფასეულობის განსაკუთრებული კრიტერიუმია... საჭიროა შეხსენება, თუ ვინ არის მთელ ახალ აღთქმაში ერთადერთი პიროვნება, რომელსაც პატივი უნდა სცენ? რომის ხელისუფალი, პილატე. ის ვერ აიძულებს თავის თავს, რომ იუდეველთა დავა სერიოზულად აღიქვას. ერთი ებრაელით მეტი ან ნაკლები, განა ეს მნიშვნელოვანია? რომაელის კეთილშობილმა დაცინვამ, რომლის წინაშეც სიტყვა „ჭეშმარიტს“ ბოროტად იყენებენ, ახალმა აღთქმამ ახალი გამოთქმით გააძლიერა: „რა არის ჭეშმარიტება!“ ამ გამოთქმას გააჩნია ფასი და თავისთავად არის კრიტიკა და უარყოფა ჭეშმარიტებისა. თავი 47. სხვებისგან იმით კი არ განვსხვავდებით, რომ ვერ ვპოულობთ ღმერთს ვერც ისტორიაში, ვერც ბუნებაში, ვერც ბუნების მიღმა, არამედ იმით, რომ ღმერთს ჩვენ „ღვთიურად“ არ მივიჩნევთ: ჩვენთვის ის შესაბრალისია, აბსურდი და ერთგვარად საზიანოც, ჩვენ მას აღვიქვამთ შეცდომად და როგორც დანაშაულს, სიცოცხლის მიმართ... ღმერთი, როგორც ღმერთი, უარყოფილია ჩვენ მიერ. ვინმეს რომ დაემტკიცებინა ჩვენთვის ქრისტიანობის ეს ღმერთი, კიდევ უფრო ნაკლებად გვექნებოდა მისი რწმენა. ფორმულით: პავლეს მიერ დამტკიცებული ღმერთი ღმერთის უარყოფაა (dues, qualem Pauls creavit, olei negation). ისეთი რელიგია, როგორიც ქრისტიანობაა, რეალობას რომ არანაირად არ ეხება, ეცემა იმწამსვე, თუ მას სინამდვილე რაიმე პუნქტში თავის უფლებებს წაუყენებს: სამართლიანობის თვალსაზრისით, ის უკიდურესად მტრულად უნდა იყოს განწყობილი „სამყაროს სიბრძნის“ მიმართ, ანუ მეცნიერების მიმართ. მისთვის გამოსადეგია ყველანაირი საშუალება, რომელიც სახელს გაუტეხავს გონის დისციპლინას, ცილს დასწამებს გარკვეულობას და სიმკაცრეს სინდისის საკითხებში, კეთილშობილებას და თავისუფლებას. რწმენა, როგორც იმპერატივი, Veto-ა მეცნიერების წინააღმდეგ. პრაქტიკაში სიცრუე აუცილებელია. პავლე მიხვდა, რომ „რწმენა“, „სიცრუე“ საჭირო რამ არის. მოგვიანებით ეკლესია კარგად მიუხვდა პავლეს, - ის ღმერთი, რომელიც პავლემ შექმნა, „სამყაროს სიბრძნეს“ არცხვენს, ცრურწმენის ორ უდიდეს მტერს, ფილოლოგიას და მედიცინას. ეს ჭეშმარიტად გაბედული გადაწყვეტილებაა პავლეს მხრიდან, „ღმერთი“ დაარქვა შენს საკუთარ ნებას, thora- ეს გულდაგულ ებრაულია. პავლეს სურს, „სამყაროს სიბრძნე“ დაამციროს: მისი მოსისხლე მტრებია ფილოლოგები და ექიმები ალექსანდრიული განათლებისა. ფილოლოგს და ექიმს არ შეუძლიათ, არ იყვნენ ანტიქრისტიანები. ფილოლოგი „საღვთო წიგნების“ მიღმა იყურება, ექიმი კი ტიპური ქრისტიანის ფიზიოლოგიური უვარგისობის მიღმა. ექიმი ამბობს: „უკურნებელია“, ფილოლოგი კი: „თაღლითობაა“. თავი 48. ვინმემ თუ გაიგო ცნობილი ისტორია, ბიბლიის დასაწყისში რომ არის განთავსებული, ისტორია ღმერთის ჯოჯოხეთურ შიშზე მეცნიერების მიმართ? ვერავინ გაიგო. ქურუმთა ეს წიგნი par excellence იწყება, როგორც მოსალოდნელი იყო, ქურუმის შინაგანი სიმძიმეებით. მას ერთადერთი უზარმაზარი საშიშროება ეგულება და, შესაბამისად, ღმერთიც ერთ უშველებელ საშიშროებას ხედავს... ღრმად მოხუცებული ღმერთი, უზენაესი ქურუმი, ჭეშმარიტი სრულყოფილება, თავის ბაღში სეირნობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოწყენილია. მოწყენილობას ღმერთებიც კი ამაოდ ებრძვიან. და რას მოიმოქმედებს ის ამ დრო? ქმნის ადამიანს! ადამიანი საკმაოდ გასართობი რამ არის. მაგრამ, შეხედეთ, ადამიანიც მოწყენილია. ღმერთის გულმოწყალება იმ ერთადერთი უბედურების მიმართ, რომლისგანაც სამოთხეც კი არ არის დაცული! ის სასწრაფოდ ქმნის ცხოველებს. მისი პირველი დაუდევრობა: ადამიანმა არ მიიჩნია მხეცები გასართობად, - ის მათზე ბატონობდა და არც უნდოდა, „ცხოველი“ გამხდარიყო. ამის შემდეგ ღმერთმა ქალი შექმნა და ამით მოწყენილობას ბოლო მოუღო. მაგრამ სხვა რამესაც! ქალი ღმერთის მეორე დაუდევრობა იყო. „ქალი თავისი არსით გველია, neva!” - ეს ყველა ქურუმმა იცის. „ყველა უბედურების საწყისი ქალის სამყაროშია“. - ესეც ცნობილია ყოველი ქურუმისთვის. „შესაბამისად, მეცნიერებაც მისგან მოდის“... მხოლოდ ქალის მეშვეობით ისწავლა ადამიანმა, როგორ ეგემა „ხე ცნობადისა“... მაშ რა მოხდა? მოხუცი ღმერთი ჯოჯოხეთურმა შიშმა შეიპყრო. ადამიანი მის უდიდეს შეცდომად იქცა, ამით მან მეტოქე შეიძინა, მეცნიერება ადამიანს ღმერთს უტოლებს. თუ ადამიანი გამეცნიერდა, ღმერთებისა და ქურუმების დასასრული დადგება! მორალი: მეცნიერება თავისთავად აკრძალული რამ არის, მხოლოდ ის არის აკრძალული. მეცნიერება, ცოდვათაგან უპირველესი, თავი და თავი ყველა ცოდვისა, ცოდვის პირმშო. მორალი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. „შენ არ გაქვს შემეცნების უფლება!“ დანარჩენი აქედან მომდინარეობს: ჯოჯოხეთური შიში არ უშლის ღმერთს კეთილგონიერებაში. როგორ უნდა დაიცვა თავი მეცნიერებისგან? ეს დიდი ხნით იქცა მის მთავარ პრობლემად. პასუხი: მოაშორეთ ადამიანი სამოთხეს! ბედნიერება, უქმად ყოფნა აზრებს ბადებს. ყოველი აზრი არსში ცუდი აზრია... ადამიანმა არ უნდა იაზროვნოს, და ქურუმი იგონებს გაჭირვებას, სიკვდილს. ფეხმძიმობას, როგორც სიცოცხლისთვის საშიშს, ყველა სახის უბედურებას: სიბერეს, ცხოვრების სიძნელეებს, პირველ რიგში, ავადმყოფობას, - ყველაზე სანდო საშუალებებს მეცნიერებასთან საბრძოლველად! გასაჭირი არ აძლევს ადამიანს აზროვნების საშუალებას, და მაინც, საშინელებაა! შემეცნების საქმე მიდის, ლამის ცდამდე მაღლდება და ღმერთებს ჩრდილში ტოვებს, - რა უნდა გაკეთდეს? უხუცესი ღმერთი ომს იგონებს, ხალხებს შორის შუღლს თესავს, ის ახერხებს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ანადგურებენ (ქურუმებს ყოველთვის ესაჭიროებოდათ ომი). ომი, სხვა უბედურებათა შორის, მეცნიერებისათვის უდიდესი დაბრკოლებაა! დაუჯერებელია! სემეცნება, ქურუმისგან ემანსიპაცია, ომების მიუხედავად, მზარდია. უხუცეს ღმერთს უკანასკნელი გადაწყვეტილება მოსდის თავში: „ადამიანმა მეცნიერება შეიმეცნა, საშველი აღარ არის, ის უნდა ჩაძირო!“ თავი 49. მე გამიგეს. ბიბლიის დასაწყისი ქურუმის მთელ ფსიქოლოგიას შეიცავს. ქურუმი იცნობს მხოლოდ ერთ დიდ საშიშროებას. - მეცნიერებას: ჯანმრთელი ცნება მიზეზისა და ქმედების, მაგრამ მეცნიერება მხოლოდ ბედნიერ პირობებში ყვავის. დრო და სულის სიმტკიცე საკმარისად უნდა გაგაჩნდეს, რათა „შეიმეცნო“... ამდენად, ადამიანი უბედური უნდა გახადო: ასეთი იყო ყოველთვის ქურუმის ლოგიკა. ადვილი ამოსაცნობია, რა წარმოიშვა ქვეყნად ამ ლოგიკის საფუძველზე: „ცოდვა“... დანაშაული და სასჯელი, „სამყაროს მთელი ზნეობრივ-მორალური წესრიგი“ მეცნიერების წინააღმდეგ, ადამიანის ქურუმისაგან განთავისუფლების წინააღმდეგ არის შექმნილი. ადამიანი თავის იქით არ უნდა იყურებოდეს. მისი მზერა თავისი თავის შიგნით უნდა იყოს მიმართული: ის არ უნდა იყოს გონიერი და ფრთხილი, როგორც შემსწავლელი; ის საერთოდ არ უნდა ხედავდეს: მან უნდა იტანჯოს, - შორს ექიმისაგან! მხოლოდ მხსნელია საჭირო. მიზეზობრიობის ცნების დასანგრევად მოიგონეს დანაშაულისა და დასჯის, ასევე, „წყალობის“, „გამოსყიდვის“ და „შენდობის“ ცნებები, მთლიანად ცრუ ცნებები, მოკლებული ყველანაირ ფსიქოლოგიურ რეალობას! და ეს თავდასხვა მიზეზისა და ქმედების ცნებებზე ხორციელდება არა მუშტით და დანით, ან პატიოსნად, სიყვარულით თუ სიძულვილით, - არამედ ლაჩრული, გაქნილი, უმდაბლესი ინსტინქტების გამოყენებით. ქურუმისეული თადასხმა! პარაზიტული თავდასხმა! მიწისქვეშა ფერმკრთალი სისხლისმსმელების ვამპირიზმი, თუ ბუნებრივი შედეგები არაბუნებრივად იქცევა, მაგრამ ისინი მოიაზრებიან განპირობებულად, ცრურწმენის მოჩვენებითი ცნებებით („ღმერთი“, „სული“, „გონი“), როგორც „მორალური“ შედეგები, როგორც საზღაური, სასჯელი, მინიშნება, აღზრდის საშუალება, ცხადია, ამით შემეცნების წინაპირობა ირღვევა. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილია უზარმაზარი დანაშაული. გავიმეორებ, „ცოდვა“ ადამიანის თვითწაბილწვის ფორმაა par excellence. ის გამოიგონეს, რომ შეაფერხონ მეცნიერების, კულტურის ამაღლება და ადამიანის გაკეთილშობილება, მაგრამ სწორედ „ცოდვის“ წყალობით ახერხებს ქურუმი ბატონობას. თავი 50. მე ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, აქ სათანადოდ შევეხო „რწმენასა“ და „მორწმუნეთა“ ფსიქოლოგიას, სწორედ მორწმუნეთა სასარგებლოდ. თუ დღეს დანაკლისი არ არის ისეთ ხალხზე, რომელთაც არ უწყიან, რომ დღეს მორწმუნეობა ერთგვარი უხამსობაა, ან ნიშანი დეკადანსისა თუ სულაც დამსხვრეული ნებისა სიცოცხლისადმი, ხვალ ეს მათ ნამდვილად ეცოდინებათ. ჩემი ხმა მათაც სწვდება, ვისაც ცუდად ემის. თუ წორედ გავიგე, მეჩვენება, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტების კრიტერიუმი გააჩნიათ, რომელსაც „ძალის დადატურებას“ უწოდებენ: რწმენა ნეტარს ხდის. ე.ი. ის ჭეშმარიტია. აქ შეკამათება შეიძლება, რადგან „ნეტარება“ ამით არ დასტურდება, ის მხოლოდ დაპირებად რჩება. „ნეტარება“ განპირობებულია „რწმენით“: „რადგან გწამს, შენ ნეტარი უნდა გახდე“... მაგრამ რითი მტკიცდება, რომ ის ნამდვილად მოვა, რასაც ქურუმი მორწმუნეს ჰპირდება: ის ჰპირდება „საიქიოს“, რომელიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. - მოჩვენებითი „ძალის დადასტურება“ საფუძველში არის ისევ და ისევ რწმენა იმისა, რომ დაპირებული ზემოქმედება მოვა. ფორმულით: „მე მწამს, რომ რწმენა ადამიანს ნეტარს ხდის, ამდენად, ეს ჭეშმარიტებაა“, ჩვენ დასასრულს მივუახლოვდით. ეს „ამდენად“ ჭეშმარიტების კრიტერიუმის მტკიცებისთვის აბსურდული იქნებოდა. გარკვეული შემწყნარებლობით, დავუშვათ, რომ ნეტარება რწმენით მიიღწევა (არა მარტო როგორც სასურველი, ან რაღაც დანაპირები, გახმოვანებული ქურუმის საეჭვო ბაგეების მიერ): იქნებოდა ოდესმე სიამოვნება, ტექნიკურად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების დადასტურება? იმდენად მცირედ, რომ ამით თითქმის საპირისპირო მტკიცდება. ყოველ შემთხვევაში, თუ „ჭეშმარიტების“ საკითხის გადაწყვეტაში სიამოვნების გრძნობა მონაწილეობს, ძალაუნებურად ჩნდება უდიდესი ეჭვი თვით „ჭეშმარიტების“ თაობაზე. სიამოვნება მხოლოდ „სიამოვნების“ დადასტურებაა, სხვა არაფრის. რა უფლებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტ განსჯას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ყალბს? ანაც ის, რომ წინასწარ დაწესებული ჰარმონიის ძალით, მათ კვალდაკვალ საამური გრძნობები მოჰყვებათ? ყველა მკაცრ და ღრმამოაზროვნეთა გამოცდილება საპირისპიროს გვასწავლის. ჭეშმარიტების შესაცნობად წინ წაწეული ყოველი ნაბიჯი მხოლოდ დიდი მსხვერპლის ფასად მიიღწეოდა, იმ მსხვერპლით, რომლითაც იკვებება ჩვენი გული, სიყვარული, რწმენა სიცოცხლისადმი. ამისთვის სულის სიდიდეა საჭირო: ჭეშმარიტების სამსახური ყველაზე მძიმე სამსახურია. რას ნიშნავს, იყო პატიოსანი სულიერ სფეროში? იყო მკაცრი შნი გულისადმი, რომ „მშვენიერი გრძნობები“ გეზიზღებოდეს და ყოველი „კი“ და „არა“ სინდისს დაუკავშირო! რწმენას ნეტარება მოაქვს! ამრიგად, ის ტყუის. თავი 51. ის, რომ რწმენა ადამიანს „ნეტარს“ ხდის, რომ ნეტარება აკვიატებული იდეიდან ნამდვილ იდეას არ ქმნის, რომ რწმენა მთას ვერ დაძრავს, არამედ იქ ახვავებს მთებს, სადაც ისინი არ არსებობენ, - ამაში ადამიანი ადვილად რწმუნდება, თუ ერთხელ საგიჟეთში გაისეირნებს. ცხადია, არა სამღვდელოება, ის ინსტინქტით უარყოფს, რომ დაავადება არის დაავადება და საგიჟეთი კი - საგიჟეთი. ქრისტიანობას დაახლოებით იმდენად სჭირდება ავადმყოფობა, როგორც საბერძნეთს - ჯანმრთელობის სიჭარბე. დააავადო - ეს საეკლესიო მკურნალობის სისტემის უკანა აზრია. განა თვით ეკლესია საბოლოოდ კათოლიკურ საგიჟეთს არ წარმოადგენს? და თვით დედამიწა? ისიც საგიჟეთი არ არის? რელიგიური ადამიანი, როგორც ეკლესიას ესახება, ტიპური დეკადენტია. დრო, როდესაც რელიგიური კრიზისი ბატონობს ხალხზე, ყოველთვის ნერვიული ეპიდემიით არის დაღდასმული. რელიგიური ადამიანის „შინაგანი სამყარო“ ისე წააგავს ზეაღგზნებულისას და გამოფიტულისას, რომ შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ. „უმაღლსი“ მდგომარეობა, რომელიც ქრისტიანობამ თავს მოახვია კაცობრიობას, როგორც ღირებულებათა ღირებულება - ეს ეპილეპსიური ფორმებია. ეკლესია წმინდანებად მხოლოდ გიჟებსა და უდიდეს მატყუარებს რაცხავდა (in majorem dei honorem). ერთხელ ჩემს თავს უფლება მივეცი, დამეხასიათებინა ქრისტიანული მონანიებისა და ხსნის მთელი ვარჯიში (მისი უმაღლეს დონეზე შესწავლა ინგლისში შეიძლება), როგორც დეპრესიულ-მანიაკალური სინდრომისა(folie circulaire): ცხადია, საკმაოდ მომზადებულ ანუ ღრმად ავადმყოფურ ნიადაგზე. ყველა ვერ გახდება ქრისტიანი. ქრისტიანობას არ „ეზიარებიან“, ამისთვის ავად უნდა გახდე. ჩვენ საკმარისი სიმამაცე გაგვაჩნია ჯანმრთელად ყოფნისთვის, ასევე, ზიზღისთვის და არ შეიძლება არ გძულდეს რელიგია, რომელიც სხეულის სიძულვილს ასწავლის! მას არ სურს სულის ცრურწმენისაგან გათავისუფლება! ის დამსახურებულად თვლის საჭმლის უკმარისობას! ებრძვის ჯანმრთელს, როგორც მტერს, ეშმაკს და ცდუნებას! მან დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ სხეულში „სრულყოფილი“ სული გვამივით უნდა ათრიოს და ამით „სრულყოფილებას“ ახალი გაგება განამტკიცა, უფერული, ავადმყოფური, იდიოტურად მეოცნებე არსება, „წმინდანად“ წოდებული. „წმინდანობა“ ეს სიმპტომების მთელი რიგია გაღატაკებული, ნერვებისაგან აცლილი, გამოფიტული სხეულისა!.. ქრისტიანული მოძრაობა დასაბამიდან არის საერთო მოძრაობა უვარგისისა და გადაგვარებულისა, რომელსაც ქრისტიანობით ძალაუფლების მოპოვება სწყურია, ქრისტიანობა არ გამოხატავს რასის გადაგვარებას, მაგრამ ის აგრეგატია, წარმოქმნილი დეკადენტური ფორმებისაგან, რომლებიც ერთმანეთისკენ ილტვიან. სიძველის კორუფციას და კეთილშობილ სიძველეს სრულიადაც არ შეუქმნია ქრისტიანობა, როგორც ამას მავანი ფიქრობს. განსწავლული იდიოტიზმი, დღესაც ამ აზრზე მყოფი, დროზე მკაცრად არ დაგმეს. იმ დროს, როდესაც იმპერიაში ყველა ავადმყოფის, ნაძირალა ჩანდალა - ფენების ქრისტიანიზაცია მოხდა, არსებობდა საწინააღმდეგო ტიპიც, თვით კეთილშობილება მთელი თავისი მშვენიერებით და მოწიფულობით, მაგრამ რაოდენობა გაბატონდა. ქრისტიანული ინსტინქტების დემოკრატიამ გაიმარჯვა. ქრისტიანობა არ იყო „ნაციონალური“, რასებით დასაზღვრული; ის მიმართავდა ყველას, უიღბლოს და ავადმყოფებს. მან აამოქმედა ინსტინქტი ჯანმრთელის, ასევე, ზოგადად ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ხოლო წარმატებული, ამაყი, მამაცი და, პირველ რიგში, ლამაზი მის თვალსა და ყურს ეკალივით ესობოდა. პავლეს ფასდაუდებელ სიტყვებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: „ღმერთმა აირჩია ყველა უძლური ამა ქვეყნისანი, უგუნურნი, არაკეთილშობილნი და ყველასგან მოძულებულნი!