სხვა „დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავში ვიზიტით იწყება 2019, 22 თებერვალი, 20:13 26 თებერვალს ბიბლუსის „დიდი ლიტერატურული ტურნე“ დაიწყება, რომელიც სტარტს ქალაქ თელავიდან აიღებს. 26 თებერვალს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა) მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“ 27 თებერვალს 19:00 საათზე კი თელავში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდება, რომლებიც თავიანთ წიგნებს _ „ცდუნებას“, „შულამელი გოგონებსა“ და „ტრანსმუტაციას“ წარადგენენ. ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ. კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან. ტურნეს ფარგლებში დაანონსდება კონკურსის ახალი სეზონის დაწყებაც. 2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა. ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება. 26 2-ს მოსწონს
|