x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მეგობარმა რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ ფულის ეკონომიაც სურდა, შესაბამისად დახმარება მთხოვა"

imageმეგობარმა რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ ფულის ეკონომიაც სურდა, შესაბამისად დახმარება მთხოვა. სამსახურის შემდეგ გამომიარა თავისი ძველი მერსედესით. წინა სავარძელზე დავჯექი და ჩემს უკან 17-18 წლის ბიჭი შევნიშნე.

- ქეთის ბიძაშვილია, მშობლებთან დავტოვებ აგარაკზე და მერე წავიდეთ ჩემთან. - მითხრა სერგიმ.

ქეთი მისი გოგოა, ნახევარი წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ უკვე ხელის თხოვნაც მოასწრო.

წავედით. საღამოს რვა საათი იყო. ჩამობნელდა და წვიმა წამოვიდა.

ქალაქს გავცდით, გზიდან გადავუხვიეთ და წინ აგარაკები გამოჩნდა.

- გზა მასწავლე. - უთხრა სერგიმ ჩემს უკან მჯდომ ბიჭს.

- მეც არ მახსოვს. ყოველთვის დილით მოვდიოდი. სულ ორჯერ ან სამჯერ ვარ აქ ნამყოფი. ჯერ პირდაპირ იარე. - დაბნეულად უპასუხა ბიჭმა.

სერგის ცოტა გაუკვირდა და გადმომხედა, მაგრამ არაფერი თქვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ პირველ სახლებს გავცდით. გზაზე განათებები არ ეყენა, მხოლოდ მანქანის ფარები არღვევდა უკუნ სიბნელეს. სერგიმ ბოლო წამს შენიშნა ორი კაცის სილუეტი და საჭე მარცხნივ გადაკრა. სილუეტები ჩვენსკენ გამოიქცნენ, თითქოს შეგნებულად უნდოდათ დავჯახებოდით. სერგიმ სიჩქარეს მოუმატა და ორი სილუეტი უკან მოვიტოვეთ.

- ლოთები! კი იყვნენ ღირსები რომ გამეტანა. - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მან. - ჰა, ახლა საით წავიდე?

- წინ იარე, თუ მეცნობა რამე, გეტყვი. - უპასუხა მას ბიჭმა.

რამდენიმე შესახვევს გავცდით. არც ერთ სახლში არ ენთო შუქი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, პარასკევია, ვინმე მაინც უნდა იყოს აგარაკზე. ერთადერთი ცოცხალი არსებები ამ აგარაკზე ალბათ ჩვენ სამნი ვიყავით, ორ ლოთს და მაწანწალა კატებს თუ არ ჩავთვლით.

სერგიმ მანქანა გააჩერა და ქეთის დაურეკა.

- მისმინე, მგონი შენს ბიძაშვილს გზა დაავიწყა. შენ მაინც ამიხსენი, როგორ მივაგნოთ სახლს.

სერგიმ ტელეფონი გათიშა და ახსნილი მისამართი გაიმეორა.

- მესამე შესახვევი მარჯვნივ, ქუჩის ბოლოს შესახვევი მარცხნივ და მესამე სახლი მწვანე ჭიშკრით.

ჩუმად გავუყევით გზას. ხუთი წუთის შემდეგ ჩიხში ვიდექით, მაგრამ მწვანე ჭიშკარს ვერ მივაგენით. ვერც ვერავის მივაწვდინეთ ხმა. ყველა სახლი ცარიელი იყო.

- რა ჯანდაბაა? ნიკა! ახლა მაინც გაიხსენე, როგორ მივაგნოთ სახლს. - სერგის ნერვებმა უმტყუნეს.

- არაფერი მახსოვს. - უპასუხა მან აკანკალებული ხმით.

ბიჭს აშკარად დაეტყო, რომ ძალიან ნერვიულობდა, უფრო მეტიც, შეშინებული.

- კარგი, დაიკიდე. როგორღაც მივაგნებთ. - უპასუხა მას სერგიმ დამშვიდებული ხმით.

სერგიმ მანქანა უკუსვლით დაძრა, ჩიხიდან უნდა გამოვსულიყავით და ხელახლა დაგვეწყო მოძრაობა, იქნებ სათვალავი აგვერია და სხვაგან შევუხვიეთ.

