x
რატომ უნდა დაუთმოთ მეტი დრო ჰობის, ვიდრე სამუშაოს
image

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ძალიან დატვირთულად გრძნობენ თავს. ბევრი მათგანი, დროის უქონლობის გამო, სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს ჰობის – საქმეს, რომლის კეთებისასაც სიამოვნებისა და განტვირთვის მიღება შეიძლება. მსგავსი აქტივობებისთვის დროის გამონახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როცა თანამშრომელს არ აქვს დრო ჰობისთვის, ამით კომპანია ზარალდება. რატომ? ჰობიზე დახარჯული დრო საგრძნობლად აუმჯობესებს თანამშრომლის მუშაობის ხარისხს.

ცოტა გასაკვირიც კია, რომ ამერიკაში, მოსახლეობის უმეტესობა თავისუფალ, დასვენებისთვის განკუთვნილ დროს ტელევიზორის ყურებას ახმარს. მსგავსი მდგომარეობაა გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც. გასაკვირია მაშინ, როცა საყვარელი ჰობისთვის დროის დათმობით, არამხოლოდ განტვირთვა შეგიძლიათ, არამედ, დიდი შანსია მნიშვნელოვანი სამუშაო უნარები გაიუმჯობესოთ. მაგალითად:



კრეატიულობა. დღევანდელ გადატვირთულ და ყოველდღიურად ცვალებად ბიზნეს გარემოში ფეხის მოსაკიდებლად ორგანიზაციებს სჭირდებათ ინოვაციური იდეები, რომლებიც გარკვეულ ხმაურს გამოიწვევენ. უნდა იპოვოთ ახალი გზები პოტენციური მყიდველების ყურადღების მისაპყრობად. თუმცა, სრულიად ორიგინალური იდეის მოფიქრება შესაძლოა ძალიან გაგირთულდეთ, როცა თქვენი გონება სავსეა დედლაინებზე, ბიზნესის მიზნებსა თუ აუდიტორიის შერჩევაზე ფიქრით. ჰობისთვის დახარჯული დრო გამოდევნის თქვენგან ფორმალურ დეტალებს, დაძაბულობას, განგტვირთავთ. ვინც არ უნდა იყოთ მოწოდებით – მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი თუ მზარეული, თქვენ ხშირად იწყებთ ცარიელი ფურცლიდან. უბრალოდ ფიქრობთ: რას შევქმნი ისეთს, რომ გამოვხატო ჩემი ამჟამიდნელი ემოცია?



სურპრიზი არ არის, რომ საკუთარი თავისთვის ამ მენტალური სივრცის მიცემითა და გრძნობებზე ფოკუსირებით თქვენი კრეატიულობის გამოღვიძება შეგიძლიათ. ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ რაციონალური ფიქრი და ემოციები ტვინის სხვადასხვა მხრიდან წარმოიშვება. იმისათვის, რომ კრეატიულობა გამოათავისუფლოთ, რაღაც ახლისა და ორიგინალურის შექმნის პროცესში, ემოციასა და რაციონალურობაზე პასუხისმგებელი ტვინის ორივე უბანი ჩართული უნდა გქონდეთ.


ხედვა. ერთ-ერთი რთული დავალება, კრეატიული პროცესის მიმდინარეობისას, არის იმის წარმოდგენა, როგორ გაიაზრებს და გამოცდის სხვა თქვენს იდეას. კრეატიული ჰობით დაკავებისას, ადამიანები ამ გზას გადიან. კერამიკოსი წარმოიდგენს, თუ როგორ აღიქვამენ მის მიერ შექმნილ ჭურჭელს სხვები, მწერალი ცდილობს განჭვრიტოს, რითი აღფრთოვანდება, ან გაოცდება მკითხველი. როცა ვიღებთ შესვენებას სამსახურიდან და დროს ვუთმობთ ჩვენს ჰობის, ახალ ხედვას ვიძენთ. მაგალითად, თუ მუსიკას ვქმნით, ან ვწერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ამ დროს ვფიქრობთ როგორი რეაქცია ექნება აღმქმელს. მათი თვალებით, ყურებითა და გონებით ვცდილობთ ჩვენი ნამუშევრის აღქმას. შემდეგ კი, როცა ვაგრძელებთ სამსახურის სამუშაოს, ეს მენტალური განწყობა თან მოგვყვება.



image



თავდაჯერებულობა. როცა სამსახურში გამოწვევის წინაშე დგებით, შესაძლოა, გეგონოთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და შესაბამისი, სწორი გადაწყვეტილების მოფიქრება არ შეგიძლიათ. ძალიან ადვილია კრეატიული თავდაჯერებულობის დაკარგვა. თუმცა, საყვარელი ჰობით ერთი საათის განმავლობაში მაინც დაკავების შემდეგ, შესაძლოა თავი უკეთ იგრძნოთ. ამ განსაცდელში არაერთი ადამიანის გონება ვარდება, თუმცა, განტვირთვის – სასიამოვნო საქმის გაკეთების შემდეგ, გონება სხვაგვარად იწყებს ფიქრს და თავდაჯერებულობაც იმატებს.


ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კრეატიული აქტივობა პოზიტიურად უკავშირდება უნარების აღდგენას (მაგ: თვითკონტროლი, რელაქსაცია, პროფესიული უნარები) და მუშაობის პროცესთან დაკავშირებულ დეტალებს (მაგ: სამსახურებრივი კრეატიულობა, დამატებითი როლური ქცევები). მკვლევარებმა თქვეს, რომ სამსახურისგან განცალკევებული კრეატიული აქტივობა, რომელიც თქვენს ნებასა და ჰობის უკავშირდება, შესაძლოა იყოს თავისუფალი დროის ხარჯვის საუკეთესო გზა, იმისათვის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ აუცილებელი რესურსები მოწოდების სიმაღლეზე ყოფნისთვის და საუკეთესოდ მუშაობისთვის. მეტიც, ერთ ერთი კვლევა ამბობს, რომ დღეში 45 წუთი კრეატიული საქმიანობით, ხელოვნებით დაკავება ზრდის ადამიანის თავდაჯერებულობასა და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავების უნარს.


სხვადასხვა კომპანია უკვე ითვალისწინებს ამ ეფექტს. მაგალითად, Zappos-მა ოფისის კედლებზე გამოფინა თავისი თანამშრომლების ნამუშევრები და მისცა მათ საშუალება, საკუთარ დაფებზე, სამუშაო პროცესში ეხატათ ის, რაც უნდოდათ. თუმცა, ვისაც ხატვის ნიჭი არ აქვს, შეუძლია ის აკეთოს, რაშიც საკუთარი შემოქმედებითი რესურსის ჩადება სიამოვნებს. ასე რომ, თუ იპოვით დროს საკუთარი თავისთვის, საკუთარი ჰობისთვის, იქნება ეს ხატვა, ცეკვა, სიმღერა თუ სხვა რამ, საგრძნობლად გაზრდით თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. ეს კი არამხოლოდ თქვენ, არამედ, იმ კომპანიის ინტერესშიცაა, რომელშიც მუშაობთ.


0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0