x
image
_K_
რატომ უნდა შეწყვიტოს მშობელმა შვილის საშინაო დავალების გაკეთება

image

სკოლის წლები მარტო ბავშვებისთვის კი არა, ხშირად მათი მშობლებისთვისაც რთულია, რადგან სამსახურისა და სახლის საქმეების გარდა, მშობლების უმეტესობა შვილის საშინაო დავალების მომზადებაზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს, რაც ნამდვილად დამღლელია.

როგორ შეუძლიათ მშობლებს, სწავლის საკითხი მთლიანად შვილს მიანდონ და აღარ ჩაერიონ გაკვეთილების მომზადების პროცესში? სტატიაში ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც შემოგთავაზებთ.








1. ნუ დაწერთ სკოლის საშინაო დავალებას თქვენი შვილის მაგივრად.

image

მშობლებმა შვილების საშინაო დავალებაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღონ. ბავშვისთვის გაცილებით მარტივია, სწავლის ჩვევა 7 წლის ასაკში გამოიმუშავოს, ვიდრე 12 წლის ასაკში. თუ დავალება რთულია, მშობელი, რა თქმა უნდა, უნდა დაეხმაროს შვილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად იმეცადინოს. აჩვენეთ შვილს, როგორ უნდა ჩაალაგოს ზურგჩანთა და როგორ დაიწყოს მეცადინეობა, მაგრამ ამაზე მეტი - არა.



თუ შვილს საშინაო დავალებას შეუმოწმებთ და შეცდომას აღმოუჩენთ, მიეცით საშუალება, თავად შეასწოროს და ნუ ეტყვით გამზადებულ პასუხს. ცოტა ხნის შემდეგ, უბრალოდ ის შეამოწმეთ ხოლმე, ბავშვმა ყველა დავალება გააკეთა თუ არა. მან შეიძლება შეცდომები ისევ დაუშვას, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდეს. სამაგიეროდ, სკოლაში ის რეალურ ქულებს მიიღებს და არა - ხელოვნურად შექმნილს.








2. ასწავლეთ შვილს, როგორ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად.

image

სკოლაში მიცემულმა პირველმა საშინაო დავალებებმა შესაძლოა ბავშვი დააბნიოს. მან ისიც კი არ იცის, საიდან დაიწყოს მეცადინეობა. აუხსენით შვილს, რატომ არის მნიშვნელოვანი დავალების შესრულება გარკვეული თანმიმდევრობით და უთხარით მეცადინეობის დადებითი მხარეები.


შვილს ყურადღება იმაზე გაამახვილებინეთ, რომ აუცილებელია დავალების ბოლომდე შესრულება. ასწავლეთ ენციკლოპედიის გამოყენება, რაც ინტერნეტზე უკეთესი და ეფექტური გამოსაყენებელია.







3. სწორად შეურჩიეთ შვილს სამუშაო სივრცე.

image

გარემო, რომელშიც ბავშვი მეცადინეობს, დიდ გავლენას ახდენს დავალების პროდუქტიულად შესრულებაზე. მოაწყვეთ სამეცადინო კუთხე ისე, რომ ბავშვს შესაფერისი განათება ჰქონდეს და ყველა საჭირო ნივთზე ადვილად მიუწვდებოდეს ხელი. თანმიმდევრულად დაალაგეთ მისი წიგნები და რვეულები და თავადაც მიაჩვიეთ ამის გაკეთებას. თუ ოჯახში უმცროსი და-ძმაც არის, დარწმუნდით, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან საშინაო დავალების დაწერაში.







4. ასწავლეთ შვილს დროის მენეჯმენტი.

image

ხშირად ბავშვებს დროის აღქმის უნარი არ აქვთ ჩამოყალიბებული და ვერ ხვდებიან, რამდენი დრო გავიდა, რაც მეცადინეობენ. ამ საკითხის მოგვარებაში ჩვეულებრივი საათიც დაგეხმარებათ. პირველ რიგში, შვილთან ერთად გამოთვალეთ, რას რამდენი დრო დასჭირდება, მაგალითად მულტფილმის ყურებას, ჭამას, ოთახის დალაგებას და მათემატიკის დავალების დაწერას.


სულაც არაა კარგი, როცა ბავშვი ძალიან დიდ დროს უთმობს საშინაო დავალების კეთებას; დაწყებით კლასებში მას ამისთვის 2 საათზე მეტი არ უნდა დასჭირდეს, უფროს კლასებში კი, როგორც წესი, 30 წუთიც უნდა ეყოს.








5. ასწავლეთ შვილს პრიორიტეტების განაწილება.

image

ასწავლეთ შვილს პრიორიტეტების განაწილება, რაც მარტო დავალების კეთების პროცესს კი არა, მთლიანად ცხოვრებას გაუმარტივებს. საშინაო დავალების წერისას მნიშვნელოვანია, ბავშვმა განსაზღვროს:


▶ დავალებიდან რა იყო გასაგები და რა - არა;

▶ რომელ დავალებას მეტი დრო სჭირდება და რომელს - ნაკლები;

▶ რომელ დავალებას ასრულებს ბავშვი თვითონ და რომელში სჭირდება დახმარება.