- სერგი, ხო ატყობ, რომ აქ არ გაგვივლია? - ვკითხე მე რამდენიმე წუთის შემდეგ - არადა მხოლოდ ერთი გზა შემოდიოდა ამ ქუჩაზე. სხვა გზით ვერც გამოვიდოდით.

- ვატყობ და შენც ნუ მიბურღავ ტვინს ძმურად. საერთოდ წავიდეთ აქედან, ქეთისთან მივიყვან და იქ დავტოვებ. - ანერვიულებულად მიპასუხა სერგიმ.

მისი მდგომარეობა კარგად მესმოდა. წვიმამ გზა ტალახის მასად აქცია. ყოველ შესახვევში მანქანა აქეთ-იქით მიცურავდა. სერგი მთელი მონდომებით ცდილობდა საჭის დამორჩილებას, მაგრამ წვიმა არ წყდებოდა და მართვაც სულ უფრო უჭირდა.

მორიგ შესახვევში დავრწმუნდით, რომ საბოლოოდ დავიკარგეთ.

- უკან გავბრუნდეთ. - მითხრა სერგიმ, როცა ჩვენს წინ ძალიან დიდი ზომის გუბე შენიშნა.

მანდანა ძლივს დაატრიალა ვიწრო ქუჩაზე. დაძაბული ვისხედით და ხმას არ ვიღებდით. სერგი ჩუმად იგინებოდა.დ რამდენიმე მეტრში მანქანის უკანა მხარე მარჯვნივ დაცურდა. სერგიმ გაზს ჩააჭირა.

- გაჩერდი! გაჩერდი! - დავიყვირე მე. - უფრო ღრმად გავიჭედებით.

კარი გავაღე და ტალახის სქელი მასა შევნიშნე მანქანის ირგვლივ. დასვრა არ მინდოდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. მანქანა უნდა მივწოლოდით, თორემ ვერ გავაღწევდით გათენებამდე ამ დასახლებიდან.

- საჭეს მიუჯექი, მე და ნიკა მივაწვებით. - ვუთხარი სერგის და მანქანიდან გადმოვედი.

ნიკა არ გადმოვიდა. უკანა კარი გავაღე, ბიჭს თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული და კანკალებდა.

- ნიკა, ხო არ დაყრუვდი? გადმოდი, უნდა მივაწვეთ!

- არ გადმოვალ! - მიპასუხა მან აკანკალებული ხმით ისე, რომ თავი არც აუწევია.

- დროზე გადმოდი! შენს გამო გავიჭედეთ აქ! ორღობეში ვერ მიაგნო საკუთარ აგარაკს!

- ვერ გადმოვალ! სიბნელის მეშინია! - დაიყვირა მან და კარი ჩემს ცხვირწინ მომიჯახუნა.

რომ ვთქვა, ოდნავ გამაკვირვა თქო მისმა ქცევამ, მოგატყუებთ. პირდაღებული ვუყურებდი ამ თითქოს ზრდასრულ ადამიანს, რომელიც სიბნელის შიშით კანკალებდა.

- სერგი, ფეხებზე მკიდია. შენი მომავალი ნათესავია და შენვე მიხედე!

სერგიც გადმოვიდა მანქანიდან, ორივე თავიდან ფეხებამდე დავსველდით.

- დაიკიდე, მგონი ცოტა შერეკილია. მარტომ სცადე მიწოლა, შეიძლება გამოგვივიდეს.

ათი წუთ ვაწვებოდი მანქანას, ის ამოსვლის ნაცვლად, კიდევ უფრო ღრმად ეფლობოდა ტალახში. ნერვებმა მიმტყუნა, ისევ გამოვაღე უკანა კარი.

- ტრაკი აწიე და დამეხმარე, თორემ მანქანიდან ძალით გადმოგათრევ.

ბიჭი ხმას არ მცემდა, თავი ჰქონდა მუხლებში ჩარგული და ჩურჩულით იმეორებდა: „კარი დაკეტე!“

სერგი ხელახლა გადმოვიდა მანქანიდან.

- კარგი, შეეშვი, რამეს მოვიფიქრებთ. - დამამშვიდა მან.

- რა ხდება საერთოდ? ამიხსენი მაინც რა სჭირს, საიდან მოიყვანე, ან ვინ გთხოვა მისი აგარაკამდე მიცილება! - ახლა მას მივუბრუნდი გაღიზიანებული ტონით.

