x
გიორგი ზანგურის პოეზია: "გავხდები შენი რიგითი წუთი.."

image

=ცა მეტი=

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,

ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია 13.

ფერებს იცვლიან ცისარტყელები

და ცა მეტია ფერებზე მეტი

მზიან ლოლოებს მოვეფერებით..

ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი....

ზამთრის დარიან ამინდს ტირიან...

სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,

ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს

კვირტებსაც ცამეტს გვპირდება..

ცა მეტს..

მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო

იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე

დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ

დღეს მომენატრე...

მთვრალი ვარ.გზებზე ისევ რეტია...

ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა.

შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,

მარტის ცამეტი და მემღერება.

აპრილში ისევ დაიწყო თოვა,

ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლი

ხვალ-ზეგ მაისის 13 მოვა

და იასამნის ლოგინსაც გავშლი.

ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,

ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი,

აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსს

საღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.

სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ - კვირით

თარსს რიგს შევრიგდით რატომღაც ..... ცამეტს

კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით

მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.

ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით

დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს

და ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმი

თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,

ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი.

===

უძრავი ქალაქი

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,

ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო.

იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია,

შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო.

მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია.

მინდა თვალზე ცრემლების -ალუბლების დაკრეფა

და ღრუბლები, გარშემო მერცხლები რომ უვლიან,

შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება.

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია.

რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,

რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,

ეგ თვალები დამჭირდა, ეგ ღიმილი დამჭირდა.

უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია:

შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ.

მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,

იცი, რა ლამაზი ხარ, იცი, რა ლამაზი ხარ?!

ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,

თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით.

ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა - ნათურა,

შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით.

მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,

თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის.

კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,

მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის.

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად.

ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,

იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია

შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,

შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო...

დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნით

შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი.

ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეში

კვამლი იდგა მატარებლის კუპეში.

რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც

შორს წახველი ჩემგანაც და მათგანაც.

ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია

ამ სულსწრაფი ვაგონების არია.

===

ლოთი ქალაქში

ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,

ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;

კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია

და ჩემი ოცნება, ღრუბლებო, მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,

ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,

მგზავრები დავტოვე და ახლა ვაგონში

ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,

გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;

არსად პოეტები, აღარსად მხატვრები...

სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ.

ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია.

ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ,

შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,

წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,

მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში,

მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია.

===

არაფერი, ისე უბრალოდ

ბევრს ვეწევი ძალიან,

თითქმის კოლოფნახევარს,

ღამ-ღამობით მახველებს,

უძილობაც დამჩემდა.

სულ ნერვების ბრალია,

რომ ლექსების დახევას

საზეიმოდ ვაპირებ,

ჩემი სახლის ფანჯრებთან.

შევიძულე სტუმრობა,

მეგობრული გარემო,

ეს ტყუილი გრძნობები

ცარიელი ქალების.

დამავიწყდა ხუმრობა

ჩემო, ჩემიანებო!-

და მიხურვა დავიწყე

ყველას ცხვირწინ კარების.

მარტოობა კარგია -

შენ რომ ხარ და კიდევ შენ,

ეგოიზმს რომ გაცდები

და იმაზე მეტი ხარ.

სიყვარული დარგია

ესთეტიკის კიდეში,

შენ ამ მეცნიერების

წაკითხული გვერდი ხარ.

ტყუილებით გავსებენ,

შენ ყველასთან რიდით ხარ.

ყველა ზურგი დამშვენდა

იდეების ხურჯინით.

ხედავ მათთან მსგავსებას,

მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,

ტილოს დაგატარებენ

თმაგაბურძგვნილ ფუნჯივით.

არაფერი, უბრალოდ

ყველაფერი მომბეზრდა.

ჩემთან ურთიერთობას

უკვე ერიდებიან,

ჩემი ლექსიც უკვალოდ

იკარგება ორკესტრთან,

ვგრძნობ, რომ სიყმაწვილეში

მალე მიბერდებიან...

არა!მიყვარს აპრილი,

სკდომა იასამანის,

ჰორიზონტის სიშორე -

საუფლო აგარაკი,

ზღვა თვალტალღადახრილი,

მზის საღამოსაბანი,

ცისთვის შემონახული

სტრიქონების მარაგი.

