x
image
ზოგადი განათლება
რჩეული ციტატები სიყვარულისა და ცხოვრების წიგნიდან ''სამოსელი პირველი''(გურამ დოჩანაშვილი)

სიყვარულისა და ცხოვრების წიგნი - გურამ დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველი''



ალბათ, იმდენი განხილვა და თვალსაზრისი მოგისმენიათ ამ გენიალური მწერლის(გურამ დოჩანაშვილი) გენიალური წიგნის(''სამოსელი პირველი'') ...



ასე, რომ აღარ ვთვლი საჭიროდ, კიდევ ერთხელ დავწერო ჩემი შეხედულებების, განცდებისა და იმ ემოციის შესახებ, რაც ამ წიგნის კითხვის პროცესში და წაკითხვის შემდეგ დამეუფლა.



ერთს კი გეტყვით, თუ ეს წიგნი ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ - სასწრაფოდ გადადეთ ყველა საქმე და წაიკითხეთ!



ამით, არა მარტო თქვენ თავს და თქვენ ცხოვრებას უშველით, არამედ ქვეყანასაც!



- როგორ თუ ქვეყანას?!


- ერთით ნაკლები ბოროტმოქმედი მოაკლდება საქართველოს. დიახ, მეგობრებო, ეს წიგნი აკეთილშობილებს და მცირედი დანაშაულისა თუ აუგი საქმის ჩადენის სურვილს ძირშივე კლავს.


...თითქოს მაინც მიგრძელდება სათქმელი...


ჰოდა, თქვენ, ვისაც ეს წიგნი არაერთხელ გადაგიკითხავთ და თქვენ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ გიზიარებთ რჩეულ ციტატებს, რომელიც ზოგიერთს ვინ იცის რამდენჯერ მოგხვედრიათ თვალში, მაგრამ მაინც... ამ სიტყვების მოსმენა და წაკითხვა, თუნდაც ათასჯერ, დროის დაკარგვა ნამდვილად არ არის...


image



⦁ ''არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...''



⦁ ''მთავარია ძიება, დაკვირვება და პირდაპირობა''



⦁ ''იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება''



⦁ ''როგორც იქნა ნამდვილი თოვლიც მოვიდა, ქვაფენილთა სითბოს მომრევი, რბილად ბრჭყვიალებდა ფარნის შუქზე, თოვლი, ისეთი თეთრი. აბზინებული თოვლი. სიბნელეში ლურჯი, ლურჯი და იქაც, ძალიან შორს თითქოს მსუბუქი და სპეტაკნარევი, მაინც სპეტაკი და ირგვლივ ბარდნა... სიჩუმე იდგა პირველი თოვლის და მხოლოდ ერთგან, მკრთალად განათებული ფანჯრიდან გამოსულ შუქზე თითქოს ოდნავ შრიალებდნენ ნათელი, გადიდებლი ფიფქები... თოვდა, უცხო სიმართლე ფარფატებდა ირგვლივ, პირველი თოვლის თეთრი სიმართლე... ეჰ რა კარგი იყო, და მიანც ჰქონდა თოვლს მისი სევდა, ფიფქებით შეკოწიწებული, თეთრი, უთქმელი.''



⦁ ''ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ''



⦁ ''სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს''



⦁ ''ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე''



⦁ ''დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით''



⦁ ''ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი''



⦁ ''ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამიანი რომ გყვარებოდა!''



⦁ ''შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც...''



⦁ ''ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია... ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა''


⦁ ''— თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება, — განმარტავდა გრიშა.
— ბიჭო! ფულზე იქნება მეგობრობა აგებული, აპა, ლამაზი თვალებისათვის კი არ მეგობრობს ხალხი!
ელაპარაკე ახლა ასეთ კაცს!
— მე რომ სამიოდე წლით ადრე დავბადებულიყავი და იმ თქვენი ვაიმეგობრების ნაცნობი ვყოფილიყავი, თქვენ რომ ფულს იშოვიდით, გაგეცლებოდით, ხოლო როცა გაკოტრდებოდით, დაგიახლოვდებოდით და მიგახვედრებდით, რომ ფული არაა ყველაფერი''



-----------------------------------------------

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება

-----------------------------------------------

ლექსი, რომელიც სტალინმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა

-----------------------------------------------

50 განსაკუთრებული გამონათქვამი ადამიანზე, რომლიდანაც ბევრ რამეს ისწავლით უკეთ ცხოვრებისთვის

-----------------------------------------------

ოლღა ილიაზე: '' კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!...''

-----------------------------------------------

ალბერ კამიუს სულისშემძვრელი სიტყვები/ციტატები, რომლებზეც ბევრი ფიქრია საჭირო

-----------------------------------------------

ბავშვთა ფსიქოლოგის მიმართვა და რეკომენდაციები მშობლებს

-----------------------------------------------

''თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!'' - ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს

-----------------------------------------------


0
888
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
888
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0