- ქეთის მამას დაბადების დღე ჰქონდა. მთელი ნათესაობა შეკრიბა - ამიხსნა სერგი. - სოფლებიდანაც ჩამოუვიდა სტუმრები. ზოგი ბინაში დატოვეს, ზოგიც აგარაკზე უნდა დარჩენილიყო. ნიკა ვერ ჩაატიეს მანქანაში, ჰოდა ქეთიმ მე მთხოვა მისი წაყვანა. ქეთის სახლთან ავიყვანე. თავს მიქნევდა და მიმტკიცებდა, რომ გზა იცის. დღეს პირველად ვნახე და არ ვიცი თავში რა უქრის, მაგრამ ხომ გესმის, რომ ქეთის ნათესავებთან დაახლოება მინდოდა და უარს ვერ ვეტყოდი. იგივე მიზეზის გამო, ახლა დიდი სურვილი კი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვცემ ამ ლაწირაკს.

ახსნის შემდეგ ცოტა დავმშვიდდი.

- კარგი... დომკრატი თუ გიგდია მანქანაში, ერთი ორი აგური ვიპოვოთ, ვიცი როგორც უნდა ამოვათრიოთ ტალახიდან.

- ამ სიბნელეში როგორ უნდა მივაგნოთ აგურებს?

- შენ ქალაქის მიმართულებით წადი, აი ღრუბლები ნათლად სადაც ჩანს იქით, მე საპირისპირო მხარეს წავალ, რომელიმე კედელთან მაინც ხომ ეგდება.

უახლოეს კედელს მივუახლოვდი და უკნიდან ბიჭის ყვირილი მომესმა.

- რა ხდება? - ვკითხე სერგის.

- ძრავი გავთიშე, საწვავი დამიმთავრდება ცოტა ხანში ასე თუ დავტოვებ, ჰოდა ფარები რომ ჩაქრა, ამან ყვირილი ატეხა, სიბნელის მეშინიაო და შიგნით აანთო სინათლეები.

- მაგას შიგ ხო არ აქვს? - ვერ მოვითმინე მე - ასე რომ დატოვო ანთებული დაქოქვის გარეშე, აკუმულატორიც მოკვდება. დაურეკე ქეთის და ჰკითხე რა სჭირს ამ ცინგლიანს, იქამდე მე ნიკას დაველაპარაკები და დავამშვიდებ.
ბიჭი თავდახრილი იჯდა, კანკალებდა და რაღაცას ბურყუნებდა.

- ნიკა, რა გჭირს, შემომხედე. მისმინე, შუქი უნდა ჩავაქრო, თორემ აკუმულატორი დაჯდება და აქ ჩავჩებით დილამდე.

- არა! არა! არ ჩააქრო, გთხოვ!

მან თავი წამოსწია, თვალებში შემხედა და ჩურჩულით განაგრძო: „არ ჩააქრო, არ ჩააქრო, არ ჩააქრო!“

სერგის გავხედე.

- უკვე მართლა მეშინია, მაგრამ სიბნელის გამო არა. ამას არ დაემართოს რამე, რაღაც ზედმეტად ძლიერი ფობია აწუხებს.

- დაივიწყე ეგ, აგურები მოვძებნოთ.

საპირისპირო მხარეს წავედით, ორი თუ სამი ნაკვეთი გავიარე, ერთ ღობეზე გადავძვერი და ეზოში ფიცრებს მივაგენი. წესით უნდა გამოგვდგომოდა. მალევე დავბრუნი უკან. სერგი მანქანასთან დამხვდა, იქვე ოთხიოდე აგური ეგდო.

- სად იყავი? - მკითხა მან.

- ფიცრებს ვეძებდი, ორი ცალი წამოვიღე.

- ორმოცი წუთი მოანდომე ამის ძებნას? გეძახდი, მაგრამ ეტყობა ვერ გაიგე.

- რა ორმოცი წუთი? ათი წუთის წინ გავედი, აქვე ვიყავი. რომ დაგეძახა გავიგებდი.

- ორმოცი წუთი არ იყავი, როცა საძებნად გავედით 21:00 იყო, აჰა ჩემს ტელეფონს დახედე, 21:40-ია.

ჩემი ტელეფონი ამოვიღე და ვანახე, რომ ჩემსაზე 21:10 იყო.

- გადააგდე შენი ჩინური ნაგავი, დროის შეგრძნება დაგეკარგა და ტელეფონმაც დაგაბნია. - ვუთხარი მე.

