x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"შენი ჰაერის სუნთქვა ახალი სიცოცხლის მომცემია. შენი მიწის ყურება კი თვალის შუქის მომცემია..."-ფერეიდნელი ქართველის საიდ მულიანის ჩანაწერი საქართველოზე


image




საიდ მულიანის, ფერეიდნელი ქართველის ჩანახატი საქართველოზე, ყოვლისმთქმელი და გულიშიჩამწვდომი:




ჩემი საქართველო


საქართველო - სამშობლო, საღვთო სასწაული, საუკეთესო სარგებელი, სასიხარულო სანატვრელი, სამარადისო სასუფეველი, სადარდელი, საფიქრალი, სარწმუნოების სასახლე, საგანძური, საუნჯე, სასიხარული საჩუქარი, სასიცოცხლო სუნთქვა, სამოთხისკენ სავალი, სამყაროს შუაგული, ჩემი სული და გული...

საქართველოს გამჩენი მაღალი ღმერთი ერთია,

საქართველოც გამჩენივით სამყაროში ერთია!

საქართველოც უზენაესი ღმერთივით უბადლოა ამ ქვეყნად: მეორე და მსგავსი მისი არ არსებობს! ვინ იცის რა საიდუმლოა ამაში ჩადებული მაგრამ უფალი უბრალოდ და უმიზნოდ არაფერს აკეთებს. საქართველო უბადლოა ნამდვილად; საქართველო დედამიწის ის კუთხეა, სადაც ოდესღაც დამალულ ბევრ ჭეშმარიტებას ნათელი მოეფინება ღვთის ნებით.

საქართველო, საქართველო... რა კარგად ჟღერს ეს სიტყვა, სიტყვა, რომელიც ძალიან ბევრ საიდუმლოებას მოიცავს.

სიტყვა "საქართველო" კარგად მახსოვს მას შემდეგ, როცა სულ პირველად გავიგონე; ექვსი წლის ბავშვს ასეთი გონებაწარმტაცი სიტყვა როგორ უნდა დაავიწყდეს?

ექვსი წლის ვიყავი: ჩვენს სოფელში, რომელსაც ჰქვია ჩუღრუთი, გაზაფხულის პირველი წვიმის მოსვლის შემდგომ ბევრი ხალხი გამოვიდა სახლების ბანზე. მათ შორის ვიყავით ახალგაზრდებიც და ბავშვებიც. ყველანი ცაში ულამაზეს ცისარტყელას, უფრო სწორად, ფერეინულად თუ ვიტყვით, ციცისკიბე ანუ ცისფერცისკიბე ვუყურებდით. უფრო ადრე რომ მენახოს ცისკიბე, არ მახსოვს; შეიძლება სულ პირველად ვხედავდი ამ საამო სანახაობას. ის ზუსტად იყო ციხემთასთან გადაბმული; ბუნებას ძალიან კარგად დაეხატა თავისი ნახატი. საოცარი იყო და ლამაზიც.

ცხონებული პაპაჩემიც ნელანელა გამოვიდა და გაიხედა ცისარტყელისკენ; ამოიოხრა და თქვა:

- ვინ იცის, ეს ციცისკიბე რატომ ჩნდება?

სხვადასხვა პასუხები იყო. ბოლოს პაპამ თქვა:

- ეს დიდებულება უფალმა ინება იმისათვის, რომ ჩვენმა ქართველებმა ამის საშუალებით თავიანთ მამაპაპურ მიწაწყალზე დაბრუნდენ. ვინც ციცისკიბეთან მისვლას მოახერხებს და იქით გაძვრების, საქართველოში მოხდების... სხვათა შორის, სულ პირველად ციხემთაში გმირულად დახოცილი კაცები იქით საქართველოში წავიდნენ და ამიტომაცაა რომ უმეტეს დროს ციცისკიბე ციხემთასთან ჩნდება!


საიდან იცოდა პაპამ ეს ამბავი და რამდენად სერიოზულად მიაჩნდა ეს გადმოცემა, მე არ ვიცი. პაპა იმავე წელს გარდაიცვალა და მანაც ეს ოცნება საფლავში ჩაიტანა.

პაპის ეს ზღაპარი ჩემს სუფთა, ბავშურ მეხსიერებაში დამრჩა. ეს ამბავი მას შემდგომაც ბევრჯერ გავიგონე. სიმართლე რომ ვთქვა, რამდენიმეჯერაც ვცადე ცისარტყელასთან მისვლა გაძრომის მიზნით მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ...

