საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ჭინკა 2019, 28 მარტი, 18:15 სულხან-საბა ორბელიანი ჭინკას ამგვარად განმარტავს: მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება, ქაჯი, ჰაერის მცველი, მაცდურად იტყვიან გლეხნი". აკაკი წერეთელი კი ჭინკობისთვეს ასე მოიხსენიებს: "ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად." საერთოდ კი ოქტომბერ-ნოემბერი ან ზოგგან სექტემბერი ჭინკების სათარეშო თვეებად ითლებოდა წარმართულ საქართველოში. ქართულ მითოლოგიაში ამ არსებას მტკიცე ადგილი უჭირავს და დაახლოებით ჰგავს გერმანულ მითოლოგიაში გნომებს, სკანდინავიურ ტროლებს, მორმოლიკებს ან ემპუსას. ჭინკები მამრობითი სქესისაც არიან და მდედრობითისაც. გამიგონია, რომ ჭინკა პატარაა და კაცის ფორმა აქვს. მთაში ვიყავი ერთხელ, იქ მწყემსებმა თქვეს: ჭინკა ცხენს ფაფარს ისე დაუწნავს, რომ მასში, როგორც ავჟანდში ფეხის შეყოფა ისე შეიძლებაო. ერთხელ თურმე ჯამუ მოდიოდა გზაზე, უკან ჭინკები ადევნებიან და სახელს უძახოდნენ: "ჯამუ ხარ რომ მოდიხარო." მერე ჯამუს მეორე სახელი "კოსტა" დაუძახეს (კოსტა, სად მიდიხარო?) კოსტა ჯამუს ნათლობის სახელი ყოფილა, რომელიც მისმა მშობლებმაც არ იცოდნენ, გასაკვირია, ჭინკებმა ეს როგორ გაიგესო." მთქმელი: ალექსანდრე კვარაცხელია. სოფ. ნაკიფუ (წალენჯიხის რაიონი), 1966 წელი. მამრი ჭინკა პატარა ბიჭის სახით ჩნდება, მდედრი ჭინკა კი ლამაზია, თეთრი სახით და გრძელი თმებით, ოღონდ ორივეს ბალნით აქვს დაფარული სხეული. ისინი სასიყვარულო კავშირსაც კი ამყარებენ ადამიანებთან. ერთ კაცს დაუახლოვდა ჭინკა, ის ცოლს აღარ ეკარებოდა. ღამით ბეღელში წვებოდა ხოლმე და ჭინკას ელოდებოდა. ცოლი ჩაუსაფრდა კაცს და წაასწრო ჭინკასთან. ჭინკა მიუწვა კაცს და გრძელი თმები მიწაზე გადმოეკიდა. როცა საყვარლებს დაეძინათ, ცოლმა ჭინკას ნაწნავები მოაჭრა. გაიღვიძა ჭინკამ და ძალიან შეწუხდა. კაცმა მაინც იმდენი ქნა, რომ ცოლი აიძულა ნაწნავები დაებრუნებინა ჭინკასთვის. სხვა გადმოცემით, ერთხელ ღამით ცხენით მოდიოდა კაცი და შემოუჯდა მამრი ჭინკა ცხენზე. კაცმა დაიჭირა და ცარიელ ქვევრში ჩაამწყვდია. ჭინკა ევედრებოდა გამოეშვა, თან ჰპირდებოდა, რომ მისი ოჯახიდან არავის და არაფერს ავნდებდა. კაცმა პირობა ჩამოართვა და სათითაოდ ჩამოუთვალა ოჯახის წევრები და საგნები. ჩამოთვლისას ცეცხლის ხსენება დაავიწყდა. გამოუშვა ჭინკა, რომელიც გაიქცა და შორიდან დაუძახა: "ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდესო." მართლაც, მათს ოჯახში ყოველ ახალ წელს დილით შეშა ცუდად იწვოდა. თუ ჭინკა რომელიმე ოჯახს დაწყევლიდა, მათი საქმე ცუდად წავიდოდა. სხვა ავსულებთან შედარებით ჭინკა თითქოს უფრო პატარ-პატარა ზიანს აყენებს ადამიანს, მაგრამ თავისი