ცოტა ხანს ჩუმად ვიდექით, შემდეგ სერგიმ მითხრა, რომ კიდევ მოიტანდა რამდენიმე აგურს წინა ბორბლებისთვის და წავიდა.

მანქანის უკანა კარი გამოვაღე და ნიკას ვკითხე:

- როგორ ხარ? ცოტა ხანში გამოვძვრებით, არ ინერვიულო.

ნიკამ შეშლილი თვალებით შემომხედა:

- ისინი ნახე? - მკითხა ჩურჩულით?

- ვინ?

- ჩრდილები.

- რა ჩრდილები, აქ ჩვენს მეტი არავინაა. დამშვიდდი.

- ისინი აქვე არიან, ალბათ ვერ ხედავ. ჩრდილივით შავები და სიბნელეში იმალებიან.

- ნუ იგონებ. სერგი აგურებს მოიტანს და აქედან მალევე წავალთ.

ოცი წუთის შემდეგ სერგიც დაბრუნდა აგურებით ხელში.

- შენ არ მიტრაკებდი ახლახანს? ოცი წუთი ამ აგურებს ეძებდი? - ვკითხე სიცილით.

- რა ოცი წუთი? ორი წუთით გავედი, აქვე ეზოში.

რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ თავს ვიმშვიდებდით.

აგურები მეორე ბორბლის ქვეშ დავაწვეთ, დამკრატით და ფიცრებით კონსტრუქცია ავაწყვეთ, სერგი საჭეს მიუჯდა, მე კი უკნიდან მივაწექი მანქანას. დაქოქის ნაცვლად მანქანამ უცნაური ხმა გამოსცა და ფარებიც ჩაქრა. აკუმულატორი მოკვდა... სერგიმ კიდევ ერთხელ სცადა დაქოქვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

- ამ იდიოტის გამო დიდი ხნით ჩავრჩით აქ. - ვერ მოითმინა მან და ბოლოს შეიგინა.

- იდიოტი შენ ხარ, შუქი რომ დაუტოვე მაგის გამო.

- ერთ საათში როგორ უნდა დამჯდარიყო აკუმულატორი?

უკნიდან ნიკას აკანკალებული ხმა მოგვესმა.

- არაფერი გესმით! სამი საათი გელოდით! ისინი მოდიოდნენ და ჩემი წაყვანა სურდათ, მაგრამ სინათლის ეშინიათ!

- ხმა ჩაიგდე! რა სამი საათი?! ალბათ ჩაგეძინა და კოშმარები დაგესიზმრა. - დაიყვირა სერგიმ.

ჩუმად ვიჯექით. სერგის ჩვენს მეგობართან, გიოსთან დარეკვა შევთავაზე, ჯიპი ჰყავს და მარტივად ამოგვათრევს. გადავურეკეთ, ავუხსენით სად ვიყავით და გვითხრა, რომ მალე მოვიდოდა.

სანამ ვსაუბრობდით, უკანა კარი გაიღო, ნიკა გიჟივით გადახტა მანქანიდან, ტალახში ჩაეფლო და გაიქცა. მთელი ხმით ყვიროდა: „მიშველეთ!“

ჩვენ გაოცებული ვუყურებდით, მაგრამ მალევე მოვეგეთ გონს და გავეკიდეთ. დიდხანს არ გვიდევნია, ის მალევე წაიქცა. ხელი მოვკიდეთ და მანქანაში ჩავტენეთ. ნიკა რაღაცას ბურტყუნებდა, მაგრამ გაურკვევლად. ალბათ საბოლოოდ დაკარგა ადეკვატურად აზროვნების უნარი.

- შენც შენიშნე? - მკითხა მოულოდნელად სერგიმ.

- რა?

- მანქანისკენ რომ მოვათრევდით, ჩვენს ირგვლივ რაღაც ჩრდილები მოძრაობდნენ.

გიოს ხელახლა გადავურეკეთ.

- ალო, სად ხარ? როგორ? სერგი ვარ, ვინ უნდა ვიყო?! - მცირე პაუზის შემდეგ დაამატა - როგორ თუ წამოგვიყვანე? ისევ აქ ვართ გაჭედილი.

სერგიმ ტელეფონი გათიშა.

- მითხრა, რომ 20 წუთის წინ ამოგვათრია ტალახიდან და ახლა მისაბმელით მივყავართ სახლისკენ. - დაბნეულად თქვა სერგიმ.

