x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კავკასია - ერთი ოჯახი
კავკასია - ერთი ოჯახი


კავკასიელი ეთნოსები და ერები ერთი ოჯახია, რომელსაც განვითარებაში ძალიან უშლის ხელს გარეშე ძალების მხრიდან ჩამოგდებული ურთიერთშუღლი. იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანები მარსზე და მთვარეზე ვაპირებთ ბაზირებას, იმ ეპოქაში, როდესაც უკვე ხელოვნური ინტელექტი შევქმენით და ვავითარებთ, კავკასია მაინც საუკუნოვან ეთნოკონფლიკტებში და რელიგიურ დაპირისპირებაშია გახვეული იმპერიული ძალების მიერ. აი, რას წერს ამის შესახებ დიდი ინგუში მწერალი ისა კოიძოი:


"საქმე ისაა, რომ კავკასიაში ძირითადად ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ. ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ქართველები, ადიღეელები, ხუნძები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აღვალები, ბასკები პირინეებზე, ეს ერთი სისხლის ხალხია. მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც ოსები - მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეძე ძალთა მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი ერთიანობით იგი ძლევამოსილი იყო, მიუდგომელი, უმტკიცესი და თავზარდამცემი! საუკუნეთა განმავლობაში მძლავ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ მახვილით ვერაფერს მიაღწევდნენ უმძლავრეს ხალხთან და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული... საზარელი იარაღი - უნამუსობა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ მოწამლულ მახვილს აწერია "გათიშე და იბატონე". და აი, ყოველმა ტომმა თავი ერად გამოაცხადა. მათ სხვადასხვა სარწმუნოება შთააგონეს, გადმოცემები უძველესი ერთობის შესახებ თანდათან დავიწყებას მიეცა. განკერძოებამ დააშორიშორა ენები, მათი ერთმანეთზე წაკიდება კი ადვილ საქმედ შეიქნა. ტირანები ქრისტიან კავკასიელებს ჩასჩიჩინებდნენ - "დევნე მუსლიმები", ხოლო მუსლიმ კავკასიელებს - "დევნე ქრისტიანები". ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა, რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე გამასხრებულია!" (სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "ეშმაკის მონოლოგი")


კავკასია - ერთი ოჯახი



ჩანერგილი სიმცირის კომპლექსი და ნიჰილიზმი



მოდი, ვიმსჯელოთ ცოტა უფრო სიღრმისეულად, ფილოსოფიურად და მეცნიერულად და არა მხოლოდ ისტორიულად. ყოველი დაბადებული ადამიანი საოცრებაა ბიოლოგიურ დონეზეც კი - ერთი საშუალო, 60-კილოგრამიანი ადამიანი შედგება მინიმუმ 60 ტრილიონი უჯრედისგან. ადამიანის ორგანიზმში ყოველ კილოგრამზე მოდის 1 ტრილიონი უჯრედი. ადამიანის ერთი ტიპიური, საშუალო უჯრედი შეიცავს დაახლოებით 100, 000, 000, 000, 000 (100 ტრილიონ) ატომს. ყოველი ეს უჯრედი არის მინი ქარხანა, რომელიც შედგება ორგანელებისგან. ერთ-ერთ მთავარ ორგანელაში, ბირთვში მდებარე დნმ-მოლეკულა ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა შეიცავს ინფორმაციას 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწური სიცოცხლის მთელი ევოლუციის შესახებ. თითოეული დნმ-ის მოლეკულა შედგება დაახლოებით 192 მილიარდი ატომისგან და ადამიანის გენომი შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მთელი დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის ყველა წიგნი ერთად. ეს განუზომლად მრავალფეროვანი, ღრმა შინაარსის და ურთულესი მოწყობის სისტემაა, რასაც ადამიანის ორგანიზმი ჰქვია. ეს არის ბიო-ქიმიური და ფიზიკური სასწაული. მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი.


ამ არსებას, რომელსაც ადამიანი ჰქვია, უბრალოდ სიცოცხლე კი არ შეუძლია, მაგალითად როგორც მაჩვს, არამედ შეუძლია მაღალინტელექტუალური აზროვნება. რომელიც აყალიბებს პიროვნებას, შეიცობს და ცვლის მთელ გარშემომყოფ სამყაროს. ადამიანი თავის თავში იტევს მთელ სამყაროს და თუკი სიმების თეორია მართებულია - მთელ მულტისამყაროს. ფაქტია, რომ ადამიანი არის იმდენადვე რთული აგებულების, როგორც თავად ეს სამყარო და ამით უთანაბრდება მას და მეტიც, მნიშვნელობით უსწრებს კიდეც. ვინაიდან ადამიანში ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური და ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური პროცესიც - აზროვნება. ეს უნარი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სამყაროს არ გააჩნია. ამიტომ ადამიანი სამყაროზე მაღლაც კი დგას თავისი არსითა და ბუნებით. თავად სამყარო ან მულტისამყარო იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება, მთავარი სტრუქტურული სირთულე, სიღრმისეული არსი და აზრია. ყოველი ადამიანი თავადაა მიკრო-სამყარო მაკრო-სამყაროში.


