შოუბიზნესი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყველა ეპოქა თავისებურად საინტერესო, საამაყო და ტრაგიკულია... 2019, 18 მაისი, 16:25
ჩვენი რესპოდენტი მომღერალი და მუსიკოსი სოსო მიქელაძეა, აღსანიშნავია სი რომ მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა, გულრწფელი და ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, 17 წლის იყო როდესაც მუსიკალურ სკოლაში გიტარის პედაგოგად მიიღეს
ვის მიეძღვნა სიმღერა “მე და შენ“ რომლითაც ფართო საზოგადოებამ გაგიცნო? იმ შორეული 2012 წლის მაისის დასაწყისში, როდესაც სიმღერა „მე და შენ“ დავწერე (დავწერე ერთბაშად, მიყოლებით, 2 დღეში) - არავისადმი მიძღვნა არ ყოფილა. უბრალოდ არსებობდა გარკვეული გარემოებები, ერთმანეთს მრავალი ფაქტორი დაემატა, რამაც დააჩქარა უდიდესი ემოციური მუხტის დაგროვება და შემდეგ ერთ სიმღერაში გამოსახვა. განშორება საყვარელ ადამიანებთან, უძვირფასესი ახლობლის დაკარგვა, იმ ეტაპზე მომხადარი სხვადასხვა ცხოვრებისეული წარუმატებლობა, ქვეყანაში შექმნილი მძაფრი სულიერი-კრიზისი - ამ ყველაფერმა ჰპოვა ასახვა სიმღერაში „მე და შენ“. თანაც სიმღერის შექმნას წინ უძღვოდა ჩემი საერთო მუსიკალური და კონკრეტული ექსპერიმენტები ფოლკ-მოდერნის მიმართულებით. მაგალითად, 2011 წელს 9 სოლო-კონცერტი ჩავატარე კახეთში ქავერების ვერსიებით („ბითლები“, „ქუინი“, „ბი-ჯიზ“-ი, ელვის პრესლი და სხვათა რეპერტუარიდან). ამასთან ერთად წლების განმავლობაში მქონდა მცდელობები ქართული ფოლკის ელემენტებით შემექმნა ახალი სიმღერების სერია. „მე და შენ“ - სწორედ რომ ყველაზე წარმატებული გამოდგა მათ შორის (მერე იყო „მარიამი“, „ჩემი ხალხი“, „გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს“, „წლები და გზები“). სიმღერაში „მე და შენ“ მე ფართოდ გამოვიყენე ჩემი მიგნებები და დაკვირვებები ლექსთწერის, რითმიკის, მახვილების, მელოდიური სვლების კუთხით. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყოდი, რომ ამ სიმღერაზე მრავალი თვალსაზრისით შემიძლია სრულფასოვანი ლექციის წაკითხვა - როგორ უნდა შეიქმნას ქართულ ეროვნულ მუსიკალურ საწყისებზე სუპერ-ჰიტი, როგორ უნდა მოხდეს მისი დამუშავება, სახალხო სამსჯავროზე გატანა, პრომოუშენი, მარკეტინგი. მოკლედ, სასწავლო კურსი სახელწოდებით „ჰიტი ა-დან ჰ-მდე“ როგორ ფიქრობ პროფესიონალურად შესრულებული სიმღერა მოთხოვნადია? დამაფიქრა თქვენმა კითხვამ... ალბათ, გულისხმობთ ცოცხალ შესრულებას ან მაღალი დონის სასიმღერო ნაწარმოებს ქართულ ესტრადაზე. რასაკვირველია, მაღალხარისხიან შესრულებას ჰყავს თავისი მომხარებელი, თუმცა პუბლიკა თანდათან მეტად და მეტად ეჯაჭვება უცხოენოვან მუსიკას, და რაც მთავარია, მუსიკის მოხმარებას ვირტუალური სივრციდან (youtube, სოც. ქსელები, მუსიკალური საიტები). ეხლავე გეტყვით უცებ რაც მომდის თავში - ძირითად მიზეზები თუ რატომ იღებს პუბლიკა დაბალპროფესიონალურ მუსიკას სულ უფრო ფართედ და კრიტიკის გარეშე. საინტერესოა რას საქმიანობდი, სანამ ფართო აუდიტორია გაგიცნობდა? ერთმანეთისაგან განსხვავებული საქმიანოებები და სამსახურები ცხოვრებაში ნამდვილად არ მაკლდა, მართლაც მრავალი რამ მიკეთებია... 