საქართველო "ვიფიქრე ღია წერილით მივმართო-მეთქი, მაგრამ ვის გინდა, რომ მიმართო?" 2019, 23 მარტი, 11:59 საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი , შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.
"ვიფიქრე ღია წერილით მივმართო-მეთქი, მაგრამ ვის გინდა, რომ მიმართო? პრემიერს?, თვითონაც არ სჯერა, რომ პრემიერია. ბიძინას?, მაინც არ წაიკითხავს, იმიტომ, რომ მას ყველაფერს მისი ეკა უკითხავს და იმასაც როდის მიხვდება კაცმა არ იცის. კობახიძეს?, შეაყარე კედელს ცერცვი. არც ექნება გაგონილი ესეთი გამოთქმა. ღარიბაშვილს?, გამეცინა. მგონი ისევ გახარიას ჯობია მივმართო. თავი ისე მოაქვს ვითომ ყველაზე ადექვატურია. თან წერილების წერაც სცოდნია და ე.ი. წაკითხვაც ეცოდინება. ბატონო მინისტრო, ვეჭვობ, "ერთხანს" კიდევ მოუწევს თქვენს გუნდს ხელისუფლებაში ყოფნა. ამასობაში კი ქვეყანა უკან უკან მიდის და ჭაობში იძირება. საუკეთესო გამოსავალი თქვენი სახლში წასვლა იქნებოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. დროს კი ქვეყანა ფუჭად კარგავს. ამასობაში კი საჭიროა სასიცოცხლო რეფორმების გატარება იმისთვის, რომ თქვენს მიერ დაჭაობებული წყალი აიმღვრეს და ქვეყანას ძველი "მიმზიდველობა" დაუბრუნდეს. ბევრი "უგონო" დღემდე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ხერხემალი შინაგან საქმეთა სამინისტროა, მაგრამ ამ "უგონოების" ნაფიქრს თქვენც და თქვენი არაერთი წინამორბედი შეცდომაში ჰყავს შეყვანილი. სახელმწიფოს ხერხემალი განათლების სამინისტრო და საშუალო სკოლაა, ხოლო შსს მასზე ჩამოკიდებული ქონით გამოტენილი დუნდულები, რომელიც სასიკვდილოდ ამძიმებს მას და სახელმწიფოს ჯანმრთელობას აზიანებს. ამ ყველაფერს ნიშნისმოგება არ მალაპარაკებს. ეს ყველაფერი თუ რას ნიშნავს, მაგ კაბინეტში ყველაზე ადექვატურად პირველმა მე დავინახე, იმიტომ, რომ კომუნისტებიდან დაწყებული, კვირაია-თარგამაძე-ნარჩემაშვილით დამთავრებული ყველას დატოვებული ნაგვის წმენდა მე მომიწია. თქვენ კი გასუფთავებული კაბინეტიდან "იმდენს ვეღარ დაინახავთ". რას გთავაზობთ? სახელმწიფოს გასუქებული დუნდულების შეფერთხვას, რათა ხერხემალს ზედმეტი წონა მოვაშოროთ. ამით კი სახელმწიფო გამოვაჯანმრთელოთ. გამოყავით სამინისტროდან ცენტრალური ფუნქციების მატარებელი რგოლი: კრიმინალური, სამხარეო და სასაზღვრო პოლიცია, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სანებართვო სამსახური (იარაღის, მართვის მოწმობების, ავტომობილების რეგისტრაცია) საინფორმაციო სამსახური და მონაცემთა ბაზა და მის ბაზაზე შექმენით ახალი (შსს) ორგანო. დარჩენილი ფუნქციები: რაიონული და საპატრულო პოლიცია (ადმინისტრაციული ჯარიმებიანად მიმართეთ ადგილობრივ ბიუჯეტში), აგრეთვე, სამაშველო სამსახური გახადეთ მუნიციპალური და დაუქვემდებარეთ მერებს და გამგებლებს (საერთოდ მერები და გამგებლებიც ისეთი გყავთ ორ ბატს, რომ ვერ ჩააბარებ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება); სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის დონეზე მოახდინეთ დანაშაულის იურისდიქციის დიფერენციაცია. გარკვეული დანაშაულის გამოძიება (მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა, კიბერდანაშაული და ა.