კახეთი დედოფლისწყაროს მერია მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებას იწყებს 2019, 2 აპრილი, 19:06 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებას იწყებს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერმა მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე კახეთის რეგიონში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ძაღლების თავშესაფარი გაიხსნება, ადგილობრივი თვითმმართველობა ეცდება ქუჩის ძაღლების პრობლემა სხვა ჰუმანური გზებით გადაჭრას. როგორც მერიაში განმარტავენ, უახლოეს დღეებში შესაბამისი სპეციალისტების მიერ დედოფლისწყაროში ქუჩის ძაღლების დაჭერა და მათი გაუვნებელყოფა მოხდება. კასტრაციის შემდეგ თითოეულ მათგანს ყურზე სპეციალურ ნიშანს შეაბამენ და კვლავ დედოფლისწყაროში დააბრუნებენ. „მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროში ძაღლების მასიური დახოცვა დიდი ხანია აღარ ხდება, ვცდილობთ ჰუმანური გზებით მოგვარდეს პრობლემა. სამწუხაროდ, არც ძაღლების გადაყვანა არ აღმოფხვრის ამ მტკივნეულ საკითხს. ძაღლებს თავიაანთი ადგილები აქვთ, თუ რამდენიმე ძაღლს სხვაგან გადაიყვან, მათ ადგილს სხვა ცხოველები დაიკავებენ. ცნობილია, რომ კახეთში თავშესაფარი უნდა ამოქმედდეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ყველა რაიონი შესაბამის თანხებს გამოყოფს. ვიდრე ეს მოხდება, ვფიქრობთ, მანამდე კასტრაცია საუკეთესო გამოსავალია, რაც უპატრონი ცხოველის გამრავლებისგან დაგვიცავს. თავის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებსაც ეცოდინებათ, რომ თუკი ძაღლი დანომრილია და ყურზე ნიშანი აქვს, მისგან საფრთხე არ ემუქრებათ, “ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, მერიის მხრიდან ეს იქნება საცდელი ნაბიჯი, თუ ეს მიდგომა ეფექტური აღმოჩნდა, თვითმმართველობის ორგანო ამგვარ ღონისძიებებს პერიოდულად კიდევ გაატარებს. 61 შეფასება არ არის
|