x
image
თამილა გურაშვილი
წლები გავიდა, ვერ ვაპატიე საქართველოს მტრებს ღალატი, რადგან მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. - ლია კაცაძე

image
რაც ვნახე და განვიცადე

მთავრობაში მიღებულმა მწერალმა ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ თითქოსდა ორაზროვნად თქვა: “კონსტანტინე მაშინ შეცდა ზვიადი რომ დაარქვა შვილსო''.
დ ი ა ხ, ზ ვ ი ა დ ი!
შევარდნაძე კიტოვანის “ძლევამოსილ'' არმიას აფხაზეთის დასალაშქრად აგზავნიდა. საპროტესტოდ მისულ ხალხს პოეტმა იზა ორჯონიკიძემ შესძახა: “ნ უ ზ ვ ი ა დ ო ბ თ ო!''
ზვიადი და ზვიადობა გაეჩხირათ ყელში, მაგრამ მაინც ზვიადი. ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრე, დისიდენტი, პოეტი, მკვლევარი, მთარგმნელი, სამშობლოს განმათავისუფლებელი, ერის ჭირისუფალი და მამულისათვის შეწირული ზვარაკი.
ყველა ხელისუფლება, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ “მართავს'' ქვეყანას, ელდანაკრავივით კრთება მისი სახელის ხსენებაზე, კანკალებენ 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის და 9 აპრილს დამოუკიდებლოპბის აღდგენის აქტის სიდიადის წინაშე.

80 წლისაა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ილია ჭავჭავაძის დამტირებელი დედაკაცი მაძლევს გამბედაობას, შევეხო მის დიად სახელს, მოვიგონო რეალური ამბები, რაც ჩემ თვალწინ მოხდა.
წლები გავიდა, ვერ ვაპატიე საქართველოს მტრებს ღალატი, რადგან მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ.
იგი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. შვილობა დიდოსტატ კონსტანტინე გამსახურდიასი პრივილეგია უნდა ყოფილიყო, მან კი მარტვილის გზა აირჩია.
ჯერ იყო გამსახურდია და ძმანი მისნი, მერე ზვიადი და მერაბი, მერე, როცა მერაბ კოსტავა დაიღუპა, მარტო დარჩა.
ბორითში მომხდარი ტრაგედიით შეძრწუნებულმა მოწაფეებმა უჩა ჯაფარიძის ნახატი “ცალუღელა'' დამახვედრეს. ბავშვებს 9 აპრილით გამოწვეული ტკივილი არ ჰქონდათ განელებული და უკვე მერაბს სტიროდნენ. მართლა მარტო დარჩა და იმძლავრა სატანამ.
ს ა მ ი ზ ნ ე...
ზვიად გამსახურდიას ზურგიდან და მკერდიდანაც უნდა მოეგერიებინა მტრები. ბოლშევიკები დაბადებიდან ებრძოდნენ, ვერ სძლიეს. შემდეგ თვით ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაააქტიურეს ძალები სხვადასხვა პარტიების სახით.
1990 წლის 19 მაისს ქუთაისში იმართებოდა დიდი მიტინგი. იმ დღეს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის აქტივისტებმა თავდასხმა სცადეს ბატონ ზვიადზე. სიტყვით გამოსვლის დროს შემზარავად გაისმა საშინელი შეძახილი; “დაჰკარით!'' ხალხი აზვირთდა. მაღლა აღმართეს წიგნი “საქართველოს სულიერი მისია''. ისინი უხმობდნენ წინამძღოლს, გმირს, ჯერ ხმადაბლა, შემდეგ ხმამ იმძლავრა და გუგუნში გადაიზარდა: “ზ ვ ი ა დ ი, ზ ვ ი ა დ ი!''

მეორე დღეს მესხიშვილის თეატრში წაკითხულმა ლექციამ “გელათის სულიერი მისია'' იგი ყველას ახლობელი გახადა. 1991 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში არსებულ “დედათა ლაშქრის'' წარმომადგენლებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი მართლა დარბაისელი ქალები ბრძანდებოდნენ, გადაწყვიტეს შავნაბადაზე კიტოვანთან შეხვედრა.


აგრესიული გვარდიელები მტრულად შეგვხვდნენ, არ გვაძლევდნენ ნებას შევსულიყავით “სარდალთან''. იმათგან რამდენიმე ჩემკენ წამოვიდა: “კაკო მასწავლებლის დედა'' – მომესმა გაკვირვებული ხმა(ჩემი შვილი ახალქალაქის რაიონის სოფელ გოგაშენის საშუალო სკოლაში ასწავლიდა). წარმოსადგენადაც ძნელი: გოგაშენიდან წამოყვანილ ბიჭებს აიძულებდნენ ებრძოლათ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ – ბიჭებს, რომლებმაც 1990 წლის 8 თებერვალს(26 იანვარი) ქისით ჩამოიტანეს მიწა ჯავახეთიდან და მოაბნიეს დავითის საფლავზე. დიდი ვაივაგლახით დაგვრთეს ნება ტერიტორიაზე შესვლისა.

თან მახლა პედაგოგი კლარა რიჟამაძე. კიტოვანის შტაბში ნაცნობი გარემო დამხვდა: თენგიზ კიტოვანი, თემურ გუგეშაშვილი, გიორგი ხოშტარია, თენგიზ სიგუა.
პრეზიდენტი უნდა გადადგეს – ასეთი იყო კიტოვანის მოთხოვნა. იგი ვერას და ვაკეს არ უნდაო?! შავნაბადაზე მომდგარი დამპყრობლები გამახსენდა. მე–11 არმიის აჩრდილი დაძრწოდა. ყვირილი მინდოდა. ხოშტარია მოვიძიე. მისთვის რომ გამეხსენებინა 90 წლის 18 თებერვალი, ქუთაისში ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების დაარსება. იგი ზვიად გამსახურდიას მოწაფედ ასაღებდა თავს. მოსალოდნელ ღალატზე შეშფოთდა: ბოლომდე ერთგული ვართ, თავსაც კი გავწირავთ მისთვისო. იუდას ღალატი მონაგონი იყო მასთან შედარებით. იუდამ თავი მოიკლა, ხოშტარია კი ურცხვად შეფარებოდა საქართველოს მტრებს.

მაოხარი მკვდარი.
2008 წლის მაისის ჟურნალ “ბომონდში'' ქეთი დარჩია წერს, რომ მისი სტუმარია პოლიტიკოსი, რომელმაც ეპოქა მუჭში მოიმწყვდიაო. გამოუცდელობით ნათქვამად ჩავთვალე, მაგრამ დღეს მიკვირს, რისი სსრ კავშირის დაშლა, ბერლინის კედელის დანგრევა შეეძლო შევარდნაძეს, რომელმაც საქართველო მართლა დაანგრია და სულიერად გაძარცვა:

- თვითმფრინავის საქმეზე დახვრეტილი ბიჭები, ნაზი შამანაურის და მისი დედის წამებით სიკვდილი, 9 აპრილის ტრაგედია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩაბარება, ესენგეში შესვლა, სამეგრელოს დარბევა, სპეცოპერაციები, გოჩა ესებუას ვერაგული მკვლელობა 31 მარტს, კაკო ელიავასა და გოჩა გვილავას ჩაცხრილვა და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა.
გაუბედურებულმა, ორდენებჩამოკიდებულმა ინტელიგენციამ მას მიაწერა ქართული ენის დაარსება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც?! კაცმა, რომელმაც ორჯერ ალოკა გადაფურთხებული: გადავდგებიო და არ გადადგა, სოხუმი რომ დაეცემა მეც დავეცემიო, დაბრუნდა და ორდენითაც დაუმშვენეს მკერდი. მაოხარი მკვდრის ნაშიერები: მისი გამობრძმედილი ვაიპოლიტიკოსები და წითელი ინტელიგენცია წეწავენ საქართველოს. აი, ისინი მოიქცია მუჭში შევარდნაძემ.

ზვიად გამსახურდიამ შეძლო მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორია გაჭედილი იყო რუსული იარაღით, რუსი სამხედროებით, ჩაატარა რეფერენდუმი, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აქტის შესავალში ჩაწერა: “რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია''. იგი არ შეეკრა ბილწს ზავითა. ვერც ქედი მოახრევინეს და მოკლეს, მაგრამ “ ვერ მოკლეს, ვერა''. იგი 80 წლისაა, იცოცხლებს იმდენ ხანს, სანამ საქართველო იარსებებს.

ლია კაცაძე

0
221
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0