განათლება იცოდეთ საქართველოს ისტორია! კახეთ–ჰერეთის შემოერთება 2019, 9 მარტი, 5:50
რაკი საქართველოს საეკლესიო ცვლილება სასურველად განხორციელდა და ეპისკოპოსებად ღირსეული და არა ორგული, დიდგვარიან აზნაურთა მიმკერძოებელი, მღვდელ-მთავრები იყვნენ, დავით აღმაშენებელს უფრო გულდამშვიდებით შეეძლო საქართველოს საბოლოვო გაერთიანებას შესდგომოდა. მეფემ კვლავ კახეთს მიაქცია თავისი ყურადღება. ამას გარემოებაც ხელს უწყობდა: კახთა მეფე აღსართან «შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა არიშიანმან... და ბარამ და დედის ძმამან მისმან ქავთარ, ბარამის ძემან და მოსცეს მეფესა» დავითს. დავით აღმაშენებელმა ამით ისარგებლა და ჰერეთ-კახეთი საქართველოს შემოუერთა. ამას, როგორც ჩანს, განძის პატრონის წყრომა აღუძრავს და ომი ატეხილა. ბრძოლა ერწუხში (თუ ერტოხში) მომხდარა და ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებლის მოწინააღმდეგედ ყოფილან «სულტანისა იგი სპანი ურიცხუნი, ათაბაგი განძისა და... კახთა ქუეყანისა ერი მტერთავე - თანა გარემოდგომილი». თუმცა დავით მეფის მოპირდაპირედ შეერთებული მრავალრიცხოვანი მხედრობა იყო, მაგრამ თავგანწირულის ბრძოლითგან იგი მაინც ძლევამოსილი გამოვიდა. ერწუხის წყობაში ხელ-ჩართული ომის დროს ისეთი საშინელი სისხლის ღვრა ყოფილა, რომ თვით მეფის ტანისამოსი მტრის სისხლით იყო მოსვრილი, ხოლო «მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს (მეფეს) და მეოთხესა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი»-ო, ამბობს ისტორიკოსი. გამრაჯვებულმა მეფემ საბოლოვოდ დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და «ნებიერად აიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი» და «მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა» (იქვე). რაკი ეს ამბავი გელათის მონასტრის აგების უწინარეს მომხდარა, ხოლო, როგორც შემდეგ აღნიშნული იქმნება, გელათის აშენება 1106 წელს იყო დაწყებული, ამიტომ ცხადია, რომ ერწუხის ომი და კახეთ-ჰერეთის შემოერთება 1104—1105 წელს უნდა მომხდარიყო. ჰერეთ-კახეთის დაპყრობის შემდგომ დავით აღმაშენებელმა შინაურს საკულტურო მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რომლის შესახებაც განსაკუთრებით ქვემოთ გვექმნება საუბარი, და რამდენსამე წელიწადს, როგორც ეტყობა, სამხედრო მოქმედება შეუჩერებია, საიმისო თვალსაჩინო ლაშქრობა მაინც არა გადაუხდია რა. 105 1-ს მოსწონს
|