მიყვარს ლამაზ ქალწულთა

ჩამოშლილი დალალი,

ძმაკაცობის ყვირილი

ჩახლეჩილი ბგერებით.

და მგონია ამ წუთას

დედამიწაც არ არის

ამ ქართული გრიგალის

სუნთქვის შემაჩერები.

ბევრს ვეწევი ძალიან,

თითქმის კოლოფნახევარს,

ღამ-ღამობით მახველებს,

უძილობაც დამჩემდა.

სულ სიმთვრალის ბრალია,

რომ ლექსების დახევას

საზეიმოდ ვცდილობდი,

ჩემი სახლის ფანჯრებთან.

===

არაფრის დიდებით

ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით

და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,

ხმაური მიყვარდეს?არაფრისდიდებით!

სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,

განწყობა-ფერი რომ არასდროს ეცვლება,

ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა

და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,

სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,

ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,

ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,

სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,

ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა

და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.

მე დამღლის თამაში პატარ სცენაზე,

ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,

სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,

ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,

ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,

მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო

და ახლა სიგარეტს-ქალის თითს მოვწევდი.

===

ყოფნა ყველაფერში

გავხდები: შენი რიგითი წუთი,

ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე,

სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,

მტვრიანი ქუჩა - აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,

შენი ხელ-პირის დაბანა დილას,

სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,

სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,

ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,

პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად

და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები: შენი ერთგული ჩანთა,

სუნამოს ბოთლი, საფულე, მძივი,

კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,

ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები: წვიმა, გაშლილი ქოლგა

და ქვაფენილის სველი ლაქები,

ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა

თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,

შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,

აბაზანაში ღრუბელი ქაფის

და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის,

ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა,

წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,

ჭურჭელის გროვა, დამწვარი ტაფა.

ავხდები: დილის პირველი ყავა

და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,

წარსული, რომელიც გაგიხდა ავად,

წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,

რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,

ან თუნდა შიში, თორმეტი წლის წინ,

როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,

კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,

თუ გინდა, თეთრი, თუ გინდა - ზანგი,

თუ გინდა- ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები: შენი თამბაქოს სუნი,

სავსე საფერფლე, ასანთის ღერი,

ნაფაზის რგოლი და შენისლული

ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,

ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით,

გინდა, გავხდები რაც იყო გუშინ?

ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი...

===

გამოცანა

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან

და უკანონო ეყოლა კვირტი,

ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,

ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,

ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,

ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,

ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი,

მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა,

თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი

და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...

-გაზაფხულია!

===

უშენოდ მგონი მოვკვდები

ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს,

სიყვარულსაც ცრემლიანი დავტოვებ,

აკრძალული ყველა კარი შევაღე,

სადაც დამხვდა მტანჯველი სიმარტოვე.

ჩემი გული გაყინული მგონია,

ჩემი ყველა საქციელი უხეში,

ამ ქალაქში მეფობს ეიფორია,

თავჩარგული ბედისწერის უბეში.

მე არ ვიცი ვინ ჩემია, ვინ არა,

სამუდამოდ რომელ გულში მოვხვდები,

ნეტა ერთხელ ჩუმად გამაცინა და

მერე შენი ოცნებებით მოვკვდები.

უშენოდ მგონი მოვკვდები.

უშენოდ მგონი მოვკვდები.

უშენოდ მგონი მოვკვდები.

===

წანწალით დაღლილი..

წანწალით დაღლილი ძაღლივით

მოვალ და კარებთან დავწვები,

თვალები მექნება დახრილი,

მზერა კი - დიდი და ხანგძლივი.

ბარათით დაღლილი მტრედივით

სარკმელთან სიახლეს მოგიტან,

მერე დაგეხვევი რეტივით

მთვარის უალერსო ლოგინთან.

ოჯახით დაღლილი სახლივით

ხმაამოუღებლად გინატრებ.

წანწალით დაღლილი ძაღლივით

კარებთან მოგიტან სიმართლეს.

ოდესღაც მიყვარდი!

2
150
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
150
  
0 1 2