კავკასია - ერთი ოჯახი


ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, როგორ შეიძლება არსებობდეს ხალხი, რომელიც პატივს არ სცემს თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ცალკეულ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურას, ფასეულობებს. ყოველი ადამიანი ცალკეული სამყაროა. დიდი ძალა კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, პასუხისმგებლობას უპირველესად ერთმანეთის მიმართ. პრობლემა ჩვენსავე მსოფლხედვის სიმცირეში და მონურ კომპლექსებშია, რომელიც მრავალწლიანმა რუსულმა ოკუპაციამ ჩამოგვიყალიბა. მცირე ერების სინდრომით და ნიჰილიზმით დააავადა კავკასიელი ეთნოსების სხეული და უიმედობაში ჩააგდო. არადა რეალურად არათუ ეთნოსი, ერთი ადამიანიც კი არაა მცირე და მთელი სამყაროა თავისი მასშტაბით, სირთულითა და არსით. ერთ ადამიანსაც კი შეუძლია სამყაროს შეცვლა, არათუ იდესი გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, და მით უმეტეს ეთნოსებს.


განურჩევლად ყოველი ცალკეული ადამიანის, ეთნოსისა და ერის დაფასებაზე უკვე ვთქვით. ახლა ისიც აღვნიშნოთ, თუ რაში გამოიხატება ქართველთა და აფხაზთა სისხლისმიერი ძმობა და არა მხოლოდ საერთოადამიანური ძმობა. ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან ისეთნაირად კი არ ვართ ახლოს, როგორც მაგალითად ქართველები და ჩინელები ან ნეგროიდები, არამედ ჩვენ კავკასოიდები ვართ, დიდი კავკასიური რასის ნაწილნი. მაგრამ ვინმემ შეიძლება თქვას, ასე ხომ დიდი კავკასიური რასის ნაწილი ირლანდიელები ან შოტლანდიელებიც არიან ან თუნდაც სლავები და გერმანელებიო. დიახ, მაგრამ ქართველები და აფხაზები იმაზე ბევრად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაგალითად ქართველები და გერმანელები ან სლავები. საქმე იმაშია, რომ მას მერე, რაც განვითარდა გენეტიკური მეცნიერება და შეგვიძლია სეკვესტრირება გავუკეთოთ ადამიანის გენომს, აღმოჩნდა, რომ იმერლები, გურულები, მეგრელები, სვანები, აფხაზები, ჩერქეზები და ოსები ატარებენ ერთნაირ გენომს მამის ხაზით - G ჰაპლოჯგუფს, რომელიც კავკასიაში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ დაახლოებით მაქსიმუმ 485 საუკუნის წინ. (იხ. ადამიანის ჰაპლოჯგუფები).


კავკასია - ერთი ოჯახი


რეალურად ჩვენ ერთი ხალხი ვართ, რომელიც ვკარგავთ დროს სწრაფი განვითარების მაგივრად. ჩვენ უნდა დავაფასოთ და განვავითაროთ ერთმანეთის კულტურა და არათუ შევუშალოთ, არამედ ხელი შევუწყოთ ერთმანეთის საზოგადოებების განვითარებას, რომ შევძლოთ დავასრულოთ კონფლიქტები და ჩვენს შვილებს ნორმალური მომავალი შევუქმნათ. ჩვენს შვილებს არაფრით ჯობია იაპონელი, შვედი ან ამერიკელი ბავშვები. თუ ისინი ცხოვრობენ მაღალი ცხოვრების დონით, ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკეთება. ამაში ხელს ერთადერთი რამ გვიშლის. საერთო ენის გამონახვა. გვჭირდება წარსულიდან არა მხოლოდ ცუდის, არამედ კარგის დანახვაც. გვჭირდება მიდგომა, რომ როდესაც ვაკრიტიკებთ მოწინააღმდეგე მხარეს, მისი არგუმენტებიც გავითვალისწინოთ, არ დავუშვათ ჩავყაროთ ისეთი საფუძველი, რომ ჩვენმა შვილებმაც ის გამოიარონ, რაც ჩვენ გავიარეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიბრით და ბოღმით დაბრმავებულებმა შვილებიც ასევე გავზარდეთ.


კავკასია - ერთი ოჯახი


ყველაზე დიდი მტერი საზოგადოების განვითარებისა არის ნიჰილიზმი და უიმედობა. უიმედობა შობს უმოქმედობას და აქედან გამომდინდარე დაღუპვას. ბოლო 100 ათასი წლის განმავლობაში, რაც ადამიანმა ენა მაოიდგა და დედამიწაზე ენები და მაშასადამე სხვადასხვა ეთნოსები წარმოიშვა, უკვე მკვდარია დაახლოებით 200 ათასამდე ეთნოსი და ენა. ეს არის უწყვეტი პროცესი, ახალი ეთნოსები მუდმივად წარმოიშვებიან და ძველები კვდებიან. ჩვენ კი, დღეს კავკასიაში მაცხოვრებელმა მრავალმა ეთნოსმა დიდი გაჭირვებით, ათასობით ბრძოლის გადატანით, უდიდესი გმირობებით გადავურჩით შინაურ ღალატს თუ გარეშე ერთი შეხედვით დაუმარცხებელ იმპერიათა ძალმომრეობას და თავი მოვიტანეთ ამ კოსმოსურ ეპოქამდე. ისეთ პერიოდებში არ ცავარდნილან ჩვენი წინაპრები უიმედობაში, რომ იმ გაჭირვების წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მათ კი ფარხმალი არ დაყარეს, თორემ დღეს აქ ჩვენ ამ სახით კი არა მტრებში ასიმილირებული და გადაშენებულები ვიქნებოდით. ჩვენ რატომ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი ამ განათლებულ ეპოქაში, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა? მინდა შემოგთავაზოთ შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი ისტორიის და კულტურის მქონე კავკასიელი ხალხებისთვის მეტად ყურადსაღები ციტატა, რომელიც წარმოთქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას 2016 წლის 22 სექტემბერს:


"მე იმედით ვარ აღსავსე ისრაელის მომავალ მიღწევებთან დაკავშირებით. ვინაიდან მე ვხედავ თუ რას მიაღწია მან უკვე. 1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობის წელს, ჩვენი მოსახლეობა 800 ათას სულს აღწევდა. ჩვენი ძირითადი ექსპორტი იყო ფორთოხალი. ხალხი ამბობდა, რომ ვიყავით ძალიან პატარანი, ძალიან სუსტნი, ზედმეტად იზოლირებულნი, დემოგრაფიულად ძალიან ცოტანი, იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავით. სპეკტიკოსები შეცდნენ ისრაელთა მიმართებაში მაშინ და ისინი ცდებიან ახლაც. ისრაელის მოსახლეობა მას შემდეგ, გაიზარდა ათჯერ, ჩვენი ეკონომიკა ორმოცჯერ. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ექსპორტია ტექნოლოგიები, რომლენიც ასაზრდოებენ მსოფლიოს კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს და მანქანებს." არ არსებობს მცირე ერი. არსებობს მცირე იმედები, მოკლე ჭკუა და შეზღუდული მსოფლხედვა, რაც ღუპავს ყოველ ერსა და ხალხს.


კავკასია - ერთი ოჯახი


კავკასია - ეს არის ულამაზესი და ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონი დედამიწაზე. მხოლოდ ქართველებს 4 ენა და 3 დამწერლობა გვაქვს. ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა ეს ოთხი ენა და სამი დამწერლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს არა უბრალოდ კულტურა, არამედ ისეთივე დიდი ცივილიზაცია, როგორიც სლავებს, გერმანელებს და კელტებს. და ეს ყველაფერი ამდენაც პატარა გეოგრაფიულ არეალში მათთან შედარებით. კავკასიაში უკვე 40 ათასი წელია ვცხოვრობთ და ვვითარდებით ჩვენ და სხვა ძირძველი კავკასიელი ხალხები. საქართველო უნდა გაძლიერდეს რომ შემდეგ გააძლიეროს ყველა დანარჩენი კავკასიელი ხალხი. ყოველ კავკასიელ ეთნოსს თავის ტერიტორიაზე უნდა მიეცეს განვითარების, გამრავლების აყვავების, უმაღლესი ტექნოლოგიების დანერგვის, საკუთარი ენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალება. აღარ უნდა დავუშვათ რომ იმპერიებმა გაატარონ მცირე ერების მოსპობის და ასიმილაციის დამღუპველი და კაცობრიობის მრავალფეროვნებისთვის მავნე პოლიტიკა. მაგალითად რაც 1917 წლიდან 1993 წლამდე გატარა საბჭოთა კავშირმა და ასიმილაციური პოლიტიკის წყალობით მოკლულ იქნა 105 მცირე ეთნოსი საბჭოეთის ტერიტორიაზე. კავკასია უნდა იყოს ერთიანი მრავალფეროვნებაში. ყოველი ეთნოსი თვითმყოფადი კულტურით და მაღალი ცხოვრების სტანდარტით. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა თუ დავაფასებთ ერთმანეთს. გვეცოდინება რა არის ჩვენი, რა სხვისი, შევთანხმდებით ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ და აღარასოდეს დავღვრით ერთმანეთის სისხლს. ეს უნდა იყოს საერთო კავკასიური იდეოლოგია თუ გვინდა ისეთივე მაღალი ცხოვრების სტანდარტი, როგორიც აქვს მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებს. კავკასიურმა ოჯახმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს შიდა კონფლიკტები. ეს შესაძლებელია. ინგლისი და საფრანგეთი საუკუნეების განმავლობაში ასეულობით უსაშინლეს და უსასტიკეს ბრძოლას აწარმოებდა ერთმანეთის წინაარმდეგ, მაგრამ შეხედეთ დღეს. სკანდინავიური ქვეყნები არანაკლებ სასტიი მეომრები იყვნენ და არანაკლებ ღვრიდნენ არა მხოლოდ სხვების, არამედ ერთმანეთის სისხლს, როგორც ჩვენ - კავკასიელები, მაგრამ შეხედეთ დღეს. ყველაფერი შესაძლებელია მონდომების, კეთილი ნების და კეთილგონიერების შემთხვევაში.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0