ცოტა გავმხიარულდეთ...ძილის წინ არ გვაწყენდა....
ლენინი ჭიკაანში ანუ ამბავი კახელი მონტეკი-კაპულეტისა
(უკან წარსულში)
ეს ამბავი შუაგულ კახეთში, არცთუ შორეულ წარსულში მოხდა. ხომ გახსოვთ, ადრე, კომუნისტების დროს ყველაფერს ლენინის სახელს რომ უკავშირებდნენ?
ჰოდა, ალბათ, ასე დაერქვა ერთ დიდ და ლამაზ სოფელსაც ოქტომბერი - "დიადი რევოლუციის" პატივსაცემად. ამ სოფლის მეზობლად კი ჭიკაანი იყო და, რა თქმა უნდა, დღესაც არის. რატომღაც, ოქტომბრელები და ჭიკაანელები ერთმანეთს სულ ჯიბრში ედგნენ: თუკი ვინმე ოქტომბერში 300-კაციან საქორწინო სუფრას გაშლიდა, ჭიკაანში 500-კაციანი ქორწილი უნდა გადაეხადათ; თუ ჭიკაანში ვინმე მოკვდებოდა, ქელეხის "საარაკო" ამბავი ახლომდებარე სოფელში სწრაფადვე ვრცელდებოდა და ცოტა ხანში, მიცვალებულს ოქტომბერშიც "გრანდიოზულად" კრძალავდნენ... ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და ამ ორი სოფლის ქიშპობას ბოლო არ უჩანდა. ოქტომბერში დიდი კლუბი ჰქონდათ, სადაც ყოველ შაბათს ხალხი მხატვრული ფილმის სანახავად იკრიბებოდა. კლუბის გამგე მიტო გახლდათ. ჯერ სოფელ ოქტომბერში უშვებდნენ ფილმს, მერე კი ჭიკაანელებს მიჰქონდათ თავისთან. მიტოს ეს ფაქტი უზომოდ სიამოვნებდა, სიამაყეს ჰგვრიდა. მას ძალიან ლამაზი გოგო ჰყავდა, მაყვალა, რომელსაც მართლაც, მაყვალივით შავი თვალები ჰქონდა და ერთხელაც, ეს "ორი მაყვალი" ფილმის სანახავად ჭიკაანიდან გადმოსულ თედოს რომ შეანათა, მას შემდეგ სამუდამოდ მოიკალათა ბიჭის გულში. მიტომ იცოდა, რომ მის გოგოს ბევრი ეტრფოდა და გამუდმებით აფრთხილებდა: "გო, ჭიკაანელს არ გაჰყვე, თორემა, სახლში ფეხს აღარ დაგადგმეინებ!" არადა, იქით ჭიკაანელები იგიჟებდნენ თავს: ოქტომბრიდან არც ქალი და არც კაცი არ დაგვანახვოთ ოჯახში შემოყვანილიო! რომ გეკითხათ, - ერთმანეთს რას ერჩითო, ვერ გიპასუხებდნენ, თითქოს დასაბამიდან მოდიოდა მათი უმიზეზო მტრობა.
შეყვარებულ თედოს სულ არ აინტერესებდა მონტეკისა და კაპულეტის კახური ვერსია, უყვარდა გოგო და მისი ხელიდან გამშვები არ იყო; დღე არ გავიდოდა ისე, რომ ძმაკაცებთან ერთად ჭიკაანიდან ოქტომბერში არ ჩაესეირნა. მალე, გოგოც გამოუტყდა სიყვარულში და აბა, ამის მერე ვინღა დააკავებდა?! შეყვარებული წყვილი მაინც ფრთხილობდა, არ უნდოდათ, მიტოს ვადაზე ადრე გაეგო "გულის გასახეთქი" ამბავი.
ახალი ვიდეოკასეტების შესაძენად მიხო თბილისში დადიოდა ხოლმე. ერთხელაც, თვალში მოხვდა ფილმის დასახელება - "ლენინი ოქტომბერში" და ბევრი აღარც უფიქრია, ორ ინდურ ფილმთან ერთად ესეც ხელს გააყოლა. ხუმრობა ხომ არ იყო, დიდი ბელადი გახლდათ ნახსენები, თანაც - მის სოფელში; იმას კი ვერ მიხვდა, რომ ოქტომბერი თვის დასახელება იყო და არა მისი სოფლის.
დადგა ნანატრი შაბათი და მიტომ კლუბის წინ აფიშა გამოაკრა - "ლენინი ოქტომბერში". იმ დღეს იმდენი ხალხი მოგროვდა, დარბაზში ტევა არ იყო, ყველაზე "ცრემლსაღვრელ" ინდურ ფილმსაც კი არ დასწრებია ამდენი ხალხი... თედომ სწორედ იმ დღეებში გადაწყვიტა მაყვალას მოტაცება.
- უი, რას ამბობ, მამა გაგიჟდება... თუ მაინცდამაინც, როცა ფილმს ჭიკაანში წამაიღებენ, მერე წამიყვანე, მაგ დროს მიტო თბილისში იქნება, ახალი ფილმისთვინა, - უთხრა მაყვალამ დანაზებული ხმით.
გადაწყდა - როცა ფილმი ჭიკაანში გადაინაცვლებდა, თედოს მერე უნდა მოეტაცა ქალი...
როგორც იქნა, ფილმი ჭიკაანში ჩაიტანეს. იქაურებმა იფიქრეს, რითი ვართ ოქტომბრელებზე ნაკლებიო და საკმაოდ დიდ ქაღალდზე გააკეთეს წარწერა - "ლენინი ჭიკაანში".
- ესეც ასე, თვალი დაუდგეთ ოქტომბრელებს; თავისთან რომ ისტუმრეს ლენინი, რა ეგონათ, ჭიკაანში კი ვერ ამაისეირნებდაო? - ხითხითებდნენ და უკან არ იხევდნენ. სწორედ იმ ღამეს გაიპარნენ თედო და მაყვალა. მეორე დღეს, შინ დაბრუნებულ მიტოს თავწაკრულმა მარომ მიატირა, - ჭიკაანელებმა ლენინი წაიყვანეს თავისთან და ჩვენს გოგოს უხათრებდნენო?!.
მას შემდეგ წლები გავიდა... თედოს და მაყვალას უკვე სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ. მათი შეუღლების შემდეგ კახელი მონტეკი-კაპულეტების გაუთავებელი შუღლი თითქოს, შემცირდა. თმაშევერცხლილი წყვილი დღემდე ღიმილით იხსენებს თავის გაბედნიერების ამბავს: ჩვენა იმ დღეს შევუღლდით, როცა "ლენინი ჭიკაანში" იყოო.