კახეთი ვინ არიან დედოფლისწყაროში ავტოავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები? (ვიდეო) 2019, 19 მარტი, 16:36 16 მარტს საღამოს დედოფლისწყაროში მომხდარ ტრაგედიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილები არიან სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 23 და 27 წლის მამაკაცები. ორი ავარია რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა. თავდაპირველად, სოფელ არხილოსკალოში ავტოავარიის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ოპელის მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო მძღოლი გიორგი ჩიტიშვილი. დაშავებული მძღოლის დახმარება სცადა მისმა მეგობარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ დაელოდა და საავადმყოფოში გადაყვანა დამოუკიდებლად სხვა ავტომანქანით სცადა. თუმცა, მერსედესის მარკის ავტომობილით, რომელსაც ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახნენ. ორივე მათგანი გიორგი ჩიტიშვილი და ალეკო შერმადინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პირველი ავარიისას დაშავებული 26 წლის ვალერი ყაბანაშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის. 23 წლის გარდაცვლილ ალეკო შერმადინს მეუღლე და 1 შვილი დარჩა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 637 შეფასება არ არის
|