"კარგი ხმა კი მაქვს, მაგრამ სმენა - არა. სმენას ჩემთან ახლოსაც არ ჩაუვლია" - "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი წამყვანი და უპრეცედენტო სიახლე პროექტში
"ამ კონკურსში ჩემი მოვალეობაა მონაწილეების გვერდში დგომა, მათ ოთახში ყოფნა და იქიდან ჩართვა. დიახ, მხარი უნდა დავუჭირო, გავამხნევო და მაყურებელს წარვუდგინო. უკვე გავიცანი ათეული, მართლაც არაჩვეულებრივი ათეული შეიკრიბა, უკლებლივ ყველა ძალიან ნიჭიერია - პოზიტიური, ენერგიული", - გვეუბნება "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წამყვანი ტელეჟურნალისტი, გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი
ნინუცა ორჯონიკიძე. როგორც ნინუცა ამბობს, ასეთი მასშტაბური პროექტი მისთვის პირველია და კონკურსანტებივით ისიც განიცდის. მონაწილეები უზომოდ მოსწონს და მზად არის მათი ოთახიდან მხარი დაუჭიროს: "უკვე თვალცრემლიანი ვარ, როცა წარმოვიდგენ, რომ ამ შემადგენლობას რომელიმე უნდა გამოაკლდეს. ამ პროექტში ალბათ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მათთან მაქვს შეხება. ესენი ისინი არიან, ვისზეც ეს გადაცემა რეალურად დგას".
- ე.ი. პროექტი ძალიან მოგწონს...
- "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ცალსახად ერთი შეხედულება არ არსებობს, რადგანაც აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ პროექტში აქამდე არ ყოფილა იმის შანსი, "ევროვიზიის" კონკურსანტი ხალხს აერჩია. ახლა პირველად ხდება, როცა ხალხის ხმა ამ საქმეში გადამწყვეტია და ეს ამ პროექტში ყველაზე მეტად მომწონს. თან, კიდევ უფრო გამარტივდა ხმის მიცემა, - "ფეისბუქის" საშუალებითაცაა უკვე შესაძლებელი. მართლა ძალიან ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასე რომ, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
- "ფეისბუქით" ხმის მიცემა მართლა სიახლეა...
- კი, ეს ხმის მიცემის ინოვაციური მეთოდია, დარწმუნებული ვარ, ნიჭიერი ხალხი ვართ და მაშინვე ავუღებთ ამ ყველაფერს ალღოს, ახალგაზრდობა აიტაცებს. მთავარია, მაყურებელმა თავის ფავორიტებს მისცეს ხმა და ბოლომდე ჩართულები იყვნენ. ვიმეორებ, ისეთი ათეულია, "ევროვიზიაზე" წასვლას ყველა იმსახურებს, ტყუილად კი არ შეარქვეს არაჩვეულებრივი ათეული.
- მოკლედ, კონკურსანტების ოთახში იქნები, მხარს დაუჭერ და მონაწილეებთან ერთად ინერვიულებ და როგორ ფიქრობ, ზოგადად რას შესძენ ამ პროექტს?
- დავიწყებ ჩემი გადაცემით - შემთხვევით არ მოვხვდი "პირველ არხზე" "ნაშუადღევში", "ნაშუადღევის" იდეა, კონცეფცია ხომ ის არის, რომ ამ ცხოვრებაში კარგი ამბებიც ხდება. ამიტომ, სულ ვცდილობთ, ვიყოთ პოზიტიურები, არადა, სამყარო სამწუხაროდ და უმეტესად ნეგატივზეა ორიენტირებული... ისეთი ერთგული მაყურებელი გამოგვიჩნდა, სიამოვნებთ ჩვენი გადაცემა, გვეკონტაქტებიან, მადლიერები არიან, რაც გვსიამოვნებს და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გვინდა, ყოველთვის იმედისმომცემები ვიყოთ. ამიტომ, "საქართველოს ვარსკვლავში" ამ ფორმატიდან არ გამოვალ და შევეცდები, ვიყო ისევე იმედისმომცემი, დადებითი და პოზიტიური, როგორც იმ გადაცემას შეეფერება, რომელშიც ვმუშაობ. ამ მუსიკალურ პროექტში მხოლოდ კარგ მხიარულ განწყობას შემოვიტან.
