საზოგადოება მარი ჯანაშია:" რუსთაველის თეატრის ფარული დასჯა გრძელდება" 2012, 21 ივლისი, 0:29 ინტელიგენცია სახელმწიფოს პრესტიჟის ინდიკატორია მთელ მსოფლიოში, თუმცა ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით “ვარდოსნებმა” ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ომი სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს გამოუცხადეს. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ, “ჩარეცხილების” და “მუმიების” თემა კვლავ აქტუალური გახადა, უბრალოდ ეპითტები შეიცვალა, მათ ახლა “გაყიდული ინტელიგენციასა ”და ივანიშვილის “სტიპენდიატებს” უწოდებენ. ინტერვიუს ჩაწერა სწორედ ერთ-ერთ “სტიპენდიატთან”, რუსთაველის თეატრის მსახიობსა და “ ქართული აკადემიის” წევრ მარი ჯანაშიასთან გადავწყვიტე: – ქალბატონო მარი, თქვენ იმ ხელოვანთა რიგს მიეკუთვნებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში არაიან ჩართული... – სამწუხაროდ ისე აქტიურად ვერ ვარ ჩართული როგორიც სურვილი მაქვს, რადგან საბედნიეროდ ჩემი საქმით ვარ ძალიან აქტიურად დაკავებული. უზომოდ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ და არ მინდა მოვწყდე მას. დამეთანხმებით ამას დიდი დრო ჭირდება. მაგრამ მთელი ჩემი არსება, ფიქრი, გონება დასტრიალებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენდა სამწუხაროდ კარგი არაფერი ხდება. სადაც მივდივარ, ვისთანაც მიწევს დალაპარაკება, ყველას აქვს გასაოცარი გულისტკივილი ქვეყნის სავალალო აწმყოს გამო. ივანიშვილის პიროვნულმა ფაქტორმა საზოგადოებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა, თავიდან ყველაფერი რწმენით, სიხარულით, იმედით, მართლაც ოცენებით დაიწყო. მას შემდეგ კი რაც ამუშავდა ის საოცარი მანქანა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, ყველა მანკიერი გამოვლინებით, რაც კი 8 წლის მანძილზე გვინახავს და რამაც ახლა პიკს მიაღწია, ამან კვლავ დაუბრუნა შიში ადამიანების გარკვეულ ნაწილს. შიში, რომელიც თითქოს გადალახული იყო, გაჩნდა ბზარი რწმენაში. მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი იქნება დროებითი. რადგან ძალიან სამარცხვინოა ის რასაც ხელისუფლება სჩადის. ეს იქნება თეფშების დაყადაღება თუ სხვა მრავალი უკანონო ქმედება. როგორ შეიძლება ისაუბრო დემოკრატიაზე, როცა მედია საშუალებების ასეთი წინააღმდეგი ხარ და ყველანაირად უღობავ გზას. ყველაფერში ალოგიკურობაა, ყველანაირად წინააღმდეგობაში არიან თავიანთ თავთან . ყოველდღიურად ისეთი ნაკადი მოდის მათი შეცდომებისა, ამ ნაკადმა ჯებირი უნდა გააღღვიოს, სხვანაირად არ შეიძლელბა, უბრალოდ სხვაგვარად ეს ლოგიკას არ დაექვემდებარება. მე მაინც მგონია ყველაფერი ისე მოხდება როგორც საჭიროა, რადგან შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. არ შეიძლება სულ სიბნელე, წყვდიადი იყოს, ბოლოსდაბოლოს პოლარული ღამეებიც კი მთავრდება. ჩემთვის ეს