x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ლიტერატურული სპექტაკლი სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმში
image


სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში, დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით, ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ჩემი ფიროსმანი“ გაიმართა, რომელიც თბილისიდან მოწვეულმა სტუმარმა, 14 წლის ანანო ზავრაშვილმა წარმოადგინა.


ღონისძიებაში დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხალხური სიმღერისა და ქართული გალობის სკოლის ანსამბლიც მონაწილეობდა. საღამო ღია ცის ქვეშ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და დედოფლისწყაროს მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას თბილისელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფიროსმანის მკვლევარმა ანზორ მაძღარაშვილმა, დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა, კულტურის ღვაწლმოსილმა მუშაკმა ნელი გობეჯიშვილმა პოეტმა ციცინო ბაბუციძემ და სხვა სტუმრებმა.


ანანო ზავრაშვილი: „ლიტერატურული სპექტაკლი არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ მაქვს მომზადებული. ერთხელაც, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე მუშაობის დროს, შემთხვევით აღმოვაჩინე, მისი ფიროსმანთან შეხვედრის დეტალი. ძალიან დავინტერესდი მირზაანელი თვითნასწავლი მხატვრით, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა მისტიურობამ, რადგან მისი საფლავი ისევ უცნობია. ჩავუღრმავდი მის ბიოგრაფიას და ეს სპექტაკლი მოვამზადე. პრემიერა გასული წლის ნოემბერში, თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, რომელიც მუსიკალურად ქსოვრელებმა გააფორმეს. იქ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და ბევრი საინტერესო სტუმარი ესწრებოდა. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, რომ სოფელ მირზაანშიც ჩამოვსულიყავით და ადგილზე ჩაგვეტარებინა. ზამთარში ეს ვერ მოხერხდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი იდეა ამ თარიღისთვის განხორციელებულიყო. დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის დირექტორი გვერდში დაგვიდგა, ძალიან მოინდომა და ერთობლივი ძალებით მშვენიერი საღამო შედგა. ამიტომ, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ილია მარტყოფლიშვილს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის. ვინაიდან ქსოვრელებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, ადგილობრივი ანსამბლის ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო და მათ ძალიან გაგვილამაზეს ეს დღე. მათმა ნიჭმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველანაირად კმაყოფილი ვბრუნდებით. ძალიან მომეწონა მირზაანი, მომეცა საშუალება, დედოფლისწყაროში ელიას მთის მონასტერი და სხვა საინტერესო ადგილებიც მენახა“.



„გვიხარია, რომ ამ ღონისძიებაში ჩვენი ანსამბლიც მონაწილეობს და ასეთი ნიჭიერი გოგონა გავიცანით. ძალიან მოხიბლული ვართ ანანოს ოსტატობით. ამიტომ, გვინდა, მხარდაჭერა გამოვხატოთ და მზად ვართ, სამომავლოდ, მის აქტივობებში ჩვენც ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ღონისძიებაში, “ _ აღნიშნა ანსამბლის ხელმძღვანელმა გელა გველუკაშვილმა.


საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ანზორ მაძღარაშვილმაც, რომელსაც ამ მუზეუმის შექმნასა და განვითარებაში ლომის წვლილი აქვს. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მომავალი თაობა ფიროსმანის შემოქმედებით ინტერესდება.


„ასეთი შინაარსიანი ღონისძიებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ამ ლამაზ გოგონას, რომელმაც საოცარი ოსტატობით წარმოადგინა ფიროსმანის ცხოვრების საინტერესო დეტალები. წარმოდგენას დიდი ლაზათი მისცეს გელა გველუკაშვილის ანსამბლმა და რა სასიამოვნოა, როცა ამდენი ბავშვი სტუმრობს ნიკო ფიროსმანის ეზოს და მათ ასე უყვართ ნიკალა. ბედნიერებაა, რომ ფიროსმანის ნაფუძვარზე ისმის ქართული ხალხური სიმღერა. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი გარდაცვალების 100 წლისთავი ასე აღინიშნებოდა მირზაანში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ფიროსმანის სულიც აქ ტრალებს და ამ ყველაფრის მოწმეა, “ _ აღნიშნა ფიროსმანის მკვლევარმა ანზორ მაძღარაშვილმა.


„მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ფიროსმანის დაბადების, ან გარდაცვალების ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის, რამდენიმე წყაროს მიხედვით, სავარაუდო თარიღები შემორჩენილია. ზოგიერთი ვერსიით, 5 მაისი ფიროსმანის დაბადების დღეა. კირილე ზდანევიჩიც წერს, რომ ნიკალა 5 მაისს იყო დაბადებული. ვფიქრობ, ეს წყარო სარწმუნოა, რადგან, შესაძლოა, ზდანევიჩმა სწორედ ფიროსმანისგან იცოდა. ცნობილია, რომ ზდანევიჩი და ფიროსმანი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს... ამიტომ, გვინდოდა ეს დღე განსაკუთრებით აღენიშნა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ვფიქრობ, ჩვენი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა. დედოფლისწყარო ამაყობს, რომ ამხელა მასშტაბის თვითნასწავლი მხატვარი ჩვენი რაიონის შვილია და გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. მოგეხსენებათ, ფიროსმანის ნამუშევრები სულ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში გამოიფინა, “ - განაცხადა დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის დირექტორმა, ილია მარტყოფლიშვილმა.


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0