შედეგებით ზიანი საკმაოდ მცირეა. ჭინკას მსხვერპლი, როგორც წესი, ჭკუიდან იშლებოდა. ხალხში იყო წარმოდგენა, რომ ჭინკები ერთსა და იმავე დროს ამოცვივდებიან ხოლმე და თან მოაქვთ ცუდი ამინდი - ქარი და წვიმა. იმერლების თქმით, ჭინკობისთვე ოქტომბერია, იტყოდნენ, ჭინკა სამ დღეს წყალშია, სამ დღეს მთაში და სამ დღეს ბარში. დედამიწაზე მოგზაურობის მეცხრე დღეს ისევ წყალში ამთავრებს, "მეცხრე დღეს წყალში მიაბეჭდავს." ჭინკობის წინა ღამეს სასიმინდეს და ბეღლებს გამოკეტავდნენ ან წალდს დაადებდნენ, ამბობდნენ რკინას ჭინკა ვერ ეკარებაო. საერთოდ, ავსულებს ლითონის ეშინიათ, განსაკუთრებით ბასრპირიანი საგნების, ამიტომ ღამით მოსიარულე კაცებს ხანჯალი ქარქაშიდან მცირედით ამოწეული ჰქონდათ ჭინკებისგან თავის დასაცავად. ხმალს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ავსული ყუაზე დაჯდებოდა, ამიტომ ორლესულს ატარებდნენ. ჭინკობისას სიმინდს არ გამოიტანდნენ, ნიორს და ცერცვს არ დათესდნენ, რომ ჭინკას არ წაეღო. ბავშვს არ დაბანდნენ, ტანსაცმელს არ გაუჭრიდნენ, რამე თუ დარჩებოდათ გარეთ, ცეცხლზე გადაატარებდნენ. ჭურის თავზე ნაცარს დაყრიდნენ და ღვინით სავსე ჭიქას დადგამდნენ - "ჭინკა მოვა და დალევსო". ჭინკა თმებს მალავს, რადგან ერთი ღერი მაინც თუ ჩაუვარდა ხელში ადამიანს, ჭინკა ამ ადამიანის მორჩილ მსახურად იქცევა და სხვათაშორის, არნახული სისწრაფითა და ბარაქიანობით ემსახურება ოჯახს. ჭინკობისთვეში რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მისთვისაც უნდა ეწილადებინათ, თუ ქსოვდა ქალი, ჭინკასთვისაც უნდა მოექსოვა პატარა წინდა, თორემ მოვიდოდა და ეტყოდა: წინდა მომე წინდა, თორემ შენ შეგწვავ". სამეგრელოზეც იგივე წარმოდგენები აქვთ ჭინკებზე, ოღონდ აქ ისინი მოსავლის მეწილეები ან სიუხვის მომცემ-წამღებნი არ არიან. ჭინკების გაჩენის შესახებ იმერეთში ასეთი გადმოცემაა: "ბევრი ბოვშები ყოლიენ ქალს, მოწყალეს ჩამოუვლია. დედამ მარტო სამი აჩვენა, დანარჩენები ძარაში (მოღობილი ადგილი) დამალა. მოწყალეს უთქვამს, ეგ სამი გაგიზარდოს ღმერთმა და ის დანარჩენი დაფარულები იყვნენ, კაცმა არ ნახოსო. გადუუძვრიენ ძარა და ეს ბოვშები ჭინკებად გამქრალა." თუ მშობიარე ქალს ბავშვი დაეღუპებოდა, იტყოდნენ, სხეულში ჭინკა ჰყავს და ის კლავსო. ხალხის წარმოდგენით, ჭინკა ბავშვის მსგავსი ტანისაა და ტიტველია. ჭინკები ტყეში ცხოვრობენ, ასევე ღელეები ნაპირას და სხვადასხვა მივარდნილ ადგილებში. მარტო მიმავალ ადამიანს გზის პირას ხვდებიან და სახელს ეძახიან. ჭინკას შეუძლია ადამიანს ისიც უთხრას თუ სად მიდის, გულში რას ფიქრობს და ჯიბეში რა უდევს. თუ ადამიანი სახლში მარტო დაიგულა, ჭინკა იქაც, შევა, მიუჯდება კერას და სახლში მარტო მყოფ ადამიანს ესაუბრება, მაგრამ ცეცხლის ეშინია, თუ მუგუზალი მოუქნიეს, მაშინვე გაიქცევა. ჭინკებს ბავშვური ხმა აქვს და ტანითაც ბავშვებს ჰგანან. თმა პატარა კავებად აქვთ დაწნული. სიარულის დროს პატარა შავი ტანისა და ხელ-ფეხის შეუფერებელი მოძრაობა ჭინკას სასაცილოს ხდის ადამიანის თვალში. ჭინკების უმთავრესი თვისებაა, რომ ჭკუიდან შეშალონ თავიანთ წრეში ჩავარდნილი ადამიანი. ჭინკები იჭერენ ტყეში ჯოგად მავალ ცხენებს. ასხდებიან კისერზე, ფაფარს გამოუნასკვავენ შიგ ფეხის გასაყოფად. მთელი სათობით დააჭენებენ. სანამ ცხენებს არაქათი არ გამოელევათ. ზოგჯერ კი ისე კადნიერდებიან, რომ თავლაში იპარებიან, იქიდან გამოჰყავთ ცხენი და გათენებამდე აჭენებენ აღმა-დაღმა. პატრონი მეორე დღეს გამონასკვული ფაფრით ხვდება, რომ ცხენი ჭინკას უჭენებია. ჭინკებს უყვართ ადამიანის გამასხარავება. უხარიათ, როცა ქვებს ესვრიან სახლების სახურავებზე და აკრთობენ მის ბინადართ. ხან სახურავიდან კერის გარშემო დამსხდარ ხალხს სიბინძურეს აყრიან. ყოფილა შემთხვევა, როცა გაბეზრებული გლეხის ოჯახი აყრილა ერთი ფუძიდან და უფრო დაცულ და უშიშარ ადგილას გადასახლებულა. როგორც ითქვა, ჭინკებს ბავშვის ხმა აქვთ. ამიტომ მშვენივრად აჯავრებენ ბავშვის ტირილს, რომ მიმავალ კაცს ეგონება, ადამიანის ჩვილი ბავშვი ჩარჩენიათ ტყეშიო და ძებნას დაუწყებს. ბოლოს ჩვილის მაგივრად წაადგება ჭინკების მთელ გროვას, რომლებიც მისცვივდებიან და ცემას და ჭკუაზე შეშლას დაუწყებენ. ჭინკისთვის დამახასიათებელია დაკირკატება, გამოსკვნა, ეს საქმიანობა ძალიან მოსწონთ. ამ იონბაზობით აწვალებენ ხოლმე ადამიანებს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა პატრონს თავისი ცხენის ფაფარი უნახავთ ისე დაწნული ძუით, რომ ჩახვეულ-ჩანასვული ვეღარ კი გაუხსნია. საერთოდ დახვევა ჭინკების და ქაჯების თვისებაა. მაგალითად ხევსურეთში ხვეული სახის ორნამენტიან ხმალს ქაჯისთმიანს უწოდებენ. თავად ქსოვის პროცესიც ერთგვარად ქაჯურ ბუნებას უკავშირდება. დამცავი ჯაჭვი ნაქსოვია და მას ქაჯი აკეთებს: "ჯაჭვმა თქვა სამანქანურმა, ქაჯმა ამასხას თითითა." სიტყვა დაკირკატება ანუ ჩახვევა და კრიმანჭულის მეორე სახელწოდება "კირკანტული" ერთი ძირიდან მომდინარეობს. გურული ახალგაზრდები ღამით რომ არ შეშინებულიყვნენ, მაშინ მღეროდნენ "კირკანტულს" ანუ კრიმანჭულს. სამეგრელოში ჭინკობას ჭეჭეთობა ერქვა. "ჭიჭე" მგრულ ენაზე პატარას ნიშნავს და იმ წარმოდგენიდან მომდინარეობს, რომ ჭინკა ზომით პატარაა. მიუხედავად იმისა, რომ ჭინკა გარესკნელის ბინადარია, ის სხვა ავსულებზე უფრო ხშირად ეტანება ადამიანს და უახლოვდება მის შინა სამყაროს, თითქოს მართლა ადამიანი იყო თავიდან და შემდგომ იქცა ჭინკად. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1152 2-ს მოსწონს
|