მოვლენებია უფრო აქტუალური, ვიდრე ის რომ, მე ვერ ვარ ისეთი აქტიური. საერთოდ ბუნებით არ ვარ აქტიური, ჩემს პროფესიაშიც. თუ შემომთავაზებენ როლს ვთანხმდები, თუ არადა ამისთვის ვერავის შევაწუხებ. – დღეს, ისევე როგორც ყველა სფერო თეატრიც პოლიტიზირებულია, თქვენი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ხომ არ ისჯებით, ახსენეთ რომ აქტიურად დაკავებული ვარო, ანუ როლებმა არ იკლო? – რა თქმა უნდა, დღეს არამარტო თეატრი, საბავშვო ბაღიც კი პოლიტიზირებულია. სამწუხაროდ ასეთია ჩვენი ცხოვრება, თორემ არც ხელოვანს, არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკა. მაგრამ როდესაც ასეთი მწვავე მდგომარეობაა, მაშინ “ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს”, ხომ?! ეს ასეა და სანამ ქვეყანა არ დალაგდება ასე იქნება. ჩემი დასჯა ისაა, რომ ტელევიზიაში, სერიალებში აღარ მეძახიან ალბათ საზოგადოებრივი პოზიციის გამო. თეატრში კი ხვავიანი, ნაყოფიერი წელი მქონდა, ძირითადად გამოსვლები მცირე დარბაზებში ვითამაშე მაგრამ როლები ნამდვილად არ მაკლდა. სამწუხაროდ რუსთაველის თეატრს განსაკუთრებულად შეეხო პოლიტიკა, თან ნეგატიურად. რადგან ჩვენი თეატრი ითვლება ოპოზიციურ თეატრად, ( ჩემი აზრია და ამას თეატრის სახელით არ ვამბობ, ) გრძელდება რუსთაველის თეატრის ფარული დასჯა. თეატრში დიდ სცენაზე არის 15 სარეპერტუარო სპექტაკლი, აქედან 14-ს აწერია რობერტ სტურუა. იმის გამო რომ არ გავიდეს რობიკოს სპეკტაკლები, გამუდმებით ჩვენს თეატრში იმართება : “ნიჭიერი”, “უნიჭო”, “ჯეოსტარის შესარჩევი”, ცეკვები და ა.შ. მე კი არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ ამისათვის ხომ არსებობს ფილარმონიაც?! რადგან სახელმწიფო თეატრი ვართ და სახელმწიფო დოტაციაზე ვართ, რასაც უნდათ იმას დგამენ რუსთაველში. რატომ აიკვიატეს ეს დრამატული სცენა საინტერესოა, ფაქტი კი ერთია, დიდ სცენაზე თითქმის აღარ გადის სპეკტაკლები, ძალიან იშვიათად იხილავთ რუსთაველის დასს იქ. წარმოგიდგენიათ ერთი წლის მანძილზე პრემიერა ვერ გამოვუშვით. მოგეხსენებათ როცა ახალი სპექტაკლი იდგმება, ამისთვის სცენის დეკორაცია აუცილებელი, მუდმივი რეპეტიციებია საჭირო. სპექტაკლის დაბადებას გარკვეული დრო სჭირდება და როცა სცენას გართმევენ მუდმივად, ეს ხომ თავისთავად ხელის შეშლაა. მე არ მინდა ცუდად მოვიხსენიო ჩვენი მმართველი, ის ყველაზე მეტად იჭყლიტება ორ ცეცხლს შუა. ცდილობს გამოსავალის პოვნას, მაგრამ ჯერჯერობით არ იცვლება სიტუაცია. – როგორია რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე? – რობიკოს წაასვლამ დიდი დაღი დაასვა რუსთაველის თეატრს. ეს შეუვსებელი დანაკლისია. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, ძალიან მტკივნეულად რეაგირებს ყველაფერზე და უცხო სხეულის შემოსვლა ძნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა სამხატვრო საბჭოს მმართველობა, თუმცა ეს ორგანო გახდა მკვდრადშობილი, ჩვეენ ვერ ვუწევთ წინააღმდეგობას რუსთაველის დიდი სცენის ოკუპირებას, რადგან სახელმწიფო თეატრია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, როდესაც სახელმწიფო მოითხოვს უნდა დავუთმოთ სცენა. თეატრი აღარ თეატრობს, მეტსაც გეტყვით, ერთმა აბსოლიტურად თეატრში ჩაუხედავმა ყმაწვილმა, რომელიღაც ორგანიზაციის პრეზენტაციაზე განაცხადა, თურმე კარგი იქნება თუ რუსთაველის თეატრში მოეწყობა ქორწილები, წვეულებები, დაბადების დღეები . ვერ გეტყვით სამეჯლისო დარბაზი ქონდა მხედველობაში თუ დიდი სცენა მაგრამ ეს ხომ აფსურდია, ნუთუ ვინმემ იფიქრა, რომ რუსთაველის თეატრი ამას დაუშვებდა . გულწრფელად გეტყვით, მრცხვვენია იმ ადამიანების, რომლის კვალი და სული ჯერ კიდევ იგრძნობა ამ თეატრში, მრცხვენია იმის გამოც, რომ ასეთ უმსგავსობებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. – მოდით, ივანიშვილის ე.წ. “სტიპენდიაზე” ვისაუბროთ, ყოველთვიურად 2000 ლარით გეხმარებოდათ, საზოგადოების ნაწილისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნა ინტელიგენციის ფულით უზრუნველყოფა... – კი ასეა, ძალიან ბევრს ეცადნენ ტალახი ესროლათ ჩვენთვის. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა ასეთი რამ, რასაკვირველია უამრავი გაჭირვებული მოქალაქე გვყავს და ყველასთვის კარგი იქნებოდა დახმარება. მაგრამ ამ ადამიანმა გარკვეული სფეროები აირჩია. თუ ვიტყვით კონკრეტულად თეატრზე, მაყურებლისთვის გაკეთდა ის რომ, ივანიშვილმა მსახიობებს მოგვცა სტიმული, არ ჩავშვებულიყავით, არ დავჩაჩანაკებულიყავით გაუსაძლისი ყოფის გამო. ჩვენ მსახიობებს, არასოდეს გვქონია მაღალი ჰონორარები, უმძიმესი პერიოდი გამოგვატარა ბატონმა ბიძინამ, დაგვეხმარა რომ არ გაგვეტეხა გული მაყურებლისთვის. თავისი სიკეთით ივანიშვილი მეც ხომ მაძლევდა საშუალებას სხვას დავხმარებოდი ცოტათი მაინც. მაგრამ არცაა გასაკვირი თუ ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ მისი სიკეთე, რადგან მათ კარგახანია ათი მცნება სრულიად დაივიწყეს. სიკეთის თესვაც აუკრძალეს ადამიანს, რაც წესით ყველა ადამიანის უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს. – თუმცა პოლიტიკური ფიგურის მხრიდან ქველმოქმედება მოსყიდვად ასოცირდება, ამიტომაც ავტომატურად “მოსყიდულ ინტელიგენცია” გიწოდეს... – ეს ზონდერ ჟურნალისტების დასკვნაა. ღირსეული ადამიანები არასდროს იყიდებიან, სხვათაშორის გადავუხვევ თემიდან მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, საოცრება ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველანაირი ზონდერი გამიგია, მაგრამ მსგავსი ზონდერჟურნალისტიკა პრეცედენტია მსოფლიოში, ჟურნალისტთა სახელით დაჯგუფება კოლეგას დასდევდეს და აღმაშფოთებელ კითხვებს უსმევდეს გაუგონარია. მსგავს უგვანობაში რატომ უნდა იყვნენ ქართველები პირველები ამაზე მწყდება გული. ის საქართველო, რომლის შექმნაც სურს ხელისუფლებას, დაზომბებული და