17 წლის ვიყავი, რომ მუსიკალურ სკოლაში კლასიკური გიტარის მასწავლებლად მიმიღეს 22 წლის ასაკში კერძო სასურსათო ჯიხურს ვამუშავებდი და ვამარაგებდი „ვაგზლიდან“ პროდუქტებით (არ დამავიწყდება ის პერიოდი, როდესაც დილით ადრე ვდგებოდი და ავტობუსით ჩამომქონდა საქონელი). მერე ვმუშაობდი სამგზავრო ტრანსპორტის კონტროლის სამსახურში, სატრანსპორტო კომპანიის გარაჟის უფროსად, სავაჭრო პალატაში ბიზნეს-კონსულტანტად, კოორდინატორად სხვადასხვა პროექტებში, თელავის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად. მთლიანობაში კი ბოლოს თავი ფსიქოლოგიური განვითარების პროექტებში ვიპოვე. 2006 წლიდან ათეულობით ერთი თუ მრავალდღიანი ტრენინგი მაქვს ჩატარებული მრავალ თემაზე - პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია, ლიდერობა, მარკეტინგი, პიარი, მენეჯემენტი, სტრატეგიული დაგეგმვა, არჩევნები და სხვა. ათასობით ადამიანს აქვს გავლილი ჩემი ტრენინგები; სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მეწარმეები, პრობაციონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა. შ. რამდენად ტრადიციული ხარ? ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად კონსერვატიული ვხდები. ალბათ, ეს ინსტინქტური რეაქციაა ქართული საზოგადოების ძირითადი ისტორიული მონაპოვრის განადგურების მიზანმიმართულ პროგრამაზე. დღეს მრავალი რამ ჩემში პროტესტს იწვევს - უფროსებისადმი პატივისცემის მოშლა, ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი დასუსტება, ეროვნული ფასეულობების თანდათანობითი ნიველირება, ღირსეული და ძლიერი მამაკაცების მიზანმიმართული ამოხშირვა, დემოკრატიის სახელით საქართველოს მიმართ ეთნიკური ექსპანსია, არატრადიციული ურთიერთობებისაგან ლამის ჭეშმარიტების შექმნა და მრავალი რამ, რაც არა უბრალოდ მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ, არამედ გვართმევს ყურადღების დიდ ნაწილს, რეალობას და შემდეგ კი - მომავალს. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყველა ეპოქა თავისებურად საინტერესო, საამაყო და იმავდროულად ტრაგიკულია... თუმცა დღევანდელი დროება, ჩემი აზრით, ყველას აჭარბებს თავისი ტრაგიზმით. ბოლო 30 წელიწადში არასოდეს მინახავს ქართველი ერი ასე დაცემული, ნებაწართმეული, ეგოისტური ცნობიერებით შეპყრობილი, თითქოს და დოვლათში და კეთილდღეობაში მცხოვრები და ამასთანავე ასეთი უსუსური და უხერხემლო!