ახლა რომ კარგად ვაკვირდები, ეს ზღაპარი ძალიან ჭკვინურადაა მოფიქრებული და მასში ორი დიდებული საიდუმლოა კოდირებული:

პირველი: ფერეიდნელმა ქართველებმა საქართველოში დაბრუნების ოცნება დააკავშირეს ცისარტყელასთან: სანამ ცისარტყელა იარსებებს, საქართველოში დაბრუნების იმედიც იცოცხლებს; ცისარტყელა კი მუდამ იქნება!

მეორე: საქართველოში მიმავალი გზა ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან სუფთაა; ეს გზა აღარ არის ჩვეულებრივი სახმელეთო გზა, ეს გზა უკვე ზეცასთან წილნაყარი გზაა; ამიტომაც, ცოცხლებთან შედარებით გარდაცვლილთ უფრო შეუძლიათ დიდ საქართველოში მოხვედრა: ხორციელი სიმძიმისგან თავისუფალთათვის სირთულეს არ წარმოადგენს ცისარტყელის ქვეშ გავლა...

ის დღე და პაპაჩემის ის სიტყვები როცა მახსენდება, ტირილისგან თავის შეკავება რთულია: ჩვენს წინაპრებს თურმე არასოდეს დავიწყებიათ საქართველო; პირიქით, მასთან აკავშირებდნენ ისეთი მითებსა თუ ზღაპრებს, რომელებიც ექვსი წლის ბავშვსაც კი საოცარ შთაბეჭდილებად დაამახსოვრდება.

ვინ იცის, სამშობლოს მონატრებულმა რამდენმა ჩვენმა წინაპარმა იმედიანად სცადა ცისარტყელასთან მიახლოვება, მაგრამ აქართველოს შესახებ ოცნება საფლავშიჩაიტანა.


ოთხი საუკუნეა საქართველოს და ფერეიდანს შორის არ გაწყვეტილა სულიერი და ზეციური კავშირი. ოთხასი წელია ფერეიდნელები განუწყვეტილად ვესწრაფვით ცისარტყელიდან გამოძრომას და შენთან მოსვლას, ჩემო საქართველოვ; არცერთ ფერეიდნელს არ უთქვამს, რომ ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა, ვინაიდან სულ იმედიანად ვცდილობთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ მოვალთ შენთან. ამ მუდმივ იმედს ცისარტყელა აფერადოვნებს და აახალგაზრდავებს:

ცისარტყელა - ციური და წარუშლელი, რეალური და საოცნებო, და, რაც მთავარია, დედასამშობლოსთან დამაკავშირებელი ფერადოვანი გზა, რომელიც ფერეიდნელებისთვის მუდამ ჩნდება წლის საუკეთესო სეზონში - გაზაფხულზე - ულამაზესი წვიმის მოსვლისას.

საქართველოვ ჩემო, ცისარტყელა არ გვავიწყებს შენს თავს, შენს მიწას, შენს წვიმას, შენს წყალს, შენს მთა-ბარს, შენს სუნს...


საქართველოვ ჩემო, შენი აქაური სახელი - გურჯისანი - ყოველთვის სიბრძნის და სილამაზის, სიმამაცის და სიხარულის მაჩვენებელი იყო ჩვენს ირანულ სასკოლო წიგნებში. შენი სახელიც კი სიამაყისა და დიდების მომცემი იყო ჩემთვის. ირანულ წყაროებისა თუ გადმოცემების მიხედვით, შენი ხალხი - გურჯები - ითვლებიან ჯარის ფრიად საჭირო და საუკეთესო ძალად; ირანელთათვის გურჯები იყვნენ და არიან სიმამაცისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლონი.