დამონებული, ჩემი საქართველო არ არის, თუმცა თითეულ ადამიანზე რომელიც ცდუნებულია ძალიან მწყდება გული. რაც შეეხება ივანიშვილს, სანამ პლიტიკურ სვლებს გააკეთებდა მანამდე არ იყო ოლიგარქი? მაშინ მისაღები იყო ხელისუფლებისთვის. მარტო ინტელიგენციას ხომ არ ეხმარებოდა? რა შუაშია მოსყიდვა?! მან ხომ უდიდესი ფინანსური რესურსი მოახმარა სახელმწიფო სტრუქტურებს. მაგრამ საშიში ახლა გახდა, რადგან კეთილია და ბოროტისთვის ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. ისე ივანიშვილი სახითაც კი არ ვიცოდით, ერთხელ “თორმეტი განრისხებული მამაკაციას” პრემიერაზე ყოფილა და არც გაგვიგია თუ დარბაზში იჯდა, ბოლოს ჩვენი თეატრის მმართველს, მაშინ გია თევზაძე იყო დაუნახავს, მისულა და უთქვამს:” ბატონო ბიძიანა, თქვენ აქ ლოჟა გეკუთვნით და რატომ არ გაგვაფრთხილეთო”, ბოლოსდაბოლოს მისი გარემონტებული იყო თეატრი. ბიძინას კი უპასუხია:” მე ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ და მაყურებელთან ერთად უნდა ვიჯდეო”... – რაც შეეხება ფონდ “ქომაგს”, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი “ივანიშვილის სტიპენდიანტი” ანუ თქვენ ხართ, “ქართულ ოცნებასთან” კავშირი ამანაც ხომ არ გაამყარა? – მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, მე არ მაკავშირებს რაიმე ვალდებულება ივანიშვილთან. თუმცა მაქვს პოლიტიკური სიმპატიები და ეს არამგონია დასჯადი იყოს. ყველა ვინც “სტიპენდიატია” არაა ივანიშვილის მხარდამჭერი, თუმცა ბოლომდე ყველა ერთნაირად ვიღებდით კუთვნილ თანხას. ზოგი აგროვებდა, ერთმა ადამიანმა ჩემი სფეროდან იუკადრისა სიების გამოქვეყნაება, ამიტომ მეორე დღეს განაცხადა :“რადგან სალაპარაკო გახდა არ მინდა და უარს ვამბობ ამ ფულზეო.” არ დავასახელებ, უფროსი ადამიანია ბოლოსდაბოლოს, ჯერ შემომრჩენია ზრდილობა, რომ უმადური ქცევის მიუხედავად არ ვამხილო, არ მინდა ყველას შევაძულო. – “ქართუ ბანკის” დაყადაღების შემდეგ სავარაუდოდ ამ დახმარების გარეშე დარჩებით არა? – ალბათ, ძალიან მძიმე სურათია, რადგან ამ ყოველთვიური თანხის იმედზე თითქმის ყველა ჩვენთაგანს ბანკიდან გვქონდა გამოტანილი სესხები და წარმოიდგინეთ რა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ამ თვეში თუ არ მივიღეთ ე. ი. გაუქმდა. როცა სავარაუდოდ გვითხრეს თეატრში ამ დახმარების გაუქმების შესახებ, უნდა გენახათ მსახიობების გაოგნებული სახეები. ისე, ახლაც ხომ მიმდინარეობს ოპერის რესტავრაცია, ეს ქველმოქმედება არაა? მშენებლობებს ხომ არ გააჩერებინებენ, მერე ვინ გახსნის საზეიმოდ სხვის აშენებულს? – სხვათაშორის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი შეაქო, მაგრამ პოლიტიკური გემოვნება და გარემოცვა დაუწუნა... – ერთ რამეს გეტყვით, რაც გამოჩნდა ბიძინა და ვაკვირდები, მხოლოდ ერთხელ მომეცა საშუალება მენახა, მან “ქართულ აკადემიასთან” მოინდომა შეხვედრა, მნიშვნელოვანი და საგულისხმოა ის, რომ მას არც კი