- ქეთის გადაურეკე, ვინმე ნაცნობი ეყოლებათ ამ დასახლებაში, იქნებ მაგათმა მოგვაგნონ. გიოს კი ტრაკის აწევა დაეზარა და გვეღადავება.

- ალო, ქეთი! შენი კრეტინი ბიძაშვილი ვერა და ვერ მივიყვანეთ სახლამდე, ვინმეს გადაურეკე, იქნებ მოგვაგნონ, ტალახში გავიჭედეთ. რას ქვია მოვიდა?... არ ვხუმრობ... კარგი კარგი!

სერგიმ ტელეფონი გათიშა და უკანა სავარძლისკენ გაიხედა. მეც გავიხედე. სავარძელი ცარიელი იყო.

- ქეთიმ მითხრა, რომ ნიკას უკვე სძინავს, ორი საათის წინ მოვიდაო სახლში...

- რა ხდება?

- მე საიდან უნდა ვიცოდე?! მკიდია ეს მანქანა, ფეხით გავაღწიოთ აქედან. ქალაქის სინათლის მიმართულებით წავიდეთ, ღობეებზე გადავიდეთ, რომ მიმართულება აღარ დავკარგოთ და პირდაპირ ვიაროთ.

რამდენიმე ნაკვეთი გადავკვეთეთ და შედარებით მშრალ გზაზე აღმოვჩნდით.

- შეხედე, ქუჩის ბოლოში სინათლე ჩანს. - მითხრა სერგიმ და პირდაპირ მიმახედა.

სინათლე ვუახლოვდებოდით და მასში ავტომობილის ფარები ამოვიცანით.

- ალბათ გიომ მოგვაკითხა! - წამოიძახა სერგიმ. - ალბათ გზა აერია და აღიარება არ უნდოდა, თან იფიქრა გავიღადავებო.

მანქანას მივუახლოვდით და იმედები გაგვიცრუვდა. ეს მართლაც გიოს მანქანა იყო, მაგრამ ჩვენსავით ტალახში იყო ჩაფლული, შიგნით კი არავინ იჯდა.

- აქ არავინაა. - ჩაილაპარაკა სერგიმ.

- რა თქმა უნდა არავინაა, მათ ისიც წაიყვანეს, თქვენც წაგიყვანენ - მოგვესმა უკნიდან ნიკას ხმა.

შევტრიალდით და ჩრდილი დავლანდეთ, რომელიც მაშინვე გაქრა.

- აკუმულატორი ამოვიღოთ და ჩვენს მანქანაში ჩავდოთ. ამას აქედან ვერ ამოვიყვანთ.

- მანქანას ხელი არ ახლოთ. - მოგვესმა უკნიდან ხმა. შევტრიალდით და ამჯერად მეორე მხრიდან მოგვესმა - მანქანას ხელი არ ახლოთ.

ხმები ყველა მხრიდან მოდიოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. სწრაფად ამოვიღეთ აკუმულატორი და მისი სიმძიმის მიუხედავად, ხუთასი მეტრი ისე გავირბინეთ ჩვენი ჩარჩენილი მერსედესის მიმართულებით, რომ ვერც შევამჩნიეთ.

წინიდან ისევ მოგვანათა ფარებმა, ამჯერად ავტომობილი გვიახლოვდებოდა, ჩვენ კი ადგილზე ვიდექით.

- მანქანისკენ გავიქცეთ! გავაჩეროთ, იქნებ ამათმა მაინც გვიშველონ!

ჩვენსკენ მომავალ ავტომობილს ლამის ბორბლებში ჩავუვარდით, მაგრამ მძღოლმა საჭე სწრაფად გადაწია მარჯვნივ, აგვაცილა და გაზს ჩააჭირა.

- ნახე რა მანქანა იყო? - მკითხა სერგიმ.

- კი, შენი მერსედესი. საჭესთან შენ იჯექი, მე კი შენს გვერდით...

ჩვენ აქედან ვეღარ გავაღწევთ, ისინი ჩვენც წაგვიყვანენ, ან უკვე წაგვიყვანეს.
image

1
101
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
101
  
2019, 15 იანვარი, 15:47
კოშმარული სიზმარი ხომ არ გინახავს ნიკა? ეს რა იყო? გაკვირვების სმაილი...
0 1 1