შენ, გურჯისტანო ჩემო, ადრეც ისეთი თვალწარმტაცი იყავი, რომ ირანელი მეფები ტრაბახობდნენ და ამაყობდნენ, როცა თავინთ ბრძოლის რვეულში შენი სახელიც იწერებოდა. შენი სილამაზე და თვალწარმტაცობა, შენი ბუნების და ხალხის მატერიალური და სულიერი სიმდიდრე არასოდეს რჩებოდა არც ერთი სარდლის მხედველობის მიღმა. შენ მეგობარსაც და მტერსაც ყოველთვის ახსოვდი. შენ არავინ არ გივიწყებდა. შენ ჭეშმარიტად აგირჩია ღმერთმა და შენ დაიმსახურე ქება-დიდება მთელი სამყაროსი შენი არსებობის გამო. საოცარია, მტერიც კი დიდებულად გიხსენებს. შენში ცუდს არავინ ხედავს, რა ქმნის შენს უდიდეს მიზუდულობის ძალას?

შენს სახელს - სიტყვა გურჯისტანს - წიგნებში ვეფერებოდი, ვკოცნიდი და მოწიწებით ვეხებოდი. შენი სახელი ჩვენს თვალს შუქს უმატებდა. ისეთ ძალას მაძლევდი, რომელის ახსნაც რთულია, მაგრამ უცბად სევდა მემართებოდა. სად საქართველო, სად - ირანი. სად - ჩემი სოფელი ჩუღრუთი ფერეიდანისა და სად ჩუღურეთი თბილისისა? ჩუღრუთიდანჩუღურეთამდე სულ დავფრინავდი ფიქრებსა და ოცნენებში.

შემთხვევითი არ არის, რომ სპარსულ ენაში სიტყვა გურჯიკი დამკვიდრდა ლამაზი ბავშვის აღსანიშნავად.

ოცნენებსა და ბავშურ სურვილებში ზღაპრულად გაიარა დრომ. ჩემი წინაპრების - ფერეიდანში გადასახლებული ქართველების - თხუთმეტი თაობა ისე წავიდა წუთისოფლიდან, ნატვრა ვერ აისრულა; ჩემმა წინაპრებმა საფლავში ჩაიტანეს შენი ნახვის სურვილი.

ღვთის წყალობით, 16-ე თაობას სხვა ბედი ეწერა. უფალმა, ინება ასრულდეს წინაპართა ნანატრი. ხელმიუწვდომელი და შეუძლებელი ხელმისაწვდომი და შესაძლებელი გახდა ჩვენი წინაპრების მოთმინებისა სამშობლოსადმი ერთგულების გამო, ჭეშმარიტების გამო...

მაღალო და უზენაისო ღმერთო, როგორ უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ ასეთი დიდი ბედნიერება და სიკეთე გვარგუნე. რა ბედნიერი თაობა აღმოვჩნდით ჩვენ, 16-ე თაობა! მგადლობთ, უფალო, რომ წილად გვარგუნე დიდებული რამ - სამშობლოს ხილვა! უფლის შემდგომ მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს წინაპარებს და მათ წინაშე ქედი უნდა მოვიხარო გაძლებისთვის; მათ ხანგრძლივ უცხოობაში ჩემამდე მოიტანეს ქართველობა!

სამშომლოვ, ჩემო, მე ვნახე შენი თავისუფლება, შენი ხალხი, შენი ზეცა და მიწა, შენი მინდორ-ველი, შენი მთაბარი, შენი სამების ზარი, შენი მთების ქარი, შენი ძლიერი ჯარი, შენი ფული ლარი, შენი სახლი და კარი, შენი საღვთო და მარადიული საზღვარი, შენი ულამაზესი ჯვარი, შენი გიორგი და თამარი, შენი მღვრივე მტკვარი... ღმერთო ნუთუ ეს ყველაფერი ზღაპარია?!

ერთი მხრივ, ძალიან მინდოდა შენი ნახვა, ისტორიული სამშობლო, სამოთხის ნაწილი თუ ნაჭერი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვღელავდი:

ჩემი საქართველო რომ არ იყოს ისეთი, როგორიც მე მქონდა აგებული ჩემს გონებაში და არ გამიმართლოს მოლოდინი?

ეს შიში წარმავალი იყო: შენ ისეთ შთაგონებას მაძლევდი, რომ ვგრძნობდი, მოლოდინსაც გადაჭარბებდი.