“ ეს იყო ფორმულა in hoe signo, რითაც დეკადანსმა გაიმარჯვა - ღმერთი ჯვარზე - ნუთუ არ არის გასაგები, რა არის ნაგულისხმევი ამ სიმბოლოში? ჩვენ ჯვარცმულები ვართ ყველგან, ამდენად, ღვთიურები ვართ... მხოლოდ ჩვენ ვართ ღვთიური... ეს იყო კაცობრიობის აქამდე არარსებული უბედურება. თავი 52. ქრისტიანობა ეწინააღმდეგება ყველანაირ სულიერ წარმატებას. მას სჭირდება მხოლოდ ავადმყოფური, ქრისტიანული გონება, ის ყოველთვის იდიოტურის გვერდით დგება, წყევლა-კრულვას გამოთქვამს „გონის“ წინააღმდეგ, ჯანმრთელი სულის ამპარტავნობის წინააღმდეგ. ავადმყოფობა განეკუთვნება ქრისტიანობის არსს, ამიტომ ტიპურ ქრისტიანულ მდგომარეობას, „რწმენას“, ავადმყოფობის ფორმა უნდა ჰქონდეს. სამართლიანი, სწორი, მეცნიერული გზები ეკლესიის მიერ უარყოფილი და აკრძალული უნდა იყოს. ეჭვი უკვე ცოდვად ითვლება... სრული არარსებობა ფსიქოლოგიური სისუფთავისა მღვდლებთან, დადასტურდება მათ გამოხედვაში, ეს კი დეკადანსის გამოვლინებაა. შეიძლება თვალ-ყური ადევნო ისტერიულ ქალებსა და რაქიტიან ბავშვებს და მიხვდე, რამდენად კანონზომიერი გამოხატულებაა დეკადანსის ინსტინქტით განპირობებული სიყალბე და მატყუარობა. მოტყუება სიამოვნებაა და ადამიანს არ გააჩნია უნარი, სხვას თვალი გაუსწოროს და იმოქმედოს დაუფარავად. „რწმენას“ უწოდებენ სურვილის არქონას, იცოდე, რა არის ნამდვილი. პიეტისტი, მღვდელი ორივე სქესისა, ყალბია, რადგან ის ავად არის! მისი ინსტინქტი მოითხოვს, რომ ჭეშმარიტება არასდროს და არსად ჩაითვალოს უპირველესად. „სიკეთეა“ ის, რაც ავად გხდის. ის, რაც სისავსისგან, სიჭარბისგან და ძალაუფლებისგან გამომდინარეობს, ბოროტებაა! ასეთი გრძნობებით არის შეპყრობილი მორწმუნე, უნებლიე სიცრუე - მოწოდებით თეოლოგი ამით ადვილად ამოიცნობა. თეოლოგისთვის ნიშანდობლივია მეორე თვისება, - სრული უუნარობა ფილოლოგიაში. ფილოლოგიაში ვგულისხმობ კარგად წაკითხვის ხელოვნებას, ცხადია, ფართო გაგებით, ხელოვნებას ფაქტების ამოკითხვისას, მათ არგაყალბებას, სიფრთხილისა და მოთმინების შენარჩუნებით, ფაქიზი გაგებით, მზად ყოფნას განმარტებისთვის: ეს ეხება წიგნებს თუ საგაზეთო სიახლეს, ვინმეს ბედს თუ ამინდის ცნობას, - რომ არაფერი ვთქვათ სულის გადარჩენაზე... თეოლოგი ბერლინში თუ რომში, განმარტავს „წერილებს“ თუ განცდებს, მაგალითად, არმიის საბოლოო გამარჯვებას დავითის ფსალმუნებში, უმაღლესი გაშუქებით, თეოლოგი იმდენად მამაცია, რომ ფილოლოგი ლამის კედლებზე გადის. ან კი როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც ფარისევლები და შვაბიის სხვა ძროხები თავიანთ ნაცრისფერ, უღიმღამო არსებობას, თავიანთ აშმორებულ ცხოვრებას ღვთის ხელით ჩადენილ სასწაულად აღიქვამენ, „განგებად“ და „ხსნად“. ჭკუის მცირე დოზა, რომ არაფერი ვთქვათ წესიერებაზე, საკმარისი იყო, რომ მათთვის თვალი აეხილა, რა ბავშვური და უღირსია „ღვთის ხელის“ ბოროტად გამოყენება! ღვთისმოსაობის ასეთივე მცირე დოზით უნდა გვეღიარებინა აბსურდად ასეთი ღმერთი, რომელიც სურდოსგან განგვკურნავს და ეტლსაც მოგვართმევს ძლიერი წვიმისას და თუ ის მართლა არსებობდა, უნდა გაგვეუქმებინა. ღმერთი, როგორც მსახური, როგორც ფოსტალიონი, როგორც კალენდარი, - არსებითად ეს არის ყველანაირი შემთხვევითობის აღმნიშვნელი სიტყვა. თავი 53. მარტვილობა რომ რაიმეს ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ამაში მეტისმეტად ნაკლებია სიმართლის მარცვალი. მე მზად ვარ, უარვყო, რომ მოწამეობას საერთოდ აქვს რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან. მარტვილი ისეთ ტონალობაში ახვევს ქვეყანას თავის მოსაზრებას ჭეშმარიტების შესახებ, რომ მკაფიოდ იხატება მისი დაბალი დონე ინტელექტუალური პატიოსნებისა და უნიჭობა ჭეშმარიტების თაობაზე, - უარყოფას ის არც კი საჭიროებს. ჭეშმარიტება არ არის ის, რაც ერთს შეიძლება ჰქონდეს, მეორეს კი - არა. ასე შეიძლება ეფიქრა გლეხკაცობას ან ლუთერის მსგავს გლეხკაცს - მოციქულს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სინდისიერების ხარისხის გაზრდასთან ერთად, მატულობს თავმდაბლობა და ამ საქმისგან განდგომის სურვილი. ხუთი რამ უნდა იცოდე, დანარჩენს კი უნდა განუდგე, დანარჩენს უნდა განუდგე, რათა შემეცნება განაგრძო... „ჭეშმარიტება“, როგორც ესმის ეს სიტყვა ყოველ მოციქულს, ყოველ სექტანტს, ყოველ თავისუფალ გონს, ყოველ სოციალისტს, ყოველ სასულიერო პირს, - სრული დასტურია იმისა, რომ ჯერ არც გონის დისციპლინის და თვითგამორკვევის დასაწყისიც კი არ არსებობს, ჭეშმარიტების თუნდაც პატარა ნამცეცის საპოვნელად. მარტვილთა სიკვდილი, სხვათა შორის, ისტორიის უბედურებას წარმოადგენდა: ისინი აცდუნებდნენ... დასკვნა იდიოტებისა, დედაკაცების ჩათვლით, და მათთან ერთად ხალხისაც, შემდეგია: საქმე, რომლისთვისაც სიკვდილზე მიდიან (ან სულაც ბადებს სიკვდილისკენ სწრაფვის ეპიდემიას, როგორც ეს თავდაპირველი ქრისტიანობის შემთხვევაში მოხდა), ეტყობა რაღაცად ღირს. ასეთი დასკვნა ერთგვარი მუხრუჭი იყო კვლევისთვის, კვლევის განწყობისა და სიფრთხილისათვის. მარტვილები ჭეშმარიტებს ვნებდნენ. ახლანდელ დროშიც საკმარისია უხეში დევნა და სისასტიკე, რომ არაფრის მაქნისი სექტანტი საპატიო სახელით შეამკონ, როგორ? განა იცვლება რაიმე საგნის ფასი, თუ ვინმე მისთვის თავს წირავს? საპატიო შეცდომა, რომელსაც თან ცდუნების ზედმეტი მომხიბვლელობა ახლავს: ხომ არ ფიქრობთ, ბატონო თეოლოგებო, რომ ჩვენ საბაბს მოგცემთ, თქვენი სიცრუის გამო მარტვილები გავხდეთ. საგანს, რომელსაც უარყოფენ, შორეულ ყუთში ინახავენ, ასევე, უარყოფენ თეოლოგებს. მსოფლიო-ისტორიული სისულელე ყველა მდევნელისა იყო ის, რომ ისინი მოწინააღმდეგის საქმეს პატივცემულის იერს ჰმატებდნენ და წამებულის ხიბლით ასაჩუქრებდნენ... ქალი დღესაც მუხლებზე დგას ცდომილების წინ, რადგან მას უთხრეს, რომ ვიღაც მის გამო ჯვარზე მოკვდა. არის კი ჯვარი არგუმენტი? მაგრამ ამ ყველაფრის თაობაზე მხოლოდ ერთმა თქვა სიტყვა, რომელიც ათასწლეულების მანძილზე სჭირდებოდათ, - ზარატუსტრამ. ისინი სისხლის ნიშნებით წერდნენ გზებზე, რომლებიც უნდა გამოევლოთ და მათი სიგიჟე ჰკარნახობდა, რომ სისხლი ჭეშმარიტების დასტურია, მაგრამ სისხლი ჭეშმარიტების ყველაზე ცუდი მოწმეა: სისხლი სუფთა მოძღვრებას სწამლავს სიგიჟით და გულებს - სიძულვილით... და თუ ვინმე თავისი მოძღვრებისთვის ცეცხლში თავს შეყოფს, განა ეს რამეს ამტკიცებს! ჭეშმარიტება ის არის, რომ საკუთარი ხანძრიდან საკუთარი ჭეშმარიტება იბადება. თავი 54. შეცდომაში ნურავინ შეგიყვანთ: დიდი მოაზროვნეები სკეპტიკოსები არიან. ზარატუსტრა სკეპტიკოსია. სიძლიერე, თავისუფლება, სულიერი სიძლიერიდან გამომდინარე, სკეპსისის მტკიცებულებაა. ადამიანები, ძირითადი ფასეულობების მიმართ ან მათ არარსებობაში, სულაც არ განიხილებიან თავიანთი მრწამსით. მრწამსი ციხეა. ის არ გაძლევს საშუალებას, რომ შორს გაიხედო, არც საკუთარი თავის ქვემოთ და არც ზემოთ: მაგრამ იმისთვის, რომ ფასეულობაზე და არაფასეულობაზე ისაუბრო, ხუთასი მრწამსი უნდა დაინახო შენ ქვემოთ და შენ უკან. სული, რომელიც დიდი რაღაცისკენ ისწრაფვის, იძულებულია, მიზნის მისაღწევას სახსრებისკენაც ილტვოდეს. აუცილებლობიდან გამომდინარე, ის სკეპტიკოსი ხდება და ყველანაირი მრწამსისგან თავისუფლდება, ეს კი სიძლიერეა, თავისუფალი - მზერის - შესაძლებლობა... სულის არსებობის საფუძველი და ძალა არის დიდი ვნება, კიდევ უფრო ნათელი და დესპოტური, ვიდრე თვით სული. ის სულის ინტელექტით სარგებლობს: ვნება მას აიძულებს, იმოქმედოს დაეჭვების გარეშე... ამავე დროს, ის მას დაუშვებელი საშუალებების გამოყენებისათვის სიმამაცეს ჰმატებს. გარკვეულ ვითარებაში იმის ნებასაც რთავს, რომ მრწამსი საშუალებად გამოიყენოს, მაგრამ ნება სუვერენულია და არავის ემორჩილება. პირიქით: მოთხოვნილება „რწმენაზე“, აუცილებელ „კი“ და „არა“-ზე, რბილად რომ ვთქვათ, კარლეილიზმზე, თუ მისაღებია ამგვარი ფორმულირება, - ეს არის მოთხოვნილება სისუსტეზე. მორწმუნე ადამიანს, ნებისმიერი რწმენის მატარებელს, - როგორც წესი, რწმენაზე დამოკიდებულს, - საკუთარი თავის იმედი არ გააჩნია და არც რაიმე მიზნის დასახვა შეუძლია. ის შეიძლება მხოლოდ საშუალებად იყოს გამოყენებული ვიღაცის მიერ. მისი ინსტინქტი უდიდეს პატივს სცემს „თავგანწირულობის“ (განთვითების) მორალს. ყველაფერი ამისკენ უბიძგებს: კეთილგონიერება, გამოცდილება, პატივმოყვარეობა. ყველა სახის „რწმენა“ არის განვითარების და თვითგაუცხოების გამოხატულება. თუ სასწორზე დაიდება, რამდენად სჭირდება უმრავლესობას რეგულატორი, ომელიც გარედან იძულებით შეაკავშირებს და განამტკიცებს, როგორც მონებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაშინ ეს ერთადერთი და უკანასკნელი პიროვნება არის სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც წარმატებულია, განსაკუთრებით კი ქალი: ასე აღიქვამენ „მრწამსს“ და „რწმენას“. მრწამსის ადამიანს ამ მრწამსით ზურგი აქვს გამაგრებული. არდანახვა, თან იყო ყველაფერში უშუალო, იყო გამსჭვალული ერთი აზრით, გვქონდეს მკაცრი და ურყევი ოპტიკა ყველა ფასეულობის მიმართ - ყველაფერი ეს განაპირობებს ამგვარი ადამიანის არსებობას. მაგრამ ადამიანების სწორედ ეს სახეობა ანტაგონისტია და გულმართლობისა და ჭეშმარიტების სრული საპირისპირო. მორწმუნე არ არის თავისუფალი, სინდისიერად მოეპყროს ჭეშმარიტისა და არაჭეშმარიტის საკითხს: ამ საკითხში პატიოსანი რომ გახდეს, მისი დაღუპვის ტოლფასი იქნება. პათოლოგიური შეპირობებულობა მისი ოპტიკისა, მრწამსის მქონე ადამიანს ფანატიკოსად აქცევს: სავონაროლას, ლუთერს, რუსოს, რობესპიერს, სენ-სიმონს, - ძლიერის საპირისპირო ტიპს, განთავისუფლებული გონით, მაგრამ ამ ავადმყოფი გონების მქონე ადამიანების დიდებული პოზა, გონებრივი ეპილეფსიანებისა, ხალხზე მოქმედებს, - ფანატიკოსი ფერმწერები, კაცობრიობა უპირატესობას ანიჭებს ჟესტებით ტკბობას, ვიდრე მიზეზების მოსმენას. თავი 55. გადავდგათ წინ ერთი ნაბიჯიც „მრწამსისა“ და „რწმენის ფსიქოლოგიაში“, ერთმა მოსაზრებამ დიდი ხანია შემიპყრო: ჭეშმარიტებისთვის მრწამსი ხომ უფრო საშიშია, ვიდრე რწმენა?! ამჯერად გადამწყვეტ კითხვას ვსვამ: საერთოდ არსებობს კონტრასტი სიცრუეა და მრწამსს შორის? მთელ მსოფლიოს სჯერა ამისა, მაგრამ რისი არ სჯერა მსოფლიოს! ყოველ მრწამსს თავისი ისტორია აქვს, საკუთარი წინარე ფორმები, გამოცდილება და ცდომილებები. მრწამსი ხდება მრწამსი იმის შემდეგ, რაც დიდი ხანი „მრწამსი“ არ იყო, და საერთოდ, კიდევ უფრო დიდხანს, ალბათ, საერთოდ არ იყო. როგორ? ნუთუ მრწამსის ამ ემბრიონული ფორმების მიღმა სიცრუე იმალებოდა? - ზოგჯერ მხოლოდ პიროვნების გამოცვლაა საჭირო: ვაჟიშვილი მრწამსი ხდება ის, რაც მამაში ჯერ კიდევ სიცრუე იყო. სიცრუეს მე ვუწოდებ დანახვის სურვილის არქონას, ვიღაცას არ სურს ისე დაინახოს, როგორც სხვები ხედავენ: მხედველობაში არ არის მისაღები, როგორ მოხდა სიცრუის ფაქტი, მოწმეებით თუ მოწმეების გარეშე. ჩვეულებრივი სიცრუე არის ის, როდესაც ადამიანი თავს იტყუებს. სხვების მოტყუება შედარებით გამონაკლისი შემთხვეაა. ეს არის „არდანახვის“ სურვილი, ვიღაცას არ სურს სხვებივით დანახვა, თითქოს უპირველესი პირობაა ყველასთვის, ვინც რაღაცაში მიკერძოებულია; მიკერძოებული ადამიანი, ძალაუნებურად მატყუარაა. გერმანული ისტორიოგრაფია, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ რომი დესპოტიზმის კერა იყო, რომ გერმანელებმა თავისუფლების სული შემოიტანეს მსოფლიოში: რა განსხვავებაა ამ მრწამსსა და სიცრუეს შორის? რა გასაკვირია, რომ ინსტინქტიდან გამომდინარე, ყველა მიკერძოებული ხდება, როგორც გერმანელი ისტორიკოსები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით ამკობენ მორალს. მორალი, ლამის, იმის წყალობით განაგრძობს არსებობას, რომ მიკერძოებულ ადამიანს ის ყოველ წუთში და წამში სჭირდება. „ეს არის ჩვენი მრწამსი, ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს წინაშე ვაღიარებთ, ჩვენ ვცხოვრობთ და მისთვის თავს ვწირავთ! პატივი და მოწიწება ყველაფერს, რასაც მრწამსი გააჩნია!“ ანტისემიტისგან მაქვს მოსმენილი ამის მსგავსი. ჩემო ბატონები, პირიქით! ანტისემიტი არ იქნება უფრო მართალი და პატიოსანი, როცა იმ პრინციპის გამო ტყუის. მღვდლები ამ საქმეში უფრო გაწაფულნი რომ არიან და კარგად გრძნობენ წინააღმდეგობას, რომელიც „მრწამსის“ ცნებაშია ჩადებული, ანუ დასაბუთებულ სიცრუეს, ებრაელებს დაესესხნენ საჭირო მიზნებისთვის კეთილგონიერებას და ეს ცნება ჩაანაცვლეს სიტყვებით - „ღმერთი“, „ღვთის ნება“, „ღმერთის გამოცხადება“. კანტიც, თავისი კატეგორიული იმპერატივით, იმავე გზას დაადგა: ამ მიმართულებით მისი გონება პრაქტიკული გახდა. არსებობს კითხვები, რომლებზეც ადამიანებს პასუხის გაცემა არ ხელეწიფებათ, მაგალითად: „ჭეშმარიტია“ თუ „არაჭეშმარიტია“ რაიმე დებულება. ყველა უმაღლეს კითხვას, ყველა უმაღლეს ფასეულობათა პრობლემას ადამიანის გონება ვერ სწვდება. გონების საზღვრების წვდომა - ეს არის ნამდვილი ფილოსოფია. რისთვის მისცა ღმერთმა ადამიანს ზეშთაგონება? განა ამით რაიმე ზედმეტი გააკეთა? ადამიანმა თვითონ, დამოუკიდებლად, არ იცის, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ამიტომ ასწავლა მას ღმერთმა ნებელობა... მორალი: მღვდელი არ ტყუის, - საკითხი „ჭეშმარიტისა“ და „არაჭეშმარიტისა“, რაზედაც მღვდლები საუბრობენ, არ იძლევა სიცრუის უფლებას, რადგან, სიცრუის შემთხვევაში, უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა არის