- თუ მღერი?
- ამაზე მთელი ამბავია, არ ვმღერი, მაგრამ ხანდახან სითავხედე მყოფნის და მაინც წავიმღერებ ხოლმე, მაგრამ იმ სიმღერით შეიძლება დაგაყრუოთ. კარგი ხმა კი მაქვს, მაგრამ სმენა - არა. სმენას ჩემთან ახლოსაც არ "ჩაუვლია", არადა, მომღერლებს რომ ვუსმენ, ვგიჟდები. ჩემი მთავარი პროდიუსერი - ეკა გამცემლიძე იმით არის ცნობილი, რომ ფანტასტიკური ხმა აქვს, უნიკალური სმენა და რომ მღერის, შეიძლება აგატიროს, მაგრამ ჩემი ამღერება არ გამოუვიდა. მოკლედ, არ ვიმღერებ, მაგრამ ჩემი კარგი განწყობით ვინც კარგად მღერის, მათ მხარს დავუჭერ.
- ამ ათეულში ფავორიტი გყავს?
- ნამდვილად ყველა მომწონს, ვერავის გამოვყოფ. საუკეთესოები არიან. ჩვენთან იყვნენ გადაცემაში მოსულები და ვუთხარი, რომ უკვე გამარჯვებულები ხართ-მეთქი, ამხელა კონკურსში გაიმარჯვეს, ხუმრობა არ არის. მაგრამ ხომ ვამბობ, ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული - ვინ მოეწონებათ ყველაზე მეტად. კონკურსანტებს ისეთი ჟანრის ნამუშევრების შესრულებაც მოუწევთ, რაც მათი სტილი არ არის. შოუ უნდა შექმნან. საინტერესოები უნდა იყვნენ. ბევრი როლი უნდა მოირგონ. მუსიკა კი მიყვარს, მაგრამ მათ მუსიკალურად ვერ შევაფასებ. ათეულის წევრებს ნებისმიერი სიმღერის კარგად შესრულება მოუწევთ. კონკურსის მოთხოვნები ასეთი მკაცრია. ვინ "გაქაჩავს", წინასწარ ვერ მიხვდები, რადგანაც მნიშვნელოვანია, სტრესის ქვეშ რამდენად გაუმკლავდებიან კონკურსის მოთხოვნებს. ეს არის მთავარი. პირველი კონცერტიც მნიშვნელოვანია, უკვე რომ იციან, რისთვის იბრძვიან, ჩვენი მსმენელიც გამოცდილია, საკმაოდ მუსიკალური, ვერ მოატყუებ. გარდა იმისა, რომ ბევრი კარგად მღერის, გემოვნებაც კარგი აქვთ.
- რას უსურვებ კონკურსანტებს?
- ფანტაზიებში არ ვარ გადავარდნილი და ვიცი, რომ გამარჯვებული ერთი იქნება და იმ ერთს ვუსურვებ, რომ სრული მობილიზაცია ჰქონდეს, ქართული სულისკვეთება, რაც გვაქვს და საქართველოს ახასიათებს, ის აჩვენოს "ევროვიზიას". ამ ყველაფერს სიმღერით არაჩვეულებრივად გადმოვცემთ. ვინც ვერ გაიმარჯვებს, რა მოხდა მერე, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს. ხან გვიმართლებს, ხან - არა. მთავარი ის არის, რომ ეს არაჩვეულებრივი ათეული ქართულ სცენაზე დარწმუნებული ვარ, ადგილს დაიმკვიდრებს და არ დაიკარგება. და კიდევ ერთი - ჩემთვის დიდი პატივია ამ პროექტში მონაწილეობა, არაჩვეულებრივი ფროდაქშენის ჯგუფი გვყავს. გამოცდილი წამყვანები, მე მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. სახალხო, ინოვაციური პროექტია. ასე რომ, მეც დიდი ინტერესით ველი შოუს დაწყებას და ვღელავ.