ეს მიდგომა ბავშვს ტესტებისა და გამოცდების დროსაც დაეხმარება. ის ისწავლის, რომ რთული დავალება ბოლოსთვის მოიტოვოს, იმის მაგივრად რომ მთელი დრო მასზე დახარჯოს.







6. მიეცით შვილს მოტივაცია.

image

კარგი ქულებისთვის ხშირად შეაქეთ შვილი და ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ის ვალდებული იყოს, კარგად ისწავლოს. შეგიძლიათ, მას მოტივაცია მისცეთ. კარგი ხერხია, ფურცელზე დაწეროთ შესასრულებელი დავალებები (მაგალითად "საწოლის გასწორება", "დავალების გაკეთება", "ნაგვის გატანა") და გვერდით მიუწეროთ კვირის დღეები, თითოეული შესრულებული დავალების შემდეგ კი მის გასწვრივ პლიუსი დასვათ. ყოველი კვირის შემდეგ დააჯილდოვეთ ბავშვი, მაგალითად წაიყვანეთ კინოში ან სხვა სასურველ ადგილას.


სხვაგვარადაც შეგიძლიათ სცადოთ, უთხარით ბავშვს: "დავალებას რომ მორჩები, ნაყინი ვჭამოთ, ან ფილმს ვუყუროთ, ან ერთად ვითამაშოთ". ასევე, ეცადეთ, ხშირად მისცეთ შვილს საშუალება, თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. მაგალითად, თუ მან უკვე ისწავლა ანგარიში, შეგიძლიათ, შოპინგისას გადასახდელი ფული და ხურდა დაათვლევინოთ. თუ გამრავლების ტაბულაც ისწავლა, იმის გამოანგარიშებას შეძლებს, რამდენი ჩუპა-ჩუპსი "მოუვა" 2 ლარად.







7. ასწავლეთ შვილს ლაპარაკი და კითხვების სწორად დასმა.

image

ყველა ბავშვს, რომელიც სკოლაში შედის, შეუძლია საუბარი, მაგრამ ყველა მათგანს არ შეუძლია კითხვების დასმა. ზოგი მორცხვობს, ზოგმა კი, უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს სწორად.


ასწავლეთ ბავშვს თავისი ფიქრებისა და აზრების გამოხატვა. უთხარით, რომ შეუძლია, ესაუბროს მასწავლებელს და არ უნდა შერცხვეს, იკითხოს ის, რასაც ვერ გაიგებს.







8. დაეხმარეთ ბავშვს, იმეგობროს კლასელებთან.

image

კლასელებთან ურთიერთობა ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე მათი თავდაჯერებულობა და აკადემიური მოსწრებაც კია დამოკიდებული. დღესდღეობით ბავშვები ხშირად დადიან სკოლებში, რომლებიც სახლიდან შორსაა და მშობლებს ხშირად მიჰყავთ ისინი სახლში მანქანით მაშინვე, როგორც კი გაკვეთილები მთავრდება. ეს ბავშვს ხელს უშლის, მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს კლასელებთან. მშობელს შეუძლია შვილს დაეხმაროს ამაში და შესთავაზოს მის კლასელებს გასეირნება ან დაპატიჟოს სახლში, რათა ბავშვებმა დრო კლასგარეშე სიტუაციებშიც გაატარონ ერთად.







9. თქვენი ურთიერთობა პრიორიტეტი უნდა იყოს.

image

მთელ ყურადღებას შვილის სკოლაში მიღებულ ნიშნებს ნუ დაუთმობთ, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. გამოიჩინეთ ინტერესი ბავშვის ცხოვრების, ჰობის, გრძნობების, სურვილებისა და მეგობრების მიმართ. ნუ იქნებით მშობელი, რომელიც შვილს აკონტროლებს, იყავით მეგობარი, მოუსმინეთ და აგრძნობინეთ მას თქვენი მხარდაჭერა. აჩვენეთ, რომ მისი ცხოვრება მნიშვნელოვანია თქვენთვის. გაატარეთ ბევრი დრო შვილთან, რათა დასამახსოვრებელი და ლამაზი მოგონებები შექმნათ ერთად.








10. დაიმახსოვრეთ, სკოლის ნიშნები ბავშვის წარმატებას არ განსაზღვრავს.

image

მშობლები შვილის ცუდ ნიშნებზე იმიტომ ნერვიულობენ, რომ მის მომავალზე ღელავენ. არადა, ქულები უბრალოდ იმას აჩვენებს, თუ როგორ სწავლობს ბავშვი ამა თუ იმ კონკრეტულ საგანს. ცუდი ნიშანი იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი სულელი, ზარმაცი ან უპასუხისმგებლოა. შეიძლება, მას, უბრალოდ, არ უნდა საგნის სწავლა ან უჭირს რთული სასკოლო პროგრამის გამო.


თუ თქვენი შვილი სკოლაში უმაღლეს ნიშნებს ვერ იღებს, ნუ იქნებით იმედგაცრუებული. წარმატებულ ბიზნესმენებს შორის მეტი დაბალქულიანია, ვიდრე მაღალქულიანი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს განსაკუთრებით აინტერესებს რომელიმე საგანი, დაეხმარეთ მას მის მიმართ ინტერესის გაზრდაში.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბავშვის აღზრდის 4 საფეხური - ტიბეტური სიბრძნე

image


2. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე

image


3. 10 რამ, რაც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას

image


0
254
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0