უთხოვია “ ქართული აკადემია” გამხდარიყო მისი პოლიტიკური კოალიციის წევრი. სხვათაშორის ივანიშვილსაც და მანამდე ალასანიას გუნდსაც, რომლის მიმართაც “ქართულმა აკადემიამ” სიმპატიები ღიად გამოხატა, პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩებით ოპოზიციაში. მაშინაც კი თუკი ხელისუფლებაში მოვლენ. “ქართული აკადემია” ვალდებულებას იღებს, მუდმივად ოპონირება გავუწიოს ხელისუფლებას თუკი რაიმე შეცდომას დაუშვებენ. შეხვედრაზე ივანიშვილის სახით ჩვენს წინ იჯდა ადამიანი, რომელიც ხარბად ისმენდა თითოეეული მეცნიერის თუ ხელოვანის აზრს. ინიშნავდა თავისთვის რაღაცეებს და ძალიან ბედნიერი იყო, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინება შეეძლო. ამით იმის თქმა მინდა რომ, მას არ ჰყავს შემთხვევითი გარემოცვა, თუ დააკვირდებით უკვირდება ადამიანებს, ზოგს ცოტა გადასწევს, ზოგს წინ წამოწევს, როგორც საჭადრაკო დაფაზეა, არის შეცნობის აქტიური პროცესი. ნიჭიდან გამომდინარე მოახერხებს გარემოცვის სწორად განლაგებას, გადაადგილებას, ზოგის ჩამოფერთხვას. შეიძლება ზოგი სახე მეც არ მომწონს, საზოგადოებისთვისაც გამაღიზიანებელია, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. – კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ზეწოლა ხომ არ ყოფილა თქვენს ოჯახზე? საერთოდ, როგორ ფიქრობთ, შიში რომელიც შერჩენილია ხალხში დაძლევადია? – მე და ჩემი მეუღლე იმთავითვე ოპოზიციურად ვიყავით განწყობილი და ეს ყველამ იცის, ზეწოლის შედეგად რა უნდა დავკარგოთ საინტერესოა? თემო გოცაძე აღარ დახატავს თუ მე აღარ ვითამაშებ, სადაც ვრცელდება მათი ავტორიტეტი იმ სერიალებში პირველივე სხდომაზე ისეც მბლოკავენ. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი ზოგადი განწყობა, ძალიან ცოტა მინახავს ვისაც მოწონს არსებული ხელისუფლება, რადგან ბევრს ატკინეს, ცხოვრება დაუნგრიეს, ასეთებს აღარ ეშინიათ. მაგრამ არიან ადამიანები, თუნდაც სახელმწიფო სამსახურში, ვისაც ეშინია საარსებოსს დაკარგვის და მათიც გასაგებია. მე რომ შიშის დაძლევის რეცეპტი ვიცოდე და მისი გაცემა შემეძლოს ბედნიერი ვიქნებოდი. თუკი ჩემი აზრი რჩევის სახით უნდა გამოვთქვა, თამამად ვეტყოდი მათ ვისაცEეშინია: რასაც ახლა ხელისუფლება სჩადის, , თითეული ქმედებიდან ჩანს ისტერია, შიში იქითა მხარეს უფრო იგრძნობა ბოლო გაფართხალება, კუდის მოქნევაა მათი მხრიდან ადამიანების დაშინება. მაგრამ ბოლოსდაბოლოს ეს სახადი უნდა მოვიხადოთ. შიშით კი არაფერი გამოვა. სხვათაშორის სახადმა ბოლოსკენ იცის გამწვავება და მერე ჩაქრება, ესე უნდა ჩავაქროთ ესენიც ერთად დგომით. და ბოლოს, ერთი რამ მინდა ვთვა, ვიცი ზომბირება მიდის ადამიანების თითქოს საარჩევნო ფარდის მიღმაც კამერებია, მაგრამ ეს არავინ დაიჯეროს და ხმა თამამად მისცეს ყოველგვარი შიშის გარეშე სასურველ კანდიდატსა და პოლიტიკურ მოძრაობას. ესაუბრა მაკა დეკანოსიძე? გაზეთი "ქართული სიტყვა" 69 1-ს მოსწონს
|