დადგა საქართველოში წასვლის ჟამიც. წასვლის წინა ღამე ერთი წამიც არ დამეძინა და, სხვათაშორის, შენზე ლექსიც დავწერე; ლექსიც ასე გამოიყურებოდა:




ოთხას წელია გაყრილი ვართ

მაგრამ გულით შაყრილი ვართ

ჩემო ძმაო ერთები ვართ

მართლობაში ღმერთები ვართ

წინაპრების ყველაფერი

მანთ რჯული და კანის ფერი

მათ ტანჯვები და ბრძოლები

საქართველოს შავ თოლები

ეს რამები ერთი ქონია

ეს რამები ერთი ქონია

ახლა საქართველო თქვენი

ეს მარტყოფიც არის ჩვენი

როგორ გითხრა ჩემო ძმაო

არ ამოდის ჩემი ხმაო

ჩემი გული საქართველო

ჩემი სული საქართველო

თბილისი და ქუთაისი

რუსთავი და დმანისი

თამარი და ნინო წმინდა

ქეთევანი ისიც წმინდა

ყველას იცნობ შენ კი კარგად

ყველას ვიცნობ მეც კი კარგად


შოთას ლექსი მუდამ მინდა

ქართულ ენა მხოლოდ მინდა

მაშ მეკი თუ ესები მაქვს

იმ ქვეყანის ფესვები მაქვს

საქართველო არის ჩვენი

საქართველო არის თქვენი

თუმცა საცხოვარი არის აქა

ჩემ ნატვრები არის იქა

იმ ქვეყნის აშენება

დამშვიდება აყვავება

გენაცვალე საქარათველო

გენაცვალო საქაერთველო

დამიხსოვრე მე ქართველო

დაგიხსოვრებ შენ ქართველო

გავამრავლოთ ძმობილობა

ურთიერთად ყოფილობა

ჩემო ძმაო გენაცვალე

აბა დაიწყე ესე მალე

თბილისო ჩემო სანატვრელო

ნეტავ თბილისს დავდიოდე

ღამეც შინ არ შავდიოდე

მეტეხზე და მთაწმინდაზე

დავმღეროდე დავდიოდე

გორგასალის ძეგლის გვერდით

ვამაყობდე მის საქმებით

მან აშენა ეს ქალაქი

მან დაარსა ეს ქალაქი

თბილისო ჩემი გული ხარ

თბილისო ჩემი სული ხარ

თუ მალამო თუ დარდი ხარ

საყვარელი და კარგი ხარ

ქვეყანაზე ყველაზე კარგი ხარ

თაიგული და ლამაზი ვარდი ხარ

ნიავქარს ყოველ დილას მივაბარფ

უსალმოდ თბილისს გვერდით ნუ გავარეფ.


შენთან ჩამოსვლა ძალიან დაემსგავსა ცისარტყელას ამბავს:

მიწით კი არა, ზეციდან მომიწია შენთან მოსვლა. თვითმფრინავიდან ძალიან ფრთხილად გადმოგხედე შენ. ღრუბლების ქვეშ ჩანდა შენი ფერადოვანი ულამაზესი ნახატები. თვითმფრინავი როცა დაეშვა და მე კიბიდან ქვევით მოვდიოდი, უცბად თავიწარმოვიდგინე ციცისკიბეს ბოლო საფეხურებზე. შენს მიწას ვაკოცე, თავი ვერ შევიკავე და ვიტირე კიდეც. იქით ვიღაცამ თქვა, ნეტა რამდენი ხანია არ უნახავს სამშობლოო.

თავი რომ ავწიე სასწაული ვნახე: სადღაც შორს ცისარტყელა გამოჩნდა. თავს არ ვუჯერებდი: რა მემართება-თქო, მაგრამ ეს სინამდვილე იყო. ცისარტყელა უკან მომეტოვებინა: ციცისკიბის უკან, შორს, ფერეიდანის ციხემთა იყო, წინ - თბილისის ნარიყალა...

დიდიხანია მინდოდა, ეს ამბავი ყველასთვის განმეცხადებინა.


ჩემო საქართველო, ჩემო სანატვრელო, დიდი მადლობა, რომ მიგულე შენს გვერდით. გმადლობ, რომ ნება დამრთე, შენს წმინდა მიწაზე ფეხი დავდგა. თუმცა შენ ისეთი გულუხვი და დიდებული ხარ, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი. შენი ჰაერის სუნთქვა ახალი სიცოცხლის მომცემია. შენი მიწის ყურება კი თვალის შუქის მომცემია. შენი ყველაფრით განსხვავდები სხვებისგან.

