x
სალომე ზურაბიშვილმა ერევანში მწუხარება გამოხატა, რომ  ყარაბახიდან დელეგაციები  აფხაზეთსა და ცხინვალში ჩამოდიან
სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან მტკივნეული საკითხი წამოჭრა.

„ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ მხარეს არავისთვის ახსნა არ სჭირდება, რომ შიდა თუ გარე კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტა მის ინტერესებშია.

„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.


ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.

საქართველოს ხელისუფალს ერევანში ასეთი ხმაურიანი განცხადებები დიდი ხანია არ გაუკეთებია.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:მიმო მხილველი
მიმო მხილველი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0