შ.) გახადეთ ექსკლუზიურად ცენტრალური, კრიმინალური პოლიციის ქვემდებარე, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიება თუ ადგილობრივი მნიშნელობის წვრილმანი საკითხების გადაწყვეტა ექსკლუზიურად მერებისადმი დაქვემდებარებული მუნიციპალური პოლიციის ქვემდებარე. ვინ უნდა დანიშნოს მუნიციპალური პოლიციის უფროსი? ამ ყველაფრის ყველაზე საინტერესო ნაწილი აქაა. საკანონმდებლო აქტით დაადგინეთ მუნიციპალური პოლიციის უფროსის თანამდებობისათვის აუცილებელი კრიტერიუმები (განათლება, ასაკი, სტაჟი და ა.შ.) ხოლო მათი არჩევა მოხდეს ხალხის მიერ პირდაპირი წესით, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში. პირველი, ამით პოლიციის უფროსის ნამუშევარს შევაფასებინებთ უშუალოდ ხალხს და არა თქვენ ან თქვენს რომელიმე "დოქსოფულო" მოადგილეს; მეორე, პოლიციის უფროსებს ვაქცევთ ნამდვილ საჯარო, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ პირებად, რომლებმაც საარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელი ყველა წესის დაცვით უნდა მოიპოვონ მათი თანამდებობა (ამ დროს ისწავლიან, რომ ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უნდა მოიხსნან, კევი არ უნდა აღლაჭუნონ და ა.შ.) და არა თქვენი ახლობლობით ან ვაზელინის დიდი დოზით. ყველაზე მთავარი. გენერალურ პროკურორს აქამდე დიპლომი ვერ მოვატანინეთ და შესაბამისად ამასაც ვერ გაიგებს, ამიტომ ამაზეც თქვენ გეტყვით. ყველა რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად, რომელიც წინა 9 წელს ეხება, თქვენი 7 წლის მანძილზე მოხდა თუ აწი მოხდება და მაინც ვერ იძიებთ და არც საზოგადოების ნდობა არსებობს ასეთი გამოძიების და პროკურატურისადმი (ხორავას, მაჩალიკაშვილის თუ სააკაშვილის კოსტუმების საქმე), შემოიღეთ დამოუკიდებელი სპეცპროკურორის ინსტიტუტი, რომელსაც არა მოქმედ პროკურორთა შემადგენლობიდან, არამედ საზოგადოებისათვის სანდო იურისტთა წრიდან დროებით, მხოლოდ კონკრეტული საქმის გამოძიების მიზნით დანიშნავს გენერალური პროკურორი და ამ უკანასკნელს აეკრძალება გამოძიების პროცესში ჩარევა. სპეცპროკურორი კი ბულტერიერივით დაგლიჯავს ყველას და ყველაფერს, რომელიც მას სამართლის ძიების და მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე წინ გადაეღობება. ამით თავიდან აიცილებთ პასუხისმგებლობას, გადაირჩენთ თქვენს ისედაც შელახულ ან აწი შესალახ რეპუტაციას, რასაც თქვენივე არაპროფესიონალი პროკურორები ისედაც არაფრად აგდებენ. თან, ამით განტვირთავთ იმ მონსტრს, რომელსაც ხელმძღვანელობთ; უფრო ქმედითს გახდით დანაშაულთან ბრძოლას; აამაღლებთ მოქალაქის შეგნებას პოლიციის უფროსის შერჩევის პროცესით; პოლიციის უფროსებად მივიღებთ უფრო "დახვეწილ", პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს და დაზოგავთ მილიონობით ხარჯს, რომელიც განათლებას წაადგებოდა. მეორე, ამ მასშტაბის რეფორმის განხორციელება კვლავ "მიმზიდველს" გახდის ქვეყანას და დავიბრუნებთ რეფორმების ფლაგმანის სტატუსს. გულახდილად კი გეტყვით, რომ რაც შემოგთავაზეთ იმის 10%-საც კი ვერ გაიგებთ და ჩაწვდებით ვერც თქვენ და ვერც ქართული ოცნების ელიტის 99%, განსაკუთრებით კი ბიძინა. პ.ს. რეფორმის საავტორო უფლებები დაპატენტებული მაქვს. პ.პ.ს. ხომ ხედავთ თქვენგან განსხვავებით შაბათ დილასაც ვმუშაობ, ოღონდ ქვეყანას რამე ეშველოს."- წერს ოქრუაშვილი. 86 1-ს მოსწონს
|