და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენი რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამოვრჩებით - რესურსებით, დიასპორებით, საერთაშორისო ლობისტური ძალებით, იდეოლოგიური მუხტით, შეკრულობით, პოლიტიკური შემართებით, იმედით, პროგრამებით და ეროვნული თვით-შეგნებით... ფაქტიურად, ტრადიციებიდან სადღაც გაურკვევლობაში მივდივართ და სანაცვლოდ ხელთ გვრჩება დემოკრატიის ეფემერული ზღაპარი, რომლისაც რეალობაში არავის სჯერა, განსაცდელის პირობებში კი ამ ზღაპრის ასრულება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ჩვენ დავთმეთ ერთი იდეოლოგია და დავრჩით იდეოლოგიის გარეშე ღრმა სულიერ-ზნეობრივ კრიზისსა და განხიბვლაში... ქართულ შოუები ბოლო დროს მხოლოდ სკანდალებზე მუშაობენ, როგორ ფიქრობ?რატომ არ იწვევენ ნიჭიერ მომღერლებს, რომელთაც საკუთარი სიმღერის სატელევიზიო პრემიერა გადაცემაში უჭირს? წამყვანი ქართული ტელევიზიები დიდი ხანია „ზომბო-ყუთის“ პრინციპებზე გადავიდნენ. ინტენსიურად მიმდინარეობს ხალხის ჯერ კიდევ დაუზომბებელი და დაუვირისებელი ცნობიერების ნაწილის დამუშავება მძაფრად-უარყოფითი მესიჯებით და თემატიკით. ტვ დიდი ხანია გასცდა გართობის, ხალისის და პოზიტივის ფორმატს და გადავიდა ნეგატივის მიზანმიმართულ ტირაჟირებაზე. თანამედროვე ქართული ტვ-შოუ საკუთარ მაყურებელს ძირითადად ზიზღის, ბოღმის, ამაზრზენობის, მიუღებლობის, წმიდათაწმიდაზე თავდასხმის, გაკიცხვის, შიშის და სიძულვილის ემოციების მიზანმიმართული გაღვივევებით იჭერს და იმორჩილებს. ამ ტვ-ეებმა უკვე კარგა ხანია დაკარგეს მცირე ასაკის აუდიტორია. შესაბამისად, ისინი ფოკუსირებულები არიან სწორედ იმ პუბლიკაზე, რომელიც 25-30 წლის ასაკს გასცდა და, სამწუხაროდ, ნაწვნევი აქვს ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი იმედგაცრუება, ტრავმა, ტკივილი, ტრადიციული ნეპოტიზმი და სოციალური უპერსპექტივობა. რაც შეეხება ნიჭიერი მომღერლების არ-მიწვევას, აქაც რამდენიმე ფაქტორია... მაგალითად, ზოგიერთი კარგი მომღერალი სხვადასხვა მიზეზის გამო (არ უღირს ფინანსურად, ვერ ხედავს რეალურ პერსპექტივას კონცერტების არარსებობის გამო და ა. შ.), აღარ სცდება რესტორნის ჩარჩოებს, არ ეძებს და არ იწერს რაიმე გამორჩეულ, მსმენელისათვის მიმზიდველ სიმღერას/მასალას პროფესიულ სტუდიაში, აღარ იბრძვის ამ სიმღერის მასშტაბური პრეზენტაციისათვის. ასეთ რამესაც ვარ დაკვირვებული... ცნობილია, რომ საქართველოში არც თუ ისე ცოტაა ნიჭიერი შემსრულებელი და მუსიკოსი. ყველას ვიღაც „ჰყავს“, უმრავლესობას გააჩნია პირადი კავშირები მედიის სამყაროში. პრესტიჟული ტვ-შოუების საეთერო დრო კი ამასობაში - საკმაოდ მცირე და შეზღუდულია. ეს იწვევს იმას, რომ კულისებს მიღმა მიმდინარეობს უამრავი ძალის, ინტერესის, მოთხოვნის და შემოქმედებითი განვითარების პროგრამების დიდი ჯახი. ამას დაუმატეთ ტვ-ეების თანდათანობითი შესუსტება და გავლენის დაკარგვა მაყურებელზე. შესაბამისად, ტვ-ს ინტერესი და ამოცანა მუსიკალური შემსრულებლის მოწვევისას, აღარ არის ამ მუსიკოსის პოპულარიზაცია, ან მსმენელის გახარება. ტელევიზიისათვის ყველაზე პრიორიტეტული ძირითადად გადაცემის რეიტინგის ზრდა და მაყურებლის ტვ-კაუჭზე მყარად წამოცმა ხდება, რაც ყველაზე ეფექტურად სწორედ სკანდალით და ნეგატივის ტრანსლირებით ხორციელდება. ტვ-შოუ უმეტეს შემთხვევაში იწვევს ისეთ მომღერალს, რომელიც ყველაზე მეტად გააღვივებს რეიტინგისმომტან, თუნდაც მძაფრ და ამაზრზენ ემოციებს. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი და რატომ? ვიცხოვრებდი აშშ-ში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე თუნდაც იმის გამო, რომ ამ საბუთებით შემდეგ უკვე თითქმის ყველგან შეგიძლია განუსაზღვრელი ვადით ცხოვრება და გადაადგილება, ანუ გადალახული გაქვს დღევანდელი ე. წ. განვითარებადი ქვეყნის მოქალაქის სინდრომი, თავისებური „სახელმწიფო საპასპორტო მონობა“. ამას დაუმატეთ, აშშ-ს მოქალაქის შედარებით მაღალი დაცულობა და პიროვნული რეალიზების გაცილებით მაღალი შესაძლებლობები. ქართველ მსმენელს როგორ შეაფასებ? ჯერ კრიტერიუმი უნდა მითხრათ - რითაც შევაფასო! ერთი ვიცი, რომ ჩვენს მსმენელს საოცრად ენატრება პოზიტივი - სითბო, სიკეთე, სილამაზე, იმედი, ზრუნვა... ახალგაზრდებს ენატრებათ შემსრულებელი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით მისცემს მათ მოტივაციას, ძალას, მიმართულებას, სიმართლის განცდას, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს... დანარჩენში კი ქართველი მსმენელი, ზუსტად ისეთია, როგორც ჩვენი ისტორია და საზოგადოება - ტკივილიანი, ერთგული, თავგანწირული, კეთილშობილი, კეთილი, ხან ღალატიანი, ხან ბოღმიანი, ხან უყურადღებო, ხან უსულგულო, თუმცა მთლიანობაში მაინც ძალზედ ადამიანური... როგორ ფიქრობ პოპულარული ადამიანი საზოგადოების მიმართ უყურადღებო ხდება? რატომ? თუ ცნობად ადამიანს პოპულარობა შრომით და მრავალი ექსპერიმენტით აქვს მიღწეული, რა თქმა უნდა, ასეთი პიროვნება წესისამებრ გაუფრთხილდება მათ, ვის მხრებზეც დგას მისი პოპულარობა. ის კი, ვისი ცნობადობაც შექმნილია მედია-საშუალებების და კონკრეტული ჯგუფების მიერ - ხშირად უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. დიახ, რაღაც ეტაპზე ასეთი ადამიანი შეიძლება „ხალხის აზრი მკიდია“-ს როლს თამაშობდეს, მაგრამ ბოლო ჯამში ესეც იგივე მძაფრი დამოკიდებულებაა იმ საზოგადოებრივ აზრზე. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მომღერალმა საქართველოში თავისი ადგილი დაიმკვიდროს? როგორც ჩანს თქვენ იმ შემსრულებლებზე არ მეკითხებით, რომლებსაც გამოაცხობს ხოლმე, მაგალითად, რომელიმე მედია-შოუ, ვარსკვლავად მონათლავს, შემდეგ ეს მომღერალი 2 წელიწადში ერთხელ თითო სიმღერას გამოუშვებს და დანარჩენი დრო სადღაც იქნება გამქრალი, ან სხვადასახვა ტვ-გადაცემებს მოივლის და გააკეთებს ისტორიული მნიშვნელობის განცხადებებს, ან მისცემს საუკუნის ინტერვიუებს... თუ ვამბობთ ისეთ მომღერლად ყოფნაზე, რომელსაც აქტიურად და წლების განმავლობაში სტაბილურად უსმენენ მოსახლეობის დიდი თუ მცირე ჯგუფები - ეს უკვე სერიოზული შრომაა. საჭიროა:
50 1-ს მოსწონს
|