ჭეშმარიტი, მაგრამ ადამიანს სწორედ ეს არ შეუძლია. მღვდელი კი ღმერთის რუპორია. ამგვარი სამღვდელო სილოგიზმი არამარტო ებრაულია ან ქრისტიანული: უფლება სიცრუეზე და კეთილგონიერების უფლება „გამოცხადების“ თაობაზე ქურუმის ტიპს ახასიათებს, იქნებიან ისინი „წარმართები“ თუ დეკადენტები (წარმართები არიან ისინი, ვინც სიცოცხლეს „კი“-ს ეუბნებიან, მათთვის სიტყვა „ღმერთი“ არის დიდი „კი“ ყველაფრის მიმართ). „კანონი“, „ღვთის ნება“, „წმინდა წერილი“, „ზეშთაგონება“ - ამ სიტყვებით მოდის ქურუმი სათავეში და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს სიტყვებია სამღვდელო ორგანიზაციების საფუძველი და ისინი გამოხატავენ ყველა სამღვდელო და სამღვდელო ფილოსოფიურ მმართველობას. გამოთქმა "წმინდა სიცრუე" - თუ შევუერთდებით კონფუცის, მანუს "კანონთა წიგნას", მუჰამედს და ცხადია, ქრისტიანულ ეკლესიასაც; მისი ნაკლებობა არც პლატონთან არის. "ჭეშმარიტება აქ არის" - სადაც უნდა გაისმას ეს სიტყვები, მათი მნიშვნელობა ერთია: მღვდელი ტყუის. თავი 56. საბოლოოდ მივადექით კითხვას, რა მიზნით იყენებენ ტყუილს. ქრისტიანობა რომ „წმინდა“ მიზნების დანაკლისს განიცდის, ეს არის მის მიერ გამოყენებული საშუალებებით გამოწვეული ჩემი უკმაყოფილება. მას მხოლოდ ცუდი მიზნები აქვს: მოწამვლა, ცილისწამება, სიცოცხლის უარყოფა, სხეულის ზიზღი, პატივის აყრა და თვითგვემა ცოდვების გამო. ამდენად, მისი მიზნები ცუდია. წინააღმდეგობრივი გრძნობით ვკითხულობ მანუს კანონთა წიგნს, ბიბლიაზე შეუდარებლად სულიერს და ამაღლებულს. ბიბლიასთან ერთად მისი ხსენება სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა იქნებოდა. ამას იმწამსვე მიხვდებით: მასში ნამდვილი ფილოსოფიაა და არა მხოლოდ ავსუნიანი რაბინიზმისა და ცრურწმენის; ის ყველაზე განებივრებულ ფილოსოფოსსაც სთავაზობს გემრიელ ლუკმას. არ შეიძლება დაივიწყო მთავარი, ძირითადი განსხვავება ამ წიგნისა ყველანაირი ბიბლიისაგან: დიდგვაროვან ფენებს, ფილოსოფოსებსა და მეომრებს, ბიბლიის საშუალებით მასები ხელში ჰყავთ მომწყვდეული. ყველგან კეთილშობილი ფასეულობები, სრულყოფილების განცდა საკუთარი თავისა და სიცოცხლის მიმართ, - მანუს წიგნზე მთლიანად მზის სხივია განფენილი. ყველაფერი, რასაც ქრისტიანობა თავის უხამსობას უხვად აფრქვევს, - ჩასახვა, ქალი, ქორწინება, - აქ სერიოზულად განიხილება, მოწიწებით, სიყვარულით და ნდობით. რატომ უნდა აღმოჩნდეს ასეთი ბილწსიტყვიერი წიგნი ქალის ან ბავშვის ხელში, „მაგრამ სიძვისგან თავის ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს, და ყველა ქალს - თავისი ქმარი“ (1 კორინთ. 72, 90) შეიძლება იყო ქრისტიანი, სანამ ცნებით immaculeta conception(ლათ. „უმანკო ჩასახვა“) ადამიანის ჩასახვა გაქრისტიანებულია, ანუ გასვრილია?.. მე არ მეგულება წიგნი, სადაც ამდენ ნაზ და კეთილმოსურნე სიტყვებს არ იშურებდნენ ქალისთვის, როგორც მანუს კანონთა წიგნში. ეს ჭაღარაწვერებიანი წმინდანები ისეთ ოსტატობასა და ზრდილობას ფლობენ ქალის მოპყრობისას, რომ, ალბთ, მათ ვერავინ შეედრება. „ქალის ბაგეები, - ნათქვამია ერთ ადგილას, - ქალიშვილის მკერდი, ბავშვის ლოცვა, მსხვერპლის კვამლი, ყოველთვის სუფთაა“. სხვა ადგილად: „არაფერია უფრო სუფთა, ვიდრე მზის სინათლე, ძროხის ჩრდილი, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და გოგონას სუნთქვა“. უკანასკნელი ადგილი, - იქნებ ესეც წმინდა სიცრუეა - „ყველა ხვრელი ჭიპის ზემოთ სუფთაა, ჭიპის ქვემოთ კი არ არის სუფთა, მხოლოდ ქალწულს აქვს მთელი სხეული სუფთა“. თავი 57. საკმარისია, შევადაროთ ქრისტიანობის მიზანი მანუს კანონთა წიგნის მიზანს, როდესაც მიზანთა ამ უდიდეს წინააღმდეგობას სინათლის კარგ შუქზე დააკვირდები, ქრისტიანობის უწმინდურ საშუალებებს დანაშაულის ადგილზე წაასწრებ (in feagranti). ქრისტიანობის ვერც ერთი კრიტიკოსი თავს ვერ შეიკავებს და ქრისტიანობის ნამდვილ, ამაზრზენ სახეს იხილავს. მანუს კანონთა წიგნს ისეთივე წარმომავლობა აქვს, როგორც ყველა კარგ კანონთა წიგნს: ის რეზიუმეს უკეთებს გამოცდილებას, კეთილგონიერებას და ასწლეულის ექსპერიმენტულ მორალს და შემდეგ დასკვნას აკეთებს, მაგრამ არაფერს არ ქმნის. წინაპირობას ამგვარი კოდიფიკაციისას წარმოადგენს ის, რომ საშუალება ჭეშმარიტების ავტორიტეტის შესაქმნელად არის ნელი და საკმაოდ ძვირად მოპოვებული. ამით მტკიცდება, რომ კანონების წიგნი არასდროს საუბრობს იმას, რასაც სასარგებლოდ არ თვლის, არც საფუძველზე, არც კაზუისტიკაზე კანონის წინარე ისტორიაში. სწორედ ამის წყალობით დაკარგა მან, ალბათ ის იმპერატიული ტონი და „შენ უნდა“, რაც მორჩილებისთვის აუცილებელია. პრობლემა ისაა, რომ ხალხის განვითარების გარკვეულ მომენტში, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი გამოცდილება, რომლის შესაბამისად მან უნდა, ან შეუძლია იცხოვროს, დამთავრებულია. მისი მიზანია, მდიდარი მოსავალი აიღოს, მოყოლებული ექსპერიმენტის დროიდან და უარყოფითი გამოცდილებიდან. ამიტომ ახლა, პირველ რიგში, ექსპერიმენტს თავი უნდა აარიდოს, ასევე, ფასეულობების შემდგომი ევოლუციის უსასრულობაში ჩაკარგულ კვლევას, არჩევანს, ფასეულობების კრიტიკას. ამ ყველაფერს ორმაგი კედელი უპირისპირდება: ერთი მხრივ - გამოცხადება, ანუ მტკიცება იმ აზრისა, რომ იმ კანონების საზრისი არ არის ადამიანური წარმოშობისა, რომ ის ნელი ძიების რეზულტატს არ წარმოადგენს, შეცდომები რომ ახლდა თან, არამედ არის ღვთიური წარმომავლობისა, რომელიც სრულყოფილი ფორმით აცნობეს, ისტორიის გარეშე, ძღვენივით მიართვეს, როგორც სასწაული. მეორე მხრივ - ტრადიცია ანუ მტკიცებულება, რომ კანონი უძველესი დროიდან არსებობს, ამაში ეჭვის შეტანა კი წინაპრების უპატივცემულობა და შეურაცხყოფა იქნება. კანონის ავტორიტეტი ეყრდნობა შემდეგ თეზისებს: ეს ღმერთმა მოგვცა, წინაპრებმა ეს უკვე გადაიტანეს. უმაღლესი საზრისი ამგვარი პროცესისა მდგომარეობს განზრახვაში, ნაბიჯ-ნაბიჯ დააშოროს ცნობიერება ცხოვრებას, რომელიც აღიარებულია როგორც სწორი და მართალი (ანუ უზარმაზარი და წვრილად გაცრილი გამოცდილებით დაამტკიცა თავისი სისწორე). ამ გზით ინსტინქტის სრული ავტომატიზაცია უნდა მოხდეს. ეს არის წინაპირობა ცხოვრების ხელოვნების ყველანაირი ოსტატობისა და სრულყოფილებისა. მანუს ნიმუშის მიხედვით წიგნის შედგენა ნიშნავს აღიარებას, რომ ის ხალხი ოსტატია, რომ მას შეუძლია, პრეტენზია გამოაცხადოს ცხოვრების უმაღლესი ხელოვნების ცოდნისა. ამიტომ ის ქვეცნობიერად უნდა შეიქმნას: ამაშია ყველა „წმინდა სიცრუის“ მიზანი. კასტების წესრიგი, კანონი კი, რომელიც დომინირებს, არის ბუნებრივი წესრიგის სანქცია, პირველადი რანგის ბუნებრივი კანონიერება, რომელზეც არავითარი თვითნებობა არ ვრცელდება, არავითარი „თანამედროვე იდეა“. ჯანმრთელ საზოგადოებაში, ერთმანეთის განპირობებით, ძირითადად, გამოიყოფა სამი, ფიზიოლოგიურად განსხვავებულად მიმზიდველი ტიპი. თითოეულ მათგანს საკუთარი ჰიგიენა გააჩნია, სამუშაოს საკუთარი სფერო, სრულყოფილებისა და ოსტატობის გრძნობის განსაკუთრებული ფორმა. ბუნება, და არა მანუ, გამოყოფს