საზოგადოებრივი როგორ გადაეჩვივნენ ინდოელები სატის – ქვრივის ცოცხლად დაწვის რიტუალს 2018, 3 დეკემბერი, 10:22 ინდოეთში 1000 წელზე მეტხანს არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ცოლი სამგლოვიარო კოცონზე, მასთან ერთად უნდა დამწვარიყო და თუ ის, ბოლო მომენტში, რიტუალზე უარს იტყოდა, დამსწრე საზოგადოებას, უფრო სწორად, რიტუალის ზედამხედველ მამაკაცებს, სპეციალური ბამბუკის ჯოხებით, ქალი ცეცხლში უნდა შეეგდოთ. არსებული წყაროების მიხედვით, სატი X საუკუნეში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული აზიის კონტინენტის სამხ-დას. ნაწილში, ინდუიზმის მიმდევრების კომპაქტური დასახლების რეგიონებში. მაგრამ, სატი იმდენად ძველი რიტუალია, რომ დღეს უკვე ძნელია იმის გარკვევა, თუ რა მიზნით იყო შემოღებული. უძველესი წყარო, რომელშიც ეს რიტუალია ნახსენები, IV საუკუნით დათარიღებული, ძვ. ინდური პოემა «მაჰაბჰარატია». მასში მოთხრობილია ქალის შესახებ, რომელმაც ნებაყოფლობით შესწირა თავი გარდაცვლილ მეუღლეს. არსებობს სხვა დოკუმენტები, ერთეული შემთხვევების შესახებ და როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მასობრივი ხასიათი რიტუალმა უკვე V-VI საუკუნეებში მიიღო. ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ქმრის დაკარგვის შემდეგ, ქალზე ზრუნვა და მასზე პასუხისმგებლობის აღება არავის უნდოდა. გარდა ამისა, «უპატრონოდ დარჩენილი» ქალი გამუდმებით დამცირების მსხვერპლი იყო, მას ბინძურად თვლიდნენ და ახლოს არავინ იკარებდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, ეს რიტუალი მამაკაცების დასაცავად იყო შემოღებული: ძველად ინდოეთში ქორწინების უმრავლესობა გარიგებით ხდებოდა, ქალების უმრავლესობას, მომავალი მეუღლე ნანახიც კი არ ჰყავდა და გათხოვების შემდეგ, ქალს ქმარი რომ არ მოეწამლა, სწორედ ამიტომ შემოიღეს სატი. რიტუალი 1829 წ. ბრიტანელმა კოლონიზატორებმა აკრძალეს, მაგრამ ინდოელებს ტრადიციების დათმობა არ უნდოდათ. ერთხელ, ბრიტანელ მთავარსარდალთან, სერ ჩარლზ ჯეიმს ნეპერთან ინდუსი მოძღვარი მივიდა იმაზე საჩივლელად, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ წმინდა რიტუალის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ. მათი თქმით, სატი ქვეყანაში ათას წელზე მეტხანს ტარდებოდა და უკვე ეროვნულ ტრადიციად ითვლებოდა. «თქვენ ამბობთ, რომ ქვრივების დაწვა თქვენი ტრადიციაა?! მშვენიერია. ჩვენცა გვაქვს ჩვენი ტრადიცია: როდესაც მამაკაცები ქალს ცოცხლად წვავენ, ჩვენ თოკს ვიღებთ და მარყუჟებს ვაკეთებთ. თქვენ თქვენი სამგლოვიარო კოცონი დაანთეთ — ხოლო ჩვენი დურგლები, მის გვერდით, სახრჩობელებს აღმართავენ თქვენთვის. თქვენ თქვენს ტრადიციებს მიჰყევით — ჩვენ კი ჩვენსას დავიცავთ» – უპასუხა ნეპერმა. P. S. სატის მსხვერპლთა რეალური რაოდენობა ცნობილი არ არის. არსებობს მხოლოდ 1813 - 1838 წწ. ბრიტანელების მიერ აღრიცხული შემთხვევების სია (სავარაუდოდ არასრული), რომლის მიხედვით, 15 წლის მანძილზე, აღნიშნულ რიტუალს, 8135 ქალის სიცოცხლე შეეწირა. ამ რიცხვიდან საშუალო არითმეტიკულს თუ გამოვიყვანთ და 1000-ზე გადავამრავლებთ... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * საოცარი ფაქტები ინდოეთის შესახებ * «განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს
1868 8-ს მოსწონს
|