მართალია, მაშინ პირველად გნახე, მაგრამ არაფერი უცხოდ არ მომეჩენა. თითქოს, დიდი ხანია ამ ყველაფერს ვიცნობდი და მრავალჯერ მქონდა ნანახი: ხალხი, ქუჩები, სახლები, ისეთი ნაცნობი იყო, თითქოს არასოდეს აქედან შორს არ ვყოფილვარ; თითქოს არა ოთხი საუკუნით, არამედ ერთ წამითაც არსად წავსულვარ.

შენი მღვრივე მტკვარი არ ჩქარობს წასვლას. თითქოს აღლუმს ატარებს ვახტანგ გორგასლის ძეგლის წინაშე. ნეტავი შენი მტკვრის ერთი წვეთი ვიყო და შევძლო, გამოვიარო გზა ისტორიული ტაოკლარჯეთიდან კასპიის ზღვამდე, შევძლო, ასე გავიარო შენი ულამაზესი ადგილები... ერთი წვეთი წყალიც კი მივხდებოდი, შენს მთელს სიდიადეს; განვიმტკიცებდი, საიდან სადამდეა საქართველო.

დიახ, შენი დღევანდელი ამ პატარა საზღვრებით არ შემოიფარგლები. შენ სამოთხის ნაჭერი ხარ და შენი საზღვრებიც ამქვეყნიური არ არის. შენი ნამდვილი საზღვრები უფალმა განსაზღვრა; არ შეგეშინდეს, მტრებს არ შეუძლიათ მისი დარღვევა.

ვიღაც მოხუცმა თქვა:

- თავიდან მტკვარი ამღრეული არ იყო; ქართველთა ჟლეტა-ხოცვის შემდეგ ასეთი გახდა.

ვაჰ, მტკვარო, შენ რა გიქნა მტერმა. შენში სამშობლოს გმირთა რამდენი სისხლი ჩაიღვარა. რამდენი დედ-მამის და შვილების ცრემლია შენში. მტკვარო, მიიღე ჩემი ცრემლიც, რათა როგორმე გავიზიარო მათი მწუხარება.

როგორ მინდა ვიყო მცხეთაში არაგვის და მტკვარის შეერთების ადგილი, რათა ულამაზესთაიგულიანმა პატარძალმა ჯვრიდან გადმომხედოს და თქვას:

- ვაჰ, რა ლამაზია საქართველო!

მე, მტკვარისა და არაგვის შესართავი, სიძე-დედოფალს ახალი ცხოვრების დასაწყისში მივანიჭებ უდიდეს სიამოვნებას.

ნეტა, ერთი პატარა ქვა ვყოფილიყავი ჯვარისა, რათა საუკუნების მანძილზე მეყურებინა ულამაზესი მცხეთისთვის.

როგორ მინდოდა, ვყოფილიყავი ალაზანი, რათა სიღნაღიდან გადმომზირალ ლამაზ გოგონას ჩემი მისამართით ეთქვა:

- საქართველოო, ლამაზო სხვა საქართველო სად არი...

როგორ მინდოდა ვყოფილიყავი ლომისი, რათა ლომისობასას ერთმა ფერეიდნელმა ბიჭმა ბნელი და საშიში ღამით ჩემს სანახავად გამოიაროს ტალახიანი და ტყიანი გრძელი ბილიკები.

შენი ყაზბეგი და მყინვარწვერიც მინდა ვყოფილიყავი, რათა ფერეიდანიდან ჩამოსულმა იოცნებოს იქიდან გადმოხედვა და თქმა:

- საქართველო, ჩემო სამშობლოვ, შენ იყავი, ხარ და იქნები მაღალი და დიდებული, თეთრი და სუფთა, როგორიცაა მყინვარწვერი.

შენი ნარიყალა რას დუმს. რატომ არაფერს ამბობს ჩვენი გმირთა შესახებ. შენი ნარიყალა შენი სიმტკიცის ნიშანია. ამდენი თავდასხმის და იერეშის და ნგრევის შემდეგაც შენსავით მედგრად და ამაყად დგას.

შენი ჯარის აღლუმზე რა ვთქვა. წარსული საუკუნები თვალწინ მომივდა. შენ ყოველთვის გიცავდნენ ასეთი გმირები. მინდოდა ისინი დამეკოცნა. ვტიროდი სიხარულით. ქართული ჯარის მწყობრი ნაბიჯების ხმის ფონზე ჩემს გვერდით მოხუცი ქალის სიხარულიან-ცრემლიანი ხმა გავიგონე: ყოჩაღ, მიშა, ყოჩაღ მიშა... თვითმრინავების ცაში გამოჩვენისას კი ჩემს გარშემო თითქმის ყველა ტიროდა.

