განათლება საშობაო ისტორია, რომლის თანამოზიარე მილიონობით ადამიანი გახდა 2019, 8 იანვარი, 10:55 ![]() ეს ისტორია 1840 წელს დაიწყო, შობის წინ ცნობილმა გამომგონებელმა, მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ სერ ჰენრი კოულმა, იმის გამო, რომ მეგობრებისთვის მისალოცი ბარათების დაწერას ვერ ასწრებდა, ნაცნობ მხატვარს ჯონ ჰორსლის პატარა ზომის ბარათზე თავისი ოჯახის წევრების დახატვა სთხოვა. ბარათის ზომა 12×7 სმ. იყო და მას ლამაზად შესრულებული წარწერა ამშვენებდა: «მხიარულ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!». 2 ათეულამდე ღია ბარათი ლითოგრაფიული ხერხით დაბეჭდეს. ![]() საშობაო სიურპრიზმა გაამართლა – ღია ბარათმა წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. ის არა მარტო ოჯახის წევრებს, კოულის ნაცნობ-მეგობრებსაც მოეწონათ და რადგან, იმ პერიოდისთვის, კოულის თანაავტორობით უკვე გამოსული იყო პირველი ოფიციალური საფოსტო მარკა «შავი პენი» და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ბარათების ასლები დაბეჭდა და ფასიც დაადო – თითო ბარათი 1 შილინგი ღირდა. თავდაპირველად, ბარათები შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. თავდაპირველად, ღია ბარათებზე ახალშობილ იესოს ან ანგელოზებს გამოსახავდნენ, რომლებსაც ხელში ვარსკვლავები ეჭირათ. დიზაინში იყენებდნენ ძველი ინგლისური ტრადიციების მოტივებსაც: გულწითელას, ლენტით გადახვეული სუროს ან ბაძგის ტოტებს. მოგვიანებით, ბარათებზე სანტა-კლაუსი, ყვავილებიანი კომპოზიციები, ნაძვის ხის ტოტები და საახალწლო სათამაშოები გამოჩნდა. გადიოდა დრო, ღია ბარათები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ბარათებით შობა-ასალი წლის მილოცვის პრაქტიკა ბრიტანეთიდან ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. სადღესასწაულო დღეებში, ფოსტალიონები ღია ბარათებიანი წერილების ადრესატებამდე მიტანას ვერ აუდიოდნენ.
ავსტრიაში, ახალი წლის წინ, ერთმანეთს ღია ბარათებს უგზავნიან, რომლებზეც ჩვეულებრივ, ოჯახური სიმყუდროვის და ბედნიერების ნაციონალური სიმბოლოები იყო ასახული: ბუხრის მწმენდავები, ოთხფოთლიანი სამყურა და ღორი. საბჭოთა პერიოდში, ჩვენთანაც იყო ერთმანეთისთვის ღია ბარათების ჩუქების ტრადიცია. ეს ბარათები განსაკუთრებული პოპულარობით, სკოლის მოსწავლეებს შორის სარგებლობდა და შესაძლებელია, დღესაც ბევრს ჰქონდეს სამახსოვროდ შენახული. ჩვენს დროში, ქაღალდზე წერილს აღარავინ წერს. ის ელ. ფოსტამ და მობილურმა ტელეფონებმა ჩაანაცვლა. მაგრამ, იყო დრო, ღია ბარათების შესაძენად, ყოველი დღესასწაულის წინ, რიგები იდგა ფოსტებში და წიგნის მაღაზიის საკანცელარიო განყოფილებებთან...
![]() ![]() ![]() პუანსეტია – შობა-ახალი წლის მთავარი ყვავილი ბედის ნიშნები 97 7-ს მოსწონს
|