მუსიკა ანტონიო სტრადივარის «მომღერალი» ვიოლინოების საიდუმლო 2019, 14 მარტი, 9:01 იმის დასადგენად, თუ რა იყო დიდი მაესტროს საიდუმლო, უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა: სადღაც უფრო სქელი, სადღაც უფრო თხელი – მხოლოდ მილიმეტრის მეათედი და უკვე სხვა ხმა, სხვა ჟღერადობა... თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს უკვე ყველაფრის კოპირება შეიძლება. მაგრამ, აიძულო ვიოლინო ისე «იმღეროს», როგორც ამას ანტონიო სტრადივარი აკეთებდა, შეუძლებელია. გადმოცემის თანახმად, იმ დროს, ყველა ვინც სიმებიანი საკრავების შექმნაზე მუშაობდა, ლაქს, რომლითაც საკრავი იფარებოდა, თავად ამზადებდა. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ ვიოლინოს განსაკუთრებული ჟღერადობის მიზეზი ლაქი იყო და საუკუნის დასაწყისში, ამ საიდუმლოსაც აეხადა ფარდ: 2001 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსმა ჯოზეფ ნიგივარმა განაცხადა, რომ მან სტრადივარის ლაკის შემადგენლობა გაშიფრა. მისი თქმით, კრემონელი ხელოსნები ლაქს ხის ფისისგან ამზადებდნენ, რომელიც ტიროლის ტყეში იზრდებოდა და იმისთვის, რომ საკრავი ლაფნიჭამიებისგან დაეცვათ, ლაქში ბორაკს უმატებდა. ამ ნივთიერებით, თითქოს ხის მოლეკულები იჟღინთებოდა და ვიოლინო სულ სხვა ჟღერადობას იღებდა. მაგრამ, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ერთმა რესტავრატორმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა — სტრადივარის ერთ-ერთ ვიოლონოს ლაქი საერთოდ გააცალა. შედეგად, მისი ხმა და ჟღერადობა საერთოდ არ შეცვლია... სტრადივარის მიერ შექმნილი ვიოლინოებს ხმა იმდენად უჩვეულოდ ჟღერდა, რომ უამრავი ჭორის გაჩენის მიზეზი გახდა: ამბობდნენ, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა! რადგან ადამიანს, თუნდაც თავისი საქმის ნამდვილ დიდოსტატს, არ შეუძლია ხის ნაჭერს ანგელოზების სიმღერის მსგავსი ხმების გამოცემა აიძულოს. ზოგიერთი კი იმასაც ამტკიცებდა, რომ მისი ყველაზე ცნობილი ვიოლინოები ნოეს კიდობანის ნამტვრევებით იყო გაკეთებული. თანამედროვე მეცნიერები კი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენენ: ანტონიო სტრადივარმა შეძლო და არა მარტო ვიოლინოებს, მის სახელოსნოდან გამოსულ ყველა ინსტრუმენტს, ხმის უმდიდრესი ტემბრი და უფრო მაღალი ტონები შესძინა, ვიდრე, თუნდაც მისი მასწავლებლის, ხემიანი საკრავების ცნობილი ოსტატის, ნიკოლო ამატის (1596 – 1684 წწ.) ვიოლინოებს ჰქონდა. ანტონიო სტრადივარის დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ითვლება, რომ ის 1644 წელს დაიბადა და სავარაუდოდ, 1657 – 1667 წლებში ამატის მოსწავლე და დამხმარე იყო. 1667 წელს დაქორწინდა და საკუთარი სახელოსნო გახსნა. იქიდან მოყოლებული, სტრადივარი უკვე თვითონ ქმნიდა ინსტრუმენტებს და ეტიკეტზე საკუთარ სახელს აწერდა. სახელი ძალიან მალე გაითქვა, გამდიდრდა და 3 სართულიანი სახლი შეიძინა, რომელშიც ცხოვრობდა და მუშაობდა. სახლს ოთხკუთხედი სხვენი ჰქონდა, რომელიც ოთხივე მხრიდან ნიავდებოდა და სწორედ იქ ასრულებდა დიდი ხელოვანი ინსტრუმენტებზე მუშაობას – გამზადებულ საკრავებს ლაქს ადებდა და აშრობდა. ანტონიო სტრადივარი მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა და 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილი 1116 საკრავიდან, 960 ვიოლინო იყო, დანარჩენი, – სხვა სიმებიანი საკრავები, მათ შორის იყო ერთი არფაც. მიუხედავად იმისა, რომ ის 70 წლის მანძილზე მხოლოდ შედევრებს ქმნიდა, მისი შემოქმედების «ოქროს პერიოდი» 1698 - 1725 წლებზე მოდის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს უკვე ამ ვიოლინოების ზუსტი ასლების გაკეთება შეიძლება და როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა არც ლაქს ჰქონია. მაშინ რა დარჩა? რა იყო მაშინ ისეთი, რაც დღეს არ არის? ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანტონიო სტრადივარი განსაკუთრებულ საიდუმლოს არ ფლობდა და უბრალოდ ისე მოხდა, რომ მისი მოღვაწეობა «მაუნდერის მინიმუმს» (1645–1715 წწ.) დაემთხვა და როგორც ამბობენ, იმ პერიოდში შექმნილი ვიოლინოების ჯადოსნური ხმა სწორედ გლობალური აციების დამსახურება არის. რთული კლიმატური პირობების გამო, ხეები ძალიან ნელა იზრდებოდა: ალპური ნაძვის გადანაჭერზე, რომლითაც სტრადივარი საკრავებს ქმნიდა, ძალიან ვიწრო წლიური რგოლები მოჩანს და როგორც კვლევამ აჩვენა, ასეთი ხით დამზადებული საკრავი უკეთეს ხმას გამოსცემს. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ ბაძავდნენ მას ინსტრუმენტების სხვა ოსტატები და იგივე ნედლეულს რატომ არ იყენებდნენ? რა თქმა უნდა იყენებდნენ და სტრადივარიზე ანანაკლებ წარმატებულები იყვნენ. თუნდაც იგივე, სტრადივარის მოსწავლის, კარლო ბერგონცის ვიოლინოზე თავად ნიკოლო პაგანინი უკრავდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის უფრო მეტად მასწავლებლის ვიოლინოების შეკეთებაზე მუშაობდა, ვიდრე საკუთარის შექმნაზე, რადგან შეკეთებაზე მოთხოვნა დიდი იყო და ფაქტიურად, დრო აღარ რჩებოდა. ანტონიო სტრადივარის ვიოლინოებს ხშირად ხემიანი საკრავების ასევე ცნობილი ოსტატის ჯუზეპე გვარნერის (1698 - 1744) მიერ შექმნილ ვიოლინოებს ადარებენ. რომლის ერთ-ერთ ვიოლინოზე ნიკოლო პაგანინი უკრავდა და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსის საკრავების პირად კოლექციაში სტრადივარის ვიოლინოც იყო და მას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა, ცნობილი ვირტუოზის საყვარელი საკრავი გვარნერის ვიოლინო იყო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ასოციაციურად, სტრადივარის ვიოლინო ვანილის ნაყინია, ხოლო გვარნერის – შავი შოკოლადი. ხოლო ის, თუ ვის რა უყვარს, – გემოვნების საქმეა. გემოვნებაზე კი, როგორც ცნობილია, – არ დაობენ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 1218 7-ს მოსწონს
|