რა ვთქვა შენს კახეთზე, შირაქის ველზე... ანდა: აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლერჩხუმი, მესხეთი, გურია, თელავი, ვარძია, დუშეთი, ბაგრატის ტაძარი, თამარის ხიდი, სამება, ალავერდი, ბოდბე, დარიალი, კავკასიონი, სიონი, არმაზი, უფლისციხე, ვანი, გრემი, უშგული, გელათი და ათასობით სხვა ულამაზესი შენი ადგილი.

ყველაფერი კარგია, მაგრამ გული მაინც მწყდება, რაღაცა მახრჩობს, დიდი ტკივილი მადევს გულზე: ბარბაროსობა არ დამთავრებულა; როგორც საუკუნების მანძილზე, ახლაც გაწვალებენ და არ გვასვენებენ.

ჩვენმა მცირერიცხოვანმა, მაგრამ დიდებულმა ერმა, პატარა, მაგრამ უზარმაზარმა ქვეყანამ ამდენ თავდასხმებს გაუძლო, ახლაც გავუძლებთ და გადავრჩებით, ღვთის წყალობით. უფლის ნებით ისევ გადარჩება და გამთლიანდება საქართველო; დაბრუნდება დროებით დაკარგული ტერიტორიები.

ჩემო სამშობლოვ, ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო რომ შორიდან ცრემლმორეული თვალით დავინახე შენი აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ჩემო სამშობლოვ, ძალიან მიყვარხარ. შენ არამხოლოდ 16 თაობას არ დაავიწყდი, არამედ უკუნის უკუნამდე იქნები ჩვენი შთამომავლების მეხსირებაში და არ დაგივიწყებენ. ამის დამადასტურებელია ცხინვალის ომის დროს ჩემი ვაჟიშვილის - ტარიელის - წერილი როცა შვიდის წლისა იყო; მან დაწერა და მე იმის კითხვა ტირილის გარეშე არ შემიძლია. ეს წერილიც უნდა მოვიყვანო აქ:


ბავშვური ოცნებე

მე ტარიელი ვარ. მამიკო ამბობს ეს დიდი სახელიაო. მამიკომ მითხარა ქართველმა უნდა იცოდეს ქართულად წერა-კითხვა. ძნელია არ იყო; ვისწავლე. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ის დახატულია. მე ვიყავ საქართველოში; მე ვნახე იქაური მინდორები და ხალხიც. მე ვნახე ჯარისკაცები, ტანკებიც. მეც ჯარისკაცის ფორმა მეცვა და საქართველოს დროშა მეკავა. ბევრმა მაკოცა. მე ჯარისკაცს ხელი ჩამოვართი და სურათი გადავიღე. მამიკო ამბობს, შენც უნდა ერთ დღეს საქართველოს ჯარისკაცი იყოო. მე მიხარიან რომ ქართველი ვარ. მე მინდა მუდამ საქართველოში ვიყო. მე მძულს რუსეთი. ომი რომ იყო მამიკომ იტირა; მე და დედიკოც ავტირდით. მე ვიცი, მამიკო რატომ ტიროდა. იმას გული დეწო რომ ქართველებს კლევდეს. მე არ დამავიწყდების ის დრო. მე მიყვარს საქართველო.

ტარიელ მულიანი. 7 წლის. მარტყოფი. ფერეიდანი.


ჩემო სამშობლო, ჩემო საქართველო, შენ სამოთხე ხარ! როგორ უნდა აგიხსნა ამქვეყნიური სიტყვებით ჩემი სიყვარული? შენ ყოველთვის ჩემს გულში ხარ. შენთვის ვსუნთქავ. შენთვის ვცოცხლობ:

ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

შენი ვარ შენთვის მოვკდები,

შენზედვე მგლოვიარეო!





საიდ მულიანი:

image


3
112
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
112
  
2019, 19 თებერვალი, 15:21
აი, ასეთი ემიგრანტების დახმარებით უნდა ავაღორძინოთ ქვეყანა!
2019, 19 თებერვალი, 1:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3