x
მესმის მხოლოდ მარადიული სიყვარულის, როგორ შეიძლება თქვა, რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს....
სანდრო

როგორ ოჯახში გაიზარდე?
- ოჯახი ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ხანდახან ადამიანი საკუთარ თავთან მარტო, რომ რჩება ფიქრობს თუ რისთვის ცხოვრობს, რა მისია აქვს და საით მიდის. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახის შექმნაა. ვიტყოდი, რომ ბავშვობის წლები ყველაზე განსაკუთრებული მქონდა. ტკბილი მოგონებებით სავსე. მოსიყვარულე, ტრადიციულ და ძალიან თბილ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც პაპა ზღაპრებს და სხვადასხვა ენციკლოპედიას მიკითხავდა. ბებია სულ ცდილობდა ესიამოვნებინა ჩემთვის, ეზრუნა და ყოველთვის კარგი კერძები მოემზადებინა. სტუმართმოყვარე ოჯახი მყავდა. ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს, ვმღეროდით და ლხინი არ გვაკლდა. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი მასწავლეს რაც შეიძლება, რომ ვიცოდე. მათ ასევე მასწავლეს ცუდისა და კარგის გარჩევა. სიკეთისა და ბოროტების მიმართ ყველა ადამიანს ინდივიდუალური აღქმა აქვს, შესაბამისად ჩემთვის ამ ყველაფრის ცოდნა მშობლების დამსახურებაა. ყველაფერი ისე ტკბილად მახსენდება, რომ შეიძლება ითქვას ყველაზე კარგი წლები ბავშვობაში მქონდა.

• რომელ ქუჩაზე ცხოვრობდი?


- ცხრა ძმის ქუჩაზე ვცხოვრობდი, სადაც ბევრი ცუდი რამ მინახავს. გარეთ დაყრილი ნემსები, ათასი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც თანატოლები იღებდნენ, მაგრამ არასდროს არ მქონია სურვილი ცხოვრების არაჯანსაღი წესი მქონოდა. შვიდი წლის, რომ გავხდი ვაზისუბანში გადავედით. ამავე უბნის N163-ე სკოლა დავამთავრე.
• რა მოგიტანა ქართულმა მუსიკალურმა პროექტებმა?
- მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა ცხრამეტი წლის ასაკიდან დავიწყე. მანამდეც ვმღეროდი, მაგრამ სამოყვარულო დონეზე და ძირითადად სპორტით ვიყავი დაკავებული (წყალბურთი).
პირველი პროექტი "ახალი ხმა" იყო, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. პროექტის საშუალებით შევიძინე მეგობრები, ვმუშაობდი ბენდთან და მუსიკალურად გავიზარდე. შემდგომ ბევრი შემოთავაზებები მქონდა, რომ სარეკლამო გადაღებებში მიმეღო მონაწილეობა, ასევე მემღერა სხვადასხვა კონცერტებსა და კორპორატიულ საღამოებზე.
ამის შემდეგ იყო "იქს ფაქტორი". პროექტში ჩემს გამოსვლას უყურადღებოდ არ ჩაუვლია. მაყურებელს ჩემი და თამთა გოდუაძის მიერ შესრულებული ნამღერი ძალიან მოეწონა და საკმაოდ მაღალრეიტინგული Audition-ი მქონდა.
ასევე მივიღე მონაწილეობა ტელეკომპანია GDS-ზე მუსიკალურ პროექტში "გახდი ვარსკვლავი" სადაც სუპერფინალში გავედი.
ბოლო პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" იყო. სადაც მონაწილეობა რამდენიმე Live კონცერტზე მივიღე და შემდეგ დავტოვე პროექტი.
მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ გავიზარდე მუსიკალურად, ფსიქოლოგიურად და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება.
სანდრო