ზოგიერთებს სულის სიძლიერის უპირატესობით, სხვებს კუნთებისა და ტემპერამენტის უპირატესობით, დანარჩენებს, არაფრით გამორჩეულებს - საშუალოებს: უკანასკნელი უმეტესობაშია, პირველები კი - რჩეულები, უმაღლეს კასტას მე უმცირესობას ვუწოდებ. ისინი ჩვეულებრივი უფლებებითაც სარგებლობენ: მათ შეუძლიათ დატკბნენ მიწიერი ბედნიერებით, სილამაზით, სიკეთით. მხოლოდ სულიერად გამორჩეულად დაჯილდოვებულ ადამიანებს გააჩნიათ ნებართვა სილამაზეზე, მშვენიერებაზე, მათთვის არც სიკეთე ითვლება სისუსტედ. Telehum est paucorum hominum(მშვენიერება მხოლოდ რჩეულებს ეკუთვნის, სიკეთე უპირატესობაა). არაფერი ისე არ ეკრძალებათ, როგორც ცუდი მანერები, ან პესიმისტური ხედვა, თვალი, ყველაფერს რომ შავად ხედავს, ან აღშფოთება სამყაროს საერთო სურათით. აღშფოთება - ეს უმეტესად ჩანდალას თვისებაა, ასევეა პესიმიზმიც. სულიერად დაჯილდოებულის ინსტინქტი ამბობს: „სამყარო სრულყოფილია“ - და ამით სიცოცხლეს განამტკიცებს. „არასრულყოფილია“, რაც ჩვენზე დაბლა დგას. დისტანცია, დისტანციის პათოსი, თვით ჩანდალაც, ამ სრულყოფილების ნაწილია. სულიერად დაჯილდოებულნი პოულობენ ბედნიერებას იქ, სადაც სხვები ლაბირინთში, სისასტიკესა და ძიებაში დაღუპვას გადააწყდებოდნენ. მათი სიამოვნება არის თვითიძულება, ასკეტიზმი - მათი ბუნებრივი მდგომარეობა, მოთხოვნილება და ძირითადი ინსტინქტი. ძნელი ამოცანა პრივილეგიად ეჩვენებათ. სიძნელეებით თამაში, სხვას რომ გათელავს, - მათი დასვენებაა, შემეცნება - ასკეტიზმის ფორმა. ასეთ ხალხს განსაკუთრებული პატივი უნდა მიაგონ. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი მხიარულნიც არიან და გულღიანიც. ისინი ბატონობენ არა იმიტომ, რომ ეს სურთ, არამედ იმიტომ, რომ არსებობენ: მათ არ ეძლევათ თავისუფლება იმისა, რომ მეორენი იყვნენ, მეორენი უფლების გუშაგები არიან, უშიშროების და წესრიგის აპეკუნები, კეთილშობილი მეომრები, მეომრის უმაღლესი ფორმულა კი მეფეა, მოსამართლე, კანონის დამცველი. მეორენი - სულით ძლიერთა აღმასრულებლები, მათი უახლოესი წრე, რომელიც ბატონობის ყველა უხეშ ფორმას თავის თავზე იღებს, მათი ამალა, მათი მარჯვენა ხელი, მათი საუკეთესო მოსწავლეები, - არაფერია თვითნებური, არაფერია „გაკეთებული“ და თუ გაკეთებულია, ე.ი. ისე არ არის ბუნება კომპრომატირებულია... კასტების იერარქიითაა სიცოცხლის უმაღლესი კანონი ფორმულირებული, საზოგადოების შენარჩუნებისათვის ტიპები სამ სახეობად იყოფა, იმ მიზნით, რომ გამოიყოს მაღალი და უმაღლესი ტიპები. უფლებების თანასწორობა მხოლოდ პირობაა იმისთვის, რომ უფლებები საერთოდ არსებობდეს. თითოეულის პრივილეგია მისი ყოფის თავისებურებაშია. ნუ შევაფასებთ დაბალი შეფასებით საშუალების პრივილეგიებს. ცხოვრება, ამაღლების დონის შესაბამისად, მკაცრდება, იმატებს სიცივე და პასუხისმგებლობა. მაღალი დონის კულტურა - პირამიდაა; ის მხოლოდ ფართო საძირკველზე უნდა იდგეს, წინაპირობად მას, უპირველეს ყოვლისა, ძლიერი და ჯანსაღი საშუალება გააჩნია. ხელობა, ვაჭრობა, მიწათმოქმედება, მეცნიერება, ხელოვნების დიდი ნაწილი, მოკლედ, ყველაფერი, რასაც სპეციალური საქმიანობის ცნება მოიცავს, მხოლოდ საშუალოსთან არის შეთანხმებული, შესაძლებლობებშიც და სურვილებშიც. გამონაკლისები ამ ვითარებაში არ არსებობს. ინსტინქტი, რომელიც ამისთვის არის განკუთვნილი, ერთნაირად იქნებოდა წინააღმდეგობის შემქმნელი, როგორც არისტოკრატიზმის, ასევე, ანარქიზმის მიმართ, იმისთვის, რომ საზოგადოებას სარგებელი მოუტანო, იყო მამოძრავებელი ბორბალი, გქონდეს ფუნქცია, ბუნებრივი მონაცემები უნდა გაგაჩნდეს: არა საზოგადოება, არამედ სიხარულის სახეობა, რისი უნარიც მხოლოდ უმეტესობას გააჩნია და სიხარული მათთან ინტელიგენტურ მანქანას ქმნის. საშუალებისთვის ბედნიერება არის საშუალება: ოსტატობა რაიმე საქმეში, სპეციალობა - ეს ბუნებრივი ინსტინქტია. უფრო ღრმა სულის საშუალებისთვის უღირსი იქნებოდა თავის საშუალებაში რაიმე უარყოფითი დაენახა. საშუალება პირველი აუცილებლობაა გამონაკლისების არსებობისათვის: მაღალი კულტურა საშუალებით არის განპირობებული. თუ გამონაკლისი - ადამიანი საშუალოს უფრო ნაზად ეპყრობა, ვიდრე თავის მსგავსს, ეს არა ზრდილობის ნიშანია, არამედ მისი ვალდებულება... ვინ მეჯავრება ყველაზე მეტად დღევანდელ ნაძირალებს შორის? სოციალისტი-ნაძირალები, ჩანდალა-მოციქულები, რომლებიც ასამარებენ ინსტინქტს, სიამოვნებას, მუშის კმაყოფილების განცდას თავიანთი პატარა ყოფით, რაც მათ შურიანს ხდის და შურისმაძიებელს. უთანასწორო უფლებები არ არსებობს, არსებობს უსამართლობა განცხადებაში „თანასწორ“ უფლებებზე... რა არის ცუდი? თუმც ეს უკვე ვთქვით: ყველაფერი, რაც ხდება სისუსტის, შურის, ან შურისძიების საფუძველზე. ანარქისტი და ქრისტიანი ერთი წარმოშობისა არიან... თავი 58. სინამდვილეში არსებობს განსხვავება, რა მიზნით იტყუებიან: იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ, თუ იმისთვის, რომ დაანგრიონ. ქრისტიანსა და ანარქისტს შორის ტოლობის ნიშანი დაისმება: მათი მიზანი, მათი ინსტინქტი მიმართულია დანგრევისაკენ. ამ მოსაზრებას დასტური ისტორიაში მრავლად მოეძიება: წარმოგვიდგენს შესაშინებელი სიცხადით. ჩვენ ეს-ეს არის გავეცანით რელიგიურ კანონმდებლობას, რომლის მიზანია საზოგადოების უდიდესი ორგანიზაციის უკვდავყოფა, - უმაღლესი პირობა იმისთვის, რომ ცხოვრება წარმატებული იყოს და აყვავდეს. ქრისტიანობამ შიგ აღმოაჩინა თავისი მისია, ბოლო მოუღოს ამგვარ ორგანიზაციას, რადგან მასში სიცოცხლე წარმატებულია. შორეული წარსულიდან მოყოლებული, გონებას ექსპერიმენტის და დაურწმუნებლობის ნაყოფი უხვად უნდა დაეგროვებინა შემდგომი გამოყენებისთვის და მოსავალი საკმაოდ უხვი და სრულყოფილი იყო, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი... ან პირიქით, მოსავალი ერთ ღამეში იქნა მოწამლული. ის, რაც იყო aere perennius – imperium Pomanum, ყველაზე გრანდიოზული ფორმა ორგანიზაციისა უმძიმეს პირობებში, რომელიც კი აქამდე შეიძლებოდა შექმნილიყო, და რომელთან შედარებითაც წარსული და მომავალი ფორმები გამოიყურებიან, როგორც კუსტარული, უნიჭო და დილეტანტური. ანარქისტმა - წმინდანებმა აქედან „თავისთვის“ „ღვთისმოსაობა“ შექმნეს, რათა ქვეყანა imperium Romanum დაენგრიათ და ქვა-ქვაზე არ დარჩენილიყო. ამასობაში გერმანელები და სხვა ნაყარნუყარა ბრბო მათზე კიდეც გაბატონდა... ქრისტიანი და ანარქისტი - ორივე დეკადენტი, არც ერთს არ გააჩნია უნარი, სხვაგვარად იმოქმედოს, გარდა გახრწნისა, დაბეჩავებისა, მოწამვლისა, სისხლის წოვისა, სიძულვილის მომაკვდინებელი ინსტინქტისა ყველაფრის მიმართ, რაც აგამაღლებს, რაც დიდებულია, რასაც სიმყარე გააჩნია... ქრისტიანობა იყო imperium Romanum- ის ვამპირი, რომელსაც ჩვენ უკეთესად ვიცნობთ რომის პროვინციების ისტორიის მეშვეობით. ეს განსაცვიფრებელი, მაღალი სტილის მხატვრული ნაწარმოები გათვლილი იყო ათასწლეულებზე, აქამდე ასე არამც თუ უშენებიათ, არამედ არც უოცნებიათ ასეთ მშენებლობაზე! ეს ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერი იყო, რომ უვარგისი იმპერატორებისთვის ამდენ ხანს გაეძლო: ასეთ დროს შემთხვევით პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მთავარი პრინციპი არის დიადი არქიტექტურა. მაგრამ მან ვერ გაუძლო გახრწნილების ყველაზე საშინელ, დამანგრეველ ფორმას - ქრისტიანობას. ეს ფარული ჭია, რომელიც ღამე, ბურუსში და ორაზროვნებაში თითოეულ პიროვნებაში შეცოცდა და თითოეულიდან ამოწოვა ჭეშმარიტებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, საერთოდ, რეალობისადმი მიმართული ინსტინქტი. ამ მხდალმა, ფემინისტურად მოტკბო ბანდამ გრანდიოზული მშენებლობის მიმართ „სულების“ გაუცხოება მოახერხა. ის აუცხოებდა ადამიანთა მაღალი ღირებულებების, მამაკაცურ-კეთილშობილ ბუნებას, რომელნიც რომს თავიანთ კუთვნილ საქმედ და სიამაყედ მიიჩნევდნენ. თაღლითი ფარისევლების გაქნილობა, ფარული თავშეყრა, ისეთი პირქუში ცნებები, როგორიცაა ჯოჯოხეთი, უდანაშაულო მსხვერპლი, როგორიცაა სისხლისმწოვლის unio mystica, და ჩანდალას შურისძიების გაბატონება რომზე. რელიგიის იგივე სახეობა, რომელსაც ჯერ კიდევ ეპიკურემ გამოუცხადა ომი მის ჩანასახოვან ფორმაში. უნდა წაიკითხონ ლუკრეციუსი, რაღა სიღრმეში ჩასწვდნენ, რას ებრძოდა ეპიკურე. ის ებრძოდა არა წარმართობას, არამედ „ქრისტიანობას“, სულების გახრწნას, ცოდვა-სასჯელისა და უკვდავების ცნებას. ის მიწისქვეშა კულტებს ებრძოდა, ლატენტურ ქრისტიანობას, უკვდავების უარყოფა იყო მაშინ ნამდვილი ხსნა. ეპიკურე გაიმარჯვებდა, რადგან ყველა ღირსეული რომაელი ეპიკურეს მიმდევარი იყო. მაგრამ გამოჩნდა პავლე... პავლე, რომელიც ჩანდალას რომის წინააღმდეგ რისხვის ხორცშესხმა და გენია გახდა, ებრაელი მთელი სამყაროს წინააღმდეგ, მარადიული ებრაელი par excellence...ის მიხვდა, რომ პატარა სექტანტური ქრისტიანული მოძრაობიდან შესაძლებელია „მსოფლიო ხანძრის“ გაჩაღება. იუდეველთაგან მოშორებით, სიმბოლოთი - „ღმერთი ჯვარზე“ შეიძლება ერთი საზარელი ძალაუფლების შექმნა, ქვემოთ მოქცეული, ფარულად მეამბოხე, იმპერიის ანარქისტული მოძრაობის მთელი პროპაგანდისტული მემკვიდრეობის ამოქმედებით. „ხსნა იუდეველთაგან მოდის“, - ქრისტიანობა, როგორც ფორმულა, რათა აჯობო ყველა მიწისქვეშა კულტს, მაგალითად, ოსირისს, დიდ დედას, მითრას და შეაჯამო ისინი, - ამაშია პავლეს გენიალობა. ამ მხრივ მისი ინსტინქტი ზუდტად მუშაობდა; ჭეშმარიტებაზე დაუნდობელი ძალადობით, მისივე გამოგონილი „მხსნელის“ ბაგეთა მეშვეობით, ის ჩანდალას რელიგიას ახმოვანებდა, რომელიც გონების დაბინდვამდე ხიბლავდა ჩანდალა-მსმენელს. მან შექმნა ისეთი რამ, რისი გაგებაც მითრას მღვდლებსაც შეეძლოთ... დამასკოს შემთხვევა: ის მიხვდა, რომ აუცილებლად სჭირდება უკვდავების რწმენა, რათა სამყარო გააუფასუროს, რომ ჯოჯოხეთის ცნება ჯერ კიდევ ბატონობს რომზე, რომ „საიქიო“ სიცოცხლეს სჯობს... ნიჰილისტი და ქრისტიანი გერმანულში ერთმანეთს ერითმება და არა მარტო ერითმება. თავი 59. ანტიკური სამყაროს მიერ ჩატარებული სამუშაო ამაოა: სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი გრძნობა გამოვხატო ამ საზარლობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მათი სამუშაო წინასწარი სამუშაო იყო, რომ მისი თვითშეგნების გრანიტით ათასწლიან სამუშაოს ჩაეყარა საფუძველი, - ანტიკური სამყაროს მთელი აზრი ამაო გამოდგა. რისთვის იყვნენ ბერძნები? ან რომაელები? - მეცნიერული კულტურისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა, მეცნიერული მეთოდებიც აქ იყო. კაცობრიობას გააჩნდა დიდი, შეუდარებელი კითხვის ხელოვნება, ეს კულტურული ტრადიციის წინაპირობა იყო, მეცნიერების ერთიანობისა: ბუნებისმეტყველება, მათემატიკასთან და მექანიკასთან კავშირში, საუკეთესო გზაზე იყო - ფაქტების გააზრებას, უკანასკნელი და უმთავრესი, ყველანაირი გაგებისა, თავისი სკოლები ჰქონდა, უკვე თავისი ასწლიანი ისტორია! ნეტავ ვინმეს თუ ესმის ეს? არსებითი ყველაფერი ნაპოვნი იყო, რათა სამუშაოს შესდგომოდნენ: მეთოდები, ამის გამეორება ათჯერ შეიძლება, არსებითია და, აგრეთვე, უძნელესი, რადგან ჩვევები და სიზარმაცე მას შეუპოვრად უძალიანდებიან. ჩვენში ჩაბუდებულია ყველა უარყოფითი ქრისტიანული ინსტინქტი. ამიტომ დიდი ძალისხმევა და თვითიძულება იყო საჭირო, რომ კვლავ მოგვეპოვებინა რეალობის თავისუფალი ხედვა, სიფრთხილე, მოთმინება და სერიოზულობა თუნდაც უმცირესში, შემეცნების სამართლიანობაში - ის უკვე არსებობდა კიდეც! თითქმის ორი ათასი წლის წინათ! და ამას მიეთვლება აგრეთვე დახვეწილი ტაქტი და გემოვნება! არა ტვინის წვრთნა! არა გერმანული განათლება უხეში მანერებით! არამედ როგორც სხეული, როგორც ჟესტები, როგორც ინსტინქტი - მოკლედ, როგორც რეალობა... ყველაფერი ამაოდ! ერთ ღამეში ყველაფერი მოგონებად იქცა! ბერძნები, რომაელები! ინსტინქტის კეთილშობილება, გემოვნება, მეთოდური კვლევა, ორგანიზაციის და მართვის გენია, რწმენა, ადამიანის ნება მომავლისადმი, უდიდესი „კი“ ყველა ნივთისადმი, რომელიც imperium Romanium-ში განსახიერდა. ყველა გრძნობისთვის დიდებული სტილი, შექმნილი არა მარტო ხელოვნებით, არამედ რეალობით, ჭეშმარიტებით, სიცოცხლით... და ეს ყველაფერი ერთ ღამეში ნაცარტუტად იქცა. ბუნების კატასტროფის შედეგად. არა გერმანელების ან სხვა მძიმეწონიანების მიერ იყო მთლიანად გათელილი, არამედ ვერაგი, საიდუმლო, უხილავი, სისხლნაკლული ვამპირების მიერ წაბილწული. ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ სისხლი გამოწოვეს! ფარული შურისძიება და შური გაბატონდა! ზედაპირზე მთელი ვეტო ამოტივტივდა, - საბრალოთა, ტანჯულთა და ცუდ გრძნობებს ატანილთა! საკმარისია, რომელიმე ქრისტიანი აგიტატორი წაიკითხო, მაგალითად, წმინდა ავგუსტინე, რომ იყნოსო და მიხვდე, რა უწმინდური არსებები ამოვიდნენ ზედაპირზე. ჩვენ მოტყუებულები ვიქნებოდით, რომ ჭკუის ნაკლებობა დაგვებრალებინა ქრისტიანული მოძრაობის ბელადებისთვის. - ო, ისინი ძალიან ჭკვიანები, თითქმის წმინდანობამდე ჭკვიანები არიან, საეკლესიო მამები! მათ სულ სხვა რამ აკლიათ! ბუნებამ ისინი უგულებელყო! მას დაავიწყდა, მწითვად გადაეცა მათთვის თუნდაც მცირედი პატიოსნების, წესიერებისა და სისუფთავის ინსტინქტი. ჩვენ შორის უნდა ითქვას, რომ ისინი არ არიან მამაკაცები. თუ ისლამს ქრისტიანობა ეზიზღება, ის ათასჯერ მართალია: ისლამის წინაპირობა მამაკაცობაა! თავი 60. ქრისტიანობამ ანტიკური კულტურა მოგვისპო, მოგვიანებით კი ისლამის კულტურაც მოგვისპო. ესპანეთის მშვენიერი მავრიტანული კულტურული სამყარო ფეხებით იქნა გათელილი, არსებითად ჩვენთვის მონათესავე, ჩვენს გრძნობებთან და გემოვნებასთან უფრო ახლოს მდგომი, ვიდრე რომი და საბერძნეთი, არ ვასახელებ, რომელი ფეხებით, - რატომ? იმიტომ, რომ ის კეთილშობილ, მამაკაცურ ინსტინქტებს თავის წარმომავლობას უმადლოდა, რადგან სიცოცხლეს განამტკიცებდა, მავრიტანული ცხოვრების იშვიათი, რაფინირებული სიმდიდრით! ჯვაროსნებმა ისიც გაანადგურეს, ამის გამო უნდა შთაენთქა ისინი მიწას. მეცხრამეტე საუკუნე, იმასთან შედარებით, ღატაკია და ნაგვიანევი. ცხადია, მათ ნადავლის გარდა არაფერი სურდათ, აღმოსავლეთი კი საკმაოდ მდიდარი იყო... მაგრამ აქ მორცხვობა უადგილოა: ჯვაროსნული ომები მხოლოდ უმაღლესი რანგის ყაჩაღობა იყო, სხვა არაფერი! გერმანელი თავადობა, შთამომავლობით ძირითადად ვიკინგები, თავიანთ სტიქიაში იყვნენ: ეკლესიამ კარგად იცოდა, როგორ მოჰქცეოდა გერმანელ თავადაზნაურობას, რომელიც ყოველთვის ეკლესიის უარყოფითი ინსტინქტების სამსახურში იდგა, საუკეთესო ანაზღაურებით. სწორედ გერმანული მახვილის მეშვეობით, გერმანული სისხლისა და მამაცობის მეშვეობით, ეომებოდა ეკლესია ყველაფერი კეთილშობილს! ამას ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება. გერმანელი თავადაზნაურობა, ე.წ. ეკლესიის „შვეიცარიელები“, თითქმის არ მოიხსენიებდა უმაღლესი კულტურის ისტორიაში და ადვილი მისახვედრია, რატომ: ქრისტიანობა და ალკოჰოლი გახრწნის ორი საშუალებაა... არჩევანის გაკეთება ქრისტიანობასა და ისლამს შორის არ შეიძლება, ისევე, როგორც არაბს და იუდეველს შორის. გადაწყვეტილება მიღებულია და არჩევანის უფლება არავის აქვს. ჩვენ ან ვართ ჩანდალა, ან არ ვართ... „რომთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი! მშვიდობა, მეგობრობა ისლამთან“. - ასე გრძნობდა და მოქმედებდა ერთადერთი თავისუფალი სული, გენიოსი გერმანელ იმპერატორთა შორის, ფრიდრიხ მეორე. როგორ? განა გერმანელი უნდა იყოს გენიოსი, თავისუფალი გონი, რათა წესიერად შეიგრძნოს? მე არ მესმის, როგორ შეეძლო გერმანელს ოდესმე რაიმე ქრისტიანულად ეგრძნო. თავი 61. აქ აუცილებელია შევეხოთ ასჯერ უფრო მტანჯველ მოგონებებს გერმანელებისთვის. გერმანელებმა ევროპას კულტურის უკანასკნელი მოსავალი მოუსპეს, რომლის აღებაც შეიძლებოდა, - რენესანსის კულტურა. ბოლოსდაბოლოს სურთ მაინც, რომ გაიგონ, რა იყო რენესანსი? ქრისტიანულ ფასეულობათა გადაფასება, მცდელობა, ყველანაირი საშუალებით, ინსტინქტებით, გენიით მიეღწიათ იმისთვის, რომ კეთილშობილ ფასეულობებს გაემარჯვათ... აქამდე იყო ომი, აქამდე არ არსებობდა შესაძლებლობა საკითხის კატეგორიულად დასმა, მითუმეტეს რენესანსის საკითხისა. - ჩემი კითხვა სწორედ ამას ეხება: თავდასხმა არასდროს ყოფილა ესოდენ საფუძვლიანი, პირდაპირი“ მკაცრი მთელ ფრონტის ხაზზე და ცენტრში! თავდასხმა განხორციელდა ყველაზე გადამწყვეტ ადგილზე, შიგ ქრისტიანობის ცენტრში! აქ მოახერხო, რომ კეთილშობილი ფასეულობები აამაღლო სამეფო ტახტის სიმაღლემდე, მე მსურს ვთქვა, აამაღლო ისინი იქ დაბრძანებულთა ინსტინქტებამდე და სურვილამდე... მე ვხედავ ზემიწიერი ხიბლის შესაძლებლობას და ფერთა სიტურფეს: მეჩვენება, რომ ისინი რაფინირებული სილამაზის თრთოლვით ბრწყინავენ, რომ ღვთიური ხელოვნებით არიან შექმნილი, ისეთ ეშმაკისეული ღვთიურობით, რომ ამაოდ ვეცდებით ათასწლეულების მანძილზე ამგვარი შესაძლებლობის მიგნებას. მე ვხედავ სანახაობას, ისეთ გრძნობადს და, ამავე დროს, საოცრად პარადოქსულს, რომ ოლიმპოს ღმერთებს ექნებოდათ უსასრულო სიცილის საბაბი. ჩეზარე ბორჯია - პაპი... ესმით ჩემი? ეს იქნებოდა გამარჯვება, რომლისკენაც მხოლოდ მე მივილტვი: ამით ქრისტიანობას ბოლო მოეღებოდა. მაგრამ რომში გერმანელი ბერი მოვიდა, ლუთერი. წარუმატებელი მღვდლის შურისმაძიებელი ინსტინქტით სავსე, ის აღსდგა რენესანსის წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ღრმა მადლიერებით ეგრძნო მომხდარი საშინელება, - საკუთარ ბუდეში ქრისტიანობაზე გამარჯვება, - ის ამ საშინელებით მხოლოდ თავის სიძულვილს კვებავდა. ლუთერი ხედავდა პაპების გახრწნილებას, თუმც ხელშესახები სულ სხვა რამ იყო: არა ცნობილი გახრწნილება, არა peccatum originale, პაპის სკამზე ქრისტიანობა აღარ იჯდა! არამედ ცხოვრება! ტრიუმფი! არამედ დიდი „კი“ მაღალს, ლამაზს, თამამ საქმეებს! და ლუთერმა ეკლესია აღადგინა: ის თავს დაესხა მას... რენესანსი - უაზრო მოვლენაა, დიდი ამაოება! ახ, რად დაგვიჯდა ეს გერმანელები, ამაოება ყოველთვის გერმანელის საქმე იყო - რეფორმაცია, ლაიბნიცი, კანტი და ე.წ. გერმანული ფილოსოფია, ომები „თავისუფლებისათვის“, იმპერია, - ის, რაც იყო, აღარ დაბრუნდება, მე ვაღიარებ: გერმანელები ჩემი მტრები არიან. მეზიზღება მათში უწმინდურობა ცნებებისა და ფასეულობების მიმართ. პატიოსანი „კი“ და „არას“ წინაშე - სიმხდალე. ათასი წლის მანძილზე მათ ყველაფერი აურ-დაურიეს. მათ სინდისზეა ყველა ნახევრიანები - სამი მერვედიანი, რომლითაც ევროპა ავად არის. მათ სინდისზეა ასევე ქრისტიანობის ყველაზე ბინძური, უკურნებელი და უცილობელი სახეობა, რომელიც კი საერთოდ არსებობს, - პროტესტანტიზმი... თუ ქრისტიანობას საერთოდ ვერ გაუმკლავდებით, ამაში დამნაშავე გერმანელები იქნებიან. თავი 62. ამით ვამთავრებ და ვახმოვანებ ჩემს განაჩენს. ამით მსჯავრს ვდებ ქრისტიანობას. ქრისტიანულ ეკლესიას ყველაზე საშინელ ბრალდებას წავუყენებ, რომელიც კი გაგონილა ბრალმდებლის ბაგეთაგან. ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენელი შერყვნაა, მან უკანასკნელი შერყვნისათვის გამოიჩინა ნება, რომელიც კი იყო შესაძლებელი. თავისი სიბილწით ხელშეუხებელი არაფერი დატოვა, ყოველი ფასეულობა გააუფასურა, ჭეშმარიტებიდან სიცრუე შექმნა, პატიოსნებიდან - სულიერი სიმდაბლე. კიდევ ბედავენ, რომ მიხსენონ ქრისტიანობის „ჰუმანური“ ლოცვა! უბედურების მოშორება მის ინტერესებს ეწინააღმდეგება! ის უბედურებით ცხოვრობდა, რათა უკვდავეყო საკუთარი თავი... „ცოდვის ჭია“ - ამ უბედურებით ქრისტიანობამ გაამდიდრა კაცობრიობა! „სულთა თანასწორობა ღვთის წინაშე!“ ეს სიყალბე, ეს საბაბი rancunes ყოველი მიწიერისთვის, ეს გონების ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ბოლოს რევოლუციურად, თანამედროვე იდეად და საზოგადოებრივი წყობის დაცემის პრინციპად იქცა - ეს ხომ ქრისტიანული დინამიტია... ქრისტიანობის „ჰუმანური“ დალოცვა! Humanitas-გან გამოწვრთნა თვით წინააღმდეგობა, თვითწაბილწვის ხელოვნება, ნებისმიერ ფასად სიცრუის ნება, ზიზღი და სიძულვილი კარგი და პატიოსანი ინსტინქტების მიმართ! - ეს იქნებოდა ჩემთვის ქრისტიანული დალოცვა! ეკლესიის პრაქტიკა - პარაზიტიზმია, - რომელიც თავისი „წმინდანობის იდეალით“ და სისხლნაკლულის სიფერმკრთალით მთელ სისხლს, სიყვარულს, სიცოცხლის იმედს წოვს; საიქიო, როგორც რეალობის უარყოფის ნება, ჯვარი, როგორც ნიშანი მიწისქვეშა შეთქმულებისა, შეთქმულება ჯანმრთელობის, სილამაზის, თვით სიცოცხლის წინააღმდეგ. ეს ბრალდება ქრისტიანობის წინააღმდეგ მსურს ყველა კედელს წავაწერო, სადაც კი ეს კედლები არსებობს. მე მაქვს ასოები, რომლებიც ბრმებს თვალებს აუხელენ. ქრისტიანობას უდიდეს, ერთიან წყევლას ვუწოდებ, ერთიან შინაგან ხრწნას, დიდ ერთიან ინსტინქტს, რომლისთვისაც არანაირი საშუალება არ იქნება საკმარისად შხამიანი, ვერაგი, მდაბალი, საკმარისად ცოტა, - მე მას ვუწოდებ ერთიან უკვდავ, სამარცხვინო ლაქას კაცობრიობისა და აი, დროს ითვლიან იმ უბედური წამიდან, როდესაც ეს ბედისწერა დაიწყო, ქრისტიანობის პირველი დღიდან! რატომ არა უკანასკნელიდან? დღეის შემდეგ? ყველა ფასეულობათა გადაფასება! 290 2-ს მოსწონს
|