შენი აზრით ქართულ მუსიკალურ პროექტებში გამარჯვება სამართლიანად ხდება?
- ქართულ მუსიკალურ პროექტებში, სიმღერის ნიჭის გარეშე კონკურსანტი ვერ გაიმარჯვებს. თუმცა არის მომენტი, როდესაც შემდეგ ეტაპზე გადასვლა ფინანსებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ზოგიერთ კონკურსანტს აქვს სიმღერის ნიჭი და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ხოლო ზოგიერთს მხოლოდ სიმღერის ნიჭი და ფინანსები არა.
• რატომ გადაწყვიტე სიმღერა “იაგუნდი“ ჩაგეწერა რომელსაც ამდენი გამოხმაურება მოჰყვა
- ერთ დღეს ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, გიორგი გოგიაშვილმა დამირეკა. მითხრა, რომ თავის მეგობართან ხმის ჩამწერ სტუდიაში შევხვედროდით. გიორგიმ მითხრა, რომ რაიმე სიმღერა ჩამეწერა. ძიების პროცესში შემთხვევით ავარჩიეთ "იაგუნდი". დაახლოებით ერთ საათში დავასრულეთ ჩაწერა ზაზა გოჩიტაშვილი-ს ხმის ჩამწერ სტუდიაში "Zstudio". მეორე დღეს ჩემს Youtube არხზე ავტვირთე და ხალხის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სასიამოვნოა ეს ჩემთვის და ყველა ძალიან მიყვარხართ.

სანდრო

საზღვარგარეთ მუსიკალურ პროექტებში გეგმავ მონაწილეობას?
- ამ ეტაპზე ეს საკითხი სერიოზულად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ შესაძლოა სამომავლოდ კიდევ ვცადო.
• ამჟამად რას საქმიანობ?
- ამჟამად აქტიურად სპორტით ვარ დაკავებული. ვცურავ და სატრენაჟორო დარბაზში ფიზიკურად ვვარჯიშობ. ასევე კომპანია "მაგთიკომი"-ში ვმუშაობ და რაც ყველაზე მთავარია ვმღერი.
• როგორი უნდა იყოს გოგო რომელსაც ცოლად მოიყვან და ცხოვრების ბოლომდე გეყვარება
- ეს ისეთი კითხვაა შეიძლება ახლა გიპასუხოთ, მაგრამ შემდგომ სხვადასხვა გარემოებების გამო აზრი შევიცვალო. ორმხრივი სიყვარული აუცილებელია ადამიანებს შორის, ერთგულებასა და პატივისცემაზე აღარ ვსაუბრობ. ვფიქრობ, რომ როდესაც ორ ზრდასრულ ადამიანს უყვარს ერთმანეთი იქ ორივე მხრიდან იქნება ერთგულება, პატივისცემა, ზრუნვა, დათმობაზე წასვლა, გათვალისწინება და სხვა დანარჩენი, რასაც საბოლოოდ სიყვარულამდე მივყავართ.
სიყვარულზე იმდენი შემიძლია ვისაუბრო არასდროს გავჩერდები. მე მესმის მხოლოდ მარადიული სიყვარულის, როგორ შეიძლება თქვა, რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს. მესმის, რომ შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს, არ აეწყოს, უამრავი პრობლემა იყოს. მაგრამ როდესაც გიყვარს და ეს სიყვარული ნამდვილია, ვფიქრობ რომ სულ ასე იქნება.

სანდრო

• ყველაზე გამორჩეული საჩუქარი რომელიც შენი მსმენელისგან მიგიღია
- ნივთს თუ გულისხმობთ ყოფილა შემთხვევა, რომ კარგი სუნამო უჩუქებიათ, აქსესუარი ან რაიმე მსგავსი, მაგრამ მერწმუნეთ ყველაზე სასიამოვნოა როდესაც ადამიანი სიყვარულს შემსრულებლის და მისი შემოქმედების მიმართ გამოხატავს, ამას ვერანაირი ნივთი ვერ შეედრება.
• როგორ ფიქრობ საქართველოში რა ჟანრის მუსიკაა პოპულარული
- ბოლო დროინდელი სტატისტიკის მიხედვით მგონი ქართული სიმღერების ტენდენცია შემოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ხალხი უსმენს ქართულს და უკვე სხვანაირად აღიქვამს. წლების წინ მახსოვს მხოლოდ ინგლისური მოსწონდათ და თითქოს ფიქრობდნენ, რომ ქართული ისეთი მაგარი ვერ იყო. რეალურად ქართული სიმღერა ძალიან რთული შესასრულებელია. მივესალმები, რომ ქართველმა მომღერლებმა ქართული სიმღერები იმღერონ და საერთაშორისო დონეზე გაიტანონ.
• შენი აზრით საზოგადოება ეპატაჟურ კლიპებს უფრო აღიქვავს თუ ხარისხიან მუსიკას?
- სამწუხაროდ რეალობაში ხალხს ძალიან უჭირს და არ აქვთ არანაირი სოციალური პირობები. ასევე არ აქვთ განტვირთვის საშუალება და ვერც იმაზე ფიქრობენ თუ როგორ ირჩინონ თავი. სხვა დანარჩენზე აღარ აღარ ვსაუბრობ.
ვფიქრობ, რომ მათ სანახაობრივი და გასართობი შემოქმედება უფრო მოსწონთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი ხარისხის მუსიკა იქნება თუ არა. მთავარია ამით შვება იგრძნონ. თუნდაც ავიღოთ სატელევიზიო პროექტები და შოუები. ის შოუ არის რეიტინგული სადაც მეტი სანახაობაა და მაყურებელს ფსიქოლოგიური განტვირთვის საშუალება ეძლევა.
ასევე არის კატეგორია, რომელიც ხარისხიან მუსიკას უსმენს, მაგრამ ძალიან ცოტაა ესეთი კატეგორია

სანდრო

რომელ უცხოურ მომღერალს უსმენ და რატომ?
- კონკრეტულად მხოლოდ ერთს არ ვუსმენ. ძალიან ბევრი მომღერალია რომლის რეპერტუარიც მიზიდავს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ Eric clapton და Stevie Wonder მომწონს, მაგრამ მხოლოდ მათ არ ვუსმენ. ასევე ქართველ მომღერლებს ვუსმენ და ამ ბოლო დროს მეც უფრო მეტად შემიყვარდა ქართული სიმღერები. უკვე ვცდილობ, რომ თავად შევასრულო სხვადასხვა ქართული სიმღერა.
• ნაბიჯი რომელიც არასდროს გინანია
- არ მიყვარს უსამართლობა. არასდროს ვნანობ იმ გადადგმულ ნაბიჯს რის უკანაც სამართალია. არ აქვს მნიშვნელობა ეს დამაზიანებს თუ არა. მთავარია ჩემთვის შინაგანად მშვიდად ვიყო და ვიცოდე, რომ ამ გადადგმულმა ნაბიჯმა იმიტომ დამაზიანა, რომ მე სამართლიანად მოვიქეცი.
• უცხოეთის ქვეყნიდან შემოთავაზება რომ გქონდეს მათი სახელით მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს მუსიკალურ პროექტებში დათანხმდები?
- ამაზე არ მიფიქრია. პირველ რიგში ძალიან კარგი იქნება ჩემი ქვეყნის სახელით თუ მივიღებ მონაწილეობას მსოფლიოს მუსიკალურ პროექტებში. სავარაუდოდ არ მივიღებ უცხო ქვეყნის სახელით მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემ ქვეყანასთან მომიწევს დაპირისპირება. მაგრამ თუ ჩემი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ამ შემთხვევაში დავთანხმდები. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ (ეს ქვეყნის ღალატი არ არის).
• რას გეგმავ?
- ამ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი მაქვს განვვითარდე როგორც კარიერულად ასევე მუსიკალური კუთხით. ამისთვის დაუზოგავად ვიშრომებ.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

ნახეთ სიმღერა “იაგუნდი" https://www.youtube.com